"სიზმარში ხო გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება! ჩემი შვილის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდის, თქვენსაზე კი ძაღლი არ მივა" - გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური სიტყვა - კვირის პალიტრა

"სიზმარში ხო გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება! ჩემი შვილის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდის, თქვენსაზე კი ძაღლი არ მივა" - გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური სიტყვა

გიორგი შაქარაშვილი დედისა და ბრალდებულების შეხვედრის აუდიო ჩანაწერები "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში:

"თქვენ აზრზე არ ხართ, ვინ მოკალით! - ჩვენ არავინ მოგვიკლავს, ქალბატონო... - ენა გააჩერე! სიზმარში ხო გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება! ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე! ჩემი შვილის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდის, თქვენსაზე კი ძაღლი არ მივა" - ვნახოთ!"

"ამათ როგორ იცავთ? მოდი, მომკალი, ხო მკვლელი ხარ... რატომ უნდა მჯეროდეს შენი? ძალიან აღელვებული ვარ, როცა ამ ცხოველებს ვუყურებ, გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა" - გიორგი შაქარაშვილის დედის უმძიმესი სიტყვა სასამართლოზე.

"ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე, იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი, არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე",- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლო დარბაზში დაკითხვისას განაცხადა. აუდიოჩანაწერი "ტვ პირველმა" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" გაავრცელა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ სასამართლო დარბაზში დეტალურად გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც მისი შვილის დაბადების დღეზე წასვლამდე და მისი გაუჩინარების შემდეგ პერიოდს უკავშირდება.

"დილით ბავშვი იყო დაძინებული, მე როცა წავედი სამსახურში და ვეკითხებოდი გიორგის თანხაც სჭირდებოდა თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰქონდა, რადგან მას შემოსავალი ჰქონდა, ფეხბურთიდან, კონტრაქტით იყო საბურთალოში თამაშობდა და როგორც ნიჭიერ ბავშვს ყოველთვის ერიცხებოდა ამის ხელფასი. შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებით ბავშვთან, მომწერა, წახვედი-თქო ვკითხე და ჯერ არ წავსულვარ ფალიაშვილზე ვაპირებო წასვლას სალონში, თმის გასასწორებლად, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო და ეს არც გამკვირვებია, ძალიან ბუნებრივი იყო მისგან. პასუხი არ დამიბრუნა და წავიდა, ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა ბავშვის. გურამ ამირხანაშვილმა დილის 7 საათზე დარეკა სახლში და იკითხა მოვიდა თუ არა გიორგი სახლში. ჩვენ გაგვიკვირდა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ერთად იმყოფებოდნენ ბავშვები წვეულებაზე, დაბადების დღეზე. მერე ვთხოვე გურამს ამოსულიყო ჩემთან და წავეყვანე იმ შემთხვევის ადგილზე. აგარაკზე ვეძებდი, არც ვფიქრობდი რომ ბავშვი იქნებოდა ასეთ საშინელ... ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, იმიტომ, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად არაკომფლიქტური, მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან მოწესრიგებული. ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც მასზე უარყოფითს იტყვის. ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე, შემდეგ იქიდან წამოვედი, გურამმა მომიყვა, რომ მოხდა იქ ჩხუბი, მოვიდნენ, თავს დაესხნენ, სიტუაცია არ მოეწონათ ამათ და იმიტომ წამოვიდნენ. შემდეგ მაჩვენა ის გზა, რაც გაიარეს, მაგისტრალი რომ არის, იქ გამორბოდნენ და გიორგი გაიქცა ყველაზე სწრაფად, გაასწრო ამათ ხიდის ქვეშ მიმართულებით, ადგილი ვნახე კიდეც, სადაც გაიქცა ბავშვი და იქ ვეძებდით, იმ ტერიტორიაზე. ვეძახდი ბავშვს ხმამაღლა, რომ იქნებ სადმეა ბავშვი ან ფეხი მოიტეხა ან რამე უბედურ შემთხვევას არც ვფიქრობდი. ცურვა არ იცოდა და წყლის შიში ჰქონდა, სულ დავდიოდით ოჯახი ზღვაზე, თვითონაც უწევდა სპორტიდან გამომდინარე, ზღვაში ეგ არ შედიოდა, ეშინოდა, შიში ჰქონდა წყლის ძალიან დიდი,"- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

გავრცელებული აუდიომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედას ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. როგორც თამარ შალვაშვილმა აღნიშნა, გიოგი შაქარაშვილს იმ მომენტში შეყვარებული არ ჰყოლია.

"შეყვარებული არ ჰყოლია, მართლა არ ჰყოლია იმ მომენტში, შეიძლება რაღაც ფლირტის დონეზე. მარიამ ხატისკაცზე ამბობდნენ, მაგრამ ვერც ვადასტურებ და არა მგონია. გიორგი ბევრს მოსწონდა, ეგ კი ვიცი, მაგრამ ოფიციალურად რომ შეყვარებული ჰყოლოდა, არ ჰყოლია,"- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, კითხვების ნაწილი ეხებოდა მოწმეს გური ამირხანაშვილსაც. "ძალიან აღელვებული იყო, წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეჭვი მე მის ნათქვამში არ შემიტანია, იმიტომ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ გიორგის და გურამს. იძულებით წამომიყვანესო ასე მითხრა, რატომ წამოხვედი -თქო რომ ვკითხე და ჩემთვის ეს საკმარისი იყო, იძულებით წამომიყვანესო. იმან იცოდა, მე რა ემოციური დედა ვარ, საერთოდ, ზოგადად, ბავშვის მიმართ და მაგიტომ არ გამაგებინა იმ მომენტში, იმიტომ, რომ ის არ ფიქრობდა, რომ ბავშვი იქნებოდა გარდაცვლილი,"- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: