"ჩემი შვილები ხომ მაინც მოესწრებიან იმ ბედნიერ დღეს, როცა საქართველოს ბოლო რუსი ჯარისკაციც დატოვებს"
"ჩემი შვილები ხომ მაინც მოესწრებიან იმ ბედნიერ დღეს, როცა საქართველოს ბოლო რუსი ჯარისკაციც დატოვებს"
12 წლიანი ლოდინის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ამ გადაწყვეტილებამ ჭრილობები განუახლა მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომში რუსი სამხედროების პირისპირ აღმოჩნდა. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე,
კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი (მისი ცხედარი შინ რომ მიასვენეს, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი უპოვეს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაეწერა: "ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით,
ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"), ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

22 ქართველი სამხედროდან მხოლოდ ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, გიგა მურვანიძე, ოთარ კალმახელიძე და თენგიზ ცანავა გადარჩნენ. ოთარ კალმახელიძე ორი წლის წინ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

"ჯერ კიდევ მაქვს სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევები"


თენგიზ ცანავა, კაპრალი, შინდისის ბრძოლის მონაწილე:

- ეს გადაწყვეტილება ჩემი და დაღუპული ბიჭების, ჩემი მეგობრების გამარჯვებაა. იმედია, საქართველო ამ ბერკეტს სამართლებრივად გამოიყენებს, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მე თუ არა, ჩემი შვილები ხომ მაინც მოესწრებიან იმ ბედნიერ დღეს, როცა საქართველოს ტერიტორიას ბოლო რუსი ჯარისკაციც დატოვებს.
დღემდე სამკურნალო შვებულებაში ვარ. პერიოდულად გორის სამხედრო ჰოსპიტალში დავდივარ, ახლა პანდემიის გამო გაჩერებული ვარ. ასაკის მატებასთან ერთად ტკივილი უფრო მაწუხებს, ჯერ კიდევ მაქვს სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევები, რადგან ყველას ამოღება არ შეიძლება.

ომის შემდეგ 12 წელი გავიდა, მაგრამ ყოველ წუთს ვფიქრობ იმ კოშმარზე, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსების ალყაში რომ მოვყევით. რკინიგზის სადგურის მიღმა რუსები მდგარან და უცებ სროლა აგვიტეხეს. ბიჭებმა გადავწყვიტეთ, ტყვედ არ ჩავბარებოდით.

მერე რაც მოხდა და როგორ, თანამიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ტყვიები რომ დაგვიმთავრდა, დაღუპულ ბიჭებს ავართვით და იმათ ვისროდით.
მე და ოთარ კალმახელიძე ერთად დავიჭერით, ერთი გასროლისგან ნამსხვრევები მოგვხვდა. ტყვია ცხელია და რომ გხვდება, მაშინ კი არ გტკივა, მერე და მერე გრძნობ ტკივილს. 80-მდე ჭრილობა მქონდა. მკერდის ჭრილობებისგან ჯავშანჟილეტმა დამიცვა და ამან გადამარჩინა. რუსები მძიმე ტექნიკითა და მსხვილკალიბრიანებით გვიტევდნენ. როცა ჩვენი მხრიდან სროლა თანდათან მისუსტდა, ჩვენკენ დაიძრნენ. რუსული საუბარი უკვე გარკვევით გვესმოდა...

გარშემო მიმოვიხედე, მტვრის ბუღში მიმოფანტულ დახოცილ ბიჭებში ალეკო ონიანი ამოვიცანი, რომელსაც ზოიძე ჰყავდა ჩახუტებული, ბიჭებო, მცივაო, გვითხრა ზოიძემ. მერე მახსოვს, რომ ალეკომ "მამაო ჩვენო" დაიწყო და ჩვენც ავყევით. ამ დროს მოგვადგნენ რუსები. ალეკოს ტყვედ აყვანა უნდოდათ, მაგრამ ვიცოდით, რომ არ ჩაბარდებოდა, მან სასწაულებრივად გადარჩენილი ყუმბარა გახსნა... მხოლოდ იმის დაყვირება მოვასწარით, რას შვრები, ბიჭოო... ოთარ კალმახელიძე აფეთქების წნევამ ისე შორს გადააგდო, გონება დაკარგა... მეც ბევრი არაფერი მახსოვს, რუსებმა ერთი შემოიხედეს და შორიახლოს გაჩერდნენ.


გონებას ხან ვკარგავდი, ხან მიბრუნდებოდა. ღამის 11 საათი იქნებოდა, ოთარს ვუთხარი, შენ მაინც უშველე თავს, ან მოსახლეობას მაინც გააგებინე, რომ აქ დაჭრილები ვართ-მეთქი. სისხლისგან ვიცლებიო, მითხრა... სხვა გზა არ იყო, ხოხვა-ხოხვით წავედი სოფლისკენ. რკინიგზასა და დასახლებას შორის ღრმა თხრილი გადიოდა და იქ ჩავცურდი. ამ დროს რუსების მძიმე ტექნიკის ხმა გავიგონე, ეტყობა, შემოვლაზე იყვნენ და იქაურობას ფარები მიანათეს. დილის 5-6 საათი იყო. შემეშინდა, არ დამინახონ-მეთქი, გზის მეორე მხარეს გადავფორთხდი და ლობიოს ნათესებში ჩავწექი. ბუნდოვნად ვხედავდი, რომ ვიღაცები დადიოდნენ. ჭრილობებიდან სისხლი მდიოდა, ტკივილისგან სული კბილით მეჭირა. მაინც ვკვდები-მეთქი, ვიფიქრე და დავუძახე, ქართველები ხართ-მეთქი?.. - შვილო, თქვენ გეძებდითო, გამომძახეს და ჩემკენ გამოიქცნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენი გადამრჩენელი ბადრი, იგივე ახმეტ ხუციშვილი და მისი ახლობლები იყვნენ. - იქ კიდევ არიან ბიჭები, დახმარება სჭირდებათ-მეთქი, ვუთხარი. შენ მშვიდად იყავი, ჩვენ ყველას ვიპოვითო, დამამშვიდეს კაცებმა.

"დანაწევრებულ ადამიანებს შორის ცოცხლებს ვეძებდი"

ბადრი (ახმეტა) ხუციშვილი:

- ახლა მთავარია, როგორ გამოვიყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, თორემ ფურცელზე რომ დარჩეს, რა აზრი აქვს... იმედი გამიჩნდა, რომ ის ხალხი, ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ოდესმე საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. მათთვისაც შეიცვლება რამე, ვინც 12 და მეტი წელია მუდმივად ომში ცხოვრობს, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ვგულისხმობ...

შინდისის ბიჭების მემორიალთან მივედი და ბიჭებს ვახარე - მათ ხომ სიცოცხლე შეწირეს საქართველოს.

იმ ჯოჯოხეთურ დღეებში, როგორც კი დაღამდებოდა, ბიჭების ძებნასა და გამოყვანას ვიწყებდით. ოთარ კალმახელიძეს სამხედრო ფორმა გავხადეთ, ძველი ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ წამოგვეყვანა. დროდადრო გული არ მითმენდა და სადგურის ძველ შენობაში ვიპარებოდი, ასე ვიპოვე ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია და გიგა მურვანიძე და სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. შეძლებისდაგვარად ვუვლიდით, ორნახადი არყით ჭრილობებს ვუმუშავებდით...

შემდეგ დაღუპულების გამოსაყვანად შინდისში სასულიერო პირები შემოვიდნენ და დაჭრილებიც გაიყვანეს. მაშინ შიში არ მქონია, ვერ ვგრძნობდი, დანაწევრებულ ადამიანებს შორის დავდიოდი და ცოცხლებს ვეძებდი. გადარჩენილებთან დღემდე გვაქვს ურთიერთობა, დავნათესავდით, ზოგმა შვილი მომანათვლინა, სულ ვესაუბრებით ერთმანეთს. ოთარის დაკარგვა ოჯახის წევრის დაკარგვასავით განვიცადე, დასანანია, ამ გადაწყვეტილებას ვერ მოესწრო. არის რაღაც ყველაფერზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს, ეს სამშობლოა. იმ ბიჭებმა კი მისთვის ყველაფერი გააკეთეს.

"დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით - ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც სარდაფში"

ლეილა კაკაშვილი, გორის მკვიდრი:


- ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი სისხლი და ცრემლი რუსეთს არ შერჩება... 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთ-ერთი დაბომბვისას ნამსხვრევები მომხვდა. ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ცეცხლის ალსა და კვამლში გახვეული ქალაქი საშინელი სანახავი იყო. მუხლმოკვეთილი ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. 9 აგვისტოს, იმ საბედისწერო დღეს, რა დამავიწყებს: მაშინ ჩვენს მეზობლად დაბომბილ კორპუსში 8 ქალი დაიღუპა. ქალიშვილმა დამირეკა, დედა, ჩემთან გამოდიო. ის კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს.

პირველი ბომბი "გორიჯვარში" (ასე ვეძახით აქაურები იმ ადგილს და სალოცავად დავდივართ) ჩამოაგდეს, შემდეგ კი ქალაქში. ვინც სად შეძლო, იქ შეაფარა თავი. ახლაც თვალწინ მიდგას დაბომბილი, ნახევრად ან მთლიანად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები. დაღუპულ ადამიანებზე მძიმე შესახედი არაფერია, მაგრამ პირდაფჩენილმა და გამოშიგნულმა სახლებმაც გული მომიკლა. გრუხუნი კი მესმოდა, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ჩემს სახლსაც მოხვდებოდა ის წყეული ბომბი.
გზაში ნაცნობი შემომხვდა, - კიდევ კარგი, გამოსული ყოფილხარ, შენი სახლი და მიმდებარე კორპუსები დაიბომბაო. სანამ სახლამდე მივედი, ვინ იცის, რამდენჯერ შემიღონდა გული. შორიდანვე დავინახე, ჩემს სახლს ცეცხლი ეკიდა... არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავით. თუ დაგვხოცავდნენ, თორემ სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ? აფეთქების ადგილას მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეზობლის კაცი დავრჩით. რა გვექნა, დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით - ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც სარდაფში. ამასობაში სამაშველო სამსახურიც მოვიდა... გვეგონა, ამით გადავრჩით, მაგრამ 10 აგვისტოს ისევ გაისმა თვითმფრინავების გუგუნი. მივხვდით, რაშიც იყო საქმე, მაგრამ უმწეოები ვიყავით. მერე ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩასვლა მოგვაფიქრდა. მეორე დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან უკვე ვფრთხილობდით. არც მაშინ გაურჩევიათ საცხოვრებელი კორპუსი და სხვა დანიშნულების ობიექტი - გადაგვიფრინეს და ერთიანად ჩამოყარეს ბომბები. ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, გრუხუნი და ზრიალი გაუდიოდა მთელ ქალაქს. რუსები გამიზნულად ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც არ უნდა შერჩეთ.
სოსო
27 იანვარი 2021 14:19
ომიდან,ორიოდე წელი იყო გასული,როცა რუსულ არხზე,ამ ომის შესახებ გადაღებული გადაცემ ვნახე,სადაც ის სურათი,ქალბატონი ლეილა კაკაშვილი დაჭრილი,ეზოში რომ არის სისხლში ამოთხვრილი,ცხინვალში გადაღებულ,ოს ქალბატონად გაასაღეს,ვითომ ქართველების დაბომბვისაგან რომ დაიჭრა.ასევე იყო ძმები რაზმაძეების სურათიც,ძმას,დაღუპული ძმა რომ ჰყავს გულში ჩაკრული და სიმწრისაგან ზეცას შეჰბღავის.არ ვიცი, ამის პატიება და შერჩენა როგორ შეიძლება,მაგრამ არც იმის იმედი მაქვს,რომ რუსეთი პასუხს, რეალურად აგებს.
Nik
26 იანვარი 2021 02:32
ეჰ, ჰაი ჰაი რომ რუსეთს სულ ჰკიდია შენი კომისიის გადაწყვეტილებები, (თანაც ისეთი მე5 კოლონა ჭიპაშვილი ინაშვილი და ძმანი მათნი რომ ჰყავთ აქეთ რომ გადანაშაულებენ), ერთადერთი რუსს არ ჰკიდია ის რაც გენერალი გრომოვის არმიას დაემართა ავღანეთში, მიწის ხვნა პირით, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაწყნარდება და "დაცივილურდება" შვაინი მათი მეთაური პუ-ს მმართველობით.
კ ო მ ბ ლ ე
25 იანვარი 2021 19:56
სადგურის მეორე მხარეს რუსები მდგარან. ვახ! თქვენ გენაცვალეთ! აი დაზვერვა და შტაბიც ამას ქვია. ორ ნაბიჯში რა ხდება აზრზე არ იყვნენ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები