"ხშირად ისე ვემზადები სკოლაში წასასვლელად, თითქოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდე"
"ხშირად ისე ვემზადები სკოლაში წასასვლელად, თითქოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდე"
მსოფლიოს 24 დიზაინერს შორის დასახელებული ქართველი გოგონა შატილში პედაგოგად მუშაობს

"მე მარგარეტი ვარ - 22 წლისამ ჩავალაგე ბარგი და შატილში წავედი. სოფელში, რომელიც არასდროს მენახა. ახლა 24-ის ვარ და მგონია, ორი კი არა, 10 წელი გავიდა, იმხელა გამოცდილება მივიღე და იმდენი დრო მქონდა ფიქრისთვის.… დედა მეუბნება, ისე ხარ შეცვლილი, თითქოს ერთი ცხოვრება უკვე გაიარე და მეორე წრეზე მიდიხარო. მეც ასე მგონია - გავიზარდე..." - ამბობს მარგარეტ დაიაური, შატილის სკოლის პედაგოგი.

- თბილისში დაიბადეთ და გაიზარდეთ. გვიამბეთ როგორი იყო თქვენი ბავშვობა - მიზნები, მისწრაფებები....

- ბავშვობიდან განსაკუთრით მიყვარდა ხელოვნება. მამაჩემმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სახლში სულ ფურცლები, საღებავები, ფანქრები იყო მომიბნეული. დღის უდიდეს ნაწილს
ესკიზებზე მუშაობას უთმობდა. საოცრად ხატავდა მამას ბიძაც. მათი საქმიანობით მოხიბლულმა, მეც გადავწყვიტე, ეს პროფესია ამერჩია და ხელოვნებისთვის მიმეძღვნა საკუთარი ცხოვრება, საბოლოოდ კი დიზაინერი გავხდი.

ზაფხულში, როცა ხევსურეთში ავდიოდი დასასვენებლად, ყოველთვის დაუვიწყარი არდადეგები მქონდა. თითოეული დღე რაღაც ახალს მასწავლიდა და მაძლევდა უზარმაზარი სივრცის აღქმისა და თავისუფლების შეგრძნების საშუალებას. მთაში არ იყო საზღვრები, შემოღობილი ეზოები, სადაც შესვლა ნებართვის გარეშე არ შეიძლება. მთა იყო თავისუფალი. ის იყო უდიდესი გამოსაკვლევი სივრცე ბავშვისთვის.

ვაკვირდებოდი ყველა დეტალს, ვცდილობდი მათ სიღრმისეულ შესწავლას და დროთა განმავლობაში ისე შემიყვარდა იქაურობა, მისი მიტოვება უფრო და უფრო მიჭირდა. ვაკვირდებოდი მცენარეებს, ხეებს, ამინდს... ვიცოდი, რომელი ყვავილი ან მცენარე უნდა გამომეყენებინა ჩაის მოსამზადებლად, რომელი იყო საჭირო ჭრილობის მალე შესახორცებლად, რომელ ხეს რა თვისება ჰქონდა და ა.შ. ვაკვირდებოდი ფერებს, ფორმებს, სინათლეს და ვფიქრობდი, რომ არაფერია ბუნებაზე სრულყოფილი და იდეალური. ამიტომ მგონია, რომ ხევსურეთი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი...


- მშობლებისგან, წინაპრებისგან რა ისტორიები გსმენიათ თქვენს გვარზე, სოფელზე, ხევსურეთზე, რამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე?
- ბავშვობიდან ხევსურეთსა და ხევსურებზე ხშირად მიყვებოდნენ. მეუბნებოდნენ, რა ძლიერი, მებრძოლი, სიტყვის პატრონი, სიმართლის მთქმელი და სტუმრის პატივისმცემელი ხალხი იყო. მიყვებოდნენ, რომ ხევსურები არასდროს არავის დაუმორჩილებია, რომ ჩემი სოფელი მუცო აუღებელი ციხესიმაგრე იყო. მეუბნებოდნენ იმასაც, რომ რა დროც უნდა დამდგარიყო, როგორი ადამიანებიც უნდა შემხვედროდნენ, არასდროს დამვიწყებოდა, ვინ ვიყავი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, კარგად მესწავლა, ის თვისებები მქონოდა, რაც ხევსურებს ჰქონდათ და ქვეყნისათვის სასარგებლო, საამაყო ვყოფილიყავი.

- თქვენს პროფესიაზე, პროფესიულ წარმატებებზე გვიამბეთ..
- ჩემი პროფესია სამკაულის დიზაინერობაა, თუმცა ძალიან მიყვარს სამოსისა და კალიგრაფიის დიზაინზე მუშაობაც. ბავშვობიდან სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგი მაინტერესებდა და ვცდილობდი, თითოეულ მათგანში რაღაც მესწავლა.

ჩემი წარმატება დაიწყო მეორე კურსის ბოლოს, როცა საკურსო ნამუშევრის მოფიქრება დამავალეს და ვან გოგის თემაზე შევქმენი ყელსაბამი. ამას მოჰყვა მაგრიტის სამკაული და შემდეგ ისევ - ვან გოგი. პირველმა ყელსაბამმა მოიარა მსოფლიოს ყველა არტგვერდი და ჩემი სახელი უამრავ უცხოურ საიტსა თუ სოციალურ გვერდზე გამოჩნდა. მსოფლიოს 24 ყველაზე კრეატიულ დიზაინერს შორისაც აღმოვჩნდი, რაც უდიდესი პატივი და სიხარული იყო ჩემთვის.

- ამ ყველაფრის შემდეგ ადვილი იყო შატილში წასვლა?
- ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ხევსურეთში დაბრუნებაზე. ბავშვობის ემოციებმა, წარსულმა და ჩემი კუთხის უდიდესმა სიყვარულმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, ამიტომ არ დავფიქრებულვარ, როცა შატილის სკოლის ვაკანსია გამომიგზავნეს და მითხრეს, რომ შემეძლო ამდენი ხნის ოცნება ამეხდინა.

- სკოლა, ბავშვების აღზრდა, გარემო ...
- სკოლაში სულ ხუთი ბავშვია და თითოეული მათგანი - სხვადასხვა კლასში. შარშან მხოლოდ ორ ბავშვს ვასწავლიდი, მაგრამ წელს აღმზრდელიც ვარ და დღის განმავლობაში ყველასთან მიწევს ხშირი ურთიერთობა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია ჩემთვის, ამიტომ ყველასთან ინდივიდუალურ მიდგომას ვირჩევ. ვცდილობ, მათთვის მეგობარიც ვიყო და მშობელიც. მინდა, თავისუფლები და ბედნიერები იყვნენ; თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც მე ყოველთვის დავიცავ. დავიცავ მათ უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას და ნებისმიერ დროს მხარში ამოვუდგები.
ერთადერთი, რაც შატილში ძალიან მაწუხებს, კლინიკისა და აფთიაქის არარსებობაა.


- განსაცვიფრებელ გარემოში ყოფნა აისახა თქვენს პროფესიულ წარმატებებზე?
- მთაში დაბრუნებამდე მეგონა, რომ შატილში ცხოვრება უამრავ ნამუშევარს შემაქმნევინებდა, თუმცა ამისთვის დრო აღარ დამრჩა. პირველად სამსახურის საკითხების მოგვარება მიწევდა, გაკვეთილების ჩატარება, დამატებითი მეცადინეობები და დღის ბოლოს, ღამის 9-10 საათზე, არათუ ესკიზებზე მუშაობის, ფეხზე დგომის ენერგიაც აღარ მრჩებოდა.

- რა იყო ურთულესი, რისი დაძლევაც მარტოს მოგიხდათ ხევსურეთში ცხოვრებისას?
- ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა იყო ურთულესი. მიუხედავად იმისა, რომ შატილში ბევრი ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და იქაურებისთვის უცხო არ ვიყავი.

- მკაცრ პირობებში როგორ ახერხებთ, ასე შეუდარებლად გამოიყურებოდეთ?
- სილამაზეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სულ ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. მთაში ცხოვრება ძალიან ცვლის ადამიანს, თითქოს თავის მოვლას ავიწყებს, მე კი არ მინდოდა, ჩემს ბავშვებს ეფიქრათ, რომ რადგან სოფელია და სკოლაში მხოლოდ რამდენიმე ბავშვი სწავლობს, ჩემთვის სულერთი იქნებოდა, როგორ შევხვდებოდი მათ. ამიტომ ხშირად ისე ვიცვამ და ვემზადები სკოლაში წასასვლელად, თითქოს სადმე ქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდე, რადგან ჩემთვის მართლაც ასეა - მათთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩემს მოსწავლეებს ბათინკებით და სამხედრო ქურთუკითაც ვუნახივარ, როცა მაღვიძარას არ დაურეკავს და ახალგაღვიძებულს 5 წუთში მომისწრია გამზადება…

- თქვენი გეგმები როგორია?
- ჩემი გეგმები ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეს უკავშირდებოდა. ველოდი დაფინანსებას პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - ფარგლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, უარი მითხრეს, ამიტომ ახლა არ ვიცი, დაუკავშირდება თუ არა ჩემი მომავალი ისევ მთას და შატილს, რადგან აქ ცხოვრება მუდმივად, პერსპექტივისა და მეტი განათლების გარეშე, წარმოუდგენლად მეჩვენება. არ მინდა, ჩემი ცხოვრება წრეზე ბრუნვას დაემსგავსოს.

- როგორი შეგრძნებაა, მთელი წელი შატილის კოშკში იცხოვრო?
- კოშკში ცხოვრება ერთდროულად მისტიკურიც არის, მიმზიდველიც და საინტერესოც. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ტელეპორტაციით აღმოჩნდი საუკუნეების წინანდელ გარემოში. ვერ იჯერებ, რომ თანამედროვე ეპოქაში შეგიძლია იცხოვრო იქ, სადაც შენი წინაპრები ცხოვრობდნენ და საკუთარი ბრძოლით, პოეზიით, უნიკალური სამოსით, არქიტექტურით წერდნენ საქართველოს ისტორიას. ეს მართლაც შეუდარებელი შეგრძნებაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები