"ქართულ ენას მოფრთხილება უნდა... არ არსებობს უცხო სიტყვა, რომელსაც ჩვენს დალოცვილ ენაში შესატყვისი არ მოეძებნებოდეს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ენას მოფრთხილება უნდა... არ არსებობს უცხო სიტყვა, რომელსაც ჩვენს დალოცვილ ენაში შესატყვისი არ მოეძებნებოდეს"

"ისეც ხდება, რომ დადებ კალამს, ჩამოყრი ფრთებს და დააპირებ დიოგენესავით კასრში ჩაჯდომას და მხოლოდ მზის ცქერას... და უცებ მოგდის წერილი, სადაც გწერენ, თქვენი ნაწერი გვაბედნიერებს, გვჭირდება, ვეძებთ, ველით, გვიყვარს..."

"მინდა რაღაც ისეთი დავწერო, სადიდოც და მით უფრო, საბავშვო, რომ მზის სხივივით სითბო, სინათლე, სიხარული და იმედი მიუტანოს ვინმეს", - ამბობს და ახერხებს კიდეც ამას - თამრი ფხაკაძე ერთდროულად მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე და სცენარისტი ახლაც, როგორც სჩვევია, ერთდროულად წერს რამდენიმე წიგნს... "წერა ფრენაც არის, გაფრენაც არის, თავისუფლებაც არის, წერა ყველაფერია... გამოგდის ტექსტი თუ არ გამოგდის, მაინც ბედნიერებაა. შენ ხარ შეფ-მზარეული შენს ლიტერატურულ სამზარეულოში! აცხობ, ხარშავ, წვავ, აკონსერვებ... შეიძლება ხანდახან მიგეწვას, გადაგეხარშოს, გადაგიმლაშდეს, ან ზედმეტად ჩაგიტკბეს, მაგრამ ეს შენი სამეფოა! აქ შენ ხარ და შენი უხილავი კედლები, შენი უხილავი ფრთები და სივრცეები"...

და სანამ მკითხველი მის ახალ წიგნს გაეცნობა, მანამდე ჩვენი მკითხველისთვისაც ახერხებს საკუთარი ლიტერატურული სამზარეულოს გაცნობას და მზის სხივებით გაჯერებული სითბოს განაწილებას.

"და სულ სხვა კარზე მომინდა მიკაკუნება..." - 25 წელი ვიმუშავე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დისერტაციაც დავიცავი. და უცებ... სულ სხვა კარზე მომინდა მიკაკუნება...

2002 წელს გამომცემლობა "დიოგენემ" სალიტერატურო კონკურსი პენ-მარათონი ჩაატარა. მწერლობის კარზე ძალიან ფრთხილად მივაკაკუნე და... გამიღეს. შევედი, შევაბიჯე, მივიხედ-მოვიხედე, მეგობრები გავიჩინე. ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები, ლიტერატურული პერფორმანსები და წიგნის ფესტივალები დიდი გადატვირთვა იყო ჩემთვის... მეცნიერებას სამუდამოდ დავემშვიდობე და მივყევი სურვილს, მეწერა რაღაც სულ სხვა, ჩემი, თავისუფალი... ოდესღაც ვხატავდი, ოდესღაც მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, ოდესღაც დავდიოდი ყინულის ბალეტზე, ჩვეულებრივ ბალეტზე, სამეჯლისო ცეკვებზე... ოდესღაც ვმღეროდი, ვუკრავდი გიტარას, ვწერდი სიმღერებს... ოდესღაც ლირიკულ ლექსებს და, ცოტა არ იყოს, სკაბრეზულ შაირებსაც ვწერდი და ვამღერებდი მეგობრების სახალისოდ... ეს ყველაფერი ერთბაშად წერად იქცა. ყველაფერი პროზაში წავიდა. დიახ. პროზა ყველაფერია: მუსიკაც, ფერწერაც, ქორეოგრაფიაც, მხატვრული ფოტოგრაფიაც, პოეზიაც... ყველაზე მეტად მწერალი მაინც მსახიობს ჰგავს: ის როლში უნდა შევიდეს, გმირი გაითავისოს, სხვისი ცხოვრება უნდა მოირგოს... ჩემთვის ასეა. სხვისთვის, ალბათ, სხვა შედარებები არსებობს. წერა ფრენაც არის, გაფრენაც არის, თავისუფლებაც არის, წერა ყველაფერია...

"ის, რაც წერას მოჰყვება..."

- წერას აქვს გარეგანი, საქმიანი მხარეც - ის, რაც წერას მოჰყვება: მკითხველს სურს შენთან შეხვედრა, სადღაც გელიან, სადღაც გთარგმნიან, სადღაც გამოგცემენ, სადღაც გაჯილდოებენ, სადღაც ფილმად იღებენ შენს დაწერილს, სადღაც სცენაზე დგამენ, სადღაც ბავშვებს შენი დანახვა და მოსმენა უხარიათ.... სადღაც სიტყვით უნდა გამოხვიდე, წაიკითხო, ჯილდო მიიღო, პირდაპირ ეთერში ჩაერთო, უცხოელებთან შენი ინგლისურით იბრწყინო, გადაფრინდე, გადმოფრინდე... მწერლობის თანამდევი ეს მხარე, გულახდილად რომ ვთქვა, წერას ნამდვილად არ მირჩევნია, ნაკლებად ჩემია, მაგრამ ეს აუცილებელია, ეს რაღაცნაირად საწვავივითაა ხანდახან... და ისეც ხდება, რომ ზოგჯერ დადებ კალამს, ჩამოყრი ფრთებს და დააპირებ დიოგენესავით კასრში ჩაჯდომას და მხოლოდ მზის ცქერას... და უცებ მოგდის წერილი, სადაც გწერენ, თქვენი ნაწერი გვაბედნიერებს, გვჭირდება, ვეძებთ, ველით, გვიყვარს.... და ეს მოქმედებს. მოქმედებს და რას იზამ! კონკურსებიც იგივეა. კონკურსებისთვის არ წერ, მაგრამ კონკურსები გააქტიურებენ, ადრენალინით გამარაგებენ და ხშირად უსაზღვროდ გახარებენ კიდეც...

"ბავშვებისთვის წერა ყველაზე ნათელი და თბილი თავშესაფარია"

- ამ არეულ და დაძაბულ ფონზე, ყველაზე მეტად ბავშვებზე მეფიქრება. მათთვის უფრო მინდა რაღაცის დაწერა. მინდა გავახალისო, გავააქტიურო, გავახარო... მაინცდამაინც არ მაქვს იმის სურვილი, რომ "გარემოების საყვირი" ვიყო... დასანახს ყველაფერს ვხედავ: ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივ რთული პერიოდი უდგას, ვხედავ, რომ პრობლემები მატულობს, კი არ იკლებს, მაგრამ ამაზე წერა არ მინდა, დღევანდელობის ანალიტიკოსები უჩემოდაც მრავლად არიან. პირიქით, მინდა რაღაც ისეთი დავწერო, სადიდოც და მით უფრო საბავშვო, რომ მზის სხივივით სითბო, სინათლე, სიხარული და იმედი მიუტანოს ვინმეს... შესაძლოა ეს რაღაცნაირად, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა, ეს მინდა. ამჟამად ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვწერ ბავშვებისთვის. ასევე დიდი სიამოვნება მომანიჭა პუშკინის პოემის "ამბავი მეფე სალთანისა" თარგმნამ. გენიოსთან საქმის დაჭერა ნამდვილი ზეიმია! და ასევე ზეიმი და ბედნიერებაა ბავშვებისთვის წერა. ეს ყველაზე ნათელი, ტკბილი და თბილი თავშესაფარია და ყველაზე კეთილი საქმეც, მგონი... სულაც არ ვუფრთხი იმას, რომ წლების მატების მიუხედავად, რაღაც ბავშვური სამუდამოდ შემომრჩეს. ასე უკეთ გავუგებ მათ, ჩემს შვილიშვილებსაც და სხვა პატარებსაც...

"არავითარ "კოვიდ-19"-ს მე ჩემს ნაწერებში არ გავაჭაჭანებ"

- რამდენჯერმე დავფიქრდი, შემომეტანა თუ არა ჩემს თემატიკაში კორონავირუსის თემა და მივედი მტკიცე გადაწყვეტილებამდე - არა.

არავითარ "კოვიდ-19"-ს მე ჩემს ნაწერებში არ გავაჭაჭანებ. და აი, თუნდაც ამიტომ ვერ გამოვდივარ გარემოების საყვირი. ვერ მივუძღვნი ამ პანდემიას ვერაფერს, რადგან იოტისოდენა პოზიტივს ვერ ვხედავ მასში. არ მესაჭიროება მისი ნაჩუქარი თავისუფალი დრო, მისი ნაჩუქარი განმარტოება და განტვირთული მოძრაობა ქალაქში, არ მჭირდება მისი ნაჩუქარი სუფთა ჰაერი დედამიწაზე!.. ჰაერის გასუფთავებას უმისოდაც მოახერხებს კაცობრიობა, ცოტა გონივრულად თუ მოიქცევა.

მოკლედ, არა და არა - არავითარი კოვიდური თემატიკა ჩემს ნაწერებში!

"ჩვენი სასიტყვეთი"

- ქართული ენა საოცრად სამწერლო ენაა. მას გამომსახველობითი ნიუანსების წარმოუდგენლად დიდი მარაგი აქვს. ქართული ენის "სასიტყვეთი" უზარმაზარი გეოგრაფიაა თავისი სიღრმეებით და სივრცეებით... ამ ენაზე წერა ბედნიერებაა. ბევრი ტვინის ჭყლეტა არ გინდა იმისთვის, რომ გამოთქვა, რასაც გრძნობ. ქართულ ენას ყველანაირი სიტყვა აქვს: მგრძნობიარეც, მოალერსეც, მზიანიც, მთვარიანიც, წვიმიანიც, გრილიც, ცხელიც, ისარსიტყვაც, მალამოსიტყვაც... დაიწერებოდა ამ ენით "ვეფხისტყაოსანი", აბა, რა! დაიწერებოდა ამ ენით "შუშანიკიც", "გალობანი სინანულისანიც", "სიბრძნე სიცრუისაც", "დავითიანიც"... "მერანიც" და "მერიც"... კიდევ ბევრი რამე დაიწერება ამ ენით გასაოცარი და საკაცობრიო. მოფრთხილება უნდა ოღონდ. როგორც ავეჯს, დროდადრო ისე უნდა გადაწმინდო სიტყვებს მტვერი, დავიწყებას არ უნდა მისცე ძველი, ლამაზი, მოქნილი სიტყვები... და ცოტა სიფრთხილით უნდა გაუღო კარი უცხო სიტყვებს, რადგან არ არსებობს უცხო სიტყვა, რომელსაც ჩვენს დალოცვილ ენაში შესატყვისი არ მოეძებნებოდეს.

"ეს ისედაც ვიცოდით..."

- ამბობენ, რომ პანდემიამ რაღაცები გვასწავლა: ერთმანეთის მოფრთხილება, ერთმანეთზე ზრუნვა... არა. მე არ მგონია, რომ ეს პანდემიამ გვასწავლა. ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის სიყვარული ჩვენმა ხალხმა ყოველთვის იცოდა. ერთმანეთის კი არა, ქართველმა უცხოს და მტრისაც კი თანაგრძნობა და ადამიანური დახმარება იცოდა ყოველთვის. "ვეფხის და მოყმის" მერე რა სიყვარული უნდა ასწავლოს ქართველს ვინმემ და მით უფრო, რაღაც უხილავმა და უსახურმა ვირუსმა? უბრალოდ, ჩვენ ამ სიყვარულის გახსენება გვესაჭიროება. ცოტა გავუუცხოვდით ერთმანეთს. დავიქსაქსეთ, დავიფანტეთ, დავპირისპირდით, გადავემტერეთ კიდეც ერთმანეთს...

ჩვენ ზედმეტად გავპოლიტიკოსდით. არ ვიტყვი, რომ ბინძურია პოლიტიკა, უბრალოდ, ძალიან რთულია და ყველას არ ჰყოფნის გამძლეობა, შეინარჩუნოს პიროვნული ღირსება ამ ფრონტზე. ჩვენ ზედმეტად მივენდეთ ლიდერებს. ჩვენ დავიქსაქსეთ შევარდნაძისტებად, ზვიადისტებად, მიშისტებად, ბიძინისტებად... ჩვენ დავიწყეთ ამა თუ იმ კონკრეტული პარტიის გაკერპება და ლიდერების გაბელადება! და მიგვავიწყდა სიყვარული, რომელიც ამქვეყნად მთავარია. ერთიანობა, რომელიც საძირკველია.

ვერანაირ ტერიტორიებს ვერ გავამთლიანებთ, თუ ჯერ ერის სულიერი სხეულის გამთლიანებას ვერ შევძლებთ! ჯერ ისევ ახალი წლის, შობის, ნათლისღების სიახლოვეში ვართ და ესაა ჩემი ყველაზე დიდი საახალწლო-საშობაო სურვილი: ჩვენი ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გამთლიანება. ამას ვერავინ გვასწავლის, მით უფრო რაღაც "კოვიდ-19". ეს დიდი ხნის წინ ღმერთმა გვასწავლა...

"მადლობა ყველას, ვინც წიგნს დასტრიალებს"

დაბოლოს, დიდ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს... ყველას, ვინც წერს, ვინც გამოსცემს, ასურათებს, არედაქტირებს... ყველას, ვინც ლიტერატურაზე ზრუნავს, ვინც დასტრიალებს წიგნს და მკითხველამდე მიაქვს ეს ყველაფერი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ძვირფას მკითხველს. მადლობას ვუცხადებ ყველა გამომცემლობას, სადაც კი წიგნი გამომიცია, იმისთვის, რომ არასდროს არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია ამ გზაზე.

და განსაკუთრებით კი გამოვყოფდი - "პალიტრა L"-ს, გამომცემლობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, ძალიან პატივსაცემია და რომელსაც უსაზღვროდ დიდი წვლილი შეაქვს წიგნის საქმეში. წარმატებებს ვუსურვებ მას, მთელ "პალიტრამედიას" და განსაკუთრებით კი ჩემთვის ძვირფას "კვირის პალიტრას".