წინ სკოლის გამოსაშვები გამოცდებია - კვირის პალიტრა

წინ სკოლის გამოსაშვები გამოცდებია

მოსწავლეებს გამოცდებზე ნეტბუქით მოუწევთ მუშაობა

მაისიდან სკოლებში საატესტატო გამოცდები იწყება. მეთორმეტეკლასელებს რვა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: ქართული, უცხო ენა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდებს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შარშან აქციებით შეხვდნენ, ახლა საამისოდ არავის სცხელა, მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადებიან.

მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - მოსწავლეებს გამოცდებზე ნეტბუქით მოუწევთ მუშაობა. თავდაპირველად შეშფოთდნენ, რადგან ბევრს არა აქვს ფუფუნება, ხშირად იმუშაოს კომპიუტერთან და ფიქრობდნენ, რომ გაუჭირდებოდათ გამოცდების ჩაბარება. ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეს პროგრამა ძალიან იოლი და მოხერხებულია მათთვის.

წელს სრულიად ახალი სისტემა ინერგება.  ჩვენ 15 ათასამდე მოსწავლის მომსახურება მოგვიწევს და გვაინტერესებს, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ალგორითმი, რომელიც საქართველოში, ჩვენს ორგანიზაციაში შეიქმნა. გამოცდებზე იქნება ყველანაირი დავალება - მარტივიც და შედარებით რთულიც.

ჩვენი პროგრამა არეგულირებს, რა სირთულის დავალება მისცეს მოსწავლეს. როდესაც პირველ დავალებას კარგად გაართმევს თავს, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში აძლევს დავალებას, რომელიც შედარებით რთული იქნება. თუ მოსწავლე დავალებას სწორ პასუხს ვერ გასცემს, მას პროგრამა უფრო იოლ დავალებას მისცემს. ყოველი მომდევნო დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გასცა მოსწავლემ პასუხი წინას.

ტრაგედია არ არის, თუ მოსწავლე რამდენიმე დავალებას სწორად ვერ უპასუხებს. დავალებების მაქსიმალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ორმოცამდე იქნება. მაგრამ ჩვენი სისტემის მეშვეობით მოსწავლის ცოდნა შეიძლება გაცილებით ნაკლები დავალებითაც შემოწმდეს. როგორც კი პროგრამა მოსწავლის ცოდნის შემოწმებას მოახერხებს, გამოცდა წყდება და მოსწავლე მომენტალურად იღებს შედეგს.

- შეიძლება საგამოცდო საკითხად მოვიდეს ისეთი, რაც სკოლაში არ გაუვლიათ?

- საგამოცდო საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მომზადდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პრობლემები იყო იმის გამო, რომ სასწავლო გეგმა მხოლოდ რეკომენდებული მწერლების ჩამონათვალს ითვალისწინებდა და არა კონკრეტულ ნაწარმოებებს. ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, მიგვეთითებინა კონკრეტული მწერლები და კონკრეტული ნაწარმოებები.

გოგი მაჭავარიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი: - ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების ბაზაში 600-მდე კითხვა გვაქვს, საიდანაც 50% ენობრივ საკითხებს ეძღვნება, 50% - ლიტერატურის ცოდნის შემოწმებას. ახლა ტარდება აპრობაცია და, ალბათ, ბაზაში ყველა დავალება არ დარჩება. დავტოვებთ საშუალო და მარტივ დავალებებს. რთული დავალებები მცირე რაოდენობით იქნება. ეს პროგრამა მოგვცემს ძლიერი, სუსტი და საშუალო მოსწავლეების დიფერენცირების საშუალებას.

მთავარი და აუცილებელია მოსწავლემ გულდასმით წაიკითხოს დავალების პირობა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შემოწმდება ტექსტის ცოდნა, წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი, გრამატიკის ცოდნა. მოსწავლეს შეიძლება მიეცეს დავალება, სადაც დაშვებულია შეცდომა და ის უნდა მოძებნოს. არის სტილისტური, ლექსიკის, პუნქტუაციის, ორთოგრაფიული და სინტაქსური საკითხები.

გამოცდა საათ-ნახევარს გაგრძელდება. თითოეული დავალების შესასრულებლად მოსწავლეს 2 წუთი და 15 წამი აქვს. თუ დროში ვერ ჩაეტევა, კითხვა გაქრება და ეკრანზე ახალი კითხვა გამოვა. ეს იმისათვის, რომ მოსწავლეს დიდხანს არ მოუხდეს ერთ კითხვაზე ფიქრი.  საატესტატო გამოცდაზე არც თხზულება და არც სხვა ტიპის წერითი დავალება არ იქნება. ახალგაზრდებს შევთავაზებთ სამი ან ოთხი სავარაუდო პასუხის მქონე კითხვებს და ამ პასუხებიდან უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი.

ხშირად დასმული კითხვები

ფასიანია თუ არა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა?

- გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა უფასოა.

ექნებათ თუ არა მოსწავლეებს, რომლებიც არ გავლენ გამოსაშვებ გამოცდებზე ან ვერ გადალახავენ ბარიერს, მომდევნო წელს ატესტატის აღების შესაძლებლობა?

- მოსწავლეს შეუძლია მომავალ წელს ჩააბაროს ის საგნები, რომლებშიც ვერ გადალახა ბარიერი და აიღოს ატესტატი.

გამოსაშვებ გამოცდებზე რა იქნება თითოეულ საგანში გადასალახი ბარიერი?

- ბარიერი დადგინდება პრეტესტის შედეგების გაანალიზების მიხედვით.

აქვს თუ არა სკოლას უფლება, არ დაუშვას მოსწავლე გამოცდაზე?

- იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა გამოსაშვებ გამოცდებში, ის სკოლამ დადებითად უნდა შეაფასოს ყველა საგანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე არ დაიშვება გამოსაშვებ გამოცდებზე.

შესაძლებელი იქნება თუ არა გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლემ ჩააბაროს უცხოური ენა, რომელსაც არ სწავლობს სკოლაში (მაგ.: სწავლობს ინგლისურს და გერმანულის ჩაბარება სურს)?

- მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე უნდა ჩააბაროს იმ უცხოური ენებიდან ერთ-ერთი, რომელშიც სკოლა უწერს ნიშანს, აფასებს, ეს ეხება არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსაც. მოსწავლე ვერ ჩააბარებს ენას, რომელშიც არ ფასდება.

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდების რამდენიმე ნიმუშს

ქართული ენა და ლიტერატურა

1. რა ტიპისაა მოცემული წინადადება?

ელისო, რომელიც წყაროსთან იჯდა, მწუხარებას ეძლეოდა.

ა) მარტივი.

ბ) შერწყმული.

გ) რთული თანწყობილი.

დ) რთული ქვეწყობილი.

სწორი პასუხია: დ

2. რომელ წინადადებაშია შეცდომა?

1) ჩემს სოფლამდე 20 კილომეტრია.

II2) ჩემს სოფლამდი 20 კილომეტრია.

3) ჩემს სოფლამდის 20 კილომეტრია.

ა) მხოლოდ I-ში.

ბ) მხოლოდ II-ში.

გ) მხოლოდ III-ში.

დ) I-სა და  III-ში.

სწორი პასუხია: ბ

3. გადატანითი მნიშვნელობით  უხერხემლო ნიშნავს:

ა) უბედურს.

ბ) უნიჭოს.

გ) უპრინციპოს.

დ) უხასიათოს

სწორი პასუხია: გ

4. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა "ალუდა ქეთელაური". ხევსურებმა უთხრეს ალუდას: "წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა". რა უპასუხა ალუდამ თანასოფლელებს?

ა) "ვაი ეგეთას სამართალს".

ბ) "ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს".

გ) "რაად სწყრებიან ხევსურნი".

დ) "საქმე მოგირთავ ავადა".

სწორი პასუხია: ა

5. გაიხსენეთ "აბო თბილელის წამება". მაჰმადიანთა აზრით, რატომ იყო აბოს დასჯა აუცილებელი?

ა) სხვა მაჰმადიანებს რომ არ მიებაძათ აბოსათვის.

ბ) ქრისტიანებს აბო წმინდანად რომ არ შეერაცხათ.

გ) ქრისტიანებს აჯანყებაზე რომ არ ეფიქრათ.

დ) ხალხს რომ აბოს სახელიც კი აღარ ეხსენებინა.

სწორი პასუხია: ა

6. რომელი ფორმა უნდა ჩავსვათ წინადადებაში: მათი მომავალი. . .  მონდომებაზეა დამოკიდებული.

ა) მათივე.

ბ) მათსავე.

გ) მათვე.

დ) მათსვე.

სწორი პასუხია: ბ

7. დავით კლდიაშვილის მოთხრობაში "სამანიშვილის დედინაცვალი" სალობერიძეებთან სტუმრობისას კირილემ მიმართა ჯიმშერს: - ძალიან არ წუხს!.. ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა შეწუხება მიჰყენებია... დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო დედაბერი და ამ ყმაწვილს გული დოუშოშმინო!.. რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს კირილე პლატონის მიმართ?

ა) კირილე ამხიარულებს პლატონს.

ბ) კირილე დასცინის პლატონს.

გ) კირილე ზრუნავს პლატონზე.

დ) კირილე თანაუგრძნობს პლატონს.

სწორი პასუხია: ბ

8) რომელ წინადადებაშია სინტაქსური შეცდომა?

ა) სპორტის ამ სახეობით არაერთი მოზარდი დაინტერესდა.

ბ) სპორტის ამ სახეობით მრავალი მოზარდი დაინტერესდა.

გ) სპორტის ამ სახეობით სხვა მოზარდებიც დაინტერესდნენ.

დ) სპორტის ამ სახეობით ბევრი მოზარდები დაინტერესდნენ.

სწორი პასუხია: დ

9) რომელი სიტყვა არის დაბურულის  სინონიმი.

ა) უკმეხი.

ბ) უკუნი.

გ) უნაყოფო.

დ) უღრანი.

სწორი პასუხია: დ

10) რომელ შესიტყვებათა წყვილშია გამოყენებული ომონიმები?

ა) ბატის ფრთა - თვითმფრინავის ფრთა.

ბ) მთის წვერი - ნემსის წვერი.

გ) ცივი მზერა - ცივი ქარი.

დ) ღამის ბარი - ბასრი ბარი.

სწორი პასუხია: დ

11. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება - ხელი შეუწყო?

ა) გართობას.

ბ) დამშვიდებას.

გ) დახმარებას.

დ) მოწონებას.

სწორი პასუხია: გ

12. რომელ წინადადებაში არ არის ორთოგრაფიული შეცდომა?

ა) ვიფიქრე, გავისეირნებ-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

ბ) ვიფიქრე, გავისეირნებ მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

გ) ვიფიქრე, გავისეირნებმეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო.

სწორი პასუხია: ა

13. გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ლექსი "სწავლა მოსწავლეთა". როდის გაიხარებს მევენახე ("მწიდნავი")?

ა) როდესაც ვენახს გასხლავს.

ბ) როდესაც მოსავალს მოიწევს.

გ) როდესაც ყურძენს დაწურავს.

დ) როდესაც შრომას შეიმსუბუქებს.

სწორი პასუხია:  ბ

14. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში "ჯაყოს ხიზნები" ვკითხულობთ: "ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა: - ჩემია! ჩემია!" ჯაყოს რა თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?

ა) მოკრძალება.

ბ) მომხვეჭელობა.

გ) უპრინციპობა.

დ) უსაქმურობა.

სწორი პასუხია: ბ