"აფხაზები მამას სამ თვეზე მეტხანს მალავდნენ, მაგრამ ვიღაცამ მაინც გასცა..." - კვირის პალიტრა

"აფხაზები მამას სამ თვეზე მეტხანს მალავდნენ, მაგრამ ვიღაცამ მაინც გასცა..."

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ცნობით, უკონტროლო ბიზნესი ბევრი მიმართულებით არის საფრთხის შემცველი. სულ რომ არაფერი, 90-იანი წლების საომარ მოქმედებებში დაღუპული ქართველები, როგორც მეომრები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, ვისაც სად მოუხერხდა, იქ არის დასაფლავებული.

გაგრელი ელენე გუგავა ამბობს, რომ "წითელი ჯვრის" დახმარებით წლებია ცდილობს გაიგოს, სად არის დამარხული მამამისი, რომელიც გაგრაში იმ ტყე-პარკთან დახვრიტეს, ახლახან ცეცხლში რომ იყო გახვეული. აიბგის ტყე-პარკის უფროსმა კონსტანტინე გუგავამ გაგრის დაცემის შემდეგ სახლ-კარი არ დატოვა. რამდენიმე თვის განმავლობაში მას ახლობელი აფხაზები მფარველობდნენ, თუმცა ბოლოს ვიღაცამ მაინც გასცა.

- მამას 43 ნათლული ჰყავდა, უმეტესობა აფხაზი იყო. ომი რომ დაიწყო, თქვა, აქედან არ წავალო. მე მეუღლესა და შვილებთან ერთად დავტოვე გაგრა. მედიცინის მუშაკი ვიყავი და აფხაზებს "შავ სიაში" ვყავდი შეყვანილი. ათი დღის შემდეგ გაგრიდან დედაჩემი გამოვიდა. მამა არ გამოჰყვა, აფხაზი მეგობრების იმედი ჰქონდა. ჩვენი სახლის ერთ მხარეს რუსი კოლია მიხაილოვი, მეორე მხარეს კი ბულგარელი იურა ვირაგლი ცხოვრობდნენ და ისინი მფარველობდნენ მალულად. სოხუმში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. მამა ბოლო წერილში, რომელიც ერთ ქართველ მეზობელს გამოატანა, მწერდა: "საქმეს კარგი პირი არ უჩანს, შვილო, მაგრამ რაც უნდა მომივიდეს, არაფერზე ინერვიულოთ... მშვიდობით, ელია". მაინც მეგონა, რომ არ გაწირავდნენ და მშვიდობით გადმოიყვანდნენ.

აიბგის ტყე რუსეთს ესაზღვრება, მის გარშემო არსებული გზები, უფრო სწორად, ბილიკები რიწის მთებისკენ მიდიოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამასთან აფხაზები მისულან და აიბგის ტყისკენ წაუყვანიათ. აქაურობის მცოდნე კაცი გვჭირდებაო. მამას მეგზურობაზე უარი უთქვამს. ჯერ უცემიათ, მერე კი დახვრიტეს. გახრწნილი ცხედარი მის ყოფილ სომეხ თანამშრომელს უპოვია, საბუთები უნახავს და ამით მიმხვდარა, ვინც იყო. სახლიდან მოუტანია ბარი და იქვე გაუთხრია საფლავი. არც ის ვიცით, ის კაცი ცოცხალი არის თუ არა, მაგრამ მაშინ მეზობლისთვის უთქვამს, კოსტა გუგავა მე დავმარხეო.

მეორე ვერსიით, მას ერთ-ერთმა ნათლულმა სამშვიდობოს გასვლაში დახმარება შესთავაზა. ეტყობა, ეგონა, მამაჩემს თან ფული და ოქრო ექნებოდა. თქვეს, მან მოკლაო. ხმა დადის, ამის გამო იმ ბიჭმა თავი მოიკლაო. მამას ყველა ნათლულს არ ვიცნობდი და კიდეც რომ ვიცნობდე, ძნელია, ასეთი საშინელება დასწამო ვინმეს. მამას სამ თვეზე მეტხანს მალავდნენ, მაგრამ ვიღაცამ მაინც გასცა... ერთხელ ჩვენი სახლის ჭიშკარს დიდი სატვირთო მანქანა მიადგა, თურმე აფხაზი ყოფილა და მამაჩემი მოუკითხავს. მეზობლებს უთქვამთ, მოკლესო. იქვე კიბესთან დამჯდარა და უტირია.

19 სექტემბერს, მეტყევეების დღეს, მამას თანამშრომლები ყოველთვის ჩვენს სახლში აღნიშნავდნენ. მამას ორი მეგობარი ჰყავდა, ორივე ახვლედიანი, ერთი ამბობდა, ქართველი ვარო, მეორე - მიშა, აფხაზობდა. არადა, წარმოშობით ორივე ლეჩხუმელი იყო. ბოლოს ჩვენს სახლში იქეიფეს. ამ დროს ვითარება უკვე დაძაბული იყო. მამაჩემმა და ამ აფხაზმა მის წარმოშობაზე იკამათეს, მამაჩემმა უთხრა, ომი რომ დაიწყოს, შენი შვილი, ალბათ, ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლებსო. მიშა გაბრაზდა და წავიდა. მამა განიცდიდა, ეს რა ვაკადრე იმ კაცს, სტუმარი სახლიდან გავაქციეო. თითქოს ენამ უყივლა, ომის დაწყების შემდეგ აფხაზი ახვლედიანის ბიჭი მართლაც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. შემდეგ გავიგეთ, მოუკლავთ. მახსოვს ძმები მარღანიებიც - ერთი ქართველობდა, მეორე - აფხაზი ვარო, ამბობდა...

- ომის დროს ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდით. - პანსიონატ "ჟოეკვარაში" ვმუშაობდი. იქაურობა სავსე იყო როგორც აფხაზი, ისე ქართველი დაჭრილებით. ჩვენი მთავარი ექიმი აფხაზი იყო, ვალენტინა ჩაჩბა, რომელსაც პაციენტი ეროვნების მიხედვით არასდროს გაურჩევია. ერთხელ დაჭრილი გუდაუთელი აფხაზი მოგვიყვანეს. დედა ქართველი ჰყოლია. ასე, 17-18 წლის იქნებოდა. არც მიფიქრია, ისე გადავუსხი სისხლი. როცა გონზე მოვიდა, აფხაზმა სამედიცინო პერსონალმა ჩემზე ანიშნა, ამ ქალს უმადლოდე სიცოცხლეს, სისხლი გადაგისხაო. ვინ არისო, იკითხა. ქართველი ექიმიაო, თამამად უთხრეს, რადგან იცოდნენ, რომ დედა ქართველი ჰყავდა. ამის გაგონებაზე წამოხტა, გადასხმის სისტემა მოიგლიჯა და აღრიალდა, რაც ქართველი დედის სისხლი მქონდა, უკვე გამოვუშვი და თქვენი სისხლი არაფერში მჭირდებაო. შემდეგ მეორესაც დასჭირდა, მასაც უყოყმანოდ გადავუსხი. პირველისგან განსხვავებით, ისტერიკა არ დამართნია, მაგრამ როცა რომელიღაც მედიკამენტი დასჭირდა, ჩემი მიწოდებული არ აიღო. მის დარაჯად ქართველი ბიჭები იდგნენ და მის საცემრად გაიწიეს, მაგრამ უფლება არ მივეცი. შემეცოდა.

"წითელი ჯვრის" ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩემს ძმასთან მისულა, შემდეგ მეც დამირეკეს, დნმ გვჭირდება, მამათქვენის ცხედარს ვეძებთო. ვუთხარით დაახლოებით სადაც იყო დაკრძალული. რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთი ხანძარში რომ იყო გახვეული, გული ცრემლებით მქონდა სავსე, ჩემი უკანასკნელი იმედი, რომ ოდესმე მამის ნეშტს ვიპოვიდით, იკარგებოდა. მაგრამ იქნებ სასწაული მოხდეს და მის საფლავზე სანთლის დანთება მაინც შევძლოთ, ვინ იცის...