"იმ მძიმე შეცდომების გათვალისწინებით, რომელთაც ყოველდღიურად უხვად ვუშვებთ, კიდევ კარგად ვცხოვრობთ. სხვა აქამდე საერთოდ გაქრებოდა"
"იმ მძიმე შეცდომების გათვალისწინებით, რომელთაც ყოველდღიურად უხვად ვუშვებთ, კიდევ კარგად ვცხოვრობთ. სხვა აქამდე საერთოდ გაქრებოდა"
"ქართული პოლიტიკა უკვე კარგა ხანია გადავიდა ყოველგვარი ადამიანურობის, თუ გნებავთ, ჰუმანურობის ზღვარს, მე მისი არაფერი მესმის..."
"ყოველთვის ვამბობდი და ვწერდი იმას, რასაც ვფიქრობდი.. მართალია, სახალხო პოეტი და მწერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ეს არც არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. უნდა გამოგიტყდეთ, დღეს გაცილებით შებოჭილად ვგრძნობ თავს, ვიდრე ჩემს საბჭოთა ახლაგაზრდობაში. საქართველო ჩამოყალიბდა ქვეყნად, სადაც აზრის დამუშავებაზე მეტად იმაზე ფიქრობ, ვინმეს ხომ არ გაანაწყენებ და რამდენი კაცი გაგინებს, გინებით კი აუცილებლად
გაგინებს ვიღაც, სულ რომ ჩიტებსა და ყვავილებზე წერო. ეს ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, საბჭოთა ცენზურაზე რთულიც კი. ყოველ ჯერზე, როგორც კი გადავწყვეტ გამოვიყენო ჩემი წილი ამ ყბადაღებული გამოხატვის უნივერსალური უფლებიდან, მაშინვე იმდენი ადამიანისთვის მიწევს ანგარიშის გაწევა, ყველაფრის სურვილი მეკარგება. ჩვენ ყველაზე ეფექტური ცენზურის ქსელი შევქმენით
ჩვენივე გამოხატვის უფლებით ბოროტად სარგებლობით. ამიტომ დღეს მხოლოდ იმ ხალხის ხმა ისმის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"... ჩვენ სწორედ ამ აფორიზმის მეორე ნაწილის სტადიაში ვართ პერმანენტულად", - გვეუბნება მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე.

- როგორ ცხოვრობთ ამ კორონაეპიდემიის დროს, რას იტყვით მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე?
- არ მიყვარს უადგილო ორიგინალურობა, ამიტომ ძალიან მარტივად გიპასუხებთ - პოზიტიური პანდემიაში არაფერია, ნეგატიური, რამდენიც გნებავთ. ჯანმრთელობის დაზიანებისა და ფატალურობის რისკებზე საუბრით არ დაგღლით, არც მარტოობაზე წუწუნით - ეს ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა. მარტოობას ცოდნა სჭირდება.

წლებია ვისწავლე დიდი ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ამიტომ ეს არ მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც მარტო ვცხოვრობ არმაზში, სახლიდან ვმუშაობ და ხანდახან რამდენიმე დღე ისე გადის, ადამიანს მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ. აქ მეზობლებიც კი არ არიან. ადამიანის ტვინი, მოგეხსენებათ, ყველაზე სრულყოფილი სუბსტანციაა. ჩემს საბრალო ტვინშიც წლების განმავლობაში იმდენი ხელუხლებელი ინფორმაციაა ჩაწერილი, გარწმუნებთ, მთელი დარჩენილი სიცოცხლე მეყოფა, რომ არ მოვიწყინო, თუნდაც არც ერთი წიგნი, ტელევიზორი ან კომპიუტერი არ მქონდეს. კალამი და ფურცელი ჩემთვის სრულიად საკმარისია. სამაგიეროდ, ძალიან მასევდიანებს და მაკლია ტაქტილური შეგრძნებები. თითქმის წელიწადია, რაც ერთმანეთს აღარ ვეხებით, ხელსაც კი არ ვართმევთ... ადამიანს, როგორც ცნობილია ხუთი ძირითადი გრძნობა აქვს: გემო, სმენა, მხედველობა, ყნოსვა და შეხება. ნებისმიერი მათგანის დისფუნქცია ფსიქიკურ ტრავმებს იწვევს. პანდემია გახდა საჭირო, რომ მივმხვდარიყავით, ყველა ეს გრძნობა, უპირველესად ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის ყოფილა საჭირო, იმისთვის, რომ ადამიანად იგრძნო თავი.

უკვე ერთი წელია ერთმანეთს პირბადეებით ვხვდებით, ქუჩაში უცნობს თავს ვარიდებთ, ვცდილობთ დისტანცია დავიცვათ და რაც მთავარია, ჩვენს საყვარელ ადამიანებსაც აღარ ვეხუტებით, თუ არ ჩავთვლით მუშტებით თუ იდაყვებით მისალმების იდიოტურ ფორმას. ადრე მაღიზიანებდა გაუთავებელი გადაკოცნები, ახლა მეჩვენება, რომ დამაკლდა.. პირადად მე არაფერი ისე არ გამაბედნიერებდა, როგორც ჩემი შვილების ჩახუტება, რომლებიც ერთი წელია აღარ მინახავს პანდემიის მიზეზით (ისინი პარიზში ცხოვრობენ), ყოველი თვის ბოლოს ვაპირებ წასვლას და არ გამომდის. იმედია, თებერვალში წავალ, მაგრამ ძალიან გამიჭირდება მათთვის იაპონელივით თავის დაკვრა მისალმებისას, აუცილებელი დისტანციის დაცვით. ამაზე ფიქრიც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს.

- ოთხი წელია, რაც საქართველოში ხართ. თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ რამ გადაგაწყვეტინათ დაბრუნება, რატომ ამჯობინეთ პარიზულ ცხოვრებას თბილისური?
- ჩემი ცხოვრების არც ერთი ნაწილი არსად დამიტოვებია, არც საფრანგეთში და არც თბილისში, როცა 1991 წელს პარიზში გავფრინდი. საერთოდ, ბოლო დროს ემიგრაციის ფენომენის ზედმეტად დრამატიზება ხდება, ნოსტალგიით ტანჯულის სტატუსის კულტივირება, რაც, ჩემი აზრით, 21-ე საუკუნეში ცოტა გადაჭარბებულია. სულ არ ვთვლი თავს "უცხოეთში გადახვეწილ" ემიგრანტად, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ფრანგი ან ამერიკელი არ თვლის და მათ არც უწოდებენ ემიგრანტებს - ისინი რეპატრიანტები არიან.…ფრანგი მეუღლე და ორი შვილი - 25 წლის ტყუპი გოგონა მყავს - თინა და გაბრიელი, ერთი მხატვარია, მეორე კინორეჟისორი. შვილებს დიდ პატივს ვცემ. ეს მათ ადრეული ასაკიდან და სრულიად ინდივიდუალურად დაიმსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპია, ორი სრულიად განსხვავებული ინდივიდია, რომლებმაც საკუთარი პიროვნებები თავად, დამოუკიდებლად შექმნეს, რაც მთავარი ბედნიერებაა ჩემთვის. ჩემი მეუღლე ყველაზე საინტერესო ქალია, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. მეტს ვერაფერს გეტყვით, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, არა მგონია, ეს საინტერესო იყოს.

- "ერთი ღმერთს ეყო ჭკუა და არაფერში ერევა, ეტყობა კიდეც ქვეყანას - ამიტომაც არის ქართული პოლიტიკა ასეთი უღმერთოო", წერთ. მაინც რა მეტყველებს ქართული პოლიტიკის უღმერთობაზე?
- უღმერთობაზე ყოველთვის არაადამიანობა მეტყველებს. ქართული პოლიტიკა უკვე კარგა ხანია გადავიდა ყოველგვარი ადამიანურობის, თუ გნებავთ, ჰუმანურობის ზღვარს, მე მისი არაფერი მესმის... ძალიან ბევრჯერ შევეცადე, ამაზე ბევრი ვიფიქრე, წიგნები და სტატიები დავწერე, მაგრამ მაინც არ მესმის. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც ქართული პოლიტიკის შესახებ დავწერე და გამოვეცი, სინამდვილეში უფრო იმის შესახებაა, თუ როგორ ვერ გავიგე ვერაფერი. ყველაზე ცუდი ის არის, ეს გაუგებრობა პროგრესირებს. არადა, რომ ვუყურებ, რამდენ ხალხს ესმის, თან ძალიან კომპეტენტურად და რეზოლუციურად, მეჩვენება, რომ დავბერდი და აზროვნების უნარი დავკარგე. ამიტომ ძალიან რომ არ დავკომპლექსდე და თავი არარაობად არ წარმოვიდგინო, ხელი ჩავიქნიე. ვცდილობ ამაზე აღარ ან ძალიან დოზირებულად ვიფიქრო. პრინციპში, არა მგონია, ღმერთი ქართული პოლიტიკის სიღრმეების ანალიზით იღლიდეს თავს.

- რატომ თვლით, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია კულტურა, რაც მისი დიდი მარცხია. რა არის პოლიტიკის კულტურის კრიზისის მიზეზი და რა წვლილი მიუძღვის ამაში ხელისუფლებებს და რა – ელექტორატს?
- პოლიტიკაც და ელექტორატიც საზოგადოების ნაწილებია, ამიტომ მათ არ დავაცალკევებდი, განსაკუთრებით, კულტურასთან მიმართებაში. დიახ, ვთვლი, რომ საქართველოში მწვავე პროგრესირებადი კულტურული კრიზისია, რომელიც გუშინ არ დაწყებულა. მიზეზი ბევრია, პასუხისმგებელი კი ყველა, ვისაც ევალებოდა და ევალება ქვეყანაში ისეთი კონტექსტის შექმნა, რაც კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. კულტურა სიზიფეს ქვაა, ხოლო მთა, რომელზეც ის აგაქვს, უსასრულო. როგორც კი სულის მოსათქმელად შეჩერდები, მაშინვე ქვევით მოგორავს. რაც უნდა დიდი კულტურული წარსულის მქონე ერი იყო, კულტურას ყოველდღიურად თუ არ ქმნი, არ ავითარებ, აუცილებლად უკან დაგიგორდება, თან გზადაგზა უკვე შექმნილსაც გადათელავს. რა იყო და არის მიზანი ქართული კულტურის პოლიტიკის? მისი საზღვარგარეთ პოპულარიზაცია და არა კეთება! ჩემი აზრით, ეს დამღუპველი პოპულიზმია ერთ-ერთი მიზეზი კულტურული კრიზისისა და ყველა დროის ქართული ხელისუფლების სამარცხვინო მარცხის. კულტურა, შენი მოქალაქეებისთვის უნდა გჭირდებოდეს და არა სტუმრებთან თუ სტუმრად ყოფნისას თავის მოსაწონებლად და საკეკლუცოდ. კულტურა ისეთივე მნიშვნელოვანი დარგია ქვეყნისთვის, როგორიც ეკონომიკა, თავდაცვა, განათლების სისტემა, რადგან ნებისმიერი სისტემის შექმნას სწორედ კულტურა სჭირდება, თავისი ყველაზე ფუნდამეტური, ფართო მნიშვნელობით. პოლიტიკა თავისთავად კულტურის ნაწილია. პოლიტიკური აზროვნება ფილოსოფოსებმა შექმნეს ანტიკურ ხანაში და არა "წარმატებულმა ბიზნესმენეჯერებმა", როგორც ამის ბევრს გულწრფელად სჯერა. პარლამენტი მოაზროვნეთა მექაა. ბევრ პარლამენტარს იცნობთ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან, ვინც თავისი აზროვნების ხარისხის წყალობით მოხვდა პარლამენტში? მე - არა. პოლიტიკოსობა არ არის პროფესია, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს პოლიტიკოსი და ხდება კიდეც, ოღონდ არა იმ მთავარი კრიტერიუმებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია.

კულტურული კრიზისის ნიშანია, როცა მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ "თავის საქმეში წარმატებული კაცი ქვეყნის მართვაშიც წარმატებული იქნება". სოკრატე სულ სხვანაირად ფიქრობდა: " ბრიყვებს ჰგონიათ, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბრძენი, თუ ის პირველ რიგში თავისი თავისთვის არის ბრძენი". კულტურა ბევრად უნივერსალური და კომპლექსური მუდმივი პროცესია და არა ანტიკურ ქანდაკებასავით გაშეშებული მდგომარეობა. მას ყოველდღიურად სჭირდება წყლის დასხმა და კვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად ხმება.

- ამას წინათ მომეწონა კულტურის თქვენეული შედარება "ნაჩუქარ კერამიკის სპილოსთან, სად წაიღო, რომ არ იცი"... კულტურასაც რომ არ სწყალობენ, ამ მეტაფორულ აღწერაშიც კარგად ჩანს.
- როგორც აღორძინების ხანის ჰუმანისტები ამტკიცებდნენ, მაგალითად, პიკო მირანდოლას თქმით, "კულტურა თავისუფალი არჩევნის მარცვალია, რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნისას ადამიანში ჩადო და ამით უფლება დაუტოვა მისი კულტივირებით თავად აღზარდოს საკუთარ თავში ადამიანი ან პირუტყვი. ერაზმუს როტერდამუსი კი ამბობდა, "ადამიანებად არ ვიბადებით, ადამიანები ვხდებით". ადამიანად გახდომა, თუ გნებავთ, მარცვლის გაღვივება და კულტივირება ადამიანებში, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. მეჩვენება, რომ ჩვენი სახელმწიფო არათუ არ ასრულებს ამ ვალდებულებას, ისიც კი არ იცის, როგორ შეასრულოს და მას პიკოს მარცვლის კულტივირება სადღესასწაულო უქმე დღეებში ქართული ცნობადი ვარსკვლავების უფასო კონცერტები ჰგონია.

- მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩა.. როგორ ფიქრობთ, გაართმევს ის თავს იმ მძიმე გამოწვევებს, რაც გვაქვს და რაც მომავალში გველის?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. როცა ვამბობ, რომ არ მესმის ქართული პოლიტიკის, მხედველობაში მაქვს მისი სრული წარმომადგენლობა, სპექტრს რომ უწოდებენ. შეუძლებელია გაიგო ადამიანის, რომელსაც თავად არაფერი გაეგება საკუთარი თავის. მეჩვენება, რომ ქართული პოლიტიკა თავად არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა სურს და განსაკუთრებით, როგორ სურს.…გამონაკლისი არც მმართველი გუნდია და არც მმართველობის მოსურნე ოპოზიცია. წლებია ვუყურებ უსასტიკეს ბრძოლას იმისთვის, თუ ვინ უნდა მართოს, მაგრამ არა იმისთვის, როგორ უნდა მართოს. ამიტომ ისიც კი არ ვიცი, როგორ უმკლავდებოდა რომელიმე წინა მმართველი ძალა გამოწვევებს, მით უმეტეს, ბუნდოვანია, როგორ გაუმკლავდება მომავალში. არანაირი საფუძველი არ გამაჩნია არ დავიჯერო, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა ან არ წავიდა, ვერც მისი დაბრუნების პერსპექტივებზე გეტყვით ვერაფერს. თუ ის დაბრუნდა, და ამ დღეს იგივე კითხვას დამისვამთ რაც ზემოთ დამისვით, მის მიერ დატოვებული გუნდის პოტენციალის შესახებ, ამჯერად არგუმენტირებულად, დარწმუნებით გიპასუხებთ რომ ამ გუნდის ფასი კაპიკია. შესაბამისად, დაბრუნებასაც, როგორი ფორმითაც უნდა მოხდეს, აბსოლუტურად არავითარი აზრი აღარ ექნება. რა აზრი აქვს დაბრუნებას ზრდასრული ბავშვების გუნდში, რომლის მარტო დატოვება აგერ უკვე მეორედ გამოჩნდა, რომ არაფრით არ შეიძლება?

ძალიან მასევდიანებს აბსოლუტურად ანომალიური, უბრალო დისკუსიის შეუძლებლობის ფენომენი განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებში. ამის შესანიშავი მაგალითია თუნდაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის კოალიციის მოლაპარაკების რაუნდები, რომელიც ელჩების ზედამხედველობით მიმდინარეობს. ფაქტია, ზრდასრულ ამბიციურ ადამიანს არ შეუძლია უბრალოდ დაჯდეს, თავის ანტაგონისტს თვალებში შეხედოს და ესაუბროს.…და თქვენ გჯერათ, რომ ადამიანებს, ვისაც ელემენტარული დისკუსიაც კი არ შეუძლიათ, ქვეყნის მთავარი გამოწვევების გამკლავების უნარი აქვთ? ეს ჩემთვის სახელმწიფო რანგში აყვანილი ინფანტილიზმია, რომელიც ისედაც ძალიან გვახასიათებს ქართველებს. არა მგონია, ეს რაუნდები საამაყო ფურცლად დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ინფანტილიზმზე მიუთითებს. სხვათა შორის, ფასილიტატორის ერთ-ერთი სინონიმი მასწავლებელია. გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება ზრდადაუსრულებელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყანაში არსებული გამოწვევები დაამარცხოს.

- ოპოზიციის ტაქტიკაზე, პერსპექტივაზე, ბოიკოტზე რა აზრის ხართ?
- ღმერთო ჩემო! მათი ტაქტიკა მსოფლო თანამეგობრობამ ვერ გაიგო, ამდენი დაბნეული დიპლომატი ერთად ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს! გაცილებით უარესი ის არის, რომ თვითონ ვერ გაიგეს თავიანთი ტაქტიკისა და სტრატეგიის ვერაფერი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში 1500 პარაზიტი და ერთი კაცი იყო, სახელად ანდრეი სახაროვი. იმ ერთი კაცის ყოველ სიტყვას ბევრად მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე ყველა დანარჩენის ზუზუნს. მე რომ ოდესმე პოლიტიკოსობა გადამეწყვიტა და დღეს ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ნებისმიერი სიყალბის მიუხედავად, სრულიად მარტო შევიდოდი პარლამენტში და სისხლს გავუშრობდი ჩემს ოპონენტებს, რადგან მჯერა, რომ ჩემს ნათქვამ ყოველ სიტყვას ქვეყნის ყველაზე მთავარი ტრიბუნიდან მეტი წონა და ფასი ექნებოდა, ვიდრე ჩემი ოპონენტების ზუზუნს. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ გადაჭარბებულია, მაგრამ ზუსტად ასე მოვიქცეოდი და ჩემი მარტოობით ბევრად მეტს გავაკეთებდი, ვიდრე რომელიმე ყველაზე დიდ ფრაქციაში ყოფნით ადამიანებთან, რომლებთანაც ზუსტად მეცოდინებოდა, აბსოლუტურად არაფერი მაკავშირებს, მით უმეტეს, პოლიტიკური გემოვნება, სტრატეგია თუ ტაქტიკა. არა მგონია, ეს ამბავი ჩემთვის კარგად დამთავრებულიყო. ამიტომაც მადლობა ღმერთს, ეს სისულელე მაინც არ ჩავიდინე - ისედაც ჩემს ცხოვრებაში სანანებლად ჩადენილი სისულელეების ისეთი გროვა მაქვს, ტვინის რომელ ბნელ კუნჭულში მივხვეტო, არ ვიცი.

- სიტყვის ძალასა (რომელიც "ატომურ ბომბზე უარესია") და ახალი ტერმინების დამკვიდრებაზე რას იტყვით, რაც ენის სიწმინდეს ამღვრევს?
- ძლიერ სიტყვას ძლიერი მთქმელი სჭირდება. ყველას გაგვიგონია, კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო.…მე პირადად თავს კარგ გამგონეთა შორის მოვიაზრებ, მხოლოდ, სამწუხაროდ, კარგ მთქმელებს ძალიან ცოტას ვიცნობ. სწორედ მათი დეფიციტია საქართველოში - ვისაც შეუძლია სიტყვას ძალა, ენერგია შესძინოს და ბგერების გროვისგან ბომბი შექმნას, შემდეგ კი ააფეთქოს.. ის ლინგვისტური უთავმოყვარეო უბადრუკობები, რომლებიც თქვენ გაქვთ მხედველობაში, თავისთავად მხოლოდ საცოდავად შეკოწიწებული პარაზიტი ასობგერებია, რომლებიც პირადად ჩემთვის ცხვრების გულისამრევ ფონოგრამად იქცა მას შემდეგ, რაც თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. სულ სხვა ენა დამხვდა, ვიდრე დავტოვე, ბევრად დაბინძურებული და გაპროვინციელებული რაღაც უცნაური ინგლისურით, ვიდრე წასვლამდე რუსულით იყო. რა თქმა უნდა, წმინდა ქრთულით არც მე ვსაუბრობ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ ვიპოვო სიტყვა იმის სათქმელად, რაც მსურს და შთაბეჭდილების მოსახდენად ჩემი ფრნგული ლექსიკის მარაგში არ ვიქექები. არა მგონია, საუბრისას აქცენტი მეტყობოდეს, მიუხედავად იმისა, რომ 27 წელია ოჯახში ფრანგულად ვლაპარაკობ (ჩემი მეუღლე ფრანგია). ამიტომ არ მესმის, რანაირად ახერხებს ეს ხალხი ორ თვეში ისეთ ლინგვისტურ ასიმილირებას ინგლისურში, რომ ხუთიდან სამ სიტყვას ქათულად ვერ იხსენებს.

- საფრანგეთში გაიცანით ბევრი ცნობილი ადამიანი. მათ შორის საინტერესოდ წერდით პიერ კარდენზე მისი გარდაცვალების დღეს...
- იმისთვის, რომ ადამიანისგან რაიმე საინტერესო ისწავლო, სულაც არ არის აუცილებელი, ის გამოჩენილი იყოს. ადამიანებს საინტერესოობის მიხედვით ვაფასებ, თუმცა არც ცნობილების საწინააღმდეგო მაქვს რამე.. კარდენი ძალიან საინტერესო და ცნობისმოყვარე კაცი იყო, მე კი მიყვარს ცნობისმოყვარე ხალხი. ზოგადად, პროგრესი ცნობისმოყვარეების შექმნილია, რომლებსაც ხშირად დასცინიან. ასეთ ადამიანებში გონება და მგრძნობელობა ჰარმონიაშია. ასეთებს საგნების და ადამიანების გაგება მაღალ ხარისხში შეუძლიათ, მათ შორის საკუთარი თავის, რაც ყველაზე ძნელია. პიერ კარდენს არც ისე ახლოს ვიცნობდი, ჩვენი ურთიერთობის შესახებ ბევრი დეტალი რომ მოგიყვეთ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო, როცა თავისი ღარიბი ემიგრანტული ბავშვობის შესახებ მიყვებოდა, მონმარტის უბანში (სადაც, სხვათა შორის, მე ვცხოვრობ), უფრო სწორად, იმ ეპიზოდის შესახებ, როცა ზაზუ იყო. ზაზუს ეძახდნენ პარიზელ, ძირითადად მონმარტრელ მოზარდებს, რომლებიც ოკუპაციის წლებში გერმანელებს ნერვებს უშლიდნენ. ისინი გრძელი თმით, უცნაური ვარცხნილობითა და რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმლით დადიოდნენ, ქუჩაში ბალებს მართავდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რაც აკრძალული იყო. როცა ებრაელების დეპორტაცია დაიწყო, გულზე ყვითელი დავითის ვარსკვლავები დაიკერეს წარწერით "ზაზუ".…ისინი პანკების ერთგვარ წინპრებად ითვლებიან. კარდენი სწორედ ამას მიხსნიდა, პირველი პანკი მე ვიყავიო, მაგრამ მაინც გული წყდებოდა, რომ 70-იან წლებში ასაკი არ უწყობდა ხელს, პანკ მოძრაობას შეერთებოდა. კარდენი თვლიდა, რომ ყველაზე კრეატიული ეპოქა სწორედ მათ, პანკებმა შექმნეს.

- როგორც ტელევიზიის თანამშრომელი და დოკუმენტალისტი, რას იტყვით მედიაგარემოზე, ასევე თქვენს "დოსიეზე", რომელიც საინტერესო გადაცემაა და თავისი მაყურებელი ჰყავს...…
- ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა, რასაც საქართველოში მედიაზე მსჯელობისას უშვებენ, არის ის, რომ მედიის დანიშნულება, მისი ხარისხი ძირითადად პოლიტიკით შემოიფარგლება. პოლიტიკა და ახალი ამბები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაწილია ტელევიზიის. დანარჩენი თითქოს მხოლოდ უგემურ დანამატად აღიქმება. ვერც ერთი ტელევიზია ვერ განვითარდება, თუ მედიაგარემო არ განვითარდა, რაც პირველ რიგში მის თემატურ მრავალფეროვნებას და სანდოობას გულისხმობს. განვითარებას კონკურენცია სჭირდება, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკური სეგმენტის გარდა, არც ერთი მიმართულებით არ არსებობს, ისიც პოლიტიკური ანგაჟირებულობის და არა სანდოობის თვალსაზრისით. ქართული მედია მოშლილია და უკვე მესამე ათწლეულია, ისტერიკულად ერთი და იმავე წრეზე ბრუნავს.. ის ქართველ მაყურებელს არ ესაუბრება, უყვირის და ეჩხუბება, გამუდმებით სტრესის ქვეშ ჰყავს. მედია თავის თავში მომხმარებელსაც მოიცავს, ამდენად, მისი განვითარება ჰარმონიულად უნდა მოხდეს, ანუ ერთმანეთი უნდა განავითარონ. გასულ ორშაბათს "დოსიეს" მესამე სეზონი დავიწყეთ. მას თავისი ერთგული და საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს სჭირდებათ რაღაც მეტი, ვიდრე ერთი და იმავე სახეების ყურება და მათი ერთი და იმავე აროგანტული პათეტიკის მოსმენა უთვალავ ტოკშოუში. აჯობებს ადამიანებმა თავად, საკუთარი გონებითა და ცოდნით ისწავლონ მოვლენების შეფასება, ვიდრე ქარიზმატული ტელეთავების კარნახით.

- სტრესის დასაძლევად და რეალობის აღსაქმელად რა საშუალებას შესთავაზებთ საზოგადოებას?
- სტრესი რეალობის აღქმის ყველაზე დიდი მტერია. მის დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა ისწავლო სხვისი არსებობის უფლების პატივისცემა, რადგან ჩვენი სტრესები ძირითადად ადამიანების მიუღებლობით არის გამოწვეული.

- "რახანია აღარავის დაუსვამს წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე მთავარი, მედიტაციური კითხვა: გვეშველება რამე?" - წერდით ამას წინათ. ახლა მე დაგისვამთ ამ ცხოვრებად ქცეულ კითხვას - გვეშველება რამე?
- დღესაც იმავეს ვფიქრობ, რასაც მაშინ. ჩემი აზრით, იმ მძიმე შეცდომების გათვალისწინებით, რომელთაც ყოველდღიურად უხვად ვუშვებთ, კიდევ კარგად ვცხოვრობთ. სხვა აქამდე საერთოდ გაქრებოდა. თუ არ შევიცვლებით, ამაზე მეტი რაღა უნდა გვეშველოს?

თბილისელი
01 თებერვალი 2021 14:47
ბრავო.
ელენე
31 იანვარი 2021 16:30
აი ასეთი ხალხია საჭირო მთავრობაშიც და დიპლომატიურ სამსახურშიც -- განათლებული, ყველა ღირსებით შემკული და რაც მთავარია, სამშობლოს მოყვარული ადამიანი.
გიორგი 11
30 იანვარი 2021 22:29
ვისიამოვნე, მადლობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები