"საბედნიეროდ, არც ერთი აცრილის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო" - რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი - მეგი სტემპენ-გიუნტერი
"საბედნიეროდ, არც ერთი აცრილის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო" - რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი - მეგი სტემპენ-გიუნტერი
"ვაქცინის მიღების პირველი დოზიდან მეთორმეტე დღეს, უკვე ჩანს დამცველობითი ფუნქცია, ანუ ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნა დაწყებულია. მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ ანტისხეულების ოპტიმალური მარაგი უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, მათ კი ადამიანის ორგანიზმი ინფექციისგან უნდა დაიცვან. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ ნიღბის ტარება და ინფექციის გაკონტროლება გრძელდება"

გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, პანდემიის მესამე ტალღამ იფეთქა. გერმანიაში ლოკდაუნის გაუქმების ვადა 15 თებერვლამდე გადასწიეს. სურსათის მაღაზიების გარდა, სადაც ერთდროულად მხოლოდ სამ კაცს უშვებენ, ყველა ობიექტი
დახურულია. როგორც ამბობენ, ზომების გამკაცრება კიდევ იგეგმება.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მეგი სტემპენ-გიუნტერი ამბობს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სავალდებულო გახდა სპეცნიღბების ტარება. "არადა, ადრე ჩვეულებრივი ნაჭრის პირბადესაც ვატარებდით. უახლოეს დღეებში მთავრობა ყველანაირი ტრანსპორტის გაჩერების საკითხს განიხილავს. სკოლები აქამდე შეზღუდვებით, მაგრამ მაინც მუშაობდა, ახლა კი სულ გააჩერეს.
ორი ვაქცინა შემოიტანეს და მოსახლეობას ეტაპობრივად ცრიან - ჯერ მოხუცებს, მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს, სამედიცინო პერსონალს, სამხედრო და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს. აცრა ნებაყოფლობითია. სიამოვნებით ავიცრებოდი, მაგრამ ვაქცინა ჩვენამდე ჯერ ვერ მოაღწევს. სხვათა შორის, რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ზოგი თავს იკავებს. თუმცა ისე მიდის საქმე, ადრე თუ გვიან, მაინც ყველა აიცრება. არსებული ინფორმაციით, ვინც არ აიცრება, დაინფიცირების შემთხვევაში ხარჯებს თავად დაფარავს".

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, გერმანიაში ორი სახის, BioNTech/Pfizer და Moderna-ს ვაქცინა შეიტანეს. Kliniken Daun Am Rosenberg-ის ქართული წარმომავლობის ბერძენი ექიმი ნიკოლ სტეფანიდისი "კოვიდ-19"-ით გამოწვეულ მძიმე რეალობასა და ქვეყანაში შეტანილი ვაქცინის შესახებ გვესაუბრება.

- ვაქცინის გამოყენება უკვე დაწყებულია და ჯერ მნიშვნელოვანი უკუჩვენება არ აღენიშნება. მეტიც, პირველადი მონაცემებით, ყველა პაციენტში ეფექტი 90%-ია... ეს არის გამოსავალი, რომელზეც აქაური ჯანდაცვა დიდ იმედს ამყარებს.

ჯერ მტკიცებით ფორმაში ბევრ რამეზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ზოგიერთ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინის იმუნური რეაქცია რვა თვის განმავლობაში გრძელდება და არც ამის შემდეგ სუსტდება. არაერთი კვლევით დამტკიცდა, რომ ორივე მათგანს ძალიან კარგი შედეგი აქვს და სხვა თუ არაფერი, ვაქცინაცია, ვირუსის მასობრივ გავრცელებას მინიმუმამდე შეამცირებს

- რატომ იმატა ასე ძალიან ინფიცირებულთა რაოდენობამ?
- ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთია საზოგადოების დაუდევრობა არა მარტო გერმანიაში, მთელ ევროპაში, განსაკუთრებით შობის წინა დღეებში. ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან მაშინ მოსახლეობას ასეთი ემოციური ფონი არ ჰქონია. ამდენი ხნის ჩაკეტილობა, არასტაბილური სიტუაცია, დინამიკური ცხოვრების მოყვარული პუნქტუალური გერმანელების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახა. გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებს ეშინიათ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა პაციენტებს ვეღარ მიხედონ არასაკმარისი ადამიანური და სამედიცინო ტექნიკური რესურსის გამო. მოხუცთა თავშესაფარში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დიდია. ექიმები და ექთანები საქმეს ვერ აუდიან. არ შეიძლება ექიმი გადაიღალოს, რადგან ეს შეცდომის დაშვების წინა პირობაა. ამიტომ ტექნიკური დახმარებისთვის თავშესაფრების ადმინისტრაციებმა შეიარაღებულ ძალებს მიმართეს, როგორც სამხედრო ექიმებს, ისე რიგით სამხედროებს. ისინი სპეცეკიპირებით აღჭურვილი უვლიან მოხუც კოვიდპაციენტებს.

სამედიცინო პერსონალში დიდია ინფიცირების მაჩვენებელი, ეს კი ბევრად უარესია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანების დაინფიცირება. აცრა ნებაყოფლობითია და რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქაც არიან მედიკოსები, რომლებიც ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციით მსჯელობენ. არადა, არაერთმა ექიმმა გაიკეთა აცრა და არავითარი ჩივილი არა აქვთ.

სანამ მესამე კლინიკური კვლევის დასკვნას მივიღებთ, რისკების გათვალისწინებით 16-წლამდე მოზარდებს კოვიდინფექციისგან პირბადითა და დისტანციით დავიცავთ. პარალელურად იტესტება ვაქცინა-კანდიდატი, რომლითაც ბავშვებს აცრიან.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აცრილთა შორის არ ყოფილან პირები, რომლებსაც ალერგიული დაავადებები, ანაფილაქსიური რეაქციები აქვთ. ასევე უარს ვამბობთ იმუნოდეფიციტის მქონე პირთა აცრაზეც, გარდა აივ-ინფექციის მქონე პირებისა.

- აცრიდან რამდენ ხანში ერთვება ადამიანს დაცვითი ფუნქცია?
- ვაქცინის მიღების პირველი დოზიდან ერთი კვირის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, მეთორმეტე დღეს, უკვე ჩანს დამცველობითი ფუნქცია, ანუ ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნა დაწყებულია. მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ ანტისხეულების ოპტიმალური მარაგი უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, მათ კი ადამიანის ორგანიზმი ინფექციისგან უნდა დაიცვან. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ ნიღბის ტარება და ინფექციის გაკონტროლება გრძელდება.

- თავად აიცერით?
- დიახ. პირველი დოზის გაკეთების მერე მხარი ოდნავ მტკიოდა, ისიც მოძრაობისას. სხვა ეფექტები, დაღლილობა ან თავის ტკივილი არ მქონია. ყველა აცრილის მეთვალყურეობა გრძელდება, ჯერ არც ერთი მათგანის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.

ბევრი ვერ მიიღებს ვაქცინას თუნდაც იმის გამო, რომ ალერგიულია ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ. ასე მოხდა წითელას ვაქცინაზეც, მაგრამ ეს ადამიანები გადარჩნენ, რადგან არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ სხვები აიცრნენ და ამან ვირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხე აღმოფხვრა. ეს იცავს იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის გამო ვაქცინის მიღება არ შეუძლიათ. თუნდაც ამიტომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა აუცილებელია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები