"პირველი აცრის შემდეგ ცოტა შევშფოთდი" - რას ჰყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა - კვირის პალიტრა

"პირველი აცრის შემდეგ ცოტა შევშფოთდი" - რას ჰყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა

"როგორც ვირუსის მოქმედებაა ინდივიდუალური, ზუსტად ასე, ინდივიდუალურად გამოვლინდა ვაქცინის შემდგომი პერიოდიც"

ახალ კორონავირუსს მსოფლიო კვლავ ებრძვის, ინფიცირებულთა რაოდენობა რიგ ქვეყნებში ისევ მაღალია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოჩნდა და საზოგადოებას იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. ვაქცინაცია აქტიურად დაიწყო ევროპის ქვეყნებში და ამ პროცესს ამერიკაც შეუერთდა. ამერიკამ თავისი მოქალაქეებისთვის "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინა შეიძინა და სრულიად უფასო ვაქცინაცია დაიწყო. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამ სიახლეზე ალაპარაკდნენ. მადონა პირველაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, კორონავირუსის გადატანის მიუხედავად, ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა და ეს სიახლე საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო. ვაქცინაზე სასაუბროდ მადონას ამერიკაში დავუკავშირდით.

მადონა პირველაშვილი: - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მარტში გადავიტანე, მაინც გადავწყვიტე, ვაქცინა გამეკეთებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთმა ექიმმა მიპასუხა, ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია ვირუსით ხელახლა დაინფიცირება. შესაძლებლობა გაჩნდა და გადავწყვიტე, აცრა გამეკეთებინა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი.

პირველი აცრა მალევე ჩავიტარე და, შესაბამისად, ინსტრუქციაც მივიღე, თუ რა ტკივილები შეიძლება მოჰყოლოდა აცრას. ისე ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, ყურადღებაც არ მივაქციე. ავიცერი დილით და ნაშუადღევს სახსრების და თავის ძლიერი ტკივილი დამეწყო, ისეთი ძლიერი, რომ ტკივილგამაყუჩებელი დავლიე. ტკივილები, დაახლოებით, დღე-ნახევარი გამიგრძელდა. ჩემს თანამშრომლებს, მაგალითად, ნაწილს - მხოლოდ აცრის ადგილი ასტკივდათ, ნაწილს - მხარი. როგორც ვირუსის მოქმედებაა ინდივიდუალური, ზუსტად ასე, ინდივიდუალურად გამოვლინდა ვაქცინის შემდგომი პერიოდიც.

პირველი აცრიდან 3 კვირის შემდეგ ვაქცინის მეორე დოზაც მივიღე და ისევ დღე-ნახევარი მტკიოდა სახსრები.

- რომელი ვაქცინით აიცერით და რამდენად აქვს საზოგადოებას აცრის სურვილი? - მე ბრუკლინში, სარეაბილიტაციო ცენტრში ვმუშაობ, ჩვენთან "ფაიზერის" ვაქცინა შემოიტანეს. ეს სამედიცინო დაწესებულებაა და სიმართლე გითხრა, რადგან ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია, მსურველთა რაოდენობა 50/50-ზეა.

- თქვენ გარშემო ვინმესთან ვაქცინის გაკეთებას გართულება თუ მოჰყვა  და, ზოგადად, კორონავირუსის მხრივ როგორი სიტუაციაა ქვეყანაში?

- გართულების შესახებ არ გამიგია, უბრალოდ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყველას სხვადასხვა ჩივილი ჰქონდა - ზოგს სახსრების ტივილი, თუმცა უფრო ნაკლები ხანგრძლივობის, ვიდრე - მე, ზოგს კი საერთოდ არაფერი უგრძნია.

ვირუსის მხრივ სიტუაცია სტაბილურია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და ნიღბის გარეშე შესვლა აკრძალულია. მომსახურეობის სფეროში წესები მკაცრია და ყველგან წინასწარ ჩაწერაა საჭირო, ყველაფერი დროში იწელება.

- ვაქცინა ახალია და ხალხის ნაწილი აცრისგან სწორედ ამიტომ იკავებს თავს, თქვენ თუ გქონდათ შიშის გრძნობა? - სამსახურში შეკრება ჩატარდა და "ფაიზერის" ვაქცინაზე ყველა საჭირო ინფორმაცია გაგვაცნეს, ასევე, გვესაუბრნენ გვერდით მოვლენებზე. ინფორმაცია მოვისმინე და მაშინვე დავთანხმდი. პირველი აცრის შემდეგ ცოტა შევშფოთდი, ტკივილმა შემაშინა, თუმცა მეორე ეტაპამდე სინანულის გრძნობამ გადამიარა და აცრაზეც მხნედ გამოვცხადდი.

(სპეციალურად საიტისთვის)