გულისკენ გზა არ ჩაურაზო ამ მოთხრობებს - კვირის პალიტრა

გულისკენ გზა არ ჩაურაზო ამ მოთხრობებს

ვიცნობდი დიდი ხნის წინაც, ვიდრე ვნახავდი. ყოველთვის, როცა მის წიგნს ვკითხულობდი, ვიცოდი, ავტირდებოდი. ჩემი წარმოსახვით, იყო მსუბუქი და ჰაეროვანი, მგრძნობიარე და მოსიყვარულე, რომელსაც ათასი დოკუმენტის მიღმა, ფურცლების გროვიდან ამოჰყავდა ადამიანი და ხელში სანთელივით ეჭირა... მერე შემთხვევით ვნახე მწერალი და მთარგმნელი ნაირა გელაშვილი.

ბიოგრაფიული ამბები ნაწილობრივ მისი შემოქმედების თემაც გახლავთ, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ ესეც კი ყველაფერი არ არის...

როცა მისი ყოფილი მეუღლის - გივი მარგველაშვილის წიგნი გამოვიდა ქართულად, დიდი ინტერესით წავიკითხე ნაირა გელაშვილის თანდართული წერილი და კიდევ ბევრი რამ დავინახე...

დრამატიზმით სავსეა განვლილი ცხოვრება. ოჯახიდან მოსდგამდა სიმართლისთვის თავგანწირვა. მამამისი - ვლადიმერ გელაშვილი მეღვინე იყო. სამტრესტის" (ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის) სამრეწველო განყოფილების გამგე. ის აკონტროლებდა საქართველოს ყველა სპირტიანი სასმელების ქარხანას. მკაცრად ებრძოდა საქართველოს ღვინის ქარხნებში დამკვიდრებულ ღვინის წახდენას - გაყალბებას. შური იძიეს: 1969 წლის 14 მარტს მისი მანქანა ააფეთქეს. ვლადიმერი გარდაიცვალა. მძიმედ დაიჭრა ნაირას უმცროსი ძმაც, 18 წლის გელა, რომელიც ძლივს გადაარჩინეს. გამოძიებამ დამნაშავეებს ვერ მიაგნო. ამ უბედურების მძიმე კვალი ოჯახს მთელი ცხოვრება გაჰყვა.

კიდევ ერთი დიდი ტკივილიანი ეპოპეა მაშინ დაიწყო, როცა ცოლად გაჰყვა გერმანულენოვან მწერალსა და ფილოსოფოს გივი მარგველაშვილს. მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია დღეს ყველამ იცის: გივი მარგველაშვილი 1927 წელს დაიბადა ბერლინში, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში=. გივი 4 წლის იყო, როცა დედამისმა, მარიამ ხეჩინაშვილმა თავი მოიკლა.

მამა, ისტორიკოსი ტიტე მარგველაშვილი ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეობდა. მუდმივად სიმართლის აღსადგენად იბრძოდა - ე.ი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ... ამიტომაც, 18 წლის ვაჟთან ერთად, საბჭოთა სპეცსამსახურებმა ბერლინის დასავლეთ ზონიდან გაიტაცეს და თბილისში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დახვრიტეს. გივი ზაქსენჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში თითქმის ორწლიანი ტყვეობის მერე თბილისში ჩამოიყვანეს...

გარემოს ხომ გარკვეულწილად ჩვენი ახლობელი ადამიანები განსაზღვრავენ... ეს იყო გარემო, სადაც უხდებოდა ცხოვრება და ბრძოლა ნაირა გელაშვილს...

რაც შეეხება მის ნაწარმოებებს, "ამბრნი, უმბრნი და არაბნი", "დედის ოთახი", "სარკის ნატეხები",  "ჩვენი გრძელი ამბავი", "მთვარით განათებული ბაღი" - დროდადრო სიზმარივით მახსენებს თავს. ადამიანებს ხომ ხშირად ჰგონიათ სიზმარი ყველაფერი, რაც კარგი და შეუცვლელი იყო მათ ცხოვრებაში... სწორედ ისე, როგორც "ამბრნი, უმბრნი და არაბნის" მთავარ გმირს:

"საერთოდ, ფიქრთან დაკავშირებით ნაჩქარეობა და სიზარმაცე დამჩემდა. რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ თუ ცოტა გართულდებოდა საქმე და ჩემი ფიქრი რაღაც ძნელსა და ხორკლიანს წამოედებოდა, იმწუთასვე თავს ვანებებდი. რაღაცას დავადგენდი, დავუშვათ, რაღაც ფაქტს აღმოვაჩენდი, მაგრამ მიზეზის პოვნისათვის ნერვები და სურვილი აღარ მყოფნიდა და თავს ვანებებდი. ერთი სიტყვით, აღმართს მივადგებოდი თუ არა, თავს აღარ ვიტკიებდი.

მაშინვე ვწყვეტდი. ვიცი, ამას რაც ჰქვია და როგორი ცხოვრებაც ჰქვია, მაგრამ მე გმირად არ მიმაჩნდა თავი, რომ დინებას წინ აღვდგომოდი. მე მას მივყვებოდი, როგორც ყველა..."

ხუთშაბათს, როცა ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის" სერიით მის ნაწარმოებებს მიიღებთ ორ ტომად, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით,

უბრალოდ თვალი უნდა გაახილო და გულისკენ გზა არ ჩაურაზო ამ მოთხრობებს...