თბილი ადამიანის საოცრად თბილი პერსონაჟები
თბილი ადამიანის საოცრად თბილი პერსონაჟები
"ჩემი ნახატების პერსონაჟებიც აქვე მოვძებნე - ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, დიდობიდან"

მხატვარ ლადო თევდორაძის ნახატებში ისეთი სითბოა, რომელიმეში შეყუჟვა უსათუოდ მოგინდება. სოციალურ ქსელში მათ ყოველ გამოჩენას უამრავი მოწონება და მადლიერება ახლავს, რაც მოწმობს, რომ მკაცრმა დრომ ადამიანებს სითბო და სიყვარული მოანატრა. ბატონი ლადოს პერსონაჟები იმ ანგელოზზე ჰყვებიან, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. თვითონაც საოცრად თბილ ადამიანს ამ ყველაფერსა და კიდევ იმაზე ვესაუბრეთ, როგორ მოხვდა მისი ნახატები მსოფლიოს ყველა კონტინენტის კოლექციებში.

- საქართველოში ბევრი ნიჭიერი
მხატვარია, თუმცა თქვენ მაინც განსხვავდებით - თქვენი ნახატები თითქოს არსაიდან და თანაც იმიტომ ჩნდებიან, რომ გაგვათბონ, მათი პერსონაჟები კი რაღაცას ძალიან მშობლიურსა და საყვარელს გვაგონებენ.
- ჩემი ნახატების პერსონაჟები ძალიან დიდი ხნიდან - ჩემი ბავშვობიდან მოდიან, რომელიც სხვებისას იმიტომ ჰგავს, რომ ბავშვობა ყველასთვის ტკბილია. ალბათ,
ამიტომაც გემშობლიურებათ ისინი, მე კი ყველა პერსონაჟი ჩემი ემოციებიდან გამოვიხმე. მქონდა პერიოდი, როდესაც სხვა ჟანრით ვხატავდი, თუმცა სითბო არც მისთვის დამიკლია. რასაც ახლა ვხატავ, თითქოს ვიღაცის დაძახებით გაჩნდა. იმ ვიღაცამ ჩამკიდა ხელი და აქეთ გამიყოლა. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემში დაგროვებულ უამრავ სითბოსა და სიკეთეს დახარჯვა უნდოდა.


- ამიტომაც შეისრუტა ეს ნახატები სტრესით სავსე ჩვენმა ეპოქამ. სიყვარულის დეფიციტმა ადამიანური სითბოს მოთხოვნილება გაგვიჩინა.
- შესაძლოა, თუმცა, რომ ვაკვირდები, სიყვარულის დეფიციტი მარტო ჩვენ არ გვჭირს, ეს საკაცობრიო სენივითაა.

თითქოს მთელ დედამიწაზე ადამიანის გამკაცრებისა და გაცივების დრო დადგა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიკეთე დაიკარგა, უბრალოდ, ის სადღაც დგას ჩუმად და უხმოდ აკეთებს თავის საქმეს. მერე კი აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ადამიანებს კვლავ გაუჩნდებათ ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის გაცემის მოთხოვნილება. ისე კი, ჩვენ ირგვლივ დღესაც სიკეთის უამრავი სასწაული არსებობს, ოღონდ შემჩნევა უნდა.

ჩემი ემოციები სოფელ ფარცხანაყანებიდან იწყება. ჩემი პერსონაჟები მიყვებიან ჩემს იმერულ სახლზე, რომელიც იქ დგას, სახლის წინ დიდ მუხაზე, ამ მუხიდან დანახულ კავკასიონსა და ხვამლზე, ჩემს ტკბილ მეზობლებზე, მასწავლებლებზე, ბებიებზე, ცხოვრების გზაზე შეხვედრილ უამრავ თბილ ადამიანზე... როდესაც ტილოს გავშლი, ყველანი ჩემ თვალწინ დაფრინავენ, მე კი ვიღებ ფუნჯს, მოვხაზავ რომელიმეს და ის ერთი ყველას ემსგავსება - მაგალითად, ქუთაისში ცნობილ ხატვის მასწავლებელს, ალიოშას, რომელმაც ხელი მომკიდა და ქუთაისის სამხატვრო სკოლაში წამიყვანა. კარი რომ შევაღეთ, კედელზე რუსი მხატვრის, რეპინის უზარმაზარი ნახატი დავინახე და ადგილზე გავშეშდი, შენობაში შესვლას აღარც ვაპირებდი. რეპინი ნიჭიერი მხატვარია და მისი ნახატის დანახვისას უცნაურმა შიშმა შემიპყრო. ვფიქრობდი, აქ ტყუილად მოვედი, მე ასე ვერასოდეს დავხატავ-მეთქი. ალიოშა მასწავლებელმა თითქოს გაიგონა ჩემი ფიქრი, არა, აშკარად გაიგონა, რადგან ზურგში მსუბუქად მიბიძგა, შენობაში შემაგდო და მითხრა, თუ მოინდომებ, ამაზე უკეთესსაც დახატავო! ამ რამდენიმე სიტყვამ და იმ წუთმა გადაწყვიტა ჩემი მომავალი, ალიოშას რომ ეთქვა, თუ ასე გეშინია, შენგან მხატვარი არ დადგებაო, რა თქმა უნდა, კარს გამოვიხურავდი და ხატვას აღარც გავიხსენებდი.


ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ საბჭოთა იმპერიაში გაიარა. იქ ბევრი რამის მოწონება შეუძლებელი იყო, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ იგრძნობოდა სიყვარულისა და ზრუნვის დეფიციტი. იცით, როგორ სკოლაში ვსწავლობდი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა რაიონში, ვანში? სკოლა ისეთ მაღლობზე იდგა, იქიდან ლამის მთელი დასავლეთ საქართველო მოჩანდა. საითაც კი გაიხედავდი, ზამთარ-ზაფხულ თვალწინ სამოთხე გადაგეშლებოდა, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, ამ სამოთხის სილამაზე შეგვესრუტა. სკოლა მაღლობზე სწორედ ამიტომ იყო აშენებული, თორემ ვანში რამდენიც გინდა, იმდენი დაბლობი იყო, სადაც სკოლა აშენდებოდა. მერე ამ პატარა ვანში ვიღაცამ მოიფიქრა და აქაური ბავშვების გაკეთებული ქანდაკებები და სკულპტურები ვანის ქუჩებსა და სკვერებში ჩამოარიგა. ზღაპარი შექმნა - თითქოს ქუჩის ყველა კუთხეში ვიღაც იდგა და რაღაცას გიამბობდა. ეს 70-იანი წლები იყო. მერე გამოჩნდნენ იაპონელები და ისე მოიხიბლნენ ამ გულწრფელი ხელოვნებით, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი და წაიღეს იაპონიაში.

ძალიან ხშირად ხელოვანები თემებს სხვა სივრცეებში გაჭრითაც ვეძებთ, მაგრამ მე, მადლობა ღმერთს, არსად წასვლა არ დამჭირვებია, ყველაფერი აქვე მაქვს - ბავშვობაში, გვერდით… ჩემი ნახატების პერსონაჟებიც აქვე მოვძებნე - ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, დიდობიდან.… მე და ჩემი თანაკურსელები სტუდენტობისას რუსთაველის თეატრის სპექტაკლებს ვაფორმებდით, დიდებული ხელოვანების გვერდით ვცხოვრობდი და აბა, წარმოიდგინეთ, რა ბედნიერება იყო ეს! თეატრიდან გამოვიდოდი და ყველგან ვპოულობდი იმ სითბოს, რომელსაც, მილიონი ნახატიც რომ დავხატო, ვერ დავხარჯავ. მაშინ თბილისი "მოლბერტიანი" იყო, მოლბერტებით ქალაქგარეთ უამრავი სტუდენტი დავდიოდით და უამრავ სიუჟეტს ვხატავდით. შებინდებულზე კი შინ ფეხით ვბრუნდებოდით. ამ დროს ვინმე მანქანით თუ წამოგვეწეოდა, არ იფიქროთ, ქუჩაში დავეტოვებინეთ - ჩაგვსხამდა მანქანაში და სახლამდე მიგვიყვანდა. ერთხელ, მახსოვს, ჩემმა ჯერ კიდევ სველმა ტილომ ტრამვაის უკანა სკამზე მგზავრს კაბა დაუთხუპნა. გაბრაზებული ძალიან წამეჩხუბა, კაბას ეს საღებავი არ მოშორდება და ახალი უნდა მიყიდოო! მართალი იყო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამ დროს სკამიდან სიმპათიური კაცი წამოდგა და ქალბატონს მიმართა - როგორ გეკადრებათ ჩხუბი, პირიქით, უნდა გეამაყებოდეთ, რომ კაბა მომავალი დიდი მხატვრის ტილომ დაგისვარათ, ეს ბიჭი ხომ ოდესმე დიდი მხატვარი გახდებაო. მე ენა უფრო ჩამივარდა, მთელმა ტრამვაიმ კი ჩემს გამომსარჩლებელს ისე დაუჭირა მხარი, მგონი, ქალბატონი მართლაც კმაყოფილი ჩავიდა ტრამვაიდან, მე კი მგონი, ერთი წელიწადი მაინც ისეთი ამაყი დავდიოდი, თითქოს მართლაც გენიოსი ვიყავი. აბა, ასეთი ხალხი როგორ არ უნდა დახატო? ეგ არის, რომ ზუსტად ისეთები არ არიან, როგორებიც მე შემხვდნენ, მაგრამ ყველას სიკეთე აერთიანებს.


- მაგრამ თქვენს ნახატებში ყველაზე კარგები მაინც ბებიები და ბაბუები არიან.
- ჩემი ბებო ნამდვილი ოლღა ბებია იყო, რომელმაც მსოფლიო ომისას შვიდი საკუთარი შვილი გაზარდა და მერვე - სხვისა, მერე კი უამრავი შვილიშვილიც... როდესაც საქმე ჩვენს დასაჩუქრებაზე მიდგებოდა, კაბის მერამდენეღაცა ჯიბიდან ვაშლის "ბალიშა" კამფეტს გამოაძვრენდა. როცა ქუჩაში მოხუცი ქალი მხვდება, მასში მოხუც დედაჩემსაც ვხედავ და როგორ შეიძლება, დედა თბილად არ დახატო? მახსოვს, როდესაც დედაჩემის პორტრეტი ნახა, ერთი უცხოელი ქალბატონი მიმტკიცებდა, ეს თქვენი კი არა, ჩემი დედაა, მას ჰგავსო.

- თქვენი ნამუშევრები ყველა კონტინენტზეა გაფანტული...
- დიახ, და საქართველოშიც ბევრია, თუმცა ნახატს ისეთს არავის მივყიდი, ვისაც შევატყობ, რომ მათ უპატივცემლოდ მოეკიდება. ჩემი ნახატი ჩემი შვილია და როგორ უნდა მივაბარო შვილი ვინმეს, თუ ვიცი, რომ მას უდიერად მოეპყრობა?! თანაც, როცა გაყიდვაზე მიდგება საქმე, მსურველები სწორედ იმ ნახატებს ირჩევენ, რომლებიც ძალიან მიყვარს და მენანება.


ახლა ფარცხანაყანებში რომ ვიყო, ჩემს იმერულ სახლში, ჩემი არღნიანი მეგობრების სიმღერას მოგასმენინებდით, ჩემს ტკბილ და თბილ მეზობლებს გაგაცნობდით. ისინი რომ არ იყვნენ, ჩემი ნახატები ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები