პანდემია და "ამსტერდამის იალქანი" - კვირის პალიტრა

პანდემია და "ამსტერდამის იალქანი"

მსოფლიო პანდემიამ მრავალი ქვეყნის ცხოვრების ჩვეულ განრიგში შეიტანა ახალი წესები. გადაიდო თვით ოლიმპიური თამაშებიც, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ტოკიოს 2020 წლის XXXII ოლიმპიადა სოკ-ის გადაწყვეტილებით 2021 წელს გაიმართება, მისი სახელი - "ტოკიო-2020" კი უცვლელი დარჩება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ჰოლანდიაშიც, სადაც მსოფლიოს უდიდესი საზღვაო სანახაობა "ამსტერდამის იალქანი" 5 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში, სულ ცოტა, 3 მილიონი კაცი მონაწილეობს.

"ამსტერდამის იალქანი 2020"-ის გადადება მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის გამო ჰოლანდიაში დიდ გამოწვევად ჩაითვალა. ოლიმპიადის მსგავსად, მისი გამართვა იმავე სახელით 2021 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა ახლახან ორგანიზატორებმა "ამსტერდამის იალქანი 2020" მაინც გააუქმეს - პანდემია არ იძლევა 2021 წელს მასობრივი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას. სამაგიეროდ, დღესასწაული განსაკუთრებულად მოეწყობა 2025 წელს, როცა აღინიშნება ქალაქ ამსტერდამის დაარსების 750-ე და მასთან დაკავშირებული "ამსტერდამის იალქნის" (SAIL Amsterdam) 50-ე წლისთავი.

"ამსტერდამის იალქანი" არა მარტო მსოფლიოს უდიდესი საზღვაო სანახაობაა, ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ზეიმი 5 წელიწადში ერთხელ 19-დან 23 აგვისტომდე შუალედში ეწყობა, როცა მდინარე ეის გასწვრივ ათობით იალქნიანი გემი, ასობით ისტორიული თუ თანამედროვე ხომალდი და ათასობით სხვადასხვა მცურავი საშუალება იყრის თავს განსაცვიფრებელი აღლუმის მოსაწყობად.

პირველად დღესასწაული, სახელწოდებით "ამსტერდამის იალქანი 700", 1975 წელს ქალაქ ამსტერდამის მე-700 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. მაშინ იალქნიანი გემებით დაინტერესება მხოლოდ იწყებოდა. პირველივე საზღვაო სანახაობის უდიდესმა წარმატებამ განაპირობა სპეციალური ფონდის - "ამსტერდამის იალქნის" შექმნა. მას შემდეგ სწორედ ის აწყობს ზეიმს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

გემები, აღლუმების გარდა, მონაწილეობენ საზღვაო ბრძოლების რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. ზეიმის მონაწილე გემებს ემატება ათასობით მომცრო იახტა და ნავი. მაგალითად, "ამსტერდამის იალქანი 2005"-ში მონაწილეობდა 8000-მდე მცურავი საშუალება. სხვათა შორის, "ამსტერდამის იალქანი 2005"-ის ზეიმში მონაწილეობა პირველად მიიღეს სუპერთანამედროვე იახტებმა და ერთმა წყალქვეშა ნავმაც!

ყველა სახის მცურავი საშუალება, მდინარის ნაპირები და მთელი ქალაქი სავსეა ამსტერდამელებით თუ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სტუმრებით. ზეიმში მონაწილე 3 მილიონზე მეტი კაცი უნიკალურ სანახაობას ქმნის.

ეწყობა ასევე გამოფენები, სადაც წარმოდგენილია ისტორიული და თანამედროვე გემების ნახაზები და მაკეტები. ნაპირებზე იმართება მუსიკალური წარმოდგენები, საბავშვო გასართობები, საღამოობით - ეფექტური ღამის შოუები.

ფონდი "ამსტერდამის იალქანი" იმედოვნებს, რომ 2025 წელს პანდემია ნამდვილად დასრულებული იქნება და ნიდერლანდების ყველაზე სანახაობრივი დღესასწაულის გამართვას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

რამაზ გურგენიძე