"60-თეთრიან პურს ვყიდულობ და წყალს ვაყოლებ… ჩემი ცხოვრება ჰგავს ზღაპარს - ობოლ და უპატრონო გოგონაზე"
"60-თეთრიან პურს ვყიდულობ და წყალს ვაყოლებ… ჩემი ცხოვრება ჰგავს ზღაპარს - ობოლ და უპატრონო გოგონაზე"
"დინამოს" სტადიონთან მაშინ ჯიხურები იყო ჩამწკრივებული და იქ ვითხოვე, შიმშილით ვკვდები, მამუშავეთ-მეთქი. არავინ მიმიღო. ერთი-ორმა მითხრა, რაღა შენ, მირჩევნია ნათესავი დავასაქმოო"

"ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ჯერ ობოლ, შემდეგ - უპატრონო გოგონაზე..." - ამბობს მერი ჯაჯიევი.

- 51 წლის ვარ. ორი წელია, რაც მთავრობა მიხდის ბინის ქირას. პატარა რომ ვიყავი, ლაგოდეხში ვცხოვრობდი. ჯერ მამა გარდამეცვალა, მერე კი წელიწად-ნახევარში დედა ისე გაილია, ვერაფერი გაუგეს. 11 წლისა უპატრონოდ დავრჩი. ნათესავიც არ მყავდა. მახსოვს,
ლაგოდეხის რაიონის პირველ მდივანსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის საუბარი გაიმართა. შევარდნაძემ ბრძანება გასცა, ბავშვი წამით არ უნდა დარჩეს უპატრონოდო. ამის შემდეგ რუსთავში, უპატრონო ბავშვთა სახლში გამამწესეს.

- რთული იყო ბავშვთა სახლთან შეგუება?
- არა... იქ გატარებული წლები ტკბილად მახსენდება. მერე პროფტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე და რუსთავის
მეტალურგიულ ქარხანაში ამწე ხიდურ მემანქანედ დავიწყე მუშაობა.

90-იან წლებში სამსახური დავკარგე. თუმცა მანამდე, 20 წლისა, ავარიაში მოვყევი. სამნი ვისხედით მანქანაში, გზიდან გადავცვივდით და ორივე მეგობარი იქვე გარდაიცვალა. მე კარზე გადაკიდებული, უგონოდ მყოფი მიპოვეს. საავადმყოფოში წელიწად-ნახევარი გავატარე. მას შემდეგ სულ გაჭირვებაში ვიყავი. თბილისში ჩამოვედი სამსახურის საძებნელად, მაგრამ ვინ დამასაქმებდა, ყავარჯნებით დავდიოდი. იყო პერიოდი, როცა დღეების განმავლობაში მხოლოდ წყალზე ვიყავი.
"დინამოს" სტადიონთან მაშინ ჯიხურები იყო ჩამწკრივებული და იქ ვითხოვე, შიმშილით ვკვდები, მამუშავეთ-მეთქი. არავინ მიმიღო. ერთი-ორმა მითხრა, რაღა შენ, მირჩევნია ნათესავი დავასაქმოო.

ნაცნობ-მეგობრებს ვთხოვდი, საჭმელი არ მინდა, წამალი მიყიდეთ, თორემ მოვკვდები-მეთქი. გამაყუჩებელი მჭირდებოდა, წამლები კი მაშინაც ძალიან ძვირი იყო.
მერე დიღმის მასივში ინგა გავიცანი. ჩემი მდგომარეობა მოვუყევი. ჯერ წამლის ფული მომცა, მერე მითხრა, ხვალ მოდი, იმუშავე და ყველაფერი უკეთ იქნებაო. მართლაც დავიწყე მუშაობა. ინგაც მოდიოდა, მეხმარებოდა...

- დღე მუშაობდით, მაგრამ ღამეს სად ათევდით?
- ღამეც ვმუშაობდი. ინგამ 100 ლარად იქვე მაქირავებინა ბინა. სულ მეუბნებოდა, მოიტანე მიწის თხილი, მზესუმზირა, მოხალე და გაყიდე, 1-2 კაპიკი დაგრჩება, ხელფასსაც აიღებ და არ გაგიჭირდება, მეც აქ ვარო. შემდეგ ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე გადმოვედით, მერე - ჩაის სახლთან, მერე კი სააკაშვილმა ჯიხურები აკრძალა, ნავთლუღში წავედი და მცირე დანაზოგით გარევაჭრობას მივყავი ხელი, თან ქირით ვცხოვრობდი, ხან - სად, ხან - სად. მალე ავად გავხდი და ნაწლავის დროებით გარეთ გამოტანა დამჭირდა, მაგრამ ჩემი ბრალი იყო...

- რატომ?
- მძიმეებს ვწევდი, არადა, არ შეიძლებოდა და ნაწლავი გამისკდა. ძალიან ცუდად ვიყავი. მეზობელმა დაურეკა "სასწრაფოს". მომხედეს. რაც დანაზოგი მქონდა, იმ პერიოდში თავს მოვახმარე, მაგრამ მერე, ფაქტობრივად, მშიერი რომ დავრჩი, თავს ძალა დავატანე და ავდექი, მაგრამ ვაი, იმ ადგომას... ისევ წავედი ნავთლუღში და ასე ნაწლავგამოტანილი ვვაჭრობდი. მერე საბუთები მოვაწესრიგე და სოციალური დახმარება დამინიშნეს. ამის შემდეგ დავწექი საავადმყოფოში და მთავრობის დაფინანსებით ოპერაცია გამიკეთეს - ნაწლავი ჩამიბრუნეს.

ისევ თვითონ უნდა მეპატრონა საკუთარი თავისთვის და მშრალ ხიდზე გავედი სავაჭროდ, მაგრამ ვერ შევძელი. მძიმის აწევა არ შეიძლებოდა და უცხოებს ვეხვეწებოდი, ახალი ნაოპერაციები ვარ, ჩანთა ამატანინეთ, ან ჩამატანინეთ-მეთქი. მახსოვს, ერთხელ ანრი ჯოხაძემ ამატანინა მეორე სართულზე საწყობში ჩემოდანი. საწყობთან ახლოს ყოფილა ხმის ჩამწერი სტუდია და იქ გადავაწყდი.

მადლობა ანრი-მეთქი, ვუთხარი. საიდან მიცნობო, გაუკვირდა. ტელევიზორიდან-მეთქი, ვუთხარი... გაიცინა...

2019 წელს, სადაც ქირით ვცხოვრობდი, ის სახლი დაიწვა. ჯერ რა მქონდა და ისიც გამომეწვა. რაც მეცვა, იმის ამარა დავრჩი. განცხადება დავწერე, დახმარებას ვითხოვდი და სანამ რამე გაირკვეოდა, ქუჩაში ვცხოვრობდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სკამზე წამოვწვებოდი ხოლმე - კიდევ კარგი, ზაფხული იყო. დაცვა მცნობდა. იქვე შორიახლოს იყვნენ და უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. მგულშემატკივრობდნენ, სამგზავრო ფულიც მოუციათ... მერე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივმართე, მერიაშიც მივედი... ბოლოს ბინა მიქირავეს. თავიდან - ონიაშვილის ქუჩაზე, მერე კი სპორტის სასახლის უკან გადმოვედი. მეტროსთანაც ახლოს ვარ და გაჩერებასთანაც. 200 ლარად ვქირაობ. ახლა პანდემიის გამო არ ვმუშაობ, თუმცა ხერხემალიც ძალიან მაწუხებს და შევძლებ თუ არა მუშაობას, არ ვიცი... 60 ლარს ვიღებ დახმარებას და იმით გავდივარ იოლას... 60-თეთრიან პურს ვყიდულობ, დავჯდები და წყალს ვაყოლებ… აი, ასე ვარ... ტკივილების გამო სულ გამაყუჩებელს ვიკეთებ. ეკლესიასთან დავჯდები ხოლმე და ფიქრს მივეცემი. ამ დროს ვმშვიდდები და იმედი მიჩნდება, რომ კეთილი ადამიანები დამიდგებიან გვერდით. იქნებ ამ ხერხემლის ტკივილს გავუმკლავდე, სანამ პანდემია გაივლის და მერე გარევაჭრობას დავუბრუნდე...

ყველა ზღაპარს, განსაცდელისა და დაბრკოლებების შემდეგ, კეთილი ბოლო აქვს. მეც მჯერა, რომ ჩემს გაჭირვებასაც ექნება ბოლო, ხოლო ჩემს ზღაპარს - კეთილი დასასრული. იმედს არ ვკარგავ. ამ იმედით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ.

ვისაც გსურთ დაეხმაროთ მერის, გთავაზობთ მისი ანგარიშის ნომერს:
GE22LB0211166508931000
მიმღები: მერი ჯაჯიევი
ani
31 იანვარი 2021 17:54
პირადი ნომერი დაწერეტ , მერი. უცხოეტიდან ასე უპრო მარტივია პულის გადმორიცხვა.
მარიამი
31 იანვარი 2021 15:56
გაიხარეთ ქალბატონო ეკა ამ საკითხის გაშუქებისთვის. ეს-ეს არის ვუყურე ვიდეოს როგორ ცეკვავენ სალომე ღვინიაშვილი და ანუკი არეშიძე. კარგი იქნებოდა თუ თავს დაანებებდნენ სისულელეებს და ასეთი შეძლებული ადამიანები ცოტა რაღაცით მაინც დაეხმარებოდნენ მერისნაირ გაჭირვებულ ხალხს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები