მინიარლინგტონი მახათას მთაზე - კვირის პალიტრა

მინიარლინგტონი მახათას მთაზე

"ვეკითხები ინკოგნიტო სახელმწიფო მოხელეებს, რომელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ, რეფერენდუმმა მოგანიჭათ უფლება, პანთეონი აქციოთ რიგით და ტიპურ სასაფლაოდ? მახათას პანთეონი არლინგტონის პროტოტიპია, რაც სრული აბსურდია. პანთეონი ბერძნული სიტყვაა და "ღმერთების ტაძარს", გამოჩენილ ადამიანთა სავანეს ნიშნავს"

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონები დახურულად გამოაცხადა, მახათას მთაზე ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონს ჩაეყარა საფუძველი. პანთეონი 2018 წელს გაიხსნა და მასში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი ბევრს აქვს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. ახალი პანთეონისთვის გამოყოფილია თითქმის 2 ჰექტარი მიწა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პანთეონის მოსაწყობად თავის დროზე დედაქალაქის მერიამ 1,3 მილიონი ლარი გამოყო. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, 2018-ში დასრულდა და ამჟამად იქ 28 ღვაწლმოსილი ადამიანი განისვენებს. მახათას პანთეონში დაკრძალულნი არიან: ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი, მსახიობი კირა მებუკე, მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, არქეოლოგი გურამ ლორთქიფანიძე, რეჟისორი და დრამატურგი სანდრო მრევლიშვილი, მისი მეუღლე მანანა ჭელიძე, პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი, მწერალი გივი მარგველაშვილი... ახლო წარსულში ახალი პანთეონი ალეკო ხომერიკისა და გოგი ქავთარაძის სამუდამო ნავსაყუდელიც გახდა...

თავის დროზე, სანამ პანთეონი გაიხსნებოდა, საზოგადო მოღვაწეებმა არაერთი პრეტენზია გამოთქვეს. მერიაში იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგი ახალ პანთეონში წინასწარ იბევებს ადგილს, ზოგმა კი თანამეცხედრისთვისაც მოინდომა ადგილი.

ცნობილ არქიტექტორს, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრს ვახტანგ დავითაიას მახათას მთაზე დაპროექტებული პანთეონის მიმართ არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს:

- მახათას მთაზე ახალი პანთეონის - დიდი ხნის წინანდელი იდეის რეალიზაცია საზოგადოების ნაწილის აქტიურობამ დააჩქარა. განიხილებოდა დიდუბის პანთეონის გაფართოების რამდენიმე ვარიანტი, მთავარი მოტივი იყო პანთეონის ისტორიულობა და დასაფლავებულთა დიდი წვლილი ერისა და ქვეყნის წინაშე. მაგრამ დიდუბის პანთეონის გაფართოების ყველა ვარიანტი მხოლოდ დროებით წყვეტდა პრობლემას. დავით ნარმანიას მერობის დროს მომზადდა მახათას მთაზე ეს პროექტი და მერიამ უმოკლეს ვადაში დააპროექტა. პანთეონის პირველი რიგი 440 საფლავს ითვალისწინებს. მახათას პანთეონის პირველი ბინადარი გახდა ამირან შალიკაშვილი, ქართული პანტომიმის მამამთავარი, პანტომიმის სკოლისა და თეატრის დამაარსებელი, მისი ხელმძღვანელი, უბრწყინვალესი მიმი. ბედის ირონიით, პანთეონის მეორე ბინადარი მისი მეუღლე, ქალბატონი კირა მებუკე გახდა, პანტომიმის თეატრის რეჟისორი და პრიმა სოლისტი, თეატრის და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დღეს პანთეონში 28 კაცი განისვენებს.

- პირად საუბარში აღნიშნავდით, მერიის ეს პროექტი პანთეონს რიგით სასაფლაოდ აქცევს და ის არლინგტონის სასაფლაოს პროტოტიპიაო...

- მინდა საზოგადოებას გავაცნო ის აბსურდი და სააზროვნო ინფანტილიზმი, რომელიც პანთეონის მაღალ მისიას, მის განსაკუთრებულობას ასამარებს და რიგით სასაფლაოდ აქცევს. საკითხი ეხება საფლავების ტიპურობას და დასაფლავების არაჰუმანურ, არაქრისტიანულ წესს, რაც მეუღლეების შესაძლო დაშორებაში გამოიხატა.

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონების ფუნქციონირებაზე ბოლო წლებში ორი დოკუმენტი გამოიცა, 2007 წლის 24 იანვრის წესდება (#02.33.54) და 2018 წლის, 31 იანვრის (#04.15.118) განკარგულება. არც ერთ მათგანში მინიშნებაც არ არის საფლავების ტიპიზაციაზე და მეუღლეთა შესაძლო განცალკევებაზე.

ტიპური საფლავები ჯარისკაცთა ძმათა სასაფლაოების პრინციპია, სადაც მნიშვნელობა არა აქვს წოდებრივ იერარქიას, არის ის ჯარების სარდალი, გენერალი თუ რიგითი ჯარისკაცი. მათ ყველას ათანაბრებს ჯარისკაცობა. ასეთია არლინგტონის ნაციონალური სასაფლაო (ასევე მრავალი სხვა ძმათა სასაფლაო მსოფლიოში) ვირჯინიის შტატში, რომლის ტერიტორიაზე დაკრძალული არიან სამხედროები, პრეზიდენტები, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და ასტრონავტები. სასაფლაო დღეისათვის 400 000 საფლავს ითვლის. საფლავების ერთადერთი განმასხვავებელი დეტალია რელიგიური კონფესიის ნიშანი. წესდებაში მკაფიოდაა ჩაწერილი: "სასაფლაოზე იკრძალებიან ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები". ამ წესის საფუძველზე არლინგტონზე განისვენებენ ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინ კენედი-ონასისი, პრეზიდენტის სამი ძმა, ასევე ჯარისკაცთა ოჯახის წევრები.

მახათას პანთეონი არლინგტონის პროტოტიპია, რაც სრული აბსურდია. პანთეონი ბერძნული სიტყვაა და "ღმერთების ტაძარს", გამოჩენილ ადამიანთა სავანეს ნიშნავს. პანთეონის იდეა უხსოვარი დროიდან მოდის. ფაქტობრივად, ეგვიპტის პირამიდები ფარაონთა პანთეონებია... ვისაც რომის პანთეონი (II საუკუნე, 117-126 წლები) უნახავს, მისი თავზარდამცემი სიდიადე, უნიკალური ბიუსტებით და ქანდაკებებით მიღებული ელდა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ჩვეულებრივი სასაფლაო იქ დასაფლავებულთა სიდიადემ პანთეონის სტატუსამდე აამაღლა. რაღა შორს წავიდეთ, ასე იქცა საქართველოს სამი - მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი (სომეხ მოღვაწეთა სავანე) სასაფლაოდან პანთეონად. ერთადერთი გამონაკლისი მახათაა, რომელიც თავიდანვე პანთეონად იქნა სახელდებული.

პანთეონად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დაკრძალვა სულაც არ არის საკმარისი, რომ ის ერის გამოჩენილ მოღვაწეთა სავანე იყოს. რაღაც დაუწერელი კანონით, უფრო სწორად, ვიღაც გაუნათლებლის, შეზღუდული პასუხისმგებლობის ტვინის ხუშტურით, საფლავები უნდა იყოს ტიპური, რაც ძირშივე კლავს პანთეონის, როგორც კულტურის ფენომენის არსს. მახათა ჯერჯერობით არლინგტონის ჯარისკაცთა სასაფლაოს ჩვილია, რომელიც 20-30 წლის შემდეგ არლინგტონის ფრაგმენტი იქნება, რა თქმა უნდა, გონს თუ არ მოვეგებით და ეს აბსურდი გაგრძელდება.

პანთეონისთვის შეუსაბამო არაჰუმანური, არაქრისტიანული მოთხოვნაა (არც ამაზე არსებობს ოფიციალური დადგენილება) მეუღლეების ერთად დაკრძალვის აკრძალვა, რომელიმე მათგანი "მოღვაწის" სტატუსს თუ არ აკმაყოფილებს. ამ საკითხზე ვიცით საპატრიარქოს პოზიციაც, რომლისთვისაც მსგავსი რამ მიუღებელია.

ზემოთ "კულტურის ფენომენი" ვახსენე. დიახ, პანთეონები მთელ მსოფლიოში კულტურისა და ხელოვნების უნიკალური კერებია. განა მთაწმინდაზე არ ადიან ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავის, დიდი ილიას "მწუხარე საქართველოს", ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის საფლავების, აკაკი ხორავას, გალაკტიონის, სიმონ ჯანაშიას, იაკობ ნიკოლაძის, კოტე მარჯანიშვილისა და სხვათა უნიკალური ბიუსტები სანახავად? არაერთი საფლავი შედევრია დიდუბის პანთეონში. ისინი ქართველი არქიტექტორების და მოქანდაკეების საინტერესო ნამუშევრებია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს ბიუსტები და საფლავები არ არსებობენ, ხომ გაღარიბდება ერის სულიერი სამყარო? რამდენი უცხოელი კოლეგისა და არქიტექტორისგან მსმენია, მოსკოვში ყოფნისას საგანგებოდ რომ მივიდნენ ნოვოდევიჩის და ვაგანკოვოს სასაფლაოებზე ნიკიტა ხრუშჩოვის, ვლადიმირ ვისოცკის და სხვათა საფლავების სანახავად.

ვეკითხები ინკოგნიტო სახელმწიფო მოხელეებს, რომელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ, რეფერენდუმმა მოგანიჭათ უფლება, პანთეონი აქციოთ რიგით და ტიპურ სასაფლაოდ?

არ ვამტკიცებ, რომ ყველა საფლავი მთაწმინდაზე, დიდუბის და ხოჯევანქის პანთეონებში ხელოვნების დიდი ნიმუშია. არც ისე ცოტაა უგემოვნო, კონტექსტიდან ამოვარდნილი საფლავებიც, რას ვიზამთ, ასეა მთელ მსოფლიოში და ამ საკითხში ოჯახის ნება არსებითია, რაც დიდად განსაზღვრავს მათ იმდაგვარობას.

- საფლავთა ტიპურობაში, ალბათ, ფინანსურმა საკითხმაც ითამაშა... - შესაძლოა ითამაშა, რაც სულაც არ არის მეორეხარისხოვანი, ვინაიდან განსხვავებული საფლავები განსხვავებულ ფინანსებს ითხოვს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ტიპურობის ნაცვლად, უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღება - მერიას დაეწესებინა დახმარების ერთიანი საზომი (თანხა), რომლის ზემოთ ხარჯებს ოჯახი გაიღებდა. არც ის იქნება ოჯახის ნების შეზღუდვა, თუკი საფლავის პროექტებს არქიტექტორთა და მხატვართა კომისია განიხილავს.

სანამ საფლავები კიდევ მომრავლდება, აუცილებელია ახლების ინდივიდუალური პროექტებით შესრულება, იმავდროულად, უკვე არსებული საფლავების ჭირისუფლებთან მოლაპარაკება, მათი სურვილების გათვალისწინება. სხვა რომ არაფერი, არაჰუმანური და არაქრისტიანულია, როცა მეუღლეებს აცალკევებ. ოჯახები ამას აპროტესტებენ. ეს ეთიკის და ზნეობის საკითხია და არ უნდა დაკანონდეს. ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად გადაწყდა, რომ პანთეონში მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები უნდა დაიკრძალონ (მეუღლეების გარეშე) და ამას კანონის ძალა არ უნდა მიენიჭოს.