"სამუშაო მაგიდასთან შიშველი იჯდა - მე არაფერი მაქვს ამერიკის პრეზიდენტისთვის დასამალიო..." - ცნობილ ადამიანთა უცნაურობები და ფობიები - კვირის პალიტრა

"სამუშაო მაგიდასთან შიშველი იჯდა - მე არაფერი მაქვს ამერიკის პრეზიდენტისთვის დასამალიო..." - ცნობილ ადამიანთა უცნაურობები და ფობიები

ყველას გაგვიგონია შეფასება: "უცნაური ადამიანი", "უცნაური კაცი", "უცნაური ბავშვი"... ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილის აზრით, მსგავსი ეპითეტები მიუღებელია, რადგან უჩვეულოსა და ჩვეულებრივს შორის ზღვრის დადგენა ძალიან რთულია...

- ადამიანების ნაწილს ბევრი უცნაური თვისება აქვს. გენიალურ, ცნობილ ადამიანებსაც ჰქონდათ უჩვეულო თვისებები. უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება: მაგალითად, თანამედროვეთა გადმოცემით, ემილ ზოლა სკამზე იბამდა თავს, რადგან ფიქრობდა, ასე უკეთესად ვწერო; შარლოტა ბრონტეს მუზა რომ არ მოსდიოდა, კარტოფილის თლას იწყებდა. ამ მონოტონური საქმის დასრულების შემდეგ, მას ახალი იდეები უჩნდებოდა და წერას იწყებდა. მიქელანჯელო ჰიგიენას არ იცავდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. დიდი შემოქმედი ამ ტანსაცმლით იძინებდა და იღვიძებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ჰიგიენის დაცვა ადამიანისთვის მავნებელია. არა მარტო დიდ მწერლებს, პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ და აქვთ უცნაურობები, მაგალითად, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მიკრობების ეშინია და ამის გამო ხელის ჩამორთმევა არ უყვარს. ის ყოველთვის თან ატარებს სპეციალურ ხსნარს და ხელით არასდროს ეხება ლიფტის ღილაკებს.

- რით აიხსნება მსგავსი გამოვლინებები? - ამის თქმა ძალზე რთულია, მით უმეტეს, როცა ადამიანის ფსიქოტიპის შესწავლის საშუალება არა გაქვს, ამას კი, სულ ცოტა, 1-2 თვე მაინც სჭირდება, თუმცა ნებისმიერი ჩვევა ბავშვობიდან მოდის - როგორც ამბობენ, "ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ". ამიტომ გამიჭირდება ავხსნა, რატომ უყვარდა დიდ პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწე უინსტონ ჩერჩილს, შიშველი მუშაობა. ცნობილია, რომ ამის გამო მისი მდივნები სამსახურიდან ერთიმეორის მიყოლებით გარბოდნენ. ერთხელ მის კაბინეტში თეოდორ რუზველტი შესულა და როცა ტიტლიკანა კოლეგა დაუნახავს, დაბნეულა. ჩერჩილს შეცბუნებული რუზველტისთვის ხუმრობით უთქვამს, მე არაფერი მაქვს ამერიკის პრეზიდენტისთვის დასამალიო... გადმოცემით, "ამერიკის მამად" წოდებული ბენჯამინ ფრანკლინიც სამუშაო მაგიდასთან შიშველი იჯდა და ასე ჩაჰკირკიტებდა ტექსტებს. ისიც ცნობილია, რომ ფრანკლინი ხშირად აბაზანაში მუშაობდა - იქ წერდა სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ სტატიებს. მსგავსი უცნაურობა ვიქტორ ჰიუგოსაც ახასიათებდა: ისიც შიშველი ქმნიდა თავის შედევრებს. ნაპოლეონ ბონაპარტი კი დღეში რამდენჯერმე ბანაობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს დაავადებებისგან დაიცავდა. ვოლტერი დღე-ღამეში 40-50 ფინჯან ყავას სვამდა და ექიმების გაფრთხილებას არასდროს უჯერებდა.

- ალბათ, ყავის მოყვარული ცნობილ ადამიანებს შორის ბევრი იქნებოდა. - დიახ, ეს სასმელი ფანატიკურად უყვარდა ონორე დე ბალზაკსაც. ადამიანური კომედიის" ავტორი თავის შედევრებს მხოლოდ ღამით წერდა და ამტკიცებდა: "როგორც კი ყავა კუჭში მოხვდება, ორგანიზმი ცოცხლდება, აზრები ამოძრავდება და ქაღალდი მელნით იფარებაო". სწორედ ამიტომ მის ხელნაწერებს გარდა მელნისა, ყავის ჭიქის ნაკვალევიც ეტყობა. მას ყოველთვის გვერდით ედგა სპირტქურა და ყავას იქვე იხარშავდა. თანამედროვეთა თქმით, ბალზაკს შეეძლო გადაბმით 48 საათი ემუშავა;

სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც - გულმა ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო. ღამის თევა უყვარდა თომას ედისონსაც. დიდი გამომგონებელი ხშირად ამბობდა, ღამით მხოლოდ 4 საათი მძინავსო. ეს მართალი იყო: ედისონი ლოგინში ამაზე მეტ დროს არ ატარებდა, მაგრამ ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა - შეეძლო სრულიად უცნაურ ვითარებაში დაეძინა: სავარძელში, ლაბორატორიის მაგიდაზე, კარადაში ... ძილი ნახევარ საათს გრძელდებოდა, მაგრამ იმდენად ღრმა იყო, მისი გაღვიძება შეუძლებელი ხდებოდა. ცხადია, უცნაური ჩვევები თანამედროვე ვარსკვლავებსაც აქვთ: მაგალითად, ჯონი დეპი თოჯინა ბარბის კოლექციას აგროვებს. ეს გატაცება მაშინ დაეწყო, როცა ქალიშვილთან ერთად თოჯინებით თამაშობდა. თანდათან თვითონაც დაიწყო ბარბის უნიკალური ეგზემპლარების შეგროვება და დღეს საუკეთესო კოლექციის მფლობელია. ბილ გეითსს, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს, სკამზე ქანაობა უყვარს და ამბობს, რომ ეს ჩვევა სკოლიდან გამოჰყვა.

პიროვნების ქცევას გარემო და მისი სულიერი მდგომარეობა განაპირობებს, თუმცა ინდივიდუალურობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ იქცევა ადამიანი ასე და არა სხვაგვარად? - უკვე გითხარით, რომ ამის დადგენა მისი ფსიქოტიპის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე რთულია. ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა პიროვნების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, რადგან მოზარდის ფსიქიკა სწორედ ამ გარემოში ყალიბდება. ახლა პანდემიის და ჩაკეტილობის გამო ბავშვები ჩვეულ გარემოს ჩამოშორდნენ და განმარტოვდნენ, ამიტომ მეც ხშირად მესმის მშობლების ჩივილი, რომ ბავშვები კომპიუტერს მიეჯაჭვნენ, რომ გულჩათხრობილები გახდნენ. უფროსებს დიდი ყურადღება მართებთ. მათი აზრები, თითოეული სიტყვა ბავშვზე ძალიან მოქმედებს და გონებაში მაშინვე იბეჭდება. ლოგიკური აზროვნების უნარი ბავშვს 5-7 წლის ასაკიდან უყალიბდება. ბავშვობის შთაბეჭდილებები მოზრდილ ასაკში უნდა გაიფილტროს და მისი აზროვნებაც შეიცვალოს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა შვილს უცნაურ ქცევას შეამჩნევს? - უმჯობესია ყურადღება არ გაამახვილონ და არ დაუშალონ, რადგან ბავშვს რასაც მეტად დაუშლით, სწორედ იმას დაიმახსოვრებს. ეს ბავშვის ბუნებაა, თუმცა აკრძალული ხილი უფროსებსაც ძალიან მოსწონთ. ზოგჯერ გოგონა ბიჭივით იქცევა, მასავით იცვამს, ან პირიქით, ბიჭი იცვამს კაბებს და თანატოლ გოგონებს ჰბაძავს, ამ შემთხვევაშიც დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუ თქვენს შვილს ასეთ ქცევას შეამჩნევთ, ტაქტიანად უნდა მოექცეთ, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ და როგორმე შეძლოთ, რომ თავისი სქესის შესაფერისი ხასიათი და ქცევები ჩამოუყალიბდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე