"ჩემი შვილი მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც ფოტოზე..." - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც ფოტოზე..."

"მივხვდი, უღირსად ვიქცეოდი. არ ვიყავი ასეთი ქალის ღირსი. გაღიზიანებულმა პირდაპირ მივახალე, რაშიც ვხარჯავდი მის გამოგზავნილ ფულს და ისიც ვუთხარი, რომ დაფიქრებულიყო, უნდოდა კი ჩემთან ყოფნა?"

იმედა გამყრელიძე - ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ციხეში გაატარა. როგორც ამბობს, 18 წელი ქუჩაში იდგა "ბირჟის" ბიჭებთან ერთად, მერე დააპატიმრეს. ციხიდან გამოსული, უკრაინაში წავიდა და იქ შეხვდა ადამიანს, რომელმაც ცხოვრების სტილის შეცვლისკენ უბიძგა, წიგნი დააწერინა. იმედამ გულახდილად გვიამბო საკუთარი თავგადასავალი და იმ ერთადერთი შვილის შესახებაც მოგვიყვა, რომლის მხოლოდ ერთი ფოტო აქვს ნანახი და რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებს...

- დედა მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, მერე მერიაში და კიდევ სად აღარ, რომ ორი "კაპიკი" ეშოვა, რათა მე და ჩემი ძმა ვერჩინეთ. მამა არ გვყავდა გვერდით (6 წლის ვიყავი, როცა ჩვენგან წავიდა) და ბიჭებს თავში გვიქროდა. ნაადრევად დავუმეგობრდით ე.წ. ქუჩის ბიჭებს, დავიწყეთ მოწევა, მერე მოპარვაც. ხომ იცით, ბავშვები ადვილად ითვისებენ ყველაფერს და რომ ვნახეთ, იოლად იშოვებოდა ფული, ვიფიქრეთ, სულელები ხომ არ ვართ, თვეების განმავლობაში ველოდოთ ხელფასს, როცა შეიძლება ასე უფრო მეტი იშოვო-თქო. ვუყურებდით, როგორ წვალობდა დედა და მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა თავის გასატანად. ჰოდა, მივეჩვიეთ მოპარვას... როცა წამოვიზარდეთ, ჩემი ძმა - დათო დაიჭირეს, მაშინ 15 წლის იყო და ორი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ეს ჩემთვის მაგალითი ვერ გახდა, ამით ვერაფერი ვისწავლე. მერე მეც დამიჭირეს რამდენჯერმე, თუმცა, ყოველთვის მიმართლებდა და მიშვებდნენ. მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ხომ ვერ მოიტანს და 18-ის ვიყავი, როცა წვრილმანი ქურდობის გამო პატიმრობა მომისაჯეს. 31-ის ვარ და 11 წელი იქ მაქვს გატარებული. თუმცა, რაღაც კარგი იქაც იყო: ციხეში დავიწყე წიგნების კითხვა, ლექსების წერა...

- დედაზე მიამბე ცოტა მეტი... ვფიქრობ, თქვენი საქციელით ეს ქალი ძალიან გაიტანჯებოდა. მისი სიტყვა თქვენთვის არაფერს ნიშნავდა? - იცი, როცა პატარა ხარ, ბევრ რამეს ვერ აცნობიერებ... სხეულზე ადგილი არ გვაქვს დარჩენილი, დედას რომ არ მოერტყას ჩვენთვის. ხან ცოცხით, ხან ჯოხით გვცემდა, რომ აზრზე მოვეყვანეთ, მაგრამ ვერ მოგვათვინიერა. აი, როცა რუსთავში ხალხი შიშისგან ქუჩაში არ გამოდიოდა, ქალაქში მანიაკი დადისო, დედაჩემი ღამით ქუჩაში დაგვეძებდა, ხან სახურავებზე, ხან სარდაფებში. საცოდავ ქალს მთელი რუსთავის პოლიციელები იცნობდნენ. მართლა სული გაელია ჩვენს პატრონობაში, მაგრამ არ ვუჯერებდით.

- მამა რომ გყოლოდათ გვერდით, ეს რამეს შეცვლიდა თქვენს ცხოვრებაში? - მისი, როგორც კაცის, მეტი რიდი გვექნებოდა. ასე ვფიქრობ და ამიტომაც არ მინდა ჩემი შვილი უმამოდ იზრდებოდეს... ახლა დედაჩემი 75 წლისაა. მაგრად უჭირს გადაადგილება. მყავს მოხუცებულთა სახლში, მისივე სურვილით. ერთ დღეს მითხრა: სულ შინ ვარ, მხოლოდ ტელევიზორი თუ მართობს. მიმიყვანე თავშესაფარში, იქ ჩემი ტოლები იქნებიან, დამელაპარაკებიან, მიმკურნალებენო. ქალაქის მერთან მივედი და დახმარება ვთხოვე. მიიღეს თავშესაფარში... დაახლოებით 2 თვის წინ შემომჩივლა, ფსიქოლოგიურად აქ უკვე მიჭირსო. ვთხოვე თავშესაფრის თანამშრომლებს, ცოტა ხანი წავიყვან-მეთქი. წამოვიყვანე ორი კვირით და ორი თვე დარჩა. სამწუხაროდ, ჩემი დახმარების გარეშე საპირფარეშოშიც ვერ მიდიოდა. კი, დედაა, მაგრამ მის მოვლას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებდი და ისევ მივიყვანე. ჩემთან ისე კარგად ვერ იქნება, როგორც იქ, მზრუნველი ადამიანების ხელში.

- როგორც შენს წიგნში - "უიმედო სიყვარულის კრიმინალური ისტორია" წერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტე, საქართველოდან წასულიყავი, რადგან აქ შენს მომავალს ვერ ხედავდი... - არა, ეგ ციხეშივე გადავწყვიტე. როცა გამოვედი, ძმის დახმარებით უკრაინაში ჩავედი. აეროპორტში დათოს ნაცნობი დამხვდა, რომელმაც სხვა ქართველის ბინაში, სოფელ ბუჩაში მიმიყვანა, - შეგიძლია ცოტა ხანს იქ იცხოვროო. ბინაში შესულს ქართველი კაცი, გია დამხვდა, რომელმაც ამიხსნა, რომ ბინა ნაქირავები ჰქონდა მეგობარ დიმასთან ერთად და თუ მას საწინააღმდეგო არაფერი ექნება, რისი დიდი იმედიც მაქვს, რამდენიმე დღე შეგიძლია ჩვენ გვერდით იცხოვროო.

დიმა მეგობრული ადამიანი აღმოჩნდა. მან არათუ დარჩენის ნება მისცა იმედას, არამედ სცადა ხელი გაემართა ახალჩასულისთვის და ერთ დღეს შესთავაზა, - ჩემი შვილი პურის საცხობში მუშაობს, ხაჭაპურებსაც აცხობს და ამ საქმეს შეგასწავლის. საჭმელ-სასმელსა და ბინაში თანხა არ დაგეხარჯება, ამაზე მე ვიზრუნებ, ოღონდ პატიოსნად იცხოვრეო. იმედაც დასთანხმდა მის წინადადებას...

- მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვთაკილობდი ყველანაირ სამუშაოს, მაინც წავყევი დიმას. მან ისე გულიანად შემომთავაზა დახმარება და დასაქმება, რომ არ მქონდა უფლება, ჩემი სულელური პრინციპები ყველაფერზე წინ დამეყენებინა. მეორე დღეს დიმამ კიევის იმ თონეში წამიყვანა, სადაც მისი შვილი თენგო მუშაობდა. მან ჩემი თავი შვილს ჩააბარა და წავიდა. თენგოც მეგობრულად შემხვდა, ღიმილით მიხსნიდა ყველაფერს. ამ საცხობში მის გარდა, კიდევ ორი ქართველი ბიჭი და ერთი უკრაინელი გოგო მუშაობდა. ყველამ თბილად მიმიღო, გულმოდგინედ მასწავლიდნენ ცომის მოზელას, გავარვარებულ თონეში პურის ჩაკვრას, ხაჭაპურების ცხობას და მეც ყველაფერს მონდომებით ვიმახსოვრებდი. ერთ დღეს, როცა თენგოს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და საცხობიდან წავიდა, მისი შეცვლა მომიხდა. ვიდრე მოვიდოდა, ორასზე მეტი ხაჭაპურის გამოცხობა მოვასწარი და ყველა გაიყიდა. საღამოს, როცა უფროსმა ეს ამბავი შეიტყო, დამიბარა და სამსახურიდან უცნაური მიზეზით დამითხოვა... მალე დიმამ სხვა თონეშიც გამომიძებნა ადგილი. ისე წარმადგინა ობიექტის უფროსთან, რომ კაცს სხვა გზა არ დაუტოვა და იმანაც ამიყვანა.

ერთ დღეს, როცა სოფლისკენ მიმავალ, ხალხით გაჭედილ ავტობუსში ძლივს შეძვრა და ფიქრობდა, რომ არ გაუმართლა, რადგან ლამის ცალ ფეხზე მდგომს მოუწევდა მგზავრობა, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ მომენტში გაუმართლა ყველაზე მეტად:

- ჩემ წინ უმშვენიერესი მანდილოსანი იდგა, რომლის ცისფერმა თვალებმა და შავმა დეკოლტემ ჩემი ყურადღება მიიპყრო და სულ გადამავიწყდა, ავტობუსში რომ ვიჭყლიტებოდი. გოგონა იქვე ავავსე კომპლიმენტებით, ის კი იდგა და უბრალოდ, იღიმოდა. სახელიც ვკითხე. არ დაუმალავს, მიპასუხა. გათამამებულმა ტელეფონის ნომერიც ვთხოვე, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი მივიღე. მითხრა, გათხოვილი ვარ და შენთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვსო. არ დავუჯერე. ვიფიქრე, რომ ასე სურდა თავიდან მოვეშორებინე, ამიტომ მობილური ტელეფონი სწრაფად ავართვი, მეც მაქვს ასეთი-მეთქი და მაშინვე ჩემი ნომერი ავკრიბე. გაოგნებული მიყურებდა. ვერ მიხვდა, რას ვაკეთებდი. როცა ჩემი ტელეფონის ეკრანზე მისი ნომერი დაფიქსირდა, გამარჯვებული სახით დავუბრუნე მობილური.

მომდევნო დღეს უამრავჯერ დაურეკა, "ესემესებს" სწერდა, მაგრამ ქალი ჯიუტად არ პასუხობდა. კიდევ ერთი დღის შემდეგ, ზარებით შეღონებულმა ქალმა ტელეფონი აიღო და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მასთან საუბრის სურვილი არ ჰქონდა და ნუღარ შეაწუხებდა. თუმცა, იმედამ როგორღაც მაინც მოახერხა და ქალი დაითანხმა, მხოლოდ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ასე დაიგეგმა პირველი პაემანი, რომელსაც მოჰყვა ურთიერთობის გაღრმავება. სულ მალე ანიას თავდავიწყებით შეუყვარდა ქართველი ბიჭი და მზად იყო, მის გამო ყველაფერი გაეღო. ქალი შედარებით ასაკოვანი აღმოჩნდა, ვიდრე იმედას ეგონა, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია. ანია თითქმის დაშორებულ ქმარს საბოლოოდ გაეყარა და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ქალი კაცს ყველანაირად ანებივრებდა. მასზე უგონოდ შეყვარებული, ვალებსაც კი იღებდა, ოღონდ იმედა ყოფილიყო ბედნიერი. მზად გახლდათ, ყველაფერი ეპატიებინა მისთვის, ღალატის მცდელობაც კი. ბოლოს, ხელიც კი მოაწერეს.

- ანია მილიონერების სახლში მუშაობდა. გამოგიტყდებით და არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, როგორ გამეძარცვა მისი უფროსები, მაგრამ თუ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანდი, ამით ანიას დავაზარალებდი, მე კი ეს ნამდვილად არ მსურდა, ამიტომაც ვიკავებდი თავს, დროს ვწელავდი.

ერთი პერიოდი საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე და როცა ეს ამბავი ვუთხარი, უყოყმანოდ დამთანხმდა, სამგზავრო და ჯიბის ფულიც კი მომცა. აქ ჩამოსული, უსაქმურად მყოფი, აზარტული თამაშებით ვერთობოდი, ანიას ფულს ვფლანგავდი. ერთ დღეს ფული ისევ რომ გამომიგზავნა, ვკითხე, - კი მაგრამ, შენთვის საჭმელს მაინც თუ ყიდულობ, მთელ ხელფასს მე რომ მიგზავნი-მეთქი? - სამსახურში ვჭამ და აღარ მიწევს პროდუქტების ყიდვაო. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მივხვდი, უღირსად ვიქცეოდი. არ ვიყავი ასეთი ქალის ღირსი. გაღიზიანებულმა პირდაპირ მივახალე, რაშიც ვხარჯავდი მის გამოგზავნილ ფულს და ისიც ვუთხარი, რომ დაფიქრებულიყო, უნდოდა კი ჩემთან ყოფნა? მისმა მშვიდმა პასუხმა უფრო ამაღელვა: - ნუ ნერვიულობ, სადამდეც შევძლებ, ფულს გამოგიგზავნი; თუ მოგწონს ეგ თამაშები, ითამაშე, რამდენიც გინდა, ოღონდ გთხოვ, არაფერი დააშავო და უვნებელი დამიბრუნდიო. თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ იმ დღის მერე თამაშებს აღარ გავკარებივარ. შემძრა იმის გააზრებამ, თუ როგორ ვუყვარდი, როგორ მიფრთხილდებოდა და გადავწყვიტე, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი მასთან და მისი გრძნობები მაქსიმალურად დამეფასებინა.

ასეც მოიქცა, მალე უკრაინაში ჩავიდა. ფიქრობდა, რომ დაიწყებდა პატიოსან შრომას საყვარელი ქალის გვერდით და მოპარვაზე არასდროს იფიქრებდა...

- რაღაც პერიოდის შემდეგ ანიასგან შევიტყვე, რომ ჩემ გამო აღებულმა მისმა ვალმა 10.000 დოლარს გადააჭარბა. ამ ამბავმა ისევ "ამრია". ამ თანხას პატიოსანი გზით კარგა ხანს ვერ დავფარავდით და... ისევ ამომიტივტივდა მილიონერების გაძარცვაზე ფიქრი, სხვა გზა არ იყო. გავბედე და ანიას ამ თემაზე დაველაპარაკე. გამოვკითხე, რა ინახებოდა სახლში, ჰქონდათ თუ არა ნაღდი ფული შინ და ა.შ. მისმა პასუხებმა აღტაცებაში მომიყვანა, რადგან ღირდა გარისკვა. ანიას დავავალე, ტელეფონით გადაეღო სახლის შიდა და გარე სივრცე, რომ მომეფიქრებინა, როგორ შემეღწია სახლში. დამპირდა, გავაკეთებო. მეორე დღეს, სანამ ანია სამსახურში იყო, სოფელ ბუჩაში წავედი, საიმედო ადგილას ორმო ამოვთხარე, რათა ნაქურდალი იქ შემენახა. შინ დაბრუნებულს ვკითხე, - რა ქენი, გადაიღე-მეთქი? შეწუხებულმა მიპასუხა, ვერაო.

გეგმას აუჩქარებლად ვაწყობდი, მაგრამ... რამდენიმე დღის შემდეგ, ანიამ აღელვებულმა დამირეკა: მოკლედ გეტყვი სათქმელს, ამ საღამოსვე ვაპირებ ყველაფრის მოპარვას, რაზეც ხელი მიმიწვდება. შენ ჩემთან ერთად ხარ, თუ მარტო მომიწვეს გაქცევაო? დარწმუნებული ვიყავი, ამას არ ჩაიდენდა; საფრთხის წინაშე არ დააყენებდა არც საკუთარ თავს და არც მე. - არა, დღეს უნდა გავაკეთო ეს და თუ ჩემ გვერდით ხარ, საღამოს 5-ზე ჩემი სამსახურის შესასვლელთან უნდა იდგე და დამელოდო, ყველაფერი გასაგებიაო? - დავიბენი და სანამ გონს მოვეგებოდი, მან ტელეფონი გათიშა.

იმ დღეს ანიამ რაც შეძლო, სახლიდან ყველაფერი გამოზიდა და საყვარელ ადამიანს გადასცა, რომელიც სამსახურთან ელოდებოდა. საღამოს ანიას სამსახურიდან დაურეკეს, გაგვქურდეს და საეჭვო არაფერი შეგინიშნავს? კამერებში უცხო არავინ ჩანო?.. მომდევნო დღეს ქალმა იმედას კრედიტების ფურცლები გადასცა, - როცა შეძლებ, ეს გადაიხადე, რომ ბინა არ გამიყიდონ და ჩემი შვილი უსახლკაროდ არ დარჩესო.

- შენ უკვე დასაჭერად გადადე თავი? - ვკითხე. - ასეც რომ იყოს, არაფერი გაქვს სანერვიულო. 22 წლის ხარ და რა გინახავს ამ ცხოვრებაში? თვრამეტ წლამდე ქუჩაში გაიზარდე, მერე წლები ციხეში გაატარე. და აი ახლა, როცა გეგონა, ცხოვრებას თავიდან იწყებდი, ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯით შარში გაგხვიე. ვიცი, ციხიდან გამომიყვან და თუ ამას ვერ შეძლებ, ჩემი გოგონა არ დაგავიწყდეს, ყურადღება მიაქციეო. თვალებზე ცრემლი მომადგა. ძლიერად ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ანია დააპატიმრეს, მოგვიანებით მეც მომადგნენ. ნაქურდალი უკვე დამარხული მქონდა.

როცა მიხვდა, საქმე ცუდად იყო და არა მარტო მას, ანიასაც წამება ელოდა, გადაწყვიტა, ყველაფერი საკუთარ თავზე აეღო და ქალი მსხვერპლად გამოეყვანა. ასეც მოიქცა. როცა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ანიამ საერთოდ არ იცოდა ამ ძარცვის შესახებ და რაღაცებს იბრალებდა საყვარელი ადამიანის დასაცავად, სამართალდამცველებიც კი აღფრთოვანებაში მოიყვანა კაცის თავგანწირვამ. იმედას 6 წელი მიუსაჯეს, ანია კი პირობით სასჯელით გაუშვეს.

- ერთ დღეს ანიამ რაღაც თანხას მოუყარა თავი და ჩემთან ჩამოვიდა, სამდღიან პაემანზე. ამ პაემნიდან დაახლოებით ერთ თვეში სასიამოვნო ამბავი შემატყობინა, - ფეხმძიმედ ვარო. ყოველდღე ვსაუბრობდით ტელეფონით, გეგმებს ვაწყობდით. ერთ დღეს, როცა მოვიკითხე, მიპასუხა: საავადმყოფოში ვარ და მერე გადმოგირეკავო. ტელეფონი გათიშა და მასე მერე 2 თვე ვერ დავუკავშირდი. ადგილს ვერ ვპოულობდი, ვცდილობდი რამე გამეგო მასზე, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამასობაში ნერვიული გავხდი, ყველაფერი მაღიზიანებდა, ყველას მიმართ აგრესიას ვიჩენდი...

ორი თვის შემდეგ ანია დაუკავშირდა და უთხრა, რომ იმშობიარა. საყვარელი ადამიანის კითხვას, სად დაიკარგე, ასე რატომ მომექეციო? ასე უპასუხა: - შენ რომ გამოხვალ, მე ასაკში ვიქნები. ახალგაზრდა ბიჭს აღარ გენდომები. არ მინდა, ჩემ გამო ვალდებულებები გაგიჩნდეს და უარი თქვა სხვა გოგოებთან ურთიერთობაზე. გათავისუფლებ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. შეგვიძლია, როგორც მეგობრებმა, ისე აღვზარდოთ ჩვენი პატარა, ერთად - თუ გექნება ამის სურვილი, თუ არადა, მარტო აღვზრდი, არასდროს არაფრით შეგაწუხებო.

- გამაოცა მისმა სიმკაცრემ და მხოლოდ ისღა მოვახერხე, შვილის ფოტოს გამოგზავნა მეთხოვა მისთვის. რამდენიმე წუთში პატარა ანგელოზის ფოტო მომივიდა. მას მერე მხოლოდ ამ პატარაზე ვფიქრობდი, ერთი სული მქონდა, როდის ჩავიკრავდი გულში, მაგრამ მისი ნახვის საშუალება არ მომეცა... დღეები დღეებს მიუყვება... დაბნეული მივუყვები ცხოვრების დინებას. ეჭვები სხეულს მიღრღნის. ერთი კითხვა არ მაძლევს მოსვენებას, სად არის ახლა ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა ლიზი? იმედია, ოდესმე ვიპოვი...

- წიგნში მთელი შენი ცხოვრება დეტალურადაა აღბეჭდილი. საინტერესოა, რას საქმიანობ დღეს? - რუსთავში აშენდა დიდი სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც თურქები ამუშავებდნენ. მათ დამასაქმეს და 4-5 თვე ვიმუშავე. ახლა დაამთავრეს თავიანთი პროექტი და ბათუმში აპირებენ საქმის გაგრძელებას. დამპირდნენ, წაგიყვანთო. ასე რომ, მოლოდინის რეჟიმში ვარ. სანამ სამსახურს ისევ ვიშოვი, ერთი-ორი ძალიან კარგი მეგობარი მეხმარება, რომლებიც მთხოვენ: ოღონდ არაფერი გააფუჭო და სანამ საჭიროა, დაგეხმარებითო. ბინის ქირის ფულს და ჯიბის თანხასაც ისინი მაძლევენ.

- დღეს სწორ გზაზე დგახარ და არ აპირებ გადახვევას? - ასეა. ანიას წყალობით დავფიქრდი იმაზე, თუ რის გამო ვარ ამ ცხოვრებაში მოსული. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ციხის კედლები გავალამაზო? 11 წელი არაა ცოტა... როცა იცი, შენზე ვიღაც არის დამოკიდებული, თავს აიძულებ, რაღაცას მიაღწიო ამ ცხოვრებაში.

- უკრაინაში დაბრუნებას აპირებ?

- მინდა დაბრუნება, თუნდაც ამ წიგნის გამო. მერე თუ შევძლებ დახმარებას იმ ადამიანების, ვინც იქ დავტოვე, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, შვილის მოძებნაა პირველ ადგილზე - მინდა უმამოდ არ გაიზარდოს...

დაბოლოს, მინდა ყველას ვურჩიო, არასდროს შეწყვიტოთ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა. ეძებონ და იპოვონ საკუთარი თავი და ძალა საიმისოდ, რომ პატიოსანი გზით მოიპოვონ შემოსავალიც და სიმშვიდეც. მოპარვას სიკეთე ნამდვილად არ მოაქვს...

ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"