"ზოგი მათგანი ყურადღებას მოითხოვს" - რომელ პაციენტებში ვლინდება პოსტკოვიდური სინდრომი - კვირის პალიტრა

"ზოგი მათგანი ყურადღებას მოითხოვს" - რომელ პაციენტებში ვლინდება პოსტკოვიდური სინდრომი

პოსტკოვიდური სინდრომი მედიცინისთვის ახალ გამოწვევად იქცა. აღმოჩნდა, რომ "კოვიდის" დამარცხება არ ნიშნავს საბოლოო გამოჯანმრთელებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მიმღები განყოფილების ექიმი-ინფექციონისტი თეა ბოჭორიშვილი გვესაუბრება, რა არის პოსტკოვიდური სინდრომი, როგორია მისი სიმპტომები და, ძირითადად, რა გართულებებითა და ჩივილებით მიმართავენ პაციენტები კლინიკებს.…

- ბოლო დროს გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტთა ნაწილს "კოვიდ-19"-ის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ უგრძელდება ან მოგვიანებით იჩენს თავს სხვადასხვა სიმპტომი. ამერიკის მონაცემებით, რეჰოსპიტალიზაცია 9%-ს დასჭირდა, ბრიტანეთის მონაცემებით - 29.9%-ს (აქედან 12.5% ლეტალურად დასრულდა). დღესდღეობით პოსტკოვიდური სინდრომის მკაფიო განსაზღვრება არ არსებობს. ის შეიძლება გულისხმობდეს როგორც ე.წ. გახანგრძლივებულ "კოვიდს", ასევე - პოსტმწვავე "კოვიდს". სიმპტომები მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირია საერთო სისუსტე, ქოშინი, აპნოე, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, ხველა, ჰიპერტენზია/ჰიპონტეზია, არითმია, ტაქიკარდია. აქვს დერმატოლოგიური გამოვლინებებიც - გამონაყარი და თმის ცვენა, ასევე ახასიათებს გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და ფსიქიატრიული გამოვლინებები: დეპრესია, შფოთვა, პანიკური შეტევები, გუნება-განწყობის ცვლილება. ხშირია სუბფებრილური (37,0-37,5 გრადუსი) ტემპერატურა, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გასტროინტესტინული სიმპტომები. ყველაზე ხშირად მაინც დაღლილობას, სახსრებისა და თავის ტკივილს, შფოთვას, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაქვეითებასა და ჰიპერტენზიას უჩივიან.

- ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად პოსტკოვიდური სინდრომი ხანდაზმულ ადამიანებსა და ქრონიკულ პაციენტებში იჩენს თავს, ასეა? - პოსტკოვიდური სინდრომი ვლინდება არა მხოლოდ იმ პაციენტებში, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, არამედ მათთანაც, ვისაც დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ და არ დასჭირდათ სტაციონარული მკურნალობა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ამ სინდრომის განვითარება უკავშირდებოდეს დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას ან რეანიმაციულ ღონისძიებებს, ასევე ასაკს - სამოცდახუთ წელს ზემოთ და თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს, მაგალითად, დიაბეტს, ქრონიკულ ვენურ უკმარისობას, ბრონქულ ასთმას, ჰიპერტონულ დაავადებას... რაც შეეხება ბავშვებს, მათ იშვიათად უვითარდებათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. დაავადება უმეტესად მიმდინარეობს ცხელებით, მუცლის ტკივილით, გამონაყარით, ფაღარათით, შეინიშნება ხელებისა და ფეხების თითების შეწითლება და შეშუპება, კონიუნქტივიტი. საბედნიეროდ, ეს ხშირი არ არის და ვითარდება ვირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. ამერიკაში სტატისტიკური მონაცემებით, 10.000-დან 0.02%-ში ვლინდება და, საბედნიეროდ, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც ძალიან დაბალია.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - სიმპტომების უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ზოგი მათგანი ყურადღებას მოითხოვს და ექიმთან ვიზიტიც აუცილებელია. თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში (თუმცა, შესაძლოა, ეს არც უკავშირდებოდეს პოსტკოვიდურ სინდრომს), საჭიროა ინფექციონისტის, კარდიოლოგისა თუ პულმონოლოგის კონსულტაცია - გააჩნია ჩივილებს. ზოგჯერ საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვაც ნევროლოგის ან ფსიქიატრის მონაწილეობით. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ინდივიდუალურია და შეიძლება 4-დან 12 კვირამდე ან უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.

- თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში იწყება პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე. საინტერესოა, ვინ ჩაერთვება ამ კვლევაში და არის თუ არა საჭირო პოსტკოვიდური კლინიკების მომზადება? - დიახ, საქართველოში მალე დაიწყება პოსტკოვიდური კვლევა, თუმცა მე ამ კვლევაში ჩართული არ ვარ და დეტალური ინფორმაციისათვის უმჯობესია კვლევის ავტორებს მიმართოთ. როგორც ვიცი, პოსტკოვიდური კლინიკების მომზადების პროცესი უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იქნება საჭირო. პაციენტთა უმრავლესობას განსაკუთრებული თერაპია არ სჭირდება, პირად ექიმთან კომუნიკაციაც საკმარისია.

- რას გვირჩევს ინფექციონისტი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა? - როგორც აღვნიშნე, პაციენტთა უმეტესობას მსუბუქი ჩივილები აქვს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. ასეთ შემთხვევებში ძირითადი რეკომენდაციაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი, ძილის ჰიგიენა. ასევე მნიშვნელოვანია თანმხლები ქრონიკული დაავადებების მართვა. თუ სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ექიმთან კონსულტაციით საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მკურნალობის შერჩევა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას არ ჩავუნერგოთ შიში და არ გამოვიწვიოთ პანიკა, თუმცა არც ყურადღების მოდუნება შეიძლება. კვლავ აუცილებელია პირბადის გამოყენება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა.

ნინო ჯავახიშვილი