"მთელი ქონება გავყიდეთ, შვილი რომ გადამერჩინა... საუკეთესო ვაჟი მყავდა" - კვირის პალიტრა

"მთელი ქონება გავყიდეთ, შვილი რომ გადამერჩინა... საუკეთესო ვაჟი მყავდა"

ზამთრის ერთ თბილ დილას მოხუცთა პანსიონატს ვესტუმრე. მოხუცებმა დიდი ხნის ნანატრი ახლობელივით მიმიღეს, მომეფერნენ და თავიანთ ამბებსაც ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც იმედიანი სახით მომიყვნენ.

"მთელი ქონება გავყიდეთ, შვილი რომ გადამერჩინა"

- 80 წლის შევსრულდი. რომ დავიბადე, ბებიაჩემმა დეკეული გაყიდა და თხა იყიდა, ჩემი შვილიშვილი თხის რძით უნდა გაიზარდოსო. მას შემდეგ მთელი ცხოვრება პეტელობაში გავატარე (იცინის). პროფესიით ქიმიკოსი ვარ, დოქტორის ხარისხით. 23 წლისა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გავხდი, 26 წლის - სკოლის დირექტორი. შემდეგ განათლების განყოფილების გამგე ვიყავი სამგორის რაიონში, ხოლო მოგვიანებით სახალხო კონტროლის თავმჯდომარე. ბოლოს, 2005 წლამდე, განათლების განყოფილების გამგედ ვიმუშავე. ლექციებს ვკითხულობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა, ამ კორონას გამო ვეღარ დავდივარ.

ცხოვრება რთულია, არავინ უწყის, ხვალ რა გველოდება. 33 წლის შვილი გარდამეცვალა, უზარმაზარი სახლი მქონდა თბილისში, მთელი ქონება გავყიდეთ, რომ გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელით. გულის გადანერგვა იყო საჭირო, მაგრამ დონორი ვერ ვიშოვე. საუკეთესო ვაჟი მყავდა, "შვიდკაცაში" მღეროდა. მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით და ბინიდან ბინაში გადავდიოდით. შარშან კი მოხუცთა თავშესაფარში წამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან ჩვენი პენსიით ვერ ვახერხებდით ბინის ქირის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. აქ კარგი პირობებია, ვერთობით, ვკითხულობთ, ტელევიზორს ვუყურებთ, ვათვალიერებთ გადახუნებულ ალბომს და ერთმანეთს ვუყვებით წარსული ცხოვრების ამბებს, - საოცარი სითბოთი მიყვება თავისი ცხოვრების შესახებ დემურ კალანდაძე და თან დიდი რუდუნებით ფურცლავს საოჯახო ალბომს.

"აქ მოხუცები თითქოს საკუთარ სახლში ცხოვრობენ"

მერაბ შათირიშვილი მოხუცთა საცხოვრისის დამფუძნებელია. თავდაპირველად მოხუცთა თავშესაფარი გახსნა, შემდეგ გაფართოვდა და პანსიონატს შშმ პირებზე ზრუნვის ცენტრიც დაემატა.

"მოხუცთა საცხოვრისში დღეს 26 კაცი ცხოვრობს. აქ მოხუცები თითქოს საკუთარ სახლში ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, ვისურვებდი ასე იყოს. შშმ პირთა ცენტრში 21 კაცია. შენობები სხვადასხვა ადგილასაა და სრულიად ადაპტირებულია მათ საჭიროებებთან. სანამ ბენეფიციარი ჩვენამდე მოვა, წერილობით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. პანსიონატში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პანსიონატში პირის სრული სახელმწიფო დაფინანსებით, თანადაფინანსებით ან დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე. ჩვენ გვყავს ისეთი მცხოვრები, რომელიც კერძო დაფინანსებით არის ჩვენთან.

ერთი რამ გვაწუხებს - ცალ-ცალკე პანსიონატის წყლისა და გაზის გადასახადი თვეში დაახლოებით 2.500-2.700 ლარი მომდის, რაც ძალიან დიდი თანხაა. მაშინ როცა შეგვიძლია ეს თანხა ისევ მოხუცებს მოვახმაროთ, მიდის კომუნალურებში. ვერ ვხვდები რისი კომერციული გადასახადი მიაქვთ! ბიზნესია? იმ თანხას, რასაც სახელმწიფო ურიცხავს შემწეობის მთხოვნელ პირს, ისევ თავისი თანხიდან აჭრის გაშვიდმაგებული კომუნალურების სახით. არადა, სახელმწიფოსაგან თუ ხელშეწყობა გვქნება, კიდევ გავფართოდებით"

"მთავარია, აქ მარტო არა ვარ"

75 წლის თამარ პიტიურიშვილი გურჯაანელია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ძმა შარშან დაკარგა, მარტოობამ გატეხა და ბოლოს საჭმლის მიმწოდებელიც რომ არავინ ჰყავდა, მოხუცთა თავშესაფარს მიმართა.

"ფრანგული ენის სპეციალისტი ვიყავი, 90-იან წლებში ქვეყანა რომ აირია, თბილისიდან გურჯაანში გადავედი საცხოვრებლად ჩემს ძმასთან და ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. სამოცდაათი წელი რომ შევასრულე, სკოლიდან წამოვედი და ჩემი პენსიით თავს ვირჩენდი. გასულ წელს ძმა გარდამეცვალა და დავრჩი მარტო, წყლის მომწოდებელი არავინ მყავდა, ამიტომაც გადავწყვიტე მოხუცთა თავშესაფარში შეკედლება. აქაური გარემო მომწონს, და რაც მთავარია მარტო არა ვარ.

P.S. წლები მიფრინავენ და ძნელად წარმოსადგენია, რომ მოვა დრო, როცა ჩვენც ავაბიჯებთ ცხოვრების ყველაზე მძიმედ ასავლელ საფეხურზე, რომელთაც წარსულის ნოსტალგიით, ოხვრითა და სინანულით ავივლით... ამას სიბერე ჰქვია. ამ მოხუცებს მარტოობაში გალეული სიბერის ეშინიათ და ამიტომაც თავშესაფარი მათთვის იმედის და ბედნიერების კუნძულია.