არა, ბატონებო, არ გავაკეთებ!.. - კვირის პალიტრა

არა, ბატონებო, არ გავაკეთებ!..

ჩემს გადაცემაზე მინდა გესაუბროთ, "აკრედიტაციის გარეშე" რომ ჰქვია. ვისაც არა გაქვთ ნანახი, გეტყვით, რომ უჩვეულო ფორმატი აქვს. დავდივარ კამერების თანხლებით და ვცდილობ, "დავარცხნის",  მონტაჟური ხრიკებისა  და ქვეტექსტების გარეშე რაღაცებს ნათელი მოვფინო. ხან პარლამენტის წევრებს ვეკითხები მიშას ნაკლზე, ხან ვანო მერაბიშვილისთვის პოლიციის ახალ ჰიმნს ვქმნი და შს შუშებიან სამინისტროში მიმაქვს, ხან მატყუარა ჟურნალისტთან "ვარჩევ საქმეს".

კამერები თან დამყვება, გარდა ამისა, თან დამყვება შიში, რომელიც თითქმის ყველა რესპონდენტის თვალებში ჩანს. "რა ვუპასუხო ამ მოულოდნელად აღმოცენებულ "პროვოკატორ" რამიშვილს? რამე ზედმეტი არ წამომცდეს და არ დავიღუპო".".. აი, ასეთი ფიქრები აღებეჭდებათ ხოლმე სახეზე ჩემ წინ მდგომ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს შიში პერმანენტულმა ტერორმა შვა, იმ ძალადობამ, რომელსაც ეს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები ნერგავენ. მაგრამ ეს არ არის ჩემი სტატიის მთავარი თემა. სოციალურ ქსელში ბევრი საქებარი წერილი მომდის, მაკრიტიკებენ კიდეც. ამ ბოლო დროს კი იმატა გზავნილებმა, რომლებშიც მთხოვენ, რომ გადაცემაში ეკლესიას "დავუთმო" ყურადღება. აი, მაგალითად, რას მწერს ერთ-ერთი მოქალაქე:

"ბატონო შალვა, ნელ-ნელა, მე მგონი, იხვეწება და მიზანმიმართული ხდება თქვენი ხედვა. უბრალოდ, ისევ და ისევ (პირადად ჩემთვის), პრობლემად რჩება ის, რომ თქვენისთანა პიროვნება ვერ ხედავს, ან კიდევ, არ უნდა, რომ დაინახოს ეკლესიის მავნე როლი საზოგადოებაზე დღევანდელ დღეს. კერძოდ, ის, თუ როგორ აფერხებს ეს ინსტიტუტი ქვეყნის, სახელმწიფოს განვითარებას და მის ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან. მთავრობის, ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, კარგი იქნებოდა, შიგადაშიგ მაგ სტრუქტურებშიც შეხვიდეთ მიკროფონით და მათაც დაუსვათ იგივე კრიტიკული კითხვები."

ამ შინაარსის თხოვნა მომრავლდა, ამიტომ მინდა, ყველას ერთად გავცე პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ მე არა ვარ რელიგიურად მცხოვრები კაცი. ეკლესიაში არ დავდივარ, არ ვლოცულობ, მარხვას არ ვიცავ. ამ ყოველივეთი არ ვტრაბახობ. პირიქით, ძალიან მინდა, რომ მწამდეს. წარმოვიდგენ, რა დიდ ძალას მომცემს იმის შეგრძნება, რომ მარტო არა ვარ აქ, რომ ბევრი რამ  წინასწარაა განსაზღვრული, რომ არსებობს აბსოლუტური, საყოველთაო სიკეთე... აი, დავწერე ეს ფრაზა და  დავფიქრდი... შეიძლება, იმიტომაც არა მაქვს რწმენა, რომ მასაც (ანუ რწმენას) ძალა-უძალობის გადმოსახედიდან ვუყურებ. იქნებ არასწორია, რომ ძალების "მოსამატებლად" მჭირდება ეს. მაგრამ გვეყო ამაზე... მოკლედ, არა ვარ სანიმუშო მორწმუნე. თუმცა, გავიმეორებ, რომ ეს ჩემს პრობლემად უფრო მიმაჩნია, ვიდრე -   ღირსებად.

შემდეგ: გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თავს ჩვენი პატრიარქის უმცროს მეგობრად ვთვლი. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება მასთან აუდიენციისა. შეიძლება, ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს, მაგრამ სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. მასთან ყოფნისას არასდროს მიგრძნია, რომ მე დოგმატიკოსს ვესაუბრებოდი. უწმინდესი იმაზე თანამედროვედ აზროვნებს, ვიდრე ბევრი ის პირი, რომლებიც "მოდერნისტული"  იდეების პროპაგანდისთვის ხელფასს იღებენ. ვისაც უწმინდესისადმი ჩემი მოწიწების ეს მიზეზი არ აკმაყოფილებს და ყოველივეს მერკანტილურ ჭრილში უყურებს, მათ გასაგონად დავძენ, რომ პატრიარქი ჩემი ციხეში ყოფნის დროს ეხმარებოდა ჩემს ოჯახს სიტყვით და მატერიალურადაც.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მივადექით. მე არ მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს პროგრესს, მის მოდერნიზაციას ეკლესია აფერხებს. საქართველო სეკულარული ქვეყანაა. შიშის, შეზღუდულობის დამნერგავი აქ მხოლოდ ხელისუფლება შეიძლება  იყოს. მავანი ამბობს, რომ ეკლესიას გაუმართლებლად დიდი ნდობა აქვს საზოგადოებაში. რომ იქ მოღვაწენი  არ იმსახურებენ ესოდენ დიდ ვოტუმს ნდობისას. მე ვეკითხები მათ:

რა ინსტიტუცია, რა იდეალი დაგვრჩა ჩვენ მიშას ხელში?! სასამართლო გააუპატიურეს, მედია მიითვისეს, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და მხედრული იდეალები გორთან მტვერში ამოგანგლა მთავარსარდალმა, არჩევნების ნდობა დაბალია, დემოკრატიის - მით უმეტეს, ნატო გაქრა, ქვეყნის გამთლიანების იდეა დადნა. რატომაა გასაოცარი, რომ ხსნას, შვებას ადამიანი ეკლესიაში ეძებს?

განა ეკლესია ავრცელებს იმ უნიჭო ტელეტყუილებს, რომლითაც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქენი იკვებებიან, განა ეკლესიის ბრალია, რომ შიშით მიყურებენ  პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები თუ ე.წ. უბრალო მოქალაქეები. იქნებ ეკლესიის კრიტიკა "ზემოდანაა" დაშვებული, რათა შეიქმნას ქარიშხალი ჭიქაში, რომელიც საზოგადოების ყურადღებას არსებითი პრობლემებიდან სულ სხვა მხარეს გადაიტანს?!

არა, ბატონებო, არ გავაკეთებ გადაცემას ეკლესიაზე (თან, არც ერთი კონფესიის ეკლესიაზე). არ მინდა, ვიღაცის თამაშში აღმოვჩნდე ჩათრეული.