როგორ მოხვდა ამერიკის კონგრესში ქართველი მოდელი, მსახიობი, მომღერალი და კარატეში შავი ქამრის მფლობელი ბიჭი - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა ამერიკის კონგრესში ქართველი მოდელი, მსახიობი, მომღერალი და კარატეში შავი ქამრის მფლობელი ბიჭი

"უნივერსიტეტში 40 000-მდე სტუდენტი იყო და საუკეთესოებს არჩევდნენ... თუ სამ ეტაპს წარმატებით გაივლიდი, გაძლევდნენ კონგრესში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რამდენი მსურველი იქნებოდა! ეს შესაძლებლობა უფრო ამერიკელებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და მე ამირჩიეს... სხვადასხვა დელეგაციას ვხვდებოდი, კონგრესმენებს რჩევებს ვაძლევდი. უკვირდათ, ქართველი რომ ვიყავი. როდესაც ვამბობდი, ჯორჯიიდან ვარ-მეთქი, ყველას შტატი ჯორჯია ეგონა. იქ ყოფნის პერიოდში შევხვდი ქართველ პოლიტიკოსებსაც - ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა ნათელაშვილს, არჩილ გეგეშიძეს, ჩვენს ყოფილ ელჩს..."

დევი ხაჯიშვილი ტეხასში, ქალაქ ლუბოკში ცხოვრობს. თავს იღბლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ ამერიკაში წარმატებისა და პოპულარობის მისაღწევად აუცილებელია ტალანტი და დაუღალავი შრომა. სწავლობს დოქტორანტურაში, არის მსახიობი, ფოტომოდელი, სპორტსმენი, ახლახან კი მომღერლის ამპლუაშიც სცადა ბედი. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, როგორია ტეხასური ცხოვრება და რა გზა გაიარა დევიმ წარმატების მისაღწევად.

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. თავიდან პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ბოლო ორი წელი - თურქულ ლიცეუმში. ბავშვობაში გატაცებული ვიყავი სპორტით, კერძოდ, შოტოკან კარატეთი, რაც მამაჩემის, ნოდარ ხაჯიშვილის დამსახურებაა. ის კარატისტია, დღესაც შოტოკან კარეტე-დოს ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ. დილის 5-6 საათზე მასთან ერთად ვვარჯიშობდი, მერე ვსაუზმობდი და სკოლაში მივდიოდი. ასეთი რეჟიმით ვცხოვრობდი 6 წლიდან. ჩემს დასთან ერთად დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, ასევე ტანვარჯიშსა და ძიუდოზე. კარატეში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და მეოთხე დანის შავი ქამრის მფლობელი ვარ. ბევრ სხვა ტურნირშიც გამიმარჯვია, ტანვარჯიშისა და ძიუდოს ეროვნულ ჩემპიონატებზეც გამოვდიოდი, მაგრამ კარატეს ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში.

- ამერიკაში როდის წახვედით და რა მიზნით? - 17 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ ჩამოვედი. 13-14 წლიდან გატაცებული ვიყავი ამერიკული ფილმებითა და სტენდაპ-კომედიით. როცა ჩემი თანატოლები სეირნობდნენ, მე ამერიკული კულტურისა და მენტალობის შესახებ ინფორმაციებს ვეცნობოდი. ძალიან მინდოდა, მეტი მცოდნოდა ამ ქვეყნის შესახებ. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ზუსტად ისეთი აღმოჩნდა ამერიკა, როგორიც წარმომედგინა. აქაურები ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია, განსაკუთრებით, ტეხასში, სადაც ტრადიციული და ოჯახის მოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. ერთი სიტყვით, ამერიკელებზე შექმნილი ზოგიერთი სტერეოტიპი ყალბი აღმოჩნდა.

- ვიდრე წარმატებას მიაღწევდით, ალბათ, ბევრი დაბრკოლება გადალახეთ. - დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე ქობულეთში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დამეწყო მუშაობა, ამიტომ ბოლო რამდენიმე თვე გაკვეთილებს ვაცდენდი. მინდოდა, გამოცდილებაც მიმეღო და შემოსავალიც მქონოდა. იტალიელი მენეჯერები ჰყავდათ და როგორღაც ყველა მოვხიბლე ჩემი ენერგიით, ენთუზიაზმითა და ენების ცოდნით. ვლაპარაკობდი ინგლისურად, რუსულად, ვსწავლობდი ფრანგულსა და თურქულს. თავდაპირველად მიმტანად ამიყვანეს, მერე - სასტუმროს მიმღებში. როცა შემატყვეს, ბუღალტერიაც მაინტერესებდა, ხელს მიწყობდნენ, ეს სფეროც შემესწავლა. ამ ყველაფერთან ერთად ვეძებდი გზებს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად და ვავსებდი აპლიკაციებს. მოკლედ, გამიმართლა და სასწავლო ვიზით წამოვედი. ჩამოვედი ლუბოკში, ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლებლად. საქართველოში მალე დაბრუნებას ვგეგმავდი და სასტუმროსა და რესტორნის მენეჯმენტი ავირჩიე - ვიფიქრე, ეს სპეციალობა გამომადგებოდა, მაგრამ მივხვდი, მეტი განათლების მიღება შემეძლო და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე გადავედი, რადგან პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. წლების განმავლობაში აქედან ვაკვირდებოდი პროცესებს და გული შემტკიოდა საქართველოზე. ვფიქრობდი, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავბრუნდებოდი, თუმცა ასე არ მოხდა...… აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, დავაფუძნე პირველი ქართული სტუდენტთა ასოციაცია და გავაწევრე საერთაშორისო ორგანიზაციაში. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტადაც ამირჩიეს. ვაწყობდი ტალანტშოუებს, კულინარიისა და ცეკვის ფესტივალებს. დავდგი "ვეფხისტყაოსანიც" ქართული ცეკვით, რამაც ყველა აღაფრთოვანა. ვიყავი პერსონალური ტრენერი უნივერსიტეტის დარბაზში, რაც შემოსავლის წყარო იყო ჩემთვის. გარდა ამისა, რუსულ ფაკულტეტზე სტუდენტებს ვეხმარებოდი დავალებების დაწერაში... მოკლედ, პატარ-პატარა შემოსავალი ყოველთვის მქონდა. სწავლა დამიფინანსდა, რაკი პირველ სემესტრში მაღალი ქულები ავიღე და კარგი დახასიათებაც მქონდა. სტიპენდია მოვიპოვე სხვადასხვა ადგილობრივი ფონდიდანაც.

- რაკი წარჩინებული სტუდენტი იყავით, კონგრესშიც ამიტომ მოხვდით? - უნივერსიტეტში 40 000-მდე სტუდენტი იყო და საუკეთესოებს არჩევდნენ. შერჩევის პროცესი იყო სამეტაპიანი და თუ სამივე ეტაპს წარმატებით გაივლიდი, კონკრეტული ვადით გაძლევდნენ კონგრესში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რამდენი მსურველი იქნებოდა! ეს შესაძლებლობა უფრო ამერიკელებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და მე ამირჩიეს. იანვრიდან ივნისამდე ვიმუშავე. რაკი ენები კარგად ვიცოდი და მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით დავამთავრე, სხვადასხვა დელეგაციას ვხვდებოდი, კონგრესმენებს რჩევებს ვაძლევდი. უკვირდათ, ქართველი რომ ვიყავი. როდესაც ვამბობდი, ჯორჯიიდან ვარ-მეთქი, ყველას შტატი ჯორჯია ეგონა. იქ ყოფნის პერიოდში შევხვდი ქართველ პოლიტიკოსებსაც - ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა ნათელაშვილს, არჩილ გეგეშიძეს, ჩვენს ყოფილ ელჩს...

კონგრესში ყოფნისას ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა - გამოაცხადეს, რომ იღებდნენ რეალითი შოუს, როგორ აღწევენ ახალგაზრდა მუშაკები წარმატებას კონგრესში. 700 კანდიდატიდან 15 აირჩიეს და კვლავ გამიმართლა - იმ 15-ში ერთ-ერთი მე ვიყავი. კონგრესმენმა, ვისთანაც ვმუშაობდი, იცოდა ჩემი ინტერესი სამსახიობო-სამოდელო კარიერისადმი და სწორედ მისგან შევიტყვე ამ პროექტის შესახებ. ახლა გადაღება შეჩერებულია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ პროდიუსერმა დამირეკა და მკითხა, ისევ ვაშინგტონში თუ ვიყავი, რადგან შეიძლებოდა, გადაღება გაგრძელებულიყო. სიმართლე გითხრათ, ახლა აღარ ვიცი, დავთანხმდები თუ არა, რადგან უკვე სხვა გეგმები მაქვს... რაც შეეხება ფოტომოდელობასა და მსახიობობას, ერთხელ ჩემმა ნაცნობმა ინსტრუქტორმა შემომთავაზა, ფოტოგრაფს გაგაცნობ და ფოტოები გადაიღე, მოდელობისთვის ყველა მონაცემი გაქვსო. იდეა მომეწონა და ვაშინგტონიდან ლოს-ანჯელესში გავემგზავრე სამოდელო ინდუსტრიის გასაცნობად.

ვთანამშრომლობდი სამოდელო სააგენტოებთან, გადამიღეს "მერსედესის", "ბოშის", იტალიური ტანსაცმლის მაღაზიის რეკლამასა და რამდენიმე ფილმშიც. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, ჰოლივუდში დავრჩები-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სწავლა იყო პრიორიტეტი და ტეხასში დავბრუნდი. ამჟამად ვსწავლობ ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტურაში. ოთხ თვეში მაქვს გამოცდა და მერე უკვე დისერტაციაზე დავიწყებ მუშაობას. როგორც პროფესორის დამხმარე, ვკითხულობ ლექციებს, ამავე დროს აქაურ სამოდელო-სამსახიობო სააგენტოსთანაც ვთანამშრომლობ. ვთამაშობ ტელესერიალში "ოთხშაბათის პროექტი", რომელსაც დასრულების შემდეგ რომელიმე ტელევიზია იყიდის. მთავარი როლი მერგო, გადაღებები ტეხასში მიმდინარეობს.

- საინტერესოა, გარეგნობამ თუ ითამაშა როლი თქვენს წარმატებაში?

- გარეგნობა ბევრ რამეში გეხმარება, მაგრამ სწავლის პროცესში არაფერში გარგია (იცინის). რომ არა დაუღალავი შრომა და მიზანსწრაფულობა, პროფესორის დამხმარედ არავინ ამირჩევდა.

- იმ მუსიკალური ვიდეოს შესახებაც მითხარით, რომელზეც წერდით, ჰოლივუდის რეჟისორმა გადაიღოო...

- 2020 წელს გამოვიდა ჩემი პირველი ალბომი. სიმღერების ჩაწერა 2019 წელს დავიწყე. მანამდე გიტარაზე ვუკრავდი. სახლში ექვსი ელექტრონული და ორი აკუსტიკური გიტარა მაქვს. სულ ვფიქრობდი, მალე 30 წლის გავხდები და რა არის ისეთი, რისი გაკეთებაც მინდა, მაგრამ მეშინია-მეთქი. ორი ამერიკული ოცნება მქონდა - მემღერა და სტენდაპ-კომედიანტი ვყოფილიყავი და ორივე ოცნება 2019 წელს ამიხდა. სამჯერ ვმონაწილეობდი ამ შოუში და მინდა, ჩემი ერთსაათიანი შოუც მქონდეს. რაც შეეხება მუსიკალურ ვიდეოს, თვითონ დავწერე ტექსტიც და მუსიკაც. რეჟისორი დონავან კლარკია, რომელსაც გავუზიარე იდეა და ავუხსენი, რა შინაარსის ვიდეოს გადაღება მინდოდა. ვიდეო "იუთუბზე" ავტვირთეთ. კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ვნახოთ - ყველაფერი წინ არის. ახლა მეორე სიმღერაზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ჩემი მუსიკა ფილმებს უფრო მოუხდება, ამიტომ მაქვს კონსულტაციები რეჟისორებთანაც.

- ალბათ, ქალბატონების ყურადღება არ გაკლიათ. არჩევნისას უპირატესობას ქართველს მიანიჭებთ?

- ეს მშობლებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ ერთმანეთს. მატერიალური მხარე არ მაინტერესებს, ანგარებით ვერ დავქორწინდები.

- პანდემიაზეც მინდა გკითხოთ, რა შეზღუდვებია ტეხასში? - კარანტინი არ არის, მაგრამ სავალდებულოა ნიღბით სიარული. რესტორნები და კაფეები ღიაა, მაგრამ მაგიდები შორს დგას ერთმანეთისგან. ასეა კინოთეატრებშიც. სკოლებშიც ნიღბებით დადიან და მერხებზე დამცავი ტიხრებიც აქვთ. თუ ნიღაბს მოიხსნი, დაგაჯარიმებენ. სტუდენტებს აქვთ არჩევანი, ისწავლონ ონლაინ ან იარონ ლექციებზე, თუმცა უმეტესობა ონლაინ სწავლას ირჩევს, რადგან ხალხს მაინც ეშინია. კარგია, რომ ვაქცინაცია დაიწყო...

სულ მენატრება საქართველო, მენატრება, დილით დედა რომ მახვედრებს ხოლმე საუზმეს და მეკითხება, რა გაგიკეთოო? ჩემი უმცროსი და 4 წლის იყო, ამერიკაში რომ წამოვედი და გული მწყდება, მასთან დიდი დრო რომ ვერ გავატარე, თუმცა მშობლების ხელში ის ჩემზე ჭკვიანი და ბეჯითი გაიზარდა... მალე დადგება დრო, როდესაც ჩამოვალ და ჩემს გამოცდილებას საქართველოს მოვახმარ, ეს ჩემი ვალდებულებაა. ჩემი ქვეყანა არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საფიქრალი.

ნინო ჯავახიშვილი