"ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით" - კვირის პალიტრა

"ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით"

ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა მრევლს ნათლისღების შემდგომი კვირა მიულოცა.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის ნათლისღების შემდგომი კვირა.

ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს ქადაგების პირველი სიტყვები. იგი ამბობს: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა სასუფეველი ცათა“. ადამიანი თუ თავისი ცხოვრებით ამას გამოცდის, დაუკვირდება, მიხვდება, რომ აი, ამ ერთ წინადადებაში, ამ სიტყვებში მოკლედ არის ჩადებული მთელი სახარება, მაგრამ ხშირად არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული და გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის, ეს მხოლოდ ერთი ნაწილი, ერთი მხარეა სინანულისა.

მაშ, რა არის სინანული სახარებისეული გაგებით?

ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ, მუდმივი მოქცევა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოძრაობა ღმერთისკენ და არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების დაფიქსირება. მსგავსად იმისა, როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი და დიაგნოზს იღებს. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ მკურნალობა თუ არ დაიწყო, ეს დიაგნოზი ამაოდ, უშედეგოდ რჩება. ასევეა აქაც, მკურნალობის დაწყება არის სინანული. სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას, შემობრუნებას ადამიანის ცხოვრებისა. აი, ასეთი რამ არის სინანული - როდესაც ვხვდებით, რომ ვცხოვრობდით უღმერთოდ ან შორს ვიყავით ღვთისგან, როდესაც ადამიანი სიმართლეს ხედავს საკუთარი თავის შესახებ, აცნობიერებს, რომ ერთადერთი გამოსავალი - ეს არის ღმერთი, ღმერთთან დაბრუნება და მისი მცნებების აღსრულება, როგორც ეს მოთხრობილია უძღები შვილის იგავში. გახსოვთ, უძღებმა შვილმა არა მხოლოდ შეინანა თავისი ცოდვები, არამედ ადგა, დაანება თავი ძველ ცოდვილ ცხოვრებას და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნება. მართლაც, ადგა და წავიდა მამასთან, მაგრამ რა უთხრა მამას მან: „მე უღირსი ვარ, რომ შენი შვილი მეწოდოს!". ესეც აუცილებელია, აუცილებელია შეგრძნება ამ უღირსებისა.

მაშასადამე, მოკლედ რომ ვთქვათ, აი, ეს არის სინანული. ეს სინანული ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა მიიღოს, მორწმუნე გახდეს; ასევე იმისთვის, რომ ეს რწმენა შეინარჩუნოს, ამ რწმენაში წარემატოს და სასუფეველი დაიმკვიდროს. ამისთვის სჭირდება. ანუ სულიერი ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანს სინანული სჭირდება.

ეს კარგად ჩანს წმინდა წერილში. მოდით, გავიხსენოთ, რას ამბობს მაცხოვარი, რომ თუ ადამიანს არ აქვს სინანული, ის მორწმუნეც ვერ გახდება. უფალი ამბობს, რომ „ნათელი მოვიდა სოფლად, მაგრამ ადამიანებმა შეიყვარეს სიბნელე, ვიდრე ნათელი“. რატომ? იმიტომ, რომ „ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი“ და „ყოველს, რომელიც ბოროტებას იქმს, სძულს ნათელი და არ მოდის ნათელთან, რათა არ იმხილოს მისი ბოროტი საქმეები“ (იოან. 3,19-20). აი, მაცხოვრის სიტყვები, რომ თუ შენ ბოროტებას აკეთებ, შენ მორწმუნეც ვერ გახდები. არ გეძლევა ეს სარწმუნოება.

კიდევ ერთი - რას ეუბნება უფალი დიდებისმოყვარებითა და ამპარტავნებით შეპყრობილ ადამიანებს? - თქვენ როგორ შეძლებთ ირწმუნოთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ, ეძიებთ პატივსა და დიდებას და არა ღმერთისგანო (იოან. 5, 40-41). გახსოვთ ეს სიტყვები.

ვერცხლისმოყვარე, ფულის მოყვარე ადამიანებმა არათუ არ ირწმუნეს, არამედ დასცინოდნენ მაცხოვარს, რადგან უფალი ამბობდა, რომ პირველადი არის გამდიდრება ღმერთში. ერის, ქვეყნისა და ადამიანისათვის პირველადი ეკონომიკური სიძლიერე და გადარჩენა კი არ არის, არამედ პირველადი არის სულიერი ცხოვრება, სასუფეველი ცათა, ღმერთში სიმდიდრე, დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოგეცემათ ღვთისგან. აი, ამის გამო დასცინოდნენ უფალს. ეს კიდვე ერთი მაგალითი.

და მეორე - შურიანებმა ირწმუნეს? არათუ არ ირწმუნეს, არამედ შეთქმულება დაგეგმეს და ეს შეთქმულება განახორციელეს კიდეც, შურით იყვნენ შეპყრობილი.

საერთოდ, ყველა ამ ამაო ვნებითა და ცოდვით შეპყრობილი ადამიანები უარს ამბობენ უფლის საქორწილო ნადიმში მონაწილეობაზე. გახსოვთ ეს იგავიც: ერთმა ცოლი შეირთო, მეორემ მიწა იყიდა, ყველას თავისი სიხარული და, როგორც ახლა ამბობენ, პრიორიტეტები აღმოაჩნდა, არჩევანი გააკეთეს არა ღმერთის მხარეს, არამედ თავიანთი კეთილმოწყობის მხარეს და მათაც არ ირწმუნეს, განუდგნენ, წავიდნენ. აი, რა კარგად ჩანს, რომ პირველ საფეხურზეც სინანული სჭირდება ადამიანს. ამისთვის მოგახსენეთ ეს მაგალითები.

მაგრამ სინანული ასევე საჭიროა რწმენაში მყოფი ადამიანისთვისაც, რათა მან ეს რწმენა შეინარჩუნოს და, როგორც გითხარით, წარემატოს რწმენაში. ეს საიდან ჩანს? ეს კარგად ჩანს, როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას შეუდგება, შეიძენს სარწმუნოებას და იწყებს, ცდილობს უფლის მცნებების აღსრულებას. XI საუკუნეში მოღვაწე უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მცნებების დაცვა გვასწავლის ჩვენ, ადამიანებს, საკუთარ უძლურებას, რადგან რაც უფრო იცავ მცნებებს და სულიერად ცხოვრობ, ხედავ, რამდენად დაცემულია ადამიანი, ხედავ, რომ ღვთის გარეშე ვერცერთ მცნებას ვერ შეასრულებ და აღმოაჩენ, მჟღავნდება ჩვენში ეს დაცემული კაცი და ეს ჭიდილი, როდესაც შენში, ერთი მხრივ, გიყვარს, მოგწონს და გინდა აღასრულო ის, რაც სახარებაში წერია და, მეორე მხრივ, შენში ყველაფერი იბრძვის და ეწინააღმდეგება ამას. ეს არის დაცემული კაცის სჯული, რომელზეც პავლე მოციქული მშვენივრად საუბრობს: „მე შინაგანად მიყვარს და მომწონს ქრისტეს სჯული, მაგრამ ჩემში, ჩემს ასოებში აღმოვაჩენ მეორე სჯულს, რომელიც ამას არ ემორჩლება და ცდილობს, დამიმონოს“ (რომ. 7, 22-24).

აი, ასეთი რამ არის. ე.ი. სინანული აი, ამ ეტაპზეც აუცილებელია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, დაძლიოს და ღმერთი შეეწიოს, რადგან უფალი ხედავს, რომ ასეთი ადამიანი მდაბლდება, სულიერ სიგლახაკეს იძენს,

მადლი ეძლევა და აგრძელებს წარმატებას ამ გზაზე.

მესამე, რისი თქმაც შეიძლება დღეს, უფალი ამბობს: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4.17). ეს გულისხმობს, რომ ურთიერთკავშირშია მონანიება და ცათა სასუფეველი. ამ ორ ცნებას შორის - ერთი ცნებაა სინანულისა, მეორე კი - სასუფევლის სიახლოვე - უფალმა არ დადო რაღაც სხვა შუალედური, გარეგნული ღვაწლი, არამედ იგი პირდაპირ ამბობს, რომ „მოინანიეთ, რამეთუ ახლოს არის ცათა სასუფეველი“.

რატომ არის ასე ახლოს? რატომ არის ასე დაკავშირებული?

იმიტომ, რომ უფალმა იესო ქრისტემ, ამღებელმა კაცობრიობის ცოდვებისა, ჯვარცმულმა და მკვდრეთით აღდგომილმა, ყველაფერი განამზადა, შეარიგა ღმერთს ადამიანები, განამზადა ეს საქორწილო ნადიმი, ეს მარადიული სერობა, მარადიული სასუფეველი ცათა და ჩვენ რა დაგვრჩენია? რა შრომა დაგვიტოვა - მხოლოდ ის, რომ ეს გადარჩენა, ეს ცხონება მივიღოთ, საშრომი დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ სინანული, რომ შევუდგეთ ამ სინანულის გზას.

საოცარი სიტყვებია! რამდენი რამ შეიძლება ითქვას ამის შესახებ... ამრიგად, მართლაც, ახლოს არის სასუფეველი, ვიმეორებ, არა ქრონოლოგიურად, არა დროით, არამედ ახლოს მოტანილია, ჩვენც კი ვერ წარმოგვიდგენია, რამდენად ახლოს არის სასუფეველი ადამიანთან. „ის თქვენშიაო“, - ამბობს უფალი. საკმარისია, შენ იღვაწო ამისთვის და გაუღო გული. გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ამბობს: „კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან“ (გამოცხ. 3,20). აი, ასეთი საოცარი შედარებაა.

ასე რომ, უფლის დღევანდელი სიტყვებიდან გამომდინარე, რითი იხსნება ჩვენი გულის კარი? - ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით. ამიტომაც არის წაკითხული სახარების ეს სიტყვები დღეს წმინდა ეკლესიის მიერ: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა სასუფეველი ცათა!“ , -აღნიშნა მეუფე შიომ

"ინტერპრესნიუსი"