"რუსები გამიზნულად ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც არ უნდა შერჩეთ" - კვირის პალიტრა

"რუსები გამიზნულად ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც არ უნდა შერჩეთ"

"დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით - ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც სარდაფში"

12-წლიანი ლოდინის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ამ გადაწყვეტილებამ ჭრილობები განუახლა მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომში რუსი სამხედროების პირისპირ აღმოჩნდა. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე,

კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი (მისი ცხედარი შინ რომ მიასვენეს, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი უპოვეს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაეწერა: "ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით,

ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"), ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

22 ქართველი სამხედროდან მხოლოდ ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, გიგა მურვანიძე, ოთარ კალმახელიძე და თენგიზ ცანავა გადარჩნენ. ოთარ კალმახელიძე ორი წლის წინ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლეილა კაკაშვილი, გორის მკვიდრი:

- ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი სისხლი და ცრემლი რუსეთს არ შერჩება... 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთ-ერთი დაბომბვისას ნამსხვრევები მომხვდა. ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ცეცხლის ალსა და კვამლში გახვეული ქალაქი საშინელი სანახავი იყო. მუხლმოკვეთილი ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. 9 აგვისტოს, იმ საბედისწერო დღეს, რა დამავიწყებს: მაშინ ჩვენს მეზობლად დაბომბილ კორპუსში 8 ქალი დაიღუპა. ქალიშვილმა დამირეკა, დედა, ჩემთან გამოდიო. ის კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს.

პირველი ბომბი "გორიჯვარში" (ასე ვეძახით აქაურები იმ ადგილს და სალოცავად დავდივართ) ჩამოაგდეს, შემდეგ კი ქალაქში. ვინც სად შეძლო, იქ შეაფარა თავი. ახლაც თვალწინ მიდგას დაბომბილი, ნახევრად ან მთლიანად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები. დაღუპულ ადამიანებზე მძიმე შესახედი არაფერია, მაგრამ პირდაფჩენილმა და გამოშიგნულმა სახლებმაც გული მომიკლა. გრუხუნი კი მესმოდა, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ჩემს სახლსაც მოხვდებოდა ის წყეული ბომბი.

გზაში ნაცნობი შემომხვდა, - კიდევ კარგი, გამოსული ყოფილხარ, შენი სახლი და მიმდებარე კორპუსები დაიბომბაო. სანამ სახლამდე მივედი, ვინ იცის, რამდენჯერ შემიღონდა გული. შორიდანვე დავინახე, ჩემს სახლს ცეცხლი ეკიდა... არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავით. თუ დაგვხოცავდნენ, თორემ სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ? აფეთქების ადგილას მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეზობლის კაცი დავრჩით. რა გვექნა, დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით - ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც სარდაფში. ამასობაში სამაშველო სამსახურიც მოვიდა... გვეგონა, ამით გადავრჩით, მაგრამ 10 აგვისტოს ისევ გაისმა თვითმფრინავების გუგუნი. მივხვდით, რაშიც იყო საქმე, მაგრამ უმწეოები ვიყავით. მერე ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩასვლა მოგვაფიქრდა. მეორე დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან უკვე ვფრთხილობდით. არც მაშინ გაურჩევიათ საცხოვრებელი კორპუსი და სხვა დანიშნულების ობიექტი - გადაგვიფრინეს და ერთიანად ჩამოყარეს ბომბები. ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, გრუხუნი და ზრიალი გაუდიოდა მთელ ქალაქს. რუსები გამიზნულად ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც არ უნდა შერჩეთ. (იხილეთ სრულად)