"ტამიშში 150-კოტეჯიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, ეზიდებიან ხრეშს, ქვას, შეუბრალებლად ჩეხენ ხეებს" - საით მიდის აფხაზური ხანძრის კვალი - კვირის პალიტრა

"ტამიშში 150-კოტეჯიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, ეზიდებიან ხრეშს, ქვას, შეუბრალებლად ჩეხენ ხეებს" - საით მიდის აფხაზური ხანძრის კვალი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ინვესტორების მოზიდვას იწყებს. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ინვესტორებისთვის კომფორტული პირობების შექმნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინა პირობაა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია და თანდათან მას სხვებიც მოჰყვება".

რუსული ტურისტული კომპანია აფხაზეთში

ბჟანია აფხაზეთის მოსახლეობას ესაუბრა რუსულ ტურისტულ კომპანია "ბიბლიო გლობუსზე", რომელმაც სოფელ ტამიშში 150-კოტეჯიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. ბჟანიას თქმით, ის თავად გავა ობიექტზე, რათა თვალყური ადევნოს, როგორ მიმდინარეობს ტურისტული კომპლექსის მშენებლობა.

ოკუპირებულ რეგიონში ტურისტული კომპლექსის აშენებაზე აფხაზ მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მათი თქმით, უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებზე მიყიდვის დაწყება გარდაუვალია.

როგორც ამბობენ, ინვესტორების შემოყვანაზე საუბრის გააქტიურება საეჭვოდ ემთხვევა ბოლო დროს აფხაზეთში გავრცელებულ ტყის ხანძრებს. გაგრაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნიკალური ფიჭვის ტყის მნიშვნელოვანი დაზიანების კვალდაკვალ უკვე ლაპარაკობენ საკურორტო კომპლექსის აშენებაზე ძველი და ახალი გაგრის ახლოს, ტყის შუაგულში. გაგრასა და ბიჭვინთაში ბიზნესს სომხური კლანი განაგებს და ახლაც მათი ინტერესი იკვეთება.

"ჩვენი ხელისუფლება მშვიდად უყურებდა, როგორ ნადგურდებოდა აფხაზეთის ფლორა"

"როგორც რუსეთის ელჩმა აღნიშნა, აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარება იძაბება და თუ ასე გაგრძელდა, ეს ცუდად აისახება ინვესტორებზე, რაც ადგილობრივი ეკონომიკის მეტ სტაგნაციას გამოიწვევს. მთავარი მოკავშირეების გააქტიურების ფონზე ეს განცხადება სახიფათო გზავნილებს შეიცავს. აფხაზეთში ბიზნესის განვითარების, მით უფრო კოვიდპანდემიის დროს, არავის სჯერა, არც იმის, რომ აფხაზეთის ბიუჯეტს რუსი ტურისტები შეავსებენ და ამას ემსახურება ინვესტორების შემოყვანაც. ხანძრები შემთხვევითი არ ყოფილა და ეს ყველამ ვიცით. ჩვენი ხელისუფლება ძალიან მშვიდად უყურებდა, როგორ ნადგურდებოდა აფხაზეთის ფლორა, მაშინ როცა თავის ტკივილის წამალზე რუსეთთან რეკავენ. არსებობს ცნობები, რომ ტერიტორიის მოსუფთავებაში დიდი თანხა აიღეს. აბა, გადამწვარი ტერიტორია ვის რაში სჭირდება, ხომ უნდა აითვისონ, ჰოდა, რუსულ-სომხური ბიზნესი აითვისებს", - წერს აფხაზი ასლან ხვარცკია.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსახლეობას ესაუბრა რუსულ ტურისტულ კომპანია

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის!.."

როგორც ამბობენ, აფხაზეთში ინვესტორს თითქმის არ უწევს ფულის დახარჯვა, რადგან ადგილობრივი "ხელმძღვანელობა" უფასოდ უთმობს ხეტყეს, წყალს, ხრეშს, ქვა-ღორღს და რაც მთავარია, ელექტროენერგიას. ამიტომაც რეგიონის დიდ ნაწილს ბოლო წლებია მუდმივად დენის პრობლემა აქვს.

ირინა ხიშბა:

- ტამიშში ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ ეზიდებიან ხრეშსა და ქვას, შეუბრალებლად ჩეხენ ხეებს, ლამის ამოაშრეს მდინარეები... რატომ იწვოდა უნიკალური ფიჭვის ტყე-პარკი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრაში?.. რატომ განადგურდა ტყეები გულრიფშში, ეშერაში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და ტყვარჩელში?.. იმიტომ, რომ რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის!..

აქ ხომ ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგან დენი, ფაქტობრივად, უფასოდ აქვთ, სამაგიეროდ, ჩვენ გვთხოვენ დენის საფასურის გადახდას. არადა, მოსახლეობა მხოლოდ რუსული პენსიის იმედზეა.

"აფხაზეთი ერთი მივიწყებული, ჩიხში შესული ტერიტორიაა"

ინტერნეტკამათში ჩართული რუსი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ვერ გაუგიათ აფხაზების აგრესია რუსულ-სომხურ ბიზნესზე. ერთ-ერთი მათგანის, ირინა ჩისტიაკოვას მოსაზრებით, "აფხაზეთი თავისი თანამედროვე მდგომარეობით საერთოდ არ აღძრავს არავითარ ინტერესს. ის ერთი მივიწყებული, ჩიხში შესული ტერიტორიაა. ადამიანები ცხოვრობენ იმით, რასაც შოულობენ, და ერთადერთი, რაც დეგრადირებული არ არის, ბუნებაა. რაც შეეხება სახელმწიფოს, ამის არავითარი ნიშნები არ არსებობს და არც ინვესტორების ნდობას და ინტერესს იწვევს".