"დროშა ვერ დაკიდენ" ჩემი საფირმო­ ფრაზაა და ისტორიაში, ალბათ, ამ სიტყვებით შევალ" - კვირის პალიტრა

"დროშა ვერ დაკიდენ" ჩემი საფირმო­ ფრაზაა და ისტორიაში, ალბათ, ამ სიტყვებით შევალ"

ქუთაისის დროშის მრავალწლიანი "ეპოპეა" გრძელდება: უკვე მერამდენედ ქუთაისი დროშის გარეშე დარჩა. გოგი წულაიას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ქუთაისში ნორმალური დროშა ვერა და ვერ "დაკიდენ". ერთი კვირის წინ ეს მშვენიერი ქალაქი ისევ უდროშოდ დარჩა - ქვეყნის მთავარი სიმბოლიკა ისევ ქარმა წაიღო!..

გოგი წულაიასთან საუბარი ქუთაისურ კურიოზებზე დავიწყეთ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პრობლემებით დავასრულეთ:

- ქუთაისელებს უკვე სათვალავი აერიათ, იმდენჯერ მოესწრნენ დროშის გაუჩინარებას და უზარმაზარ, 47-მეტრიან უდროშო ბოძს. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ დროშის აღმართვა ქალაქს უკვე 70 ათას ლარამდე დაუჯდა. ზოგჯერ დახეულ დროშას მერია ხსნის და ახლის აღმართვა ბიუჯეტს, სულ ცოტა, 1.500 ლარი უჯდება. კიდევ კარგი, ბოძი, რომელზეც დროშაა დამაგრებული, ნაჩუქარია - ქუთაისში ერთი ინდური საწარმო მუშაობს, რომელიც ქალაქს ქიმიური ნივთიერებებით წამლავს, მაგრამ ხელისუფლება მის "მოღვაწეობაზე" თვალს ხუჭავს. როგორც ჩანს, გაჩუმების სანაცვლოდ ინდოელებმა ქალაქის მერიას დროშის სადგარი აჩუქეს.

- თქვენ არ სცადეთ, რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარებულიყო? - შვილებს გეფიცებით, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვემუდარები: ჯობია ერთხელ და სამუდამოდ ხარისხიანი დროშა იყიდოთ და დაკიდოთ-მეთქი. დავიღალე ამაზე ლაპარაკით. "დროშა ვერ დაკიდენ" ჩემი საფირმო ფრაზაა და საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ამ სიტყვებით შევალ... როცა აკეთებდნენ, მაშინაც ვეუბნებოდი: ნუ ჩაიდენთ ამ სისულელეს, აქ ქარიანი ადგილია და ქარი დროშას არ გააჩერებს-მეთქი. სხვათა შორის, მარტო ქარი არ არის დამნაშავე: დიღომიც ხომ ქარიანი ადგილია, მაგრამ თბილისის შემოსასვლელში დროშა კვირაში ერთხელ ხომ არ უჩინარდება? ეს ჩვენი ეროვნული სიმბოლიკაა და ხომ უნდა შერცხვეთ, ბოლოს და ბოლოს?

- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი სასაცილოა თუ სატირალი? - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ავიღოთ თუნდაც ჩვენი სიამაყე - გელათი, რომელიც საქართველოს ძლიერების სიმბოლოა. ის მაშინ აშენდა, როცა ჩვენი სამშობლო ყველაზე ძლიერი იყო. ხელისუფლებამ მილიონობით ლარი დახარჯა და რაში? - იმაში, რომ საქმე გაეფუჭებინა. მგონი, ამნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ფულს საქმის გაფუჭებაში ხარჯავენ და არა გაკეთებაში. ამას ხომ ჯობია, საერთოდ არაფერი გააკეთონ? დღეს ვიყავი გელათში და არც ვიცი, რა ვთქვა, ვერ აგიხსნით, იქ რა ხდება! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ დასასრული ყველაფერს აქვს და ამის ჩამდენს პასუხს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა მოჰკითხავს?

- ამბობთ, რომ კურიოზების ქვეყანაში ვცხოვრობთ, რატომ? - კურიოზია ჩვენთან დაგებული გზები: ჯერ ერთი, იწყებენ და ვეღარ ამთავრებენ, მერე გაივლი ერთ დღეს ახალთახალ გზაზე, სადაც ორმო კი არა, ბზარიც არ ჩანს, მეორე დღეს გაივლი და... უზარმაზარ ორმოში ჩავარდები! წინა ხელისუფლების დროს მთელი ქუთაისი გადათხარეს, მერე ამ გზით ფულის შოვნა "ოცნებამაც" გააგრძელა. განსხვავება თუ იცით, რაშია? - ესენი ყველაფერს უფრო უხარისხოდ აკეთებენ და უფრო დიდ მოგებაზე მუშაობენ - თუ "ნაციონალები" 10%-იან "ატკატებზე" მუშაობდნენ, ესენი 20-25%-იანზე გადავიდნენ. ასე მივიღეთ ვალებში ჩაფლული ქვეყანა, რომლის მკვიდრები თავიანთი შვილების და შვილიშვილების ფულს ჭამენ და ასე არსებობენ.

ყველაზე დიდი კურიოზია, როცა ყველა უსამართლობას კორონავირუსით ამართლებენ - უჭკუობა ვუწოდო ამას თუ დანაშაული? უკვე აღარ ვიცი!

- თუმცა ახერხებთ პროტესტის იუმორით გამოხატვას. - მე ასე ვფიქრობ: ადამიანი მხნედ უნდა იყოს და უსიამოვნებებსაც იუმორით უნდა შეხვდეს. ჩვენი ქვეყანა სწორედ იუმორმა უნდა გადაარჩინოს, ამიტომ ამ ხერხს კარგად ვიყენებ. რომ ვაკვირდები, იუმორით გადმოცემულ პროტესტს უფრო სწრაფი რეაგირება მოჰყვება ხოლმე. როცა უსამართლობას შენი პერფორმანსებით დასცინი, ეს უფრო მოქმედებს, ვიდრე მუქარა და აგრესია. სულ ვცდილობ, ჩემი პროტესტი განსხვავებული ფორმით გამოვხატო და ჩემი ხალხის სატკივარი უყურადღებოდ არ დავტოვო.

- დღეს როგორი სიტუაციაა თქვენს ქალაქში?

- ძალიან რთული, ისევე, როგორც მთელ საქართველოში: ამ დღეებში ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ვიყავი - ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი, რომელიც მთელ ქალაქს ამარაგებს. 10-15 წუთი ვიარე და ამ ხნის განმავლობაში ათი კაციც კი არ შემოსულა რაიმეს საყიდლად. ყველა მოვაჭრე წუხდა, დღეს ვერაფერი გავყიდეთო.

ამ საცოდავ ხალხს რომ ტრანსპორტს გაუჩერებ, როგორ უნდა იარსებოს?! ადამიანმა, რომელმაც ტაქსის მძღოლს 10 ლარი უნდა მისცეს და თვითონ დღეში ორი ლარის შემოსავალიც არა აქვს, როგორ უნდა იცხოვროს? ამაზე ვინმე ფიქრობს? ბაზარში ღარიბი ფენა დადის, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ მუშაობს, ხალხმა იქამდე როგორ უნდა მიაღწიოს? ყველას ხომ არ უწყობს ხელს ჯანმრთელობა, რომ დღეში 5-6 კილომეტრი ფეხით გაიაროს? ამ მთავრობის გადაწყვეტილებებში მე ლოგიკას ვერ ვხედავ.

- რატომ, ბატონო გოგი? - ავიღოთ თუნდაც ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მარტო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ გახსნეს. ბათუმის, ფოთის და სხვა ქალაქების მკვიდრებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ქუთაისი რომელი აყვავებული ქალაქია, რომ აქ ტრანსპორტმა არ იმოძრაოს? ეტყობა, ფიქრობენ, ბევრი ფული აქვთ გადანახული და რა უჭირთ, ტაქსებით ივლიანო. არადა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა ლუკმაპური იმის გამო, რომ სამსახურში ვეღარ დადის. მოსახლეობის დიდი ნაწილი აქაც სიღატაკეში ცხოვრობს. ალბათ, ეს ხალხი დიდხანს ვეღარ მოითმენს და ქუჩაში გამოვა, თუ ხელისუფლება მის დასახმარებლად რამეს არ იღონებს. თუმცა მთავრობა ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. ამიტომ კომუნისტური მიდგომა აირჩიეს: არ არის ადამიანი? - არ არის პრობლემა. ვერ უზრუნველყოფენ, რომ უსაფრთხოდ ვიმგზავროთ და ამიტომ ჩაგვკეტეს, თორემ ტრანსპორტი არც ერთ ქვეყანაში არ გაუჩერებიათ. პრობლემების მოსაგვარებლად არც გონებრივი რესურსი აქვთ და არც ფული, რადგან რაც ჰქონდათ, უკვე შეჭამეს. საბოლოოდ კი ყველაფერი საშუალო და ღარიბი ფენის მხრებზე გადადის.

- ზოგიერთი ასეთ მიზეზსაც ასახელებს, ჩვენი ხალხი კანონმორჩილი არ არის და ტრანსპორტში წესებს ვერ დაიცავსო. - ვინც ამას ამტკიცებს, შევახსენებ, რომ საქართველოში ერთი აქცია არ ჩატარებულა, სადაც ხალხმა რაღაც დაამტვრია და დააზიანა. მოწინავე, ცივილიზებულ დასავლეთში მომიტინგეები ყველაფერს ლეწავენ, რაც კი ხელში მოხვდებათ. არის ასეთი ქართული გამონათქვამი: "იქით შეედავე, რომ აქეთ რაღაც დაგრჩესო" - ჩვენი მთავრობაც სწორედ ასე იქცევა, მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ოპოზიციას აბრალებენ, რევოლუციის მოწყობა გსურთო, როცა თვითონ ქმნიან საამისო სიტუაციას. ნეტავ ვის გაუკვირდება, რომ ეს გამწარებული, უსახსროდ დარჩენილი ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ალბათ, არავის! თვითდასაქმებულს, რომელიც ოჯახს ყოველდღიური კაპიკებით არჩენს, ჩვეულებრივ პირობებში აზრადაც არ მოუვა, რომ ქუჩაში გამოვიდეს და მიტინგზე დადგეს. ხელისუფლებას კი საქმე იქით მიჰყავს, რომ ყველაზე აპოლიტიკურ ადამიანსაც პროტესტის გრძნობა უჩნდება. თუ ქვეყანაში რაღაც არ შეიცვალა, ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია!

ხათუნა ჩიგოგიძე