ეს ყველამ უნდა წაიკითხოს! - კვირის პალიტრა

ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!

"ამ ვაქცინების ნაკლი ის არის, რომ ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ადრე არ იყენებდნენ ჯანდაცვაში. სამეცნიერო თვალსაზრისით, ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, საჭიროა მისი რეალური უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გრძელვადიანი კონტროლი"

ამ ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობა გადაუხადა. გახარიას თქმითვე, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულებაა. გასულ თვეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, დადებითი პასუხი 38%-მა გასცა, ხოლო 15%-მა "არ იცის". ვაქცინის შესახებ აქტუალურ კითხვებს სამედიცინო მიმომხილველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრე პაპიტაშვილი პასუხობს:

- ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები 200-ზე მეტ ვაქცინას ამუშავებენ. არსებობს მრავალი ტიპი, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე უნდა იყოს - კორონავირუსისადმი მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბება. ბევრ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ "ეკონომიკურად აქტიურ" მცხოვრებთა უმრავლესობა ვაქცინაციის წინააღმდეგია. კომპანია Superjob-მა გამოჰკითხა 1,6 ათასი რესპონდენტი, რომელთაგან 44% წინააღმდეგია, მხოლოდ 22% არის მზად ნებისმიერი რეგისტრირებული ვაქცინის მისაღებად. საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, ხალხის ნაწილი შეშფოთებულია, არის თუ არა რეკორდულ დროში შემუშავებული ვაქცინები უსაფრთხო და შესწავლილი, აქვს თუ არა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები...

ვაქცინები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1. კლასიკური (რეკომბინანტული, პეპტიდური და ვირუსინაქტივირებული; 2. შედარებით ახალი ტიპის გენური ვაქცინები (ვექტორული და DNA, mRNA). ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური ვაქცინაციისგან და წარმოქმნის იმუნურ პასუხს გენურ დონეზე. ასეთი ვაქცინები არ შეიცავს თავად ვირუსს ან პროტეინს (ვირუსის ცილას), არამედ შეიცავს მხოლოდ კორონავირუსის გენეტიკურ მასალას. ვექტორულ ვაქცინებში გამოყენებულია ვირუსები (ვექტორები), რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხოა. მათ ორგანიზმში არ შეუძლიათ გამრავლება და აქვთ ჩამონტაჟებული გენი - კორონავირუსის გენომის მცირე მონაკვეთი. ასეთი ვაქცინა სხეულში მოხვედრისას შედის უჯრედში, რომელიც "კითხულობს" გენეტიკურ ინფორმაციას და იწყებს პათოგენური სპეციფიკური ანტიგენების/ცილების სინთეზს, რომლებიც იწვევენ იმუნურ რეაქციას... კლასიკურ ვაქცინებს კი საფუძვლად უდევს ორგანიზმში მზა ანტიგენების შეყვანა, რომელთა საშუალებით შეიძლება გაიწმინდოს ვირუსული ცილები, ვირუსული ცილების ფრაგმენტები (პეპტიდები) ან მთელი ინაქტივირებული (დახოცილი) ვირუსული ნაწილაკები. ალექსანდრე პაპიტაშვილი

- როგორია ახალი ვაქცინების ყველაზე გავრცელებული რეაქციები და გვერდითი მოვლენები?

- კუნთებში შეყვანილი ინიექციის ადგილის შეშუპება და სიწითლე, ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მომატებული ტემპერატურა, თავისა და სახსრების უმნიშვნელო ტკივილი. მცირე დისკომფორტი სხეულის ნორმალური რეაქციაა და მიუთითებს, რომ ვაქცინა მუშაობს. სიმპტომები, როგორც წესი, ხანმოკლეა და ადვილად ქრება. ის გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და ააქტიურებს "ყალბი"ინფექციისგან სხეულის დამცავ ფუნქციებს. ასეთი რეაქციების შესახებ განაცხადეს გერმანულ-ამერიკული კომპანია BioNTech/ American Pfizer, ბრიტანული AstraZeneca, ამერიკული Moderna ვაქცინების მწარმოებლებმა. ზოგიერთ შემთხვევაში, ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ძლიერი ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიური შოკიც - სხეულის ძლიერი იმუნური რეაქცია გამაღიზიანებელზე/ალერგენზე, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კანსა და ლორწოვან გარსებზე, აგრეთვე საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. საბედნიეროდ, ასეთი პრეცედენტი იშვიათია.

Moderna-სა და სხვა ვაქცინების ნაკლი ის არის, რომ ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ადრე არ იყენებდნენ ჯანდაცვაში. სამეცნიერო თვალსაზრისით, ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, საჭიროა მისი რეალური უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გრძელვადიანი კონტროლი. გარდა ამისა, ვაქცინებში ლიპიდური ნანონაწილაკები შეიძლება ალერგენები გახდნენ და ტოქსიკური იყოს, განსაკუთრებით ჭარბი დოზირების დროს. BioNTech/ American Pfizer ვაქცინის მნიშვნელოვანი მინუსია შენახვის ულტრადაბალი ტემპერატურა (-70°C), რაც მნიშვნელოვნად ართულებს მის ტრანსპორტირებას და გამოყენებას. "მოდერნას" mRNA-1273 ვაქცინა შემადგენლობით ძალიან ჰგავს BioNTech და Pfizer-ს. მწარმოებლისა და საკონტროლო ორგანოების თანახმად, კლინიკური კვლევების დროს, მონაწილეებმა ვაქცინა კარგად გადაიტანეს. ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იყო მსუბუქი და ხანმოკლე. ზოგადი სისუსტე დაფიქსირდა ვაქცინირებულთა 9,7%-ში, კვლევის მონაწილეთა მცირე ნაწილს ჰქონდა ალერგიული რეაქცია, ცალკეულ შემთხვევებში კი სახის ნერვის დროებითი დამბლაც. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად დამტკიცებული, რომ ეს რეაქცია პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან. Pfizer-ისგან განსხვავებით, "მოდერნას" შენახვა შესაძლებელია -2-8°C ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში, ან -20°C ტემპერატურაზე 6 თვის განმავლობაში. დანარჩენი უპირატესობა და უარყოფითი მხარე იგივეა, რაც Pfizer ვაქცინისთვის.

AstraZeneca-ს ვაქცინა (დარეგისტრირდა ბრიტანეთში) არის ვექტორული ვაქცინა, რომელიც დაფუძნებულია შიმპანზეს ადენოვირუსზე. მისი ტიპური რეაქციებია: ტკივილი ინიექციის ადგილზე, თავისა და კუნთების ტკივილი. იმავდროულად, ხანდაზმულ პაციენტებში ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები უფრო იშვიათი და მსუბუქი იყო. mRNA ვაქცინების მსგავსად, ვექტორული ვაქცინების მინუსი ის არის, რომ არის ახალი ტექნოლოგია...

არსებობს შანსი, რომ ადამიანს უკვე ჰქონდეს იმუნიტეტი ადენოვირუსების მიმართ, რომლებიც ადამიანში სხვა დაავადებას იწვევს. ასეთმა იმუნიტეტმა შეიძლება შეამციროს ვაქცინის ეფექტიანობა, ან თუნდაც გამოიწვიოს იმუნური რეაქცია. ამიტომაც გამოიყენა AstraZeneca-მ ვექტორად შიმპანზეს ადენოვირუსი, რომელიც განსხვავდება ადამიანის ადენოვირუსებისგან, რამაც, მეცნიერთა აზრით, უნდა შეამციროს იმუნური რეაქციების რისკი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინის ეფექტიანობა გარკვეული ინტერვალის დაცვისას, ორჯერადი შეყვანის შემდეგ, 94-95%-ში დადასტურდა.

- რამდენ ხანს გასტანს ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი? - ვაქცინების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ამჟამად მუშავდება და გამოიყენება, ორ ინიექციას მოიცავს. პირველი იწვევს იმუნიტეტის განვითარებას, მეორე კი "აფიქსირებს" და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ითვლება, რომ ვაქცინაციის შემდეგ COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის მოქმედება გახანგრძლივდება ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ზუსტი მონაცემები. ჯერჯერობით ცნობილია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში უმეტესად, მაგრამ არა ყოველთვის, 6-8 თვის განმავლობაში რჩება. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს და აწონ-დაწონოს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ბოლოს და ბოლოს, თავად კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული რისკი გაცილებით მეტია, ვიდრე თავად ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული რისკები.

სამწუხაროდ, ამ დროისთვის საწარმოო ობიექტები არ იძლევა დედამიწის მთელი მოსახლეობისთვის ვაქცინების გაცემის საშუალებას, წარმოების გაფართოებას დრო დასჭირდება. ახლა შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში მუტაციების შედეგად ვირუსული ცილების სტრუქტურა შეიცვლება და ნაკლებად მგრძნობიარე გახდება წამლების მიმართ. კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად აშფოთებს საზოგადოებას (მაგალითად, "ბრიტანული" შტამი). ამასთან, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინა წარმოქმნის იმუნურ პასუხს მრავალი ვირუსული გენომის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა მაინც ცნობს კორონავირუსს - ანუ ვაქცინები ეფექტიანი დარჩება. სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი ინფექცია გახდება სეზონური, შეუერთდება ვირუსების რიგებს, რომლებიც ყოველწლიურად იწვევს SARS-ის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეტანას ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში ისევე, როგორც გრიპის ვაქცინების.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სავარაუდოდ, არ არის "სტერილური", ანუ მთლიანად არ იცავს ინფექციისგან და ვაქცინირებული ადამიანიც შეიძლება დაინფიცირდეს. უფრო მეტიც, ყველაზე სრულყოფილი იმუნიტეტის ფორმირებისთვის საჭიროა ორივე ინიექცია და ამის მერე მინიმუმ ერთი თვე უნდა გავიდეს. ვაქცინების სარგებელი უდავოა: 1. ისინი მნიშვნელოვნად შეამცირებენ ინფიცირებულთა რიცხვს და 2. მაშინაც კი, თუ ადამიანს არ გაუმართლა და მაინც დაინფიცირდა, ისინი არ დაუშვებენ ინფექციის საშუალო ან მძიმე ფორმით მიმდინარეობას. ნუ ჩათვლით, რომ ვაქცინაციის გავლის შემთხვევაში შეუძლებელია დაავადდე "კოვიდით". განაგრძეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება. დღეს უკვე შესაძლებელია სისხლში ანტისხეულების დონის განსაზღვრით ჩატარდეს დამატებითი სამედიცინო ტესტები ვაქცინაციის დროს გვერდითი მოვლენების რისკებისა და თვით ვაქცინაციის ეფექტიანობის შესაფასებლად. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ვაქცინაში შეგიძლიათ დაუსრულებლად იპოვოთ ხარვეზები. გაითვალისწინეთ, რომ COVID-19-ის შედეგები ათასჯერ სერიოზულია, ვიდრე ვაქცინების პოტენციური გვერდითი ეფექტები. მედიცინის ოქროს წესია, რომ უფრო ადვილია დაავადების პრევენცია, ვიდრე განკურნება. მაგალითად, შვეიცარიამ და ისრაელმა უკვე დეკემბერში დაიწყეს მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ Pfizer-ისა და BioNTech-ის პრეპარატით.

- როგორია ვაქცინაციის შედეგად განვითარებული ფარული და საშიში გართულება, ახდენს თუ არა ვაქცინაცია გავლენას მომავალ თაობაზე? - გენოთეკის სამედიცინო გენეტიკური ცენტრის დირექტორის ვალერი ილინსკის პუბლიკაციაში (Global Look Press, 25.12. 2020) აღწერილია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვაქცინამ ორგანიზმზე და რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ვაქცინაცია სწორად არ გამოიყენება: "ვაქცინაციას არ შეუძლია გამოიწვიოს მემკვიდრეობითი დაავადებების პროვოცირება, რადგან ასეთ დაავადებებს გარე ფაქტორები არ იწვევს. და თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის გენეტიკური ხარვეზი, რასაც დაავადება მოჰყვება, მაშინ ეს დაავადება მაინც განვითარდება. ვაქცინაციამ, წარმოებულმა უკუჩვენებების საწინააღმდეგოდ, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მას შეუძლია გააუარესოს გენეტიკური დაავადების მიმდინარეობა. თითოეული ვაქცინა იწვევს იმუნურ რეაქციას და თუ ადამიანს ადრეულ ეტაპზე აქვს რაიმე სახის აუტოიმუნური დაავადება, მაშინ ვაქცინით გააქტიურებული იმუნიტეტი გამოიწვევს დაავადების გაუარესებას. ზოგიერთმა პაციენტმა არ იცოდა მისი ასეთი დაავადების არსებობის შესახებ და გაიგო მხოლოდ ვაქცინაციის შედეგად განვითარებული გართულებების შემდეგ".

- როგორც ამბობენ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იმუნიზაცია სავალდებულოა. ამ ეტაპზე რომელი ვაქცინის უპირატესობა იკვეთება? - არ მოიძებნება არანაირი ცნობა, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულოა ტოტალურად მთელი მოსახლეობისთვის. სავალდებულო არც უნდა იყოს, ვინაიდან დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა იქნება. ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება იყოს ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. სავალდებულო შეიძლება იყოს იქ, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა აუცილებელი ზრუნვა, მაგალითად, სამხედრო ნაწილებში, სპეცგანაყოფებში და ა.შ.

არ არის ინფორმაცია იმ მედიკოსებზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობენ. რა თქმა უნდა, მათზეც ვრცელდება კონსტიტუციური გარანტიები. იმუნიზაცია სავალდებულო შეიძლება იყოს და, ალბათ, იქნება საერთაშორისო გადაადგილების დროს, როცა მიმღები ქვეყნის გადაწყვეტილებით მგზავრს უნდა ჰქონდეს კოვიდპასპორტი, ანუ დოკუმენტი ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ. გარდა ამისა, ბევრი ქვეყანა (მაგ. ესპანეთი) აპირებს შექმნას მონაცემთა ბაზა იმ პირების შესახებ, ვინც უარს აცხადებს ვაქცინაციაზე და ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის. რაც შეეხება იმას, თუ ამ ეტაპზე რომელი ვაქცინის უპირატესობა იკვეთება, უპირატესობა აქვს ზემოთ ხსენებულ სამ ვაქცინას, ვინაიდან ისინი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ევროორგანოების მიერ და აქვთ ჯანმოს ავტორიზაცია. იყენებენ ასევე ჩინურ და რუსეთის ვაქცინებს, მაგრამ შეზღუდულად, ვინაიდან მათ არ გაუვლიათ სრულად კლინიკური გამოცდის ყველა ეტაპი.

- თუ იცით, როდის და რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში? - ეს რთული პრობლემაა, ვინაიდან ნებისმიერი ვაქცინის დოზების რაოდენობა ამჟამად ძალზე შეზღუდულია, ყველა ვაქცინა დეფიციტურია. ჯანმო ამბობს, რომ მსოფლიო კატასტროფული შეცდომის ზღვარზეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის არათანაბარი განაწილების გამო მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის სამყარო "კატასტროფული მორალური შეცდომის" ზღვარზეა. "ამ შეცდომის ფასი იქნება ღარიბ ქვეყნებში ადამიანების რიცხვის შემცირება და ცხოვრების დონის გაუარესება" . გებრეისუსის განცხადებით, 49 მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე მიიღეს 39 მილიონზე მეტი დოზა პრეპარატი, მაგრამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას მხოლოდ 25 დოზა ვაქცინა აქვს. ამ დროს კორონავირუსის დასაძლევად საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.