"პირველ კლასში, პირველ დღეს, ბებიამ წამიყვანა სკოლაში" - ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია - კვირის პალიტრა

"პირველ კლასში, პირველ დღეს, ბებიამ წამიყვანა სკოლაში" - ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია

ელდარ შენგელაია იუბილარია. ლეგენდარული რეჟისორი  88 წლის გახდა.   ეროვნული კინოცენტრი ამ თარიღს მისი და თამაზ მელიავას ფილმის, "თეთრი ქარავანის" აღდგენილი ვერსიის ჩვენებით აღნიშნავს. კინოჩვენება შაბათს, 30 იანვარს, საღამოს ათ საათზე გაიმართება.

1964 წელს "თეთრი ქარავანი" პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში "კანის კლასიკა".

აისბერგი, რომელიც ბრწყინავს - "თეთრი ქარავანი" კანის ფესტივალზე

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 30 იანვარს ეროვნული კინოკლუბი მაყურებელს აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს.

"თეთრ ქარავანს" სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი" - აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

kvirispalitra.ge გთავაზობთ ელდერ შენგელაისთან წლების წინ ჩაწერილ ინტერვიუდან ნაწყვეტს:

შინ სტუმრობისას, რეჟისორმა ბავშვობიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა და დღესასწაულებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულებაც გაგვიზიარა.

- პირველ კლასში, პირველ დღეს, ბებიამ წამიყვანა სკოლაში. დედას რომ წავეყვანე, არ გამოვიდოდა, მას რომ დაინახავდნენ, ატყდებოდა მთელი ამბავი... მოკლედ, ბებიამ დამლოცა და შევედი პირველ კლასში.

8 წლის ვიყავი. დავჯექი მერხთან და გვერდით მომიჯდა პატარა გოგონა. უცებ გავწითლდი და მივხვდი, რომ ის შემიყვარდა (იღიმის). მეორე დღეს დედას მოვპარე მძივები და სკოლაში წავიღე. იმ გოგონას მივეცი.

დახედა და მერხში შეაგდო. მესამე დღეს მივედი სკოლაში და პირდაპირ სამასწავლებლოში შემიყვანეს. მასწავლებელმა მკითხა, ეს მძივები ვისიაო? ისევ გავწითლდი და ვუთხარი, დედაჩემის-მეთქი. დაურეკეს ჩემს მშობელს და სკოლაში დაიბარეს. დედა მოვიდა და მოუყვნენ, რაც მოხდა. ამაზე დედამ სიცილი დაიწყო და ითხოვა, ის გოგონა მასთან მიეყვანათ. მოვიდა ბავშვი და დედამ მას თავისი მძივები აჩუქა.

- ნეტა სად არის ახლა ის გოგონა?

- არ ვიცი... თავიდან გოგონები და ბიჭები ერთად ვსწავლობდით, მესამე კლასიდან გაგვყვეს - პირველი ვაჟთა სკოლა დავამთავრე.

- ვიცი, ურთულესი დრო იყო, მაგრამ მაინც თუ ახერხებდით დღესასწაულების აღნიშვნას? - ვერ წარმოიდგენთ, როგორი რთული დრო იყო. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მე 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. შავი პური ბარათებით გაიცემოდა - 400 გრამს ვიღებდით. მაშინ დედაჩემს, თენგიზს და მე ნავთის რიგში დგომა გვიწევდა. დედა საჭმელს რომ გვაჭმევდა, აუცილებლად გვისხამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს. ჩემი ძმების, გიორგისა და თენგიზისგან განსხვავებით, რთულად აღსაზრდელი ვიყავი, ამიტომ დედამ გადაწყვიტა "სუვოროვის სასწავლებელში" (სუვოროვის სამხედრო სკოლა) ჩავებარებინე. ეს რომ გავიგე, სხვენში ავვარდი. ბიჭებმა მომიტანეს საჭმელი, საბანი და 3 დღე იქ ვიყავი.

მეგონა, როცა ჩამოვიდოდი, დედა გამიბრაზდებოდა. სთხოვა ბიჭებს, გადაეცით, არ გავუბრაზდებიო. მართლაც, როცა სხვენიდან ჩამოვედი, არაფერი მითხრა - ჩვეულებრივად გავაგრძელე სკოლაში სწავლა.

მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლა რომ გადავწყვიტე, დედა წამომყვა. ასე ყველა არ აკეთებს. დედა მაშინ პოპულარული მსახიობი იყო. არ მინდოდა მოსულიყო ინსტიტუტში. გამოცდების დღეები იყო, 5 საათი იქნებოდა, როცა მომაკითხა. ერთმა ბიჭმა მითხრა, ქვევით ვიღაც ქალი გელოდებაო. ჩავედი და დედა დამხვდა. მშიერი ხარო და კაფეში წამიყვანა. მომიტანეს საჭმელი და 1 ჭიქა არაყი. გამიკვირდა, დედამ რომ მითხრა, - ეს შენთვისაა, ჭამე, დალიე და გამოცდაზე ისე გადიო. მართლაც, ასე მოვიქეცი. წავედი, გავედი გამოცდაზე და ჩამრიცხეს ინსტიტუტში.  იხილეთ სრულად