"ჩვენს ჯგუფ­ში მო­მა­ვალ­ში სამი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი აღ­მოვ­ჩნდით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი ოჯახზე, პროფესიასა და მეგობრებზე - კვირის პალიტრა

"ჩვენს ჯგუფ­ში მო­მა­ვალ­ში სამი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი აღ­მოვ­ჩნდით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი ოჯახზე, პროფესიასა და მეგობრებზე

საკმარისია ახსენო თავდაცვის ქალი მინისტრი საქართველოში და ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვისზეა ლაპარაკი. იმ პერიოდში გადაწყვიტა იურისტობა, როცა მიიჩნევდნენ, რომ ეს პროფესია ქალის საქმე არ იყო და "გიჟადაც მთვლიდნენო, - ამბობს. მერე ყველგან იყო - არასამთავრობოშიც, პარტიაშიც, პარლამენტშიც, საკრებულოშიც, სამინისტროშიც... "არ ვიცი, რატომ უნდა გიხაროდეს მინისტრობა, მაგრამ თუ კი არსებობს საჯარო სამსახურში რაიმე ყველაზე უფრო საპატიო საქმე, ალბათ ეს არის ემსახურო შენი ქვეყნის ჯარს და უსაფრთხოებას, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი პატივი ჩემთვის", - გვეუბნება და წარმოუდგენლად არაფერი ეჩვენება - "კოსმოსში გაფრენაც კი". აქვს ერთი კარგი თვისება, იცის სად დასვას წერტილი და დაიწყოს ახალი ფურცლიდან. დანარჩენზე პოლიტიკოსი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა"-ს თავმჯდომარე თინა ხიდაშელი თავად გიამბობთ.

თინა და მისი რაზმი

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 99-ე სკოლა დავამთავრე, ისანში. ძირითადად, ბურთით და ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. ახტაჯანა გოგო ვიყავი და სკოლაში რამე თუ შავდებოდა, თინა და მისი რაზმიო, - გამოძიება ასე იწყებოდა. უფროსი ძმა მყავს, რომელიც მოზრდილობაში გავიცანი, ერთად არ ვიზრდებოდით, ბავშვობა არ მქონია მასთან დაკავშირებული... დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ძალიან იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, წლები ისე გადის, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ...

დედისერთა ვიყავი, თუმცა ყველაფრის უფლება მქონდა, ყოველგვარი შეზღუდვებისა და ბრძანებების გარეშე გავიზარდე. მშობლები თავიდანვე იმის მომხრენი იყვნენ, ბავშვობიდანვე პასუხისმგებლობის აღება შემძლებოდა, არაფერს მიშლიდნენ, ოღონდ, იმ პირობით, რომ შედეგებზე პასუხს მე ვაგებდი. შესაბამისად, მერე ეს მაიძულებდა ვიდრე რამეს ვიზამდი, ორჯერ დავფიქრებულიყავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ხელს ვერავისკენ გავიშვერდი და ვერავის ვერაფერს დავაბრალებდი. ეს იყო მნიშვნელოვანი ყველაფრისთვის, რაც მერე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

რა გინდა იურიდიულზეო?

- ოჯახში იურისტი არავინ მყოლია. პირველ კურსზე ერთ-ერთ საგანს გავდიოდი და ერთ პროფესორს ჰქონდა ასეთი სტილი - როდესაც გამოცდაზე შედიოდი, გეკითხებოდა - მამაშენი პროკურორია? მამა პოლიციის უფროსია? დედაშენი მოსამართლეა?.. აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი არც ერთი არ იყო. მკითხა, აბა, აქ რა გინდა, იურიდიულზე რატომ ჩააბარეო. ვუპასუხე, - იმიტომ, ჩემს შვილებს რომ ჰკითხავენ თქვენნაირები, უპასუხონ, დედა იურისტი მყავსო. ამ პასუხზე ორივემ ბევრი ვიცინეთ და შემდეგ გაგრძელდა გამოცდა. პრინციპში, ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა იურიდიულზე იურისტების შვილები აბარებდნენ, სამედიცინოზე - ექიმის შვილები და მედალოსნები. მეც მედალოსანი ვიყავი, მაგრამ ექიმობა არასდროს მდომებია. კარგად მახსოვს მთელი "ტრაგედია", რომელიც ამ მოვლენის ირგვლივ განვითარდა. ჩემი ქიმიის მასწავლებელმა ჩემი ატესტატი დამალა, სკოლიდან არ მატანდა, თვლიდა, ქიმია ისე ვიცოდი, ეროვნულ დანაშაული იყო, იქ რომ არ ჩამებარებინა.

"ორმოცივემ რაღაცნაირად საკუთარი "დაღი" დაასვა ამ ქვეყანას"

- როგორც მედალოსანი, სამართლის ფაკულტეტზე ერთი გამოცდით მოვეწყვე. არ ვიცი, საიდან დავიწყო... ჩვენს ჯგუფში მომავალში სამი თავდაცვის მინისტრი აღმოვჩნდით - ალასანია, ოქრუშვილი და მე. საქართველოს ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც ორივე სასამართლოს თავმჯდომარე - უზენაესის და საკონსტიტუციოსი ჩემი ჯგუფელი იყო - კუბლაშვილი და პაპუაშვილი. მათ შორის, პარლამენტის სხვადასხვა გამოშვების 20-მდე წევრიც ჩემი ჯგუფიდან იყო, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ გაგა კახიანია დარჩენილი. ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს, ექვსნი ვიყავით ჯგუფელები და გვაშაყირებდნენ, ბარემ ფრაქცია გააკეთეთ და 95 დაარქვითო (1995-ში დავამთავრეთ). ჩვენი კურსიდან ბევრი ელჩიც იყო...

ჩვენ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დავამთავრეთ, რომელიც იმ წელს გაიხსნა, როდესაც ჩვენ ჩავაბარეთ, სულ 125-მა ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე და იქედან 40 კაცი ამოგვარჩიეს. გამოვიდა ისე, რომ ორმოცივემ რაღაცნაირად საკუთარი "დაღი" დაასვა ამ ქვეყანას, ზოგმა კარგი, ზოგმა - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მე როგორი დაღი დავასვი? - ალბათ ის, რომ თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი დარჩება საქართველოს ისტორიაში. დანარჩენი ჩემი სათქმელი არ არის...

"კი ვიცოდით, არანორმალური რომ იყო, მაგრამ მთლად ასეთი თუ იყო, არ გვეგონაო"

- ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო ფურცლად იყო და დარჩება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", მისი შექმნა. დღემდე მნიშვნელოვანია მისი როლი და საკმაოდ ჯანსაღი აღმოჩნდა ის პირველი მარცვლები, რომლებიც სწორედ ამ ოჯახის ორმა წევრმა ჩადო ორგანიზაციის შექმნაში. ვფიქრობ, დღემდე ღირსეულად მოდის აქამდე, ამიტომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ყოველთვის დარჩება "საია". ერთმნიშვნელოვნად ემსახურო ქართულ ჯარს, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე საპატიო საქმეა, რაც მიკეთებია. არ ვიცი, რატომ უნდა გიხაროდეს მინისტრობა, მაგრამ თუ კი არსებობს საჯარო სამსახურში რაიმე ყველაზე უფრო საპატიო საქმე, ალბათ ეს არის ემსახურო შენი ქვეყნის ჯარს და უსაფრთხოებას, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი პატივი ჩემთვის. ძალიან პოზიტიური იყო ამ ხალხის დამოკიდებულება ჩემდამი. არ მახსოვს წამი და წუთი, როდესაც უარყოფითი განცდა ან ხინჯი მქონია, მაგრამ დანარჩენი საზოგადოების მხრიდან იყო უარყოფითი განწყობა.

როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ შეეგუონ აქტიურ, წარმატებულ ქალს, მით უმეტეს, როცა ეს ქალი იმ სამსახურში მუშაობს, კაცები მათ საქმედ რომ მიიჩნევენ... ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო ეს დამოკიდებულება. როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინაც ასე ითვლებოდა, - გოგოს რა უნდა იურიდიულზეო. 120 კაციდან ჯგუფში მხოლოდ 6 გოგო ვიყავით. მე პირადად, ყველა გიჟად მიმიჩნევდა, როცა გადავწყვიტე და გამოვაცხადე, იურიდიულზე ვაბარებ-მეთქი, ჩემი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები ალმაცერად მიყურებდნენ, უთქვამთ, კი ვიცოდით, არანორმალური რომ იყო, მაგრამ მთლად ასეთი თუ იყო, არ გვეგონაო. მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს იურისტი გოგონები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ვიცი, იურიდიულ ფაკულტეტზე გოგონები უმრავლესობაშიც კი არიან. ჯარშიც და პოლიციაშიც თუ ასევე იქნება, ამ პროცესს არაფერი შეაჩერებს, მაგრამ ვიღაცა უნდა იყოს ყინულმჭრელი და ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით და ბევრი თვალსაზრისით, მე ეს როლი შევასრულე ამ ქვეყანაში.

"ჯერ კიდევ წარმომიდგენია, რომ შეიძლება კოსმოსში გავფრინდე" გააგრძელეთ კითხვა