"ქალიშვილის ხელის სათხოვნელად თუ მოდიოდი, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!" - კვირის პალიტრა

"ქალიშვილის ხელის სათხოვნელად თუ მოდიოდი, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!"

"...ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე,/ ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე,/

გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს,/ მსურდა წამეღო ყველა სიამე... წაგყვება რამე?!" - ირაკლი აბაშიძე

შემოქმედებითა და ნაშრომებით მას ბევრი იცნობს, ბევრმა იცის, როგორი პოეტი და მეცნიერი იყო იგი. თუ არ იცის, სურვილიდან გამომდინარე, წიგნებითაც და ინტერნეტითაც ადვილად შეუძლია შეიტყოს, როგორ როგორ ექცა მას მრწამსად და ცხოვრების მთავარი თემად შოთა რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" მსოფლმხედველობა; სხვა წიგნებთან ერთად, როგორ ედო ყოველთვის თავთან 1911 წელს გამოცემული ქართული სახარება და რომ არ გამოჰპარვოდა, მის ბოლო გვერდზე, ყდის უკან, როგორ ჩამოწერა, რომელ წელს რა რიცხვში უწევდა აღდგომა; იმ, კომუნისტურ ეპოქაში თავის ლექსებში თამამად როგორ ახსენებდა ღმერთს და თუნდაც 1960 წელს, ეპოქაში, როდესაც ისრაელი საბჭოთა კავშირის მტრად მიიჩნეოდა და იერუსალიმში ჩასვლა წარმოუდგენელი იყო, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის დარწმუნების შემდეგ, დიდი დიპლომატიის წყალობით, როგორ მიაღებინეს პირველი ექსპედიციის მოწყობის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს და როგორ აღმოაჩინეს აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და ირაკლი აბაშიძემ რუსთაველის ფრესკა; როგორ მიაღწია ირაკლი აბაშიძემ რუსთაველის იუბილის ჩატარებას და როგორ იქცა მის ბოლო, დიდ სიყვარულად ენციკლოპედია...

მაგრამ ცოტას თუ ემახსოვრება, როგორი მეუღლე და მამა იყო პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, როგორ უყვარდა, რა უხაროდა ან რას დარდობდა. პირადად მე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებლისა და მისი პირველი მთავარი რედაქტორის, იერუსალიმში რუსთაველის ფრესკის ერთ-ერთი აღმომჩენის - ირაკლი აბაშიძის ცხოვრების ამბები წლების წინ მისი ცნობილი შვილებისგან მოვისმინე. მახსოვს, რამდენიმე საათი გავატარე ქალბატონ ირინე აბაშიძესთან (ქართული ენციკლოპედიის რედაქტორი) და ბატონებთან - ზურაბ (დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი) და ვახტანგ აბაშიძეებთან (საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრი, ჟურნალისტი) და იმ სასიამოვნო საღამოდან ბევრი საინტერესო, სახალისო თუ სევდიანი ამბავი დამამახსოვრდა... ამჯერად ჩვენი რუბრიკის თემას არ გადავუხვევ და ბატონი ირაკლისა და მისი მეუღლის - ქალბატონი ნელი ჟორდანიას სიყვარულის ამბავს მოგიყვებით - სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაქორწინდნენ და როგორ იცხოვრეს დიდი სიყვარულით წლების განმავლობაში...

პორტარტურის აღება

ირაკლი აბაშიძე უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, როდესაც ერთხელ ქუჩაში ულამაზესი გოგონა შეამჩნია. ისე მოეწონა ის გოგონა, რომ უკან გაჰყვა და ასე, შემთხვევით აღმოჩნდა ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა და ფოლკლორისტის - ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციაზე. ბატონმა ვახტანგმა ვაჟიც თავის სტუდენტად მიიღო და პრაქტიკული სამუშაოსთვის დავალება წყვილად მაინცდამაინც მას და იმ ქალიშვილს მისცა. ამ სამუშაომ ისინი, თურმე, ნელ-ნელა ძალიან დააახლოვა, რასაც შემდეგ დამეგობრებაც მოჰყვა, თუმცა თავდაპირველად ახალგაზრდა კაცს მისთვის სიყვარულის ახსნა ვერც გაუბედავს, რადგან... - ისე ლამაზი ქალიშვილი იყო და თანაც - თბილისში ძალიან ცნობილი, მე კი - მხოლოდ პირველკურსელი, ხოლო ომისდროინდელი ცხოვრება - უმძიმესი, რომ სიტყვების გარდა ვერაფერს შევთავაზებდი, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინეო, - უთქვამს მოგვიანებით... ნელი ჟორდანია და ირაკლი აბაშიძე

ირაკლი აბაშიძის მამა - ბესარიონ აბაშიძე ხელმოკლე იმერელი აზნაური ყოფილა, ხონიდან, დედა კი, ელისაბედი (ლიზა) - მოდებაძის ქალი, კაცხიდან. მამა დაბრმავებულა და ოჯახის მთელი ტვირთი დედას დააწვა მხრებზე. უმძიმესი წლები გადაიტანეს - რევოლუციის შემდგომი პერიოდი. 14 შვილი ეყოლათ, მაგრამ გაჭირვებით ზრდიდნენ, ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ და, საბოლოოდ, 7 თუ 8 გაიზარდა. ბატონი ირაკლის უფროსი შვილიც კი, ქალბატონი ირინე მხოლოდ ხუთ მამიდასა და ერთ ბიძას მოესწრო, თურმე.

ვფიქრობ, ალბათ, სწორედ ოჯახის ამგვარი მდგომარეობა აფერხებდა ირაკლი აბაშიძეს, საყვარელი ქალისთვის გრძნობა რომ გაემჟღავნებინა. ის ქალიშვილი - ნელი ჟორდანია და მისი ტყუპისცალი კი მართლაც ძალიან ლამაზი და თვალსაჩინო ვერელი გოგონები იყვნენ. მაგრამ თავად ქალბატონი ნელის შვილებთან მონათხრობით, იმ პერიოდში ირაკლი აბაშიძეც თავისი პოეზიით უკვე ძალიან პოპულარული, თანაც - წარმოსადეგი მამაკაცი ყოფილა. ერთხელაც დები, ასევე ლამაზ მეგობარ ნაზიკოსთან ერთად, ქუჩაში მიდიოდნენ და ირაკლი აბაშიძეს პირისპირ შეჩეხებიან. ირაკლი სწორედ ნელისთან მისულა და უთქვამს, ამა და ამ რიცხვში (თარიღი დაუსახელებია) პოეზიის საღამო მაქვს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და თქვენს იქ მობრძანებას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვსო. ანუ ჩანს, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა კაცს არათუ შენიშნული ჰყავდა მომავალი მეუღლე, არამედ - იცნობდა კიდეც. ტყუპი გოგონები საღამოზე მართლაც წასულან, მერე ირაკლისთან საერთო ახლობლებიც აღმოუჩენიათ და დაწყებულა გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დიდ დროს ატარებდნენ ერთად... ასე გავიდა ხანი და გამჟღავნდა სიყვარულიც.

დიდი სამამულო ომის შემდეგ საზოგადოებაში, თურმე, ძალიან მიღებული იყვნენ გენერლები. ირაკლი აბაშიძესაც ჰყოლია რამდენიმე მეგობარი გენერალი და ნელის მამასთან, დავით ჟორდანიასთან ქალიშვილის ხელის სათხოვნელად სწორედ იმ გენერლებთან ერთად მისულა. სუფრასთან კარგად რომ მოულხენიათ, ბატონ ირაკლის მხოლოდ მაშინ უთხოვია დავითისთვის ქალიშვილის ხელი. დავითს გასცინებია: ირაკლი, მეგონა, პორტარტურის ასაღებად მოხვედით. ნელი თუ გინდოდა, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!

“წუხელ თოვდა,/ ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,/

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე.../

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში/

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.../

მიხარია,/ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,/ წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი.../

ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,/ მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!...“ ირაკლი აბაშიძე და ნოდარ დუმბაძე ირაკლი აბაშიძე 37 წლის იყო, ნელი ჟორდანია ცოლად რომ შეირთო. მოკრძალებული ქორწილი უნივერსიტეტის (ამჟამინდელი ილია ჭავჭავაძის გამზირი) ქუჩაზე, შინ ჰქონდათ. მოგვიანებით ქალბატონ ნელის უთქვამს შვილებისთვის, - იმ დღიდან ყველაზე კარგად სტუმრად მოწვეული დები იშხნელების სიმღერა დამამახსოვრდაო. ჯვარი არ დაუწერიათ. იმხანად, ალბათ, ვერც გაბედავდნენ. ეგ კი არა, მაშინ მრგვალ ბეჭედსაც კი არ ატარებდნენ, თურმე. სამი შვილი შეეძინათ – ირინე, ზურაბი და ვახტანგი (ვატო). ეს უკანასკნელი რომ დაიბადა, ირაკლი აბაშიძე უკვე 50 წლის ყოფილა და და-ძმის შეფასებით, საქართველოში კი არა, დედამიწის ზურგზე უფრო განებივრებული ბავშვი არ არსებობდა. არადა, ბატონმა ვახტანგმა თავად მითხრა, ყოველთვის ვიცოდი, რა შეიძლებოდა ჩემთვის და რა - არა. ჩვენ და მშობლები მეგობრები ნამდვილად არ ვიყავით და ვფიქრობ, მამისა და შვილის ურთიერთობა ვერაფრით გაიგივდება მეგობრების დამოკიდებულებასთან. მაგალითად, მამას "ირაკლის" ვერაფრით დავუძახებდი, სიგარეტიც არასდროს მომიწევია მასთან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ვეწეოდი. მამა შეფარვით, თანამიმდევრულად ყოველთვის გვამზადებდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მაგალითად, მთვრალიც ხშირად ვუნახივარ მას და ზედმეტად მთვრალიც და იმ წუთას არაფერი უთქვამს, დილით კი აუცილებლად მეტყოდა: კაცმა, ჯანმრთელად რომ იყოს და მერე უკეთესად შეძლოს და შეირგოს სმა, 25 წლამდე არ უნდა დალიოსო. მახსოვს, 1980-იან წლებში "მშრალი კანონი" შემოიღეს და სმა აკრძალეს. მამას რადიოდან დაურეკეს და ამაზე აზრი ჰკითხეს. მამამ ღიმილით უპასუხა: მე რომ გითხრათ, სმის აკრძალვა კარგია-მეთქი, ვინ დამიჯერებს, ჭიქა არ გამიშვია ხელიდან. თუ გინდათ, ვახტანგ ბერიძეს დაურეკეთ. მანაც თუ უარი გითხრათ, მაშინ ევგენი ხარაძეს მიმართეთ - არც ერთს, არც მეორეს ცხოვრებაში არ დაულევიაო.

ირაკლი აბაშიძეს, თურმე, არ მოსწონდა, ვინმე ასაკს თუ შეახსენებდა. ფეხი აწუხებდა, სახსრის ანთება ჰქონდა და ერთხელ ექიმს უთქვამს: ბატონო ირაკლი, თქვენი ფეხის ტკივილი ასაკის ბრალიაო. პოეტი გაბრაზებულა: მეორე ფეხიც ხომ იმ ასაკის მაქვსო? ერთი ახლობელი ჰყავდა, თურმე, წლიდან წლამდე, როცა უნდა ეკითხათ, მუდამ 50 წლის იყო. ერთხელ იგი ბატონ ირაკლისთან მისულა და ეს უკანასკნელი უგუნებოდ დახვდა. - რამდენი წლის ხარ ახლა შენო? - ტრადიციულად ჰკითხა მასპინძელმა სტუმარს და მისგანაც ტრადიციული პასუხი მიიღო - ორმოცდაათისო. - კაცს ჭკუა არ ემატებოდეს, გამიგია, მაგრამ ასაკი არ მომატებოდეს, პირველად მესმისო, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა, თურმე, ირაკლი აბაშიძემ. გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე რუსთაველის ფრესკასთან. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

როდესაც პოეტ-აკადემიკოსს ყელის იოგები ამოაჭრეს, თავიდან საერთოდ ვერ იღებდა, ხმას, ამიტომ სასტვენი ჰქონდა და ოჯახის წევრები ოთახიდან სასტვენის ხმას რომ გაიგონებდნენ, ზუსტად იცოდნენ, ვის ეძახდა - ერთი დასტვენით მეუღლეს, ორით - ირინეს, სამით - ზურაბს და ოთხით - ვახტანგს ანუ ასაკობრივი იერარქია დაცული ჰქონდა...

საყვარელ მეუღლეს ირაკლი აბაშიძემ, ცხადია, ლექსებიც მიუძღვნა. ერთ-ერთ მათგანზე ბატონმა ზურაბ აბაშიძემ ღიმილით გაიხსენა: "მამამ დედას დაუწერა ლექსი "შენ დაგიტოვებ" და არ გაინტერესებთ, რას უტოვებდა? - "უძილო ღამეს", "დაღლილ ღიმილს", "უხმარ ცრემლებს", "უთქმელ სიზმრებს"... დედამ უსმინა და, - ცოტა ფულიც დამიტოვე, ირაკლიო, - სიცილით სთხოვა". ცხადია, ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი, მეტაფორებით გაჟღენთილი ეს "ანდერძიც" მისი მეუღლისადმი უდიდესი სიყვარულის დასტური იყო:

"მე დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს,/ ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია -/ ჩემს განძს: ჩემს ათას უძილო ღამეს,/ წყეულმა იჭვმა რომ დამაჩვია./ შენ დაგიტოვებ ჩემს დაღლილ ღიმილს,/ ჩემს მთიდან მთებზე დაფლეთილ მზერას; რიხით და სიტყვით, ლხინით და ღვინით/ შიგ გულში ჩამწყდარ ჩემს ათას ბგერას;/ შენ დაგიტოვებ ჩემს უხმარ ცრემლებს,/ ჩემს ბაღში გამხმარ ფოთლების ცვენას,/ ჩემი დღის მდევრებს, ჩემს ღამის მთევლებს,/ ჩემს უთქმელ სიზმრებს, დარდსა თუ წყენას;/ დაადე კლიტე და სკივრში, ძროში/ ჩასჭედე, ჩადე ჩუმად და ფრთხილად/ და სთხოვე გახსნან იმ დიად დროში -/ შთამომავლობის იმ სასტიკ დილას".

ირაკლი აბაშიძე მეუღლესთან, ქალიშვილ ირინასთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად

"ო, არა გაზაფხულზე - ზამთარში... ზამთარში!.."

ქალბატონმა ირინემ მამიდის მონათხრობი მიამბო: ერთ მშვენიერ დღეს შინ, ხელჯოხით სკამზე მჯდარ ბაბუას ბებიასთვის დაუძახნია, - ლიზა ამა და ამ დღისთვის - რიცხვი დაასახელა - მოემზადეო. ლიზა რომ გაოცებულა, დაუმშვიდებია, - ნუ გეშინია, ან ცუდი მოხდება, ან კარგიო და სწორედ იმ რიცხვში გარდაცვლილა. მიმხვდარან, რომ ბაბუას ამ ამბის მიმანიშნებელი სიზმარი ჰქონდა ნანახი. საერთოდაც, ბაბუას, თურმე, ხშირად უხდებოდა სიზმრები... უსინათლო მამის თემა, თითქოს, სულ გასდევს ირაკლი აბაშიძის პოეზიას. რამდენიმე ლექსიც მიუძღვნა მამას და მამასავით მასაც უხდებოდა ხოლმე სიზმრები. ერთი-ორჯერ გულის შეტევა რომ დაემართა და ცოლ-შვილი ძალიან შეშფოთდა, ყველა დაამშვიდა, ნუ გეშინიათ, სანამ მამაჩემი არ გამომეცხადება სიზმარში, არაფერი მომივაო. მერე კი, ერთ დღეს, განსაკუთრებით ცუდად არც ყოფილა, მაგრამ შინ თქვა, მამაჩემი ვნახე სიზმარშიო და ოჯახს თავის ექიმ მეგობართან, ირაკლი ჭუმბურიძესთან, საავადმყოფოში წაყვანა სთხოვა... ირაკლი აბაშიძემ ორ დღეში დალია სული.

პ.ს. ამბობენ, პოეტებს განსაკუთრებული წინათგრძნობა აქვთო. ეს წინათგრძნობა, ინტუიცია მის ლექსებშიც იგრძნობა და თუ ჩაუღრმავდები, პოეტის ლექსად ნათქვამს აუცილებლად დააკავშირებ მოგვიანებით ეპოქაში მომხდარ მოვლენებთან. ეს მხოლოდ ეპოქას კი არა, მის ცხოვრებასაც ეხებოდა. ირაკლი აბაშიძეს გამორჩეულად უყვარდა გაზაფხული და გაზაფხულობით შინ, თურმე, ყოველთვის აყვავებული ტოტით ბრუნდებოდა. ფეხით სიარული უყვარდა და ერთხელაც, შინ დაბრუნებულს, უთქვამს: მოვდიოდი და ვფიქრობდი, როგორ არ მინდა, გაზაფხულზე მოვკვდეო. მერე ლექსიც დაწერა: "ო, არა გაზაფხულზე, ამ მზეში, ამ დარში,/ ო, არა გაზაფხულზე - ზამთარში... ზამთარში!.." იცით, როგორ ზამთარში გარდაიცვალა? - 1992 წლის 14 იანვარს, თბილისის ომის დროს...

(სპეციალურად საიტისთვის)