მსოფლიოში ცნობილი 20 ქართველი მეცნიერი, რომელთაგან ბევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი საქართველომ მხო­ლოდ პან­დე­მიის შემდეგ გაიგო - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ცნობილი 20 ქართველი მეცნიერი, რომელთაგან ბევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი საქართველომ მხო­ლოდ პან­დე­მიის შემდეგ გაიგო

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უამრავი ქართველი მეცნიერი საქმიანობს. საქართველომ ბევრის სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ქვეყანას მათი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება დასჭირდა.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ 20 ქართველ მეცნიერს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილნი არიან და მნიშვნელოვან პროექტებშიც მონაწილეობენ:

გიორგი ბაბუაძე

კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით, 2017 წლიდან დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობდა.

ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც სწორედ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია. გიორგი ბაბუაძე 2020 წლის ივნისიდან ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მუშაობს.

მამუკა მაჩაიძე

ქართველი ფიზიკოსი და ინფექციონისტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფექციონისტი ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

ის ხშირად აქვეყნებს კორონავირუსის შესახებ სამეცნიერო მიმოხილვას და დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად საზოგადოებას რჩევებს სთავაზობს. მედიცინის დოქტორი სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში იღებს მონაწილეობას. დამთავრებული აქვს ემორის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტები.

გოჩა ხელაშვილი

სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, ფიზიკის აკადემიური დოქტორია, რომელიც უკვე 25 წელია, აშშ-ში მოღვაწეობს. არის სამედიცინო ფიზიკოსი ჩიკაგოში, ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო აკედემიურ ცენტრში.

ამასთან, მისი ჩართულობით ხორციელდება სხივური თერაპიის კურსის დაგეგმარება ონკოლოგიის ცენტრში. გოჩა ხელაშვილს ფიზიკის მიმართულებით ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული, დოქტორის აკადემიური ხარისხი კი ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო.

სოფია ადამია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი საქმიანობს დან-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე მისი 140 პუბლიკაცია იძებნება.

თენგიზ გლოველი

გერმანიაში სამუშაოდ 1992 წელს წავიდა - ის ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჩჰარიტé-ს ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს იკვლევს.

მერაბ კოკაია

პროფესიით ფიზიოლოგი, წლებია შვედეთში საქმიანობს. ის დღესდღეობით არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2008 წლიდან - პროფესორი; 2011-დან - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-დან - ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი;

მერაბ კოკაიას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში 120-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია მერაბ კოკაიას უმცროსი ძმა, ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან ის შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს ხელმძღვანელობს.

თამარ პაზიაშვილი

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია. რამდენიმე წლის წინ ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის (ნერვული უჯრედების გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შედგება მასში მემბრანების მოთავსებით სპეციალური გზებით "ოპსინებით") დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები უწყდებათ.

პაზიაშვილმა, ასევე, აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ის 33 წლის ასაკში სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და გლადსტოუნის ინსტიტუტმა ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (Paz Lab). აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს იკვლევენ.

ალექსანდრე ესაძე

ჰოპკინსის უნივერსიტეტში ერთ-ერთია მეცნიერთა ჯგუფში, რომელიც შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერმა სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა 2008 წელს ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო. მისი საკვლევი მიმართულებებია: დნმ-ის აღდგენა, დნმ-ის გამარტივებული სკანირება, იმუნოლოგია/ვირუსოლოგია/უჯრედის ბიოლოგია. Google Scholar-ზე ალექსანდრე ესაძის 32 ნაშრომის მოძიებაა შესაძლებელი.

გია დვალი

მისი სახელი და გვარი სხვა მეცნიერებთან შედარებით ყველაზე კარგად ნაცნობია ქართული საზოგადოებისთვის. დვალი ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში მონაწილეობდა, რაც დიდი აფეთქების თეორიის ექსპერიმენტულ მოდელირებას გულისხმობს. სწორედ მასშტაბური კვლევებისა და რევოლუციური თეორიების გამო ქართველი ფიზიკოსი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი გახდა.

ამასთან, დვალი მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი და ასევე, ნიუ-იორკის სამეცნიერო უნივერსიტეტის პროფესორია თეორიულ ფიზიკაში. ძირითადად, მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. გია დვალის ექსპერიმენტები გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტმა სამმილიონ-ნახევარი ევროთი დააფინანსა. გააგრძელეთ კითხვა ambebi.ge