"გუ­და­ურ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით და­ეშ­ვა და ბოძს შე­ე­ჯა­ხა, ამ ტრა­გე­დი­ამ მა­მას ულა­მა­ზეს თვა­ლებ­ში დიდი სევ­და და­უ­ტო­ვა" - "როცა აყვავდა ნუში" - გოგა ფიფიას ცხოვრება და ოჯახური ტრაგედია - კვირის პალიტრა

"გუ­და­ურ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით და­ეშ­ვა და ბოძს შე­ე­ჯა­ხა, ამ ტრა­გე­დი­ამ მა­მას ულა­მა­ზეს თვა­ლებ­ში დიდი სევ­და და­უ­ტო­ვა" - "როცა აყვავდა ნუში" - გოგა ფიფიას ცხოვრება და ოჯახური ტრაგედია

ლანა ღოღობერიძის დაუვიწყარმა ფილმმა "როცა აყვავდა ნუში" არამხოლოდ ზურა ყიფშიძეს მოუტანა საზოგადო აღიარება - სწორედ ამ ფილმიდან გაიცნეს ქართველმა კინომოყვარულებმა გოგა ფიფია, რომელსაც მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, რადგანაც ექიმობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი.

ეს კი დიდწილად მისი ცნობილი ოჯახის დამსახურება იყო - ბაბუა ქართული "ქირურგიის მამად" წოდებული აკადემიკოსი ეგნატე ფიფია გახლდათ, მამა ასევე აკადემიკოსი, ცნობილი ქირურგი ვახტანგ ფიფია, დედის მხრიდანაც ჰყავდა სანათესაოში ქირურგები...

სამწუხაროა, რომ გოგა ფიფიაზე ახლა წარსულ დროში გვიწევს საუბარი - 12 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან 9 წელი სრულდება, ის სრულიად ახალგაზრდა, 59 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

AMBEBI.GE მამაზე სასაუბროდ, მსახიობის და ექიმის შვილს, ნანა ფიფიას დაუკავშირდა.

ნანას ოჯახის ტრადიცია აღარ გაუგრძელებია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და წლებია უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის. უმუშავია სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, სოროსის ფონდში, სკოლის დირექტორად, ხანგრძლივად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა. ნანა ფიფია ახლა ჩვენთან ერთად იხსენებს მამას...

- პოპულარობა ფილმებმა მოუტანა და თვითონაც მოსწონდა ეს ამბავი... ცეკვა უყვარდა ძალიან. ერთხელ, ქორწილში უნახავს ნინო რამიშვილს მისი ცეკვა და უთქვამს, ანსამბლში მოდიო, მაგრამ უარი უთხრა: მე სხვა სპეციალობა მაქვს არჩეული, კოსმონავტობაზეც არ მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავიო...

- ეს ალბათ მისი ბაბუის, ეგნატე ფიფიას დამსახურება იყო...

- ოჯახში ყველა ექიმი ჰყავდა. ეგნატე გიჟდებოდა გოგაზე. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა გოგასაც. მისი ყველაზე საყვარელი შვილიშვილი იყო... ლანა ღოღობერიძის ფილმში რომ იღებდნენ, ეგნატე თურმე ცუდ ხასიათზე ყოფილა, ლანას სცენარი უნდა შევაცვლევინოო, არ მოსწონდა გოგას გმირი, ლექსო ავარიაში რომ ხვდებოდა. ფილმი "მზიური" კი ძალიან მოსწონდა - აქ გოგა რა კარგად მღერისო. მე კი არა, ჩემს ნამღერს ნუგზარ კვაშალი ახმოვანებსო - მამა ეუბნებოდა, მაგრამ ბაბუა იხტიბარს არ იტეხდა. ვერ არწმუნებდა, რომ თვითონ არ მღეროდა...

მამა ფილმების გადაღებებს ხალისიანად იხსენებდა... სესილია თაყაიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ეგონა, რომ მართლა მისი ბებია იყო... არაჩვეულებრივმა და დიდმა მსახიობმა ხელი შეუწყო, რომ როლი თავისუფლად ეთამაშა. ზურა ყიფშიძე კი მისი უახლოესი მეგობარი იყო...

ლანა ღოღობერიძემ მამა ლიძავაში აღმოაჩინა, სადაც სახლი გვქონდა და ერთხელაც მისი ცეკვა რომ ნახა, მაშინვე მიუღია გადაწყვეტილება, რომ ფილმში როლზე აეყვანა. არადა, გოგა იხსენებდა - დაუფიქრებლად ვიცეკვე და რაღაც კარგი გამოვიდაო... საერთოდ, ქალბატონი ლანას მადლიერი იყო, ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა. ისიც ჩვენს ოჯახს კარგად იცნობდა... გააგრძელეთ კითხვა