"ბრენდის პრესტიჟი იზომება იმ ადამიანებით, ვისაც შენი სამოსი აცვია" - მამაკაცი შავი როლინგით - კვირის პალიტრა

"ბრენდის პრესტიჟი იზომება იმ ადამიანებით, ვისაც შენი სამოსი აცვია" - მამაკაცი შავი როლინგით

"ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. მას არ მიუღია მოდის სფეროში სპეციალური განათლება, მხოლოდ ინსტინქტი ამოძრავებდა. ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდათ იმ ეპოქის ამერიკელ ქალებს და მისი დიზაინი ყოველთვის ულტრათანამედროვე ხდებოდა"

როი ჰალსტონი - ადამიანი, რომელმაც ამერიკას ჩაცმა ასწავლა, მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან დიზაინერად მიიჩნევა. ჰალსტონამდე ამერიკული მოდა უფრო სპორტული იყო. მისი ყველაზე ცნობილი ქუდი ჟაკლინ კენედიმ მოირგო მეუღლის ინაუგურაციაზე. ლაიზა მინელის, ბიანკა ჯაგერისა და ელიზაბეტ ტეილორის საყვარელი დიზაინერის ცხოვრება სრულიად განსხვავდება მოდის სამყაროს ბრენდმენეჯერების ცხოვრებისგან. მას არ ჰქონდა ამ სფეროსთვის საჭირო სპეციალური განათლება, თუმცა ჰქონდა ინტუიცია და სტილი, რომელმაც წლებს გაუძლო. ვინ იყო მამაკაცი შავი როლინგით, რომლის წყალობით ამერიკა მოდის რუკაზე მოხვდა? ამის შესახებ როი ჰალსტონის სახლის დირექტორი, მისი ძმისშვილი ლესლი ფროვიკ ჰალსტონი ექსკლუზიურად მოგვითხრობს.

- ლესლი, ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ, რადგან მოდის სამყაროში გაიზარდეთ.

- ბავშვობის პირველი მოგონება ბიძას უკავშირდება, როდესაც ის ჩამოვიდა ჩვენთან, მონრეალში (კანადა), სადაც მამა ახალი დანიშნული იყო აშშ-ის საელჩოში. ჰალსტონს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან, განსაკუთრებით კი უფროს ძმასთან, მამაჩემთან. ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან მოდური იყო და საოცარი იუმორით გამოირჩეოდა. ოჯახს საჩუქრებით და ძვირფასი სამოსით გვანებივრებდა, სურდა, რომ დიპლომატიურ შეხვედრებზე ღირსეულად წარმოვჩენილიყავით.

ცოტა რომ წამოვიზარდე, ნიუ-იორკში ბიძას ყოველთვის ვსტუმრობდი. ცნობილ უნივერმაღ "ბერგდორფ გუდმანში" მას პირველი სამოსის განყოფილება ჰქონდა (Bergdorf Goodman - მსოფლიოში ცნობილი ძვირად ღირებული ნივთების უნივერმაღი, რომელიც 1899 წელს გახსნა ჰერმან ბერგდორფმა - ავტ.). მოგვიანებით, 1960 წელს, საკუთარი მაღაზია გახსნა მედისონ ავენიუზე, სადაც ხშირად მპატიჟებდა. ლანჩს მივირთმევდით, ვიცინოდით და მერე უფლებას მაძლევდა, მისი კოლექციიდან ამერჩია, რაც მინდოდა... პარიზში ჰალსტონის ჩვენებებზე ყოველთვის წინა რიგში ვისხედით მე და დედა და ამით ყოველთვის ვამაყობდი.

 როი და ბიანკა ჯაგერი. ბიანკას ჰალსტონის შექმნილი კაბა აცვია

როის ადრეული ასაკიდან ჰქონდა განსაკუთრებული ხედვა. ის ინტუიციურად მიჰყვა თავის გატაცებას, მერე კი საკუთარი თავის რეკლამირება და მისგან ბრენდის შექმნა დაიწყო. კარიერის დასაწყისში ქუდებსა და სამოსს უკერავდა დედას და თავის დას. მისი ოჯახის წევრები ჰალსტონის სამოსში გამოწყობილები ქუჩაში რომ გავიდოდნენ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით როიც მიჰყვებოდა, რომ დაჰკვირვებოდა, რამდენმა ადამიანმა გააყოლა მათ თვალი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. მას არ მიუღია მოდის სფეროში სპეციალური განათლება, მხოლოდ ინსტინქტი ამოძრავებდა. ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდათ იმ ეპოქის ამერიკელ ქალებს და მისი დიზაინი ყოველთვის ულტრათანამედროვე ხდებოდა. მაგალითად, მისი წყალობით გახდა პოპულარული ძვირად ღირებული შეღებილი სამოსი 1960-იანი წლების ჰიპებისთვის. მამაკაცის გარდერობიდან აირჩევდა რაღაც ძირითად დეტალს, მაგალითად, პერანგის საყელოს და ამ დეტალს გარდაქმნიდა ელეგანტური კაბის მთავარ კომპონენტად. მისი ესთეტიკური შთაგონების წყარო იყვნენ მეგობრები და წიგნები სახვითი ხელოვნების შესახებ...

- მისი მეგობრები იყვნენ ლაიზა მინელი, ბიანკა ჯაგერი, ენდი უორჰოლი, რა ხდებოდა, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ?

- ამ სიას ელიზაბეტ ტეილორსაც დავამატებდი. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ მანჰეტენზე, ჰალსტონის სახლში. ლაიზა მინელის შოუებისთვის ყველა კოსტიუმს როი ქმნიდა. ლაიზას უნდოდა ისეთი სამოსი, რომელიც მასთან ერთად იმოძრავებდა ცეკვის დროს. მის კოსტიუმებზე მუშაობისას როი მძივებს, აბრეშუმს, ატლასსა და ხავერდს ირჩევდა. ახალი წარმოდგენის დეტალებს ერთად განიხილავდნენ. 1985-1988 წლებში, როდესაც როისთან ვცხოვრობდი, მეც შევსწრებივარ ასეთ შეხვედრებს. ლაიზას მისაღებ ოთახში ჩვენ თვალწინ რეპეტიციაც ბევრჯერ გაუმართავს... სადილად და წვეულებებზე ბიანკა ჯაგერი და ენდი უორჰოლი შეუცვლელი სტუმრები იყვნენ. მე და როი ორივე 23 აპრილს დავიბადეთ და ამ დღეს ერთად აღვნიშნავდით ხოლმე. ტრადიცია ჰქონდათ, მეგობრები მანჰეტენზე როისთან იკრიბებოდნენ და მერე ერთად, ერთი ლიმუზინით მიდიოდნენ ბროდვეიზე.

1961 წელს როის დიდი პოპულარობა მოუტანა ქუდმა, რომელიც ჯეკი კენედის ჯონ კენედის ინაუგურაციის ცერემონიაზე ეხურა...

- როდის მიაღწია მწვერვალს?

- 1961 წელს როის დიდი პოპულარობა მოუტანა ქუდმა, რომელიც ჯეკი კენედის ჯონ კენედის ინაუგურაციის ცერემონიაზე ეხურა. როისთვის დიდი პატივი იყო ჯეკისთან მუშაობა. მომავალში ჯეკიც და მისი და ლი რაძივილიც ჰალსტონის კლიენტები გახდნენ. როი ხშირად ამბობდა: "ბრენდის პრესტიჟი იზომება იმ ადამიანებით, ვისაც შენი სამოსი აცვია". ის მართლაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს აცმევდა. როდესაც მისი ბიზნესი გაფართოვდა, უამრავ შემოთავაზებას იღებდა ლიცენზიის გაცემაზე, მისი კოლექციების წარმოებაზე, რაც მისთვის ძალიან დამღლელი იყო. საუბედუროდ, 1983 წელს როი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს თავის ბიზნესს.

ჰალსტონი, ელიზაბეტ ტეილორი, ლაიზა მინელი

- მიუხედავად ამისა, 1990 წელს როის გარდაცვალებიდან დღემდე ბრენდი არსებობს და ახლა თქვენ ხართ მის სათავეში.

- 1990 წლის შემდეგ უამრავ დიზაინერს სურდა გამოეცოცხლებინა კომპანია, თუმცა... ჩემთვის ადვილი არ არის, რომ თანამედროვე სამოსს ჰალსტონის იარლიყი აქვს, რადგან ვიცი, ის როის შექმნილი არ არის. ჰალსტონის სახლი ცდილობდა, გაცოცხლებულიყო, როდესაც მის სათავეში სარა ჯესიკა პარკერი, მერე კი ჰარვი ვაინსტინი (ამერიკელი კინოპროდიუსერი. Miramax Films-ისა და The Weinstein Company-ს თანადამფუძნებელი. 2017 წელს გაუპატიურების ბრალდებით კომპანიის დირექტორთა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა - ავტ.) დანიშნეს, თუმცა ამაოდ. არც ლაიზა მინელის დანიშვნამ უშველა კომპანიას. მოდა აღარ ჰგავს იმ სრულყოფილ პროცესს, რომელსაც ბიძაჩემი წარმართავდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამეცვა და შემენარჩუნებინა მისი სახელი. გარდაცვალების წინ მან მომცა თავისი არქივი და მითხრა, რომ ყველაფერი მქონდა მისი ცხოვრების შესახებ წიგნის დასაწერად... ბოლოს და ბოლოს, წიგნის გამოცემა შევძელი. პერიოდულად გამოფენებს ვმართავთ. ვფიქრობ, ამითაც ვაცოცხლებ როი ჰალსტონის სახელს.