"პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებს შეუძლიათ შეგვატყობინონ და პრობლემა მოგვარდება" - კვირის პალიტრა

"პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებს შეუძლიათ შეგვატყობინონ და პრობლემა მოგვარდება"

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კარანტინის დროსაც კი ყოველდღე უთენია მიიჩქარიან სამსახურში. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების გორები გაჩნდა, სოციალურ ქსელში კი მათი ფოტოები გავრცელდა. პრობლემად რჩება ნარჩენების დახარისხება და გადამუშავებაც. დედაქალაქიდან ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად დაახლოებით 1300 ტონა ნარჩენი იყრება, რითიც ეკოლოგიური ზიანის გარდა, მეორეული გადამუშავების ნედლეულსაც ვკარგავთ. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის დასუფთავების სამსახურის დირექტორს, რომეო მიქაუტიძეს და ამ ვითარების შესახებ ვესაუბრეთ.

- ბატონო რომეო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავიანთი დაუღალავი შრომით მართლაც პატივისცემას იმსახურებენ. მაგრამ ამის მიუხედავად, დედაქალაქში მაინც ჩნდება ნაგვის გროვები, განსაკუთრებით - პანდემიის პერიოდში. მაგალითად, მეტროსადგურების მიმდებარე გადასასვლელებზე უამრავი ნარჩენი ყრია, არადა, მეტრო არ მუშაობს.

- ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღე-ღამეში სამ ცვლაში მუშაობენ და არ მგონია, სადმე სამუშაო შეუსრულებელი დარჩეთ. თუმცა, არის ისეთი ტერიტორიები, რომელთა დასუფთავება მერიის დასუფთავების სამსახურს კანონით არ ევალება.

- მაგალითად დაგისახელებთ მეტრო "დიდუბის" მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს. ცირკის მიმდებარე გადასასვლელში ხალხი არ ჩადის იქ არსებული სიბინძურის გამო და გზაზე გადადის, რითაც საკუთარ და სხვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. - მიწისქვეშა გვირაბებს კვირაში ორჯერ ვრეცხავთ, მაგრამ უპასუხისმგებლო მოქალაქეები კვლავ აბინძურებენ.

- სამწუხაროდ, ამ გადასასვლელებში, არცთუ იშვიათად, მოძალადეებსაც შეხვდებით. რატომ არის შეუძლებელი ამ ადგილებში ვიდეოთვალის დამონტაჟება?! - ყველა იმ მიწისქვეშა გადასასვლელში, რომლებიც დედაქალაქში ბოლო წლებში გაკეთდა, ვიდეოთვალი დამონტაჟდა, რაც ნიშნავს, რომ გრძელდება მუშაობა და ვიდეოთვალი ძველ გადასასვლელებშიც დამონტაჟდება.

- მიუსაფარი ცხოველებისგან დაბიძურებულია თბილისის ეზოების სტადიონებიც და დილით იქ სავარჯიშოდ თუ სათამაშოდ ჩასულ მოქალაქეებს იქ სიბინძურე ხვდებათ. - ყველა ჩვენს თანამშრომელს ეზოებში საკუთარი სამუშაო ადგილი აქვს გამოყოფილი. მათ შორის არის სტადიონებიც, ამიტომ ისინი დაუსუფთავებელი არ უნდა რჩებოდეს. როგორც გითხარით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამის შესახებ შეატყობინოს ჩვენს მონიტორინგის სამსახურს და პრობლემა მოგვარდება.

- სამწუხაროდ, პრობლემები ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც დასუფთავების სამსახურს ურნები ისე შორს გადააქვს, რომ მოსახლეობა მათ ვეღარ იყენებს და ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრის. - დიახ, არის ადგილები, სადაც ეზოების სივიწროვის გამო დასუფთავების სამსახურის ავტომანქანა ურნებს ვერ უდგებოდა, ამიტომ ურნები თავდაპირველი ადგილებიდან მაქსიმუმ 200 მეტრის მოშორებით გადავიტანეთ, რაც კანონით გათვალისწინებულია. ეს მოსახლოებასაც ავუხსენით. ვფიქრობ, ეს არ არის ისეთი დიდი მანძილი, რომ მოსახლეობამ იქამდე ნარჩენების მიტანა ვერ შეძლოს.

- ვერ დაგეთანხმებით. დოლიძის ქუჩის მაგალითს მოვიყვან, ნაგვის ურნები ჯერ კორპუსებიდან აიღეს, მოგვიანებით კი მიმდებარე ქუჩებიდანაც, ამიტომ მცხოვრებთა ნაწილს ნარჩენების გადაყრა პეკინის ქუჩაზე უწევს,\ ნაწილი კი, იმის გამო, რომ ნაგვის პარკით ამხელა გზის გავლა მოუხერხებელია, ნარჩენებს კვლავ ძველ ადგილას ყრის და დასუფთავების მანქანაც ისევ ძველ ადგილას მიდის. თუ ვიწრო ქუჩებზე დასუფთავების დიდი ავტომანქანის მისვლა ჭირს, ხომ შეიძლება იქ პატარა მანქანებმა იარონ? - ჩვენ ავუხსენით მოსახლეობას პრობლემის არსი და მის მოგვარებასაც ვეცდებით.

- ქალაქის მერიის წარმომადგენლები ხშირად გვარწმუნებენ, რომ მალე მოხერხდება ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. ეს როდის იქნება? - ამაზე მართლაც მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს. გამუდმებით ვმართავთ კონსულტაციებს ევროპის იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომელთაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ. უკვე შესწავლილია და იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება ჩვენი ნარჩენების ლაბორატორიული ანალიზი, რომ სწორედ ამის მიხედვით შევძლოთ ნარჩენების ჯერ დახარისხება, მერე კი გადამუშავება, რის შედეგად მეორეულ ნედლეულსაც მივიღებთ.