"მეორედაც დავქორწინდი, 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიყვარდა კიდეც, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები მოხდა, რომ წამოსვლა ვარჩიე"
26-01-2021
"მეორედაც დავქორწინდი, 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიყვარდა კიდეც, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები მოხდა, რომ წამოსვლა ვარჩიე"
"ოთარ კობერიძე მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა, საიდან გამომეცხადეო?"

ემიგრანტების მიერ გამართული კონკურსის - "ბებო წითლებში" ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისში მცხოვრები ნანა მიქავა გახდა, რომელიც არა მარტო თავისი გარეგნობითაა გამორჩეული, არამედ ცხოვრების სტილითაც. ძალიან ენერგიული ქალბატონი არაერთ საქმეს შეეჭიდა წარმატებით: ერთ დროს გახლდათ ტელედიქტორი, მუშაობდა რადიოში, წერს სიმღერებს, ლექსებს, არის ავტორი რომანისა, აწყობს პოეტურ საღამოებს და 12 წელი აქვს გატარებული პარლამენტის აპარატში. ახლა კი 4 შესანიშნავი პატარის აღზრდითაა დაკავებული: მარიამი 13
წლისაა, სოფი - 4-ის, გაბრიელიც - 4-ის (2 თვეა მათ შორის განსხვავება) და ნაბოლარა ლიტა ეფემია სამი წლის გახლავთ.

- ამ პანდემიის პირობებში ყველა მოწყენილი ვართ და მათ შორის, არც მე გახლავართ გამონაკლისი. ჰოდა, როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, მასში მონაწილეობა გადავწყვიტე. მთელი გარდერობი გადმოვქექე,
მაგრამ წითელი სამოსი არ აღმომაჩნდა. ბოლოს ვიპოვე ძველი შავი კოსტიუმი, რომელსაც წითელი სარჩული აქვს. გადმოვატრიალე, უკუღმა ჩავიცვი და ფოტოები გადავიღე (იცინის). ეს ყველაფერი გასართობად გავაკეთე, მაგრამ ამდენი ადამიანის მხარდაჭერა რომ ვიგრძენი, მერე აზარტში შევედი, კორონაც კი დამავიწყა (იცინის). მინდა მადლობა გადავუხადო ძალზე პოზიტიურ, საოცარ ადამიანს - მზია წულუკიძეს ამ შანსისთვის. მიხარია, კონკურსის წყალობით ღირსეული ადამიანები - ნანა დანელია და ლეილა გაგნიძე რომ გავიცანი. ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით ორივეს მივეფერო. ორივე ძალიან შემიყვარდა.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ...
- დავიბადე თბილისში, პედაგოგების ოჯახში. დედა ინგლისური ენის პედაგოგი იყო, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს, მამა ინჟინერი მშენებელია. ძალიან კარგი მამიკო მყავს, თბილისის კოლორიტი, ვერელი.
ბაბუა უპატრონო ბავშვთა სახლის დირექტორი იყო მთელი 25 წელი, ვაშლოვანში. ბებია ყრუ-მუნჯთა სკოლის მასწავლებელი გახლდათ, ქართულს ასწავლიდა.
11 წლის რომ ვიყავი, დედა გარდამეცვალა. ბებიამ ითავა ჩემი აღზრდა. უკეთილშობილესი ადამიანი იყო თამარ საკანდელიძე, თანაც - გალაკტიონ ტაბიძის ნათესავი (დიდი პოეტი ბებიას მამის მამიდაშვილი გახლდათ). კარლო საკანდელიძე კი მისი ბიძაშვილი იყო. საოცარი ადამიანების გვერდით მიწევდა ცხოვრება. თუკი რაიმე კარგი თვისება მაქვს, უპირველესად, ეს ბებიის დამსახურებაა. მან მასწავლა მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები.

- თქვენც კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდით?
- ფიზიკა-მათემატიკისადმი დიდი მიდრეკილება არ მქონია, მაგრამ დედაჩემის მეგობრებმა გამზარდეს და სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოვხვდი, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე... ბავშვობიდან დავდიოდი სიმღერაზე, სცენაზე ვიდექი ყველგან: ბაღში, სკოლაში... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი ვიმუშავე საპროექტო ინსტიტუტში, მერე კი გულმა დიქტორების კონკურსისკენ გამიწია და მეტყველების კურსები მანანა მაჩაბელთან გავიარე. "იბერვიზიაში" უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ იქ ისეთი რაღაც მოხდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და წავედი პირველ არხზე, სადაც ცოტა ხანი საინფორმაციო სააგენტოში ვიმუშავე. მერე იქაც გამოცხადდა დიქტორების კონკურსი და საკუთარი ძალები მეც მოვსინჯე. საბედნიეროდ გავიმარჯვე და რაღაც პერიოდი ეთერში ვიჯექი, მიღებდნენ რეკლამებში. შემდეგ მიმიწვია დამოუკიდებელმა ტელე-რადიოკომპანია "საქართველოს ხმამ", რომელიც იმ პერიოდში ყალიბდებოდა. 90-იანი წლები იყო. მეგონა, კარიერას ვიწყობდი და პირადი ცხოვრების გამო, მისი დათმობა მომიხდა. მეუღლესთან ერთად რუსეთში წავედი...
რომ ჩამოვედი, პარლამენტში დავიწყე მუშაობა. 12 წელი გავატარე ამ შენობაში, მაგრამ იმდენად მიყვარდა ხელოვნება და სცენა, იქაც ვცდილობდი რაღაც ღონისძიებების მოწყობას.

- პარლამენტში რას აკეთებდით?
- გოდერძი ბუკიას თანაშემწე ვიყავი, მერე ვალერი გელბახიანთან, გიორგი თარგამაძესთან ვმუშაობდი, ბოლოს კი - გოგი ლიპარტელიანის ფრაქციაში. პარლამენტი ქუთაისში რომ გადაიტანეს, იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი დავრჩით უმუშევარი.
მერე ჩემი შვილიშვილებიც გაჩნდნენ და სამსახურზე ვეღარ ვიფიქრებდი, შვილებისთვის უნდა შემეწყო ხელი, რადგან მათაც პრობლემები შეექმნათ.

- რას გულისხმობთ?
- მყავს ორი ქალიშვილი, თამარ და თეონა ბერაიები და 4 საოცარი შვილიშვილი. ჩემი ერთი გოგონა მეუღლეს გაშორდა, მეორე ორი შვილით - წლინახევრის და 5 თვის - მარტო დარჩა, რადგან მისი ქმარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მათ გამო მომიხდა სახლში ჯდომა, მაგრამ ამას წამითაც არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულს, ისევ მეძახის სცენა... სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ბავშვები გავზარდე და სავარაუდოდ, ძალიან კარგი ბებია ვარ (იცინის).

- მეუღლეზე რას გვეტყვით?
- ჩემი შვილების მამა რუსეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა... მეორედაც დავქორწინდი, 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიყვარდა კიდეც, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები მოხდა, რომ წამოსვლა ვარჩიე. თუმცა მას დღემდე დიდ პატივს ვცემ, ვმეგობრობთ.
იმ პერიოდში, როცა დავშორდით, "ზაზანოვაში", ერთ სასიამოვნო საღამოზე დამპატიჟეს. იქ ყოფნისას გამიჩნდა სურვილი, რაიმე ღონისძიება მეც მომეწყო. დავფიქრდი და "გამინათდა": ახლოვდებოდა გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე და ზაზას ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთი დღე უფასოდ რომ დამითმო-მეთქი. რადგან საქმე გალაკტიონს ეხებოდა, დამეთანხმა. სამი თვე არ მიძინია, გეფიცები. ბევრი მეუბნებოდა, იმხელა ბუმბერაზს ეხები, თუ არ გააკეთე ძალიან ღირებული საღამო, სირცხვილს შეჭამ და სჯობს, ამას ახლავე შეეშვაო. გავჯიუტდი. მყავს ძალიან კარგი პოეტი მეგობარი ბარსელი, მეორე მეგობარი, მსახიობი თორნიკე კვირიკაშვილი - მათ ვთხოვე, ღონისძიების წამყვანები ყოფილიყვნენ. ჩვენ გავაცოცხლეთ გალაკტიონის ცხოვრება, მისი შემოქმედება... ღონისძიების დაგეგმვისას დავუკავშირდი დეპუტატ ბეჟან ხურციძეს (ახლა გარდაცვლილია) და ამ საქმეში დახმარება ვთხოვე. ძალიან გაუხარდა, - რასაც შენ აკეთებ, 20 წელია ვანში ვაწყობ მეო. მან წამიყვანა თავის ბიძაშვილთან, ზაურ ტყეშელაშვილთან (სამწუხაროდ, ეს ადამიანიც აღარაა ამქვეყნად, ჩოხოსანი იყო, გიჟდებოდა გალაკტიონზე). ამ ადამიანის სახლში ნამდვილი მუზეუმი იყო: ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძის კუთხე ჰქონდა, მეორე მხარეს გალაკტიონის, ასევე ილია მეორის მოსასვენებელი ადგილი და ა.შ. დამიჩოქა კაცმა და ხელები დამიკოცნა, - რადგან ღონისძიებას გალაკტიონს უძღვნი, მისი ნივთებიდან რაც გინდა, წაიღეო. პოეტის ორი ძალიან ძვირფასი სურათი მაჩუქა, ასევე მისი ნაქონი ბოთლი და ჭიქები. საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. უამრავ სტუმარს შორის გახლდათ ლიტერატორი თემურ ქორიძე, რომელმაც სიტყვა ითხოვა, ავიდა სცენაზე და თქვა: გალაკტიონს ეს საღამო რომ ენახა, თავს არ მოიკლავდაო. ეს ჩემთვის ნამდვილი წარმატება იყო...

- თქვენს წიგნზე ბევრი საუბრობს აღტაცებით...
- ჩანახატებსაც ვაკეთებდი, ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ რომანის წერას გულში ვერ გავივლებდი. ამის ინსპირაცია გახდა შეხვედრა ძველ ნაცნობთან, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო. მასთან მხოლოდ უბრალო ნაცნობობა მაკავშირებდა. ტრანსპორტში შევხვდი. მითხრა, რომ სიმსივნე დაუდგინეს და ადამიანურად იმდენად შემეცოდა, რაღაც რჩევები მივეცი. მერე მთხოვა, რა ბედნიერი დღე მაქვს ნეტავ იცოდე. იმდენი ხანია არ მინახავხარ, იქნებ მომცე უფლება, რომ სამსახურამდე მიგაცილოო. უარი ვერ ვუთხარი, მაგრამ ბოლოს, როცა ტელეფონის ნომერიც მთხოვა, უარი შევბედე... ეს ამბავი სოციალურ ქსელში დავპოსტე, როგორც ჩანს, ძალიან პოეტურად და კომენტარებმა გამაოცა: რა ლამაზი ამბავია, გააგრძელე მოყოლაო. ჰოდა, ამ რეალურ ამბავს მივაბი შემდეგი ამბები, რომლებიც საბოლოოდ შეიკრა და რომანად იქცა... წიგნი ახალგაზრდა ლამაზ ქალზეა, რატომღაც კი ყველას ჰგონია, რომ ჩემზეა. არა, მე უფრო რთული ცხოვრება გავიარე, ასე ვფიქრობ... რომანის მთავარ პერსონაჟ ლანაზე იმდენი ვწერე, რომ მეც შემიყვარდა (იცინის). მე ხომ იმ პერიოდში რთული პირადი ცხოვრება მქონდა და ეს ამ ნაწარმოებმა იოლად გადამატანინა. არც მიფიქრია წიგნის დაბეჭდვაზე, მაგრამ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ, სამი შვილის დედამ, რომელიც ძალიან ბევრ ხელოვანს უმართავს ხელს და რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი, მომწერა: თქვენი რომანი უნდა დაიბეჭდოს, მე გაფინანსებთო. გავოცდი. ახლა ბევრი მეუბნება, რომ ამ წიგნის სცენარად გადაკეთების შემთხვევაში, კარგი ფილმის გადაღებაა შესაძლებელი და ვნახოთ, ეს რამდენად გამოვა. სხვათა შორის, წიგნის პრეზენტაციაზე ლექსები მიუძღვნეს გმირს - ლანას. გოჩა ჭაბუკაიძემ, მედავითნე და მუსიკოსმა სცენიდან ეს ტექსტი მომიძღვნა: "ვგრძნობდი გულით, თვალზე ცრემლით, ყოველ სიტყვას, აზრს და წვრილმანს, აღსარება არის ღმერთის, შენი "სიყვარულის წვიმა".

- ძალიან გამსგავსებენ მსახიობ ლია ელიავას...
- არადა, არანაირი ნათესაური კავშირი არაა ჩვენ შორის. მაშინ პირველი არხის დიქტორი ვიყავი. გაჩერებაზე ვდგავარ. მანქანა შეჩერდა და იქიდან ვიღაც მეძახის, ნანაო. გავიხედე, ლეილა აბაშიძე და მისი ვაჟია. გამიკვირდა, მაგრამ მივედი. - ვაიმე, მაპატიეთ, ლია ელიავას ქალიშვილი მეგონეთ. თქვენც ნანა გქვიათ? თქვენ უფრო მაგრად ჰგავხართ ლიას. ჩაჯექით მანქანაში, უნდა დაგელაპარაკოთო. იმ პერიოდში ქალბატონი ლია ავად იყო, ინფარქტი ჰქონდა მიღებული და ლეილამ ტელეფონის ნომერი მომცა, ერთ თვეში დამირეკე, უნდა გაგაცნოო. რაღაცნაირად მომერიდა დარეკვის, რაც მოგვიანებით ვინანე... ამ ამბიდან დაახლოებით ერთი წლის მერე გავრცელდა მსახიობის გარდაცვალების ამბავი. მაშინვე დავრეკე ლეილა აბაშიძესთან. მთხოვა, პანაშვიდზე მოდიო. მეგობართან ერთად წავედი. კიბეზე რომ ავდიოდი, ხალხი შევაშინე, გაოგნებულები მიყურებდნენ. შემოსასვლელში იდგა ოთარ კობერიძე, წინ დავუდექი. ვიღაც ქალი მივიდა მასთან, - ოთარ, წინ რომ გოგონა გიდგას, შეხედე, გეხვეწებიო. ბატონმა ოთარმა გამომხედა და დამიძახა. მერე შუბლიდან თმა გადამიწია, მაკოცა და მითხრა, საიდან გამომეცხადეო? ქალბატონი ლიას მეგობრებიც შემომეხვივნენ, მისი ქალიშვილიც იმეორებდა, როგორ ჰგავხარ დედასო. დასაფლავებაზე მისვლაც მთხოვეს და ცხადია, უარი ვერ ვთქვი. იქ ქალბატონი ნანული შევარდნაძე გამომეკიდა, - ვინ ხარ? თქვენზე ფილმის გადაღება შეიძლებოდაო... დაკრძალვის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი ბატონ ოთარს, ერთხელ პარლამენტშიც და მის გვერდით თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა. გარშემო კი ყოველთვის ჩურჩულებდნენ, ეტყობა, ბატონი ოთარის ქალიშვილიო. საერთოდ, არ მიყვარს, ვინმეს რომ მამსგავსებენ, მაგრამ როცა ლია ელიავაზეა ლაპარაკი, შეუძლებელია, ეს არ გსიამოვნებდეს.

- მუსიკასაც წერთ და თქვენი სიმღერა თამრიკო ჭოხონელიძემ ფილარმონიაში შეასრულა...
- კი, ვწერ და თან, წარმოიდგინეთ, ნოტები არ ვიცი... ჩემი ერთი სიმღერა თამრიკომ ფილარმონიაში, 90-იან წლებში შეასრულა. ახლა ამ სიმღერას ნეკა ბაკურაძე და კახა ბაციკაძე მღერიან. კიდევ რამდენიმე სიმღერა მაქვს, რომელიც სცენაზე გაჟღერდა და აქვე გეტყვით, რომ დუეტიც მაქვს პანჩოსთან ერთად ჩაწერილი, სიმღერაზე - "მოხვალ".

- დაბოლოს, მგონი ჯობს, საუბარი თქვენი ლექსით დავასრულოთ...
- "ოდესმე უნდა გეახლო თვითონ,/ ჩვენ სიყვარული ხელახლა გვიხმობს./ ოდესმე უნდა მოგიძღვნა თავი/ და არ დავფიქრდე არც ერთი წამით.../ ცრემლებთან ერთად, ღიმილთან ერთად/ ერთ მშვენიერ დღეს მე მოვალ შენთან!/ სადღაც გაქრება ჩემი სიმორცხვე,/ შენ შემომხედავ და გაიოცებ.../ არც შენ ენდობი იმედს ხვალინდელს/ და ლამაზ თვალებს არ ამარიდებ./ მე შენი კოცნა არ მავიწყდება,/ ჩემი სიცოცხლე კვლავ დაიწყება,/ როდესაც ისევ მოგიძღვნი ჩემს თავს/ და ყველაფერი დაგვავიწყდება./ დრო გაჩერდება, აღარ იქნება/ და მივეცემით თავდავიწყებას./ ცრემლებთან ერთად, ღიმილთან ერთად/ ერთ მშვენიერ დღეს მე მოვალ შენთან!"
დაბოლოს, მინდა ქალბატონებს ვუთხრა: ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება კარგი მეორე ნახევარია, ვისთანაც დროს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სიმშვიდითა და სიყვარულით გაატარებთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით ასეთ ადამიანებს.

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"

ნეკა ბაკურაძე
29 იანვარი 2021 15:30
ვულოცავ ჩემს ძვირფას ნანიკოს ამ დიდ სიხარულს და შემოქმედებით აღმასვლას ვუსურვებ
იზა
27 იანვარი 2021 21:30
წარმატებები ლამაზო ქალბატონო.უფალი გფარავდეთ.❤
გიორგი
27 იანვარი 2021 15:49
მართლაც შეუდარებელი ბებია ყოფილა. წარმატებები !!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები