"მიჭირს თქმა, კონკრეტული პირის ბრალეულობა იკვეთება თუ არა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"მიჭირს თქმა, კონკრეტული პირის ბრალეულობა იკვეთება თუ არა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს"

"აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიული დასკვნა დაიწერა სრულიად სხვაგვარ კრამიტზე, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავდით"

18 იანვარს ქარმა გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მკლავზე თუნუქის სახურავი დააზიანა. აღდგენა უკვე დაიწყეს - დროებითი გადახურვის ხარვეზების გამოსწორებაზე კომპანია "ბაგინეთი+" მუშაობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაუდევრობის გამო ზიანდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის გადახურვაზე მომუშავე კომპანიები, "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007", 12.000-12.000 ლარით დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზების გამოსწორება.

ცნობისთვის: 2020 წლის გაზაფხულზე გადაწყდა მონასტრის მთავარი ტაძრის დროებით გადახურვა. მუშაობა დეკემბერში დასრულდა - ტაძრის მკლავები თუნუქით გადახურეს.

ნინო ბურჭულაძე, საყდრისის კომიტეტის აქტივისტი: - ის, რაც გელათს შეემთხვა, სიახლე არ არის. არაერთ ტაძარსა და ურბანულ ძეგლში ჩადის წყალი, ზიანდება კედლის მხატვრობა ხშირად სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო.

ეს არის "საუკეთესო რესტავრაციის ნიმუშად" აღიარებული მუშაობის შედეგი და თანაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელსაც ძლივს ავარიდეთ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხე.

მივესალმებით გამოძიების დაწყებას. იმედია, საზოგადოება შეიტყობს, რატომ დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ჩემი აზრით, ეს გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის ან ანგარების შედეგია. უნდა დაისვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ძეგლის დაზიანებაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ. ტრადიციულად ხელი არ უნდა შეაწმინდონ მხოლოდ ერთ პირს ან ერთ უწყებას.

გელათის შემთხვევამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა პრობლემები ძეგლთა დაცვაში. როგორ შეიძლება ხელისუფლება ერთი მხრივ ლაპარაკობდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტულობაზე და ამავე დროს სამსახურს, რომელსაც ძეგლთა დაცვა ევალება, საკუთარი შენობაც არ გააჩნდეს. ჰქონდეს მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება, მაგრამ არ გააჩნდეს ზემოქმედების ბერკეტები.

- ოდესმე ყოფილა პრეცედენტი ძეგლის ხელყოფისთვის ვინმე დასჯილიყოს? - არა. გულგრილი დამოკიდებულების გამო გაფუჭებული საქმის სიმცირით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ცნობილი გახდა, რომ გელათში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები 12.000-12.000 ლარით დაჯარიმდნენ, სწორედ ამ თანხას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ეს თანხა კი ნამდვილად არ არის იმ ზიანის თანაზომადი, რაც ძეგლსა და საზოგადოდ, ქვეყანას მიადგა. ამიტომ ვითხოვთ, რომ ამ კომპანიების მიმართ გატარდეს რეპუტაციული სანქციები და აეკრძალოთ ძეგლებზე მუშაობა. ასევე ვითხოვთ, მოკვლევის დამთავრებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს დროებით შეუჩერდეთ უფლებამოსილება. ახლა ყველამ უნდა დავივიწყოთ ერთმანეთის პოლიტიკური გემოვნება თუ წყენა და გელათის გადასარჩენად გავერთიანდეთ. არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ახლა ჩვენი ღირსების ხაზი სწორედ გელათზე გადის. საყდრისის კომიტეტმა მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოვითხოვეთ პროცესში ჩართვა, რაზეც ოფიციალური თანხმობა მივიღეთ. ეს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემაც დაადასტურა.

ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი:

- არის ბრალდებების კასკადი, რომ დროებითმა სახურავმა ვერ გაუძლო ქარს. არადა, დასავლეთის ნაწილზე მხოლოდ პატარა სეგმენტი აკეცა, რაც მაშინვე გამოვასწორებინეთ. თუმცა თავად დროებით სახურავსაც ჰქონდა ხარვეზი, რომელსაც უკვე ასწორებენ. ამის გამო დააჯარიმეს კომპანია, რომელმაც დათქმულ ვადაში არ გამოასწორა პრობლემა. ვფიქრობ, დროებით სახურავზე აქცენტის გადატანა უმართებულოა, რადგან აგვისტოს შემდეგ ტაძარში წყალი არ ჩასულა. ორივე კომპანიას ჰქონდა ნებართვა, რომ დროებით სახურავზე ემუშავათ, დეკემბერში მიიღეს გაფრთხილებაც, რომ გამოესწორებინათ ხარვეზები, თუმცა იანვრის ბოლომდე არაფერი მოიმოქმედეს. შესაბამისად, სხვა კომპანია გამოასწორებს ხარვეზებს.

- რამდენად დროულია ეს რეაგირება, რადგან რეაბილიტაციის დასრულებიდან ორ თვეში გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა, წვიმამ დააზიანა ფრესკები, ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ცვიოდა. - ზედა კალთებიდან ჩასულმა წყალმა ისედაც დაზიანებული ფრესკების მდგომარეობა უფრო გააუარესა. ტაძრის ზედა ნაწილს რესტავრაცია 2018 წელს ჩაუტარდა და ორი წლის განმავლობაში წყალი არ ჩასულა. ქვედა ნაწილში, რომლის გადახურვა 2019 წელს დასრულდა, ორ თვეში დაიწყო პრობლემა - კრამიტმა ყინვას ვერ გაუძლო და ერთ ადგილზე წყალმა გაჟონა, რა დროსაც წმინდა მარინეს ფრესკები გაფუჭდა. არადა, ლაბორატორიული დასკვნა გვქონდა, რომლის საფუძველზეც დამკვეთთან შეთანხმდა კრამიტის შეცვლა, მაგრამ მან მაინც ვერ გაუძლო შარშანდელ ზამთარს. ამიტომ გადავწყვიტეთ დროებითი სახურავის გამოყენება. ამ ეტაპზე გელათის დროებითი სახურავის შეკეთება უკვე მიმდინარეობს სხვა კომპანიის მეშვეობით, ოღონდ დაჯარიმებული კომპანიის ფინანსური უზრუნველყოფით.

ჩვენი ვარაუდი და დასკვნები ერთია, მაგრამ საჭიროა საერთაშორისო ექსპერტიც.

- რატომ ჭიანურდება ეს პროცესი? - 2020 წლიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იუნესკომ უნდა აარჩიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრები, რადგან თავად ექსპერტები არ ჰყავს. ამის შემდეგ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი იუნესკოსთან და შეთანხმდეს დეტალები, მაგრამ ამასობაში დაიწყო კოვიდპანდემია. შარშან სვანეთშიც გვქონდა დაგეგმილი ვიზიტი, მაგრამ ჩაგვეშალა. ვაპირებთ უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის იდენტიფიცირებაში.

იუნესკოს მხრიდან უცხოელი ექსპერტის მოძიება დაწყებულია, უკვე მოლაპარაკების ბოლო ფაზაში ვართ. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთადაც შევისწავლით ყველა ნიუანსს და გამოსავალსაც ვიპოვით. ამის შემდეგ შევარჩევთ სანდო კომპანიას, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება ექნება.

- "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007" 12.000-12.000 ლარით დაჯარიმდნენ, რაც სამუშაოების ხარჯთან შედარებით, ალბათ, სიმბოლური თანხაა. ასეთი დამოკიდებულება ხომ არ ქმნის ცუდ პრეცედენტს და როგორია ამ საქმეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს როლი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე? - თუ რატომ ვერ შეასრულეს შეკვეთა ხარისხიანად ისეთმა ავტორიტეტულმა კომპანიებმა, როგორიც არიან "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007", ამაზე პასუხი არა მაქვს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა ორივე კომპანიის ხელმძღვანელები "იკომოსი საქართველოს" (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) წევრები არიან. მათ საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლის აღდგენაზე უმუშავიათ.

რაც შეეხება ჩვენს როლს - ამ პროცესს თვალს ადევნებდა მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული საერთაშორისო საექსპერტო კომპანია. საქმეში ჩართული იყვნენ ქართველი სპეციალისტებიც. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიული დასკვნა დაიწერა სრულიად სხვაგვარ კრამიტზე, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავდით. ის უხარისხო გამოდგა - ფაიფურისა და თიხისგან გაკეთებული, ამიტომ ყინვას ვერ გაუძლო. კრამიტი ჩვენთან შეუთანხმებლად არ უნდა შეეცვალათ. ეს რომ გვცოდნოდა, სასწრაფოდ შევაჩერებდით სამუშაოს.

რაც შეეხება ჩვენი სააგენტოს პასუხისმგებლობას, მონიტორინგი და ადამიანური რესურსი უნდა არსებობდეს, რათა თითო ძეგლსა და სამუშაოზე თითო კაცი იყოს მიმაგრებული, რისი ფუფუნებაც არა გვაქვს. გელათის გადახურვითი სამუშაოსთვის უცხოელი სპეციალისტი დავიქირავეთ, რადგან მუდმივად გვესმის, რომ ქართველ სპეციალისტებს არ ენდობიან. ყოველდღიურად ადევნებდნენ თვალს მუშაობას და ჩვენი წარმომადგენლებიც პერიოდულად ჩადიოდნენ გელათში. ამიტომ არა მგონია, სწორი იყოს, რომ ამ ყველაფერმა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრებზე გადაიაროს. ეს არის კორპორაციული პასუხისმგებლობა

- ფინანსური რესურსი სხვისი იყო, შემსრულებელიც სააგენტოს არ შეურჩევია, ჩვენ შემსრულებელს ტენდერით ვირჩევთ. აშშ-ის გრანტი "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა" თავად მოიპოვა და ფინანსურადაც თავად განკარგავდა, სააგენტო კი აკონტროლებდა, შეკვეთის შესაბამისად მიმდინარეობდა თუ არა მუშაობა. ასე რომ, მიჭირს თქმა, კონკრეტული პირის ბრალეულობა იკვეთება თუ არა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და მის გადაწყვეტილებას ვენდობი.