"ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები?!"
"ამის თქმა უხერხულია, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები?!"
"ადამიანები ფულის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ - ფულის ქონა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს"

ნუკი კოშკელიშვილს, რომელიც საზოგადოების ინტერესს ყოველთვის იწვევს, საქმიანი ქალის ამპლუაში ვესაუბრეთ. ახლახან ნუკიმ "კოსმეტიკის ხაზიც" დააარსა და საზოგადოებას წითელი ტუჩსაცხი წარუდგინა.

- შრომას ბავშვობიდანვე ვაფასებდი. ვიცოდი, ფული ხეზე არ იზრდებოდა. შესაბამისად, "მინდა და მიყიდე" - ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია. ყოველთვის ვაფასებდი, რომ ამისთვის ჩემი მშობლები მუშაობდნენ და ფული მარტივად არ მოდიოდა. შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი (უნივერსიტეტში
სწავლის პერიოდი), როცა მშობლებმა მითხრეს: - სწავლობ, გასაგებია, მაგრამ უკვე იმ ასაკში ხარ, რომ შეგიძლია, თავისუფალი დრო მუშაობას დაუთმო, რათა გაიგო, რას ნიშნავს ფული, შრომაო... ჩემს შვილსაც აუცილებლად ასე ვასწავლი, რადგან ფულს არსებითი ფასეულობა არ უნდა ჰქონდეს: ადამიანები ფულის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ - ფულის
ქონა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მშრომელს პატივი ვცეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ისე მოხდეს, ადამიანი ბევრს შრომობდეს, მაგრამ საკმარის ფულს ვერ შოულობდეს. საერთოდ, ჩვენი აზროვნების ამომავალი წერტილი ფული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, საჭირო რაღაცაა, რათა ვჭამოთ, გადასახადები დავფაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს.

- სამსახურის მოძებნა დაგჭირვებია? სადმე "სივი" გაგიგზავნია?
- კი, როგორ არა! "მის საქართველოზე" გასვლამდე, როცა 17 წლის ვიყავი, უნივერსიტეტში სწავლისას მიმტანად მუშაობა გადავწყვიტე. ერთ-ერთ რესტორანში მივედი, "სივი" მივიტანე, რომელიც არაფერს წარმოადგენდა. უბრალოდ, უცხო ენები ვიცოდი. ვუთხარი, - თუ შეიძლება, სამსახურში ამიყვანეთ-მეთქი. ამიყვანეს. უბრალოდ, მერე ისე დაემთხვა, რომ "დილაში" (ტელევიზიაში) მუშაობა დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური ეს იყო.

- ანუ შენი პირველივე სამსახური ტელევიზიაში იყო?
- არა, სხვათა შორის: 16 წლის ვიყავი, როცა რადიოში ვმუშაობდი: მაშინ ბიძაჩემს რადიო ჰქონდა. მითხრა, - რუსულენოვანი წამყვანი გვჭირდებაო. რუსულად თავისუფლად ვსაუბრობდი... სხვა საკითხია, რომ რადიოში უხელფასოდ ვმუშაობდი. ხელფასიანი პირველი სამსახური ტელევიზიაში მქონდა.

- ტელევიზიამდე სადმე, თუნდაც დღიურად შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელო მიგიღია?
- არა, არასოდეს. ტელევიზიაში რომ მივედი, 18 წლის ვიყავი. მანამდე სწავლაზე ორიენტირებული გახლდით. თან, ჩემი მშობლები საკმაოდ კონსერვატიულები იყვნენ - პრომო გოგონად სამუშაოდ არ მიშვებდნენ. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემს დას უპრობლემოდ გაუშვებენ, მაგრამ მაშინ სხვა დრო, გაგება იყო...

- მიმტანად მუშაობის შესახებ შენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ?
- არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან ეს შრომატევადი საქმეა. ჩემი აზრით, ნებისმიერი სამსახური რთულია - პრომო გოგონა იქნები, სახლის მშენებელი თუ პრეზიდენტი, მაგრამ იმ პერიოდში, ძირითადად, სიგარეტის პრომო გოგონები იყვნენ, სიგარეტი კი ჩემს ოჯახში უარყოფითად განიხილებოდა...

- პირველ სამუშაო დღესთან დაკავშირებული ემოციები გაგვიზიარე...
- ეს ძალიან ემოციური დღე იყო: მახსოვს, კასტინგზე დამიბარეს. კასტინგი გიორგი გოგიჩაიშვილთან (გოგიჩა) უნდა გამევლო, რომელმაც ყველაფერში ხელი შემიწყო. მიუხედავად იმისა, რომ განვიცდიდი, ვღელავდი, გოგიჩას დამსახურებით, იმ დღემ ჩემთვის მარტივად, ხალისიანად ჩაიარა... შემდეგ მახსოვს, შეხვედრაზე ვიყავი, სადაც მკითხეს, - ხელფასთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვსო? არც კი ვიცოდი, ხელფასი რა თანხა შეიძლებოდა, ყოფილიყო... ეს ყველაფერი ჩემთვის "აღმაშფოთებელი" (კარგი გაგებით) გახლდათ!..

- შენი ხელფასი რაში გამოიყენე?
- მაშინ "მის საქართველოზე" გასასვლელად ახალი ფეხსაცმელების ყიდვა და "ლუქბუქი" იყო საჭირო. ამისთვის ბებიის ნაჩუქარი ბეჭედი და საყურეები "დავალომბარდე". პირველი ხელფასით ლომბარდში პირველი "შენატანი გავაკეთე", რომ ნივთები გამომეტანა...

- მშობლებმა იცოდნენ, რომ სამკაული ლომბარდში გქონდა?
- არ იცოდნენ, რა თქმა უნდა.

- საერთოდ, ფინანსებთან დაკავშირებით, რისკიანი ხარ?
- მაშინ ხომ მიმტანად მუშაობას ვაპირებდი? ვიფიქრე, რომ ჩემი შემოსავლიდან ნელ-ნელა გადავიხდიდი და "დალომბარდებულ" ნივთებს დავიბრუნებდი, თუ კონკურსზე არაფერი გამომივიდოდა. "მის საქართველოდან" ტელევიზიაში მოხვედრა არ გამითვლია. უბრალოდ, იმ კონკურსში მონაწილეობა ძალიან მინდოდა.

- დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ ფული სარფიანად დააბანდე, არა?
- კი, ასე გამოდის (იცინის).

- მას შემდეგ, რაც შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო გაგიჩნდა, ფინანსური კრიზისის პერიოდი გქონია?
- რა თქმა უნდა. საერთოდ, ვინც მეკითხება, თუ როგორია სატელევიზიო სფეროში მუშაობა, ყველას ვეუბნები, რომ ასეთ დროს ხვალინდელ დღეში დარწმუნებული არ ხარ. ყოფილა შემთხვევები, დღეს თითქოს სტაბილური შემოსავალი გაქვს, მუშაობ, ხვალ კი უბრალოდ, ტელევიზია ან შენი გადაცემა "იხურება", ან ხელმძღვანელობა იცვლება და შენც ვიღაც გცვლის... მაგალითად, ტელევიზიაში მუშაობის პირველ წელს, ჩემი აზრით, პიკში ვიყავი - გადაცემა მქონდა, სერიალ "კლინიკაში" ვმონაწილეობდი, მაგრამ უცებ, ამან არ გაამართლა, "დაიხურა" და აბსოლუტურად ყველაფრის გარეშე დავრჩი.

- ამ დროს ვინმეს სთხოვე დახმარება?
- მშობლებს. გათხოვებამდე ყოველთვის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. შესაბამისად, მათი დახმარებით ვსარგებლობდი.

- პირველი შემთხვევის გარდა, როცა მიმტანობა გადაწყვიტე, ვინმესთვის შენი კანდიდატურა თავად თუ შეგითავაზებია, რომ მუშაობა დაგეწყო?
- არასოდეს. რაღაცნაირად, ძალიან მორიდებული ვარ. მახსოვს, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა მინდოდა. ხმა გავარდა, რომ "იმედზე" ეს შოუ იწყებოდა და უკვე ყველა მონაწილე შერჩეული ჰყავდათ. განვიცდიდი - შოუს წარმომადგენლებს ჩემი თავი როგორ შევთავაზო-მეთქი?!. შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ უარი თქვა თუ ტრავმა მიიღო, ზუსტად არ მახსოვს, მის ნაცვლად კი მე "ჩამსვეს"... სიტუაცია ისე აეწყო, რომ გამიმართლა...

- ბოლოს მშობლებს ფული როდის სთხოვე?
- ალბათ, 10 წლის წინ... თუმცა რამდენიმე დღის წინ, ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად აფთიაქში მივდიოდი, თანხა არ მქონდა და მამას ვთხოვე, - ხომ არ გაქვს-მეთქი?.. ახლა უკვე მეუღლე მყავს. შესაბამისად, მას თუ ვთხოვ...

- ამჟამად, შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?
- ძირითადი წყარო, სხვადასხვა გადაღება და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე.

- "ინფლუენსერი" ხარ...
- კი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ სოციალურ ქსელში ფულად ანაზღაურებაზე ორიენტირებული არ ვარ. ჩემს გვერდს რომ გადახედოთ, უამრავ რამეს ვუწევ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ყველაფერი უფასოდ ხდება, დაიჯერებთ თუ არა - რაც მომეწონება, მინდა ყველას გავუზიარო... კი, რეკლამებს ვაკეთებ, მაგრამ - ნაკლებად. სულ მეშინია, ჩემს გვერდს რეკლამის სახე არ მიეცეს. ჩემი და მეუბნება, - ნუკი, რასაც აზიარებ, იმ ყველაფრისთვის ფულს მაინც გიხდიდნენო...

- სარფიან შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?
- ძალიან ბევრჯერ.

- მიზეზი რა ყოფილა?
- ჩემი პრინციპები. მაგალითად, ალკოჰოლური სასმლის კომპანიის შემოთავაზებაზე უარი მითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მომხმარებელი ვიყო, არ მინდა, ჩემი სახელი ალკოჰოლის პროპაგანდასთან ასოცირდებოდეს. ყოფილა კომპანიები, რომელთა შემოთავაზებას იმიტომ არ დავთანხმდი, რომ მათი პროდუქცია არ მომწონებია. გასახდომი საშუალებების რეკლამირებაზე უარი იმიტომ მითქვამს, რომ გავსინჯე და ეფექტური არ იყო...

- "შავი დღისთვის" ფულის გადანახვა თუ გჩვევია?
- არა. ეს რაღაცნაირად, უნდა ვისწავლო. კარგ თვისებად მიმაჩნია, როცა ადამიანმა ფულის "გადადება" იცის. მფლანგველი ვარ. ხომ იცი, რომ ამბობენ, - ხელები ეწვისო? ზუსტად ასე ვარ: ბოლო 10 ლარი რომ მქონდეს, უნდა დავხარჯო.

- ძირითადად, ფულს რაში ხარჯავ?
- შვილისთვის საჩუქრების გაკეთება მიყვარს, რადგან დაფასების დიდი უნარი აქვს. მისთვის რამეს რომ ვყიდულობ, ძალიან უხარია. ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე, სათამაშოებს "ცეცხლის ფასი" აქვს, ანუ ბავშვისთვის ნორმალური სათამაშოს ყიდვა ძვირი სიამოვნებაა. ძირითადად, ფულს საკვებში, ტანსაცმელსა და ბავშვის სათამაშოებში ვხარჯავ... 2020 წელი ბევრი ოჯახისთვის ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ცოტა არ იყოს, უხერხულია, როცა ხმამაღლა ამბობ, ფული სათამაშოში და ტანსაცმელში გეხარჯება, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები?!.

- როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რა თვისებები დაგეხმარა? შენი აზრით, გარეგნობამაც ითამაშა გარკვეული როლი?
- განსაკუთრებული გარეგნობით არასოდეს გამოვირჩეოდი, ზუსტად ვიცი. ჩემზე ბევრად ლამაზი გოგონები არიან. განსაკუთრებით, ბოლო 2 თაობა ისეთი ლამაზია, რომ შეიძლება, გული გაგიჩერდეს. მათ ვერ შევედრები - სასწაულები არიან... ვფიქრობ, გულწრფელობა დამეხმარა - ჩემს ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ისე ვამბობ, როგორც არის. მიმაჩნია, ხალხი გრძნობს, რომ არასოდეს ვატყუებ. ეს მნიშვნელოვანია.

- ცდილობდი, რომ შენს სამუშაო სფეროში ამერიკაშიც გეცადა ბედი?
- როგორ არა, "სივებითაც" დავრბოდი, ვცდილობდი, კონტაქტები დამემყარებინა, ნაცნობობა გამება, მაგრამ რთულია, როცა იქ გაზრდილი არ ხარ, ნაცნობები არ გყავს... ჩათვალე, რომ ყველაფერს ნულს ქვემოდან იწყებ... ჯერჯერობით არაფერი გამომივიდა, მაგრამ ვნახოთ - ყველაფერი წინ არის...

- მასობრივ სცენებში მონაწილეობ ხოლმე, როგორც ვიცი...
- ბევრ გადაღებაზე ვიყავი, მაგრამ იცი, რა არ მიყვარს? ხანდახან საზღვარგარეთ "მასოვკაში" რომ გადაგვიღებენ, მერე კი ჩვენს თავს ჰოლივუდის ვარსკვლავებად ვასაღებთ. უამრავ გადაღებაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ - "მასოვკის მასოვკაში", ჰოლივუდის ტოპვარსკვლავებთან, მაგრამ - გამვლელ-გამომვლელის როლში. ამაზე საუბარი უხერხულია.

- გიფიქრია, იმ მიმართულებით გემუშავა, რა განათლებაც გაქვს მიღებული? თან, ასე თუ ისე, პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმაურები ხოლმე...
- არასდროს. როცა დიპლომატის სპეციალობაზე ვაბარებდი, ქართული ენა ძალიან მიჭირდა. იმ სპეციალობაზე ჩავაბარე, სადაც ქართულ ენას გამოცდაზე ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა... ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრობს, პოლიტიკის გავლენის ქვეშაა. მაგალითად, ხელფასი რომ გაქვს და ვალუტის კურსი იცვლება, ეს შენზე გავლენას ახდენს... მიუხედავად ყველაფრისა, ვეჭვობ, დიპლომატად ვიმუშაო, რადგან ვფიქრობ, ადამიანმა ის უნდა აკეთო, რაც გამოგდის, მე კი არა მგონია, ამ საკითხში ძალიან კომპეტენტური ვიყო...

- საქმიან ან მუშაობის დაწყების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?
- საკუთარ საქმიანობას სერიოზულად მიუდგნენ, ნამდვილად გადაწყვიტონ, რისი გაკეთება უნდათ. არ ეგონოთ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია, უნდა ისწავლონ და განვითარებას ეცადონ. მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებული ხარ თუ ჯერ კიდევ წარმატებისკენ ისწრაფვი, საკუთარ თავზე მაქსიმალურად უნდა იმუშაო... ასევე, მაინც ნუ დაივიწყებთ, რომ მთავარი ფული არ არის: საჭიროა, მაგრამ არა - გადამწყვეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა. ადამიანობა და ერთმანეთის პატივისცემა შევინარჩუნოთ...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

ბაჯო
25 იანვარი 2021 22:26
ამერიკელ მილიონერს რო გაყევი და გიფსდადებული რო ჰამოხვედი ვინიყოოო.
...
25 იანვარი 2021 18:31
ღმერთო, რამდენი რამ ახალი გავიგე. დავაკოპირე და შევინახე კიდეც, რომ „სულ ჩემთან“ იყოს ეს საოცარი ინტერვიუ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები