"კაცი 100 მეტრზე რომ კიდიხარ და არ გეშინია, ფსიქიკა მთლად ნორმალური ვერ გაქვს" - კვირის პალიტრა

"კაცი 100 მეტრზე რომ კიდიხარ და არ გეშინია, ფსიქიკა მთლად ნორმალური ვერ გაქვს"

"გული ასე ადვილად რომ გვისკდებოდეს, ამ სიმაღლეზე როგორ მოვხვდებოდით!"

მათ პროფესიას ალპინიზმის ინდუსტრიას უწოდებენ, თუმცა ამ საქმიანობას ალპინიზმთან მხოლოდ ორი რამ აკავშირებს - სიმაღლის უგულებელყოფა და ტრაგედიები. სტატისტიკით, ალპინისტურ ინდუსტრიაში, რომელიც ცათამბჯენებზე გარე მონტაჟს ან მათ დასუფთავებას გულისხმობს, უფრო მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე, მაგალითად, მშენებლობებზე. ალპინიზმთან შედარებით, აქ მძიმე შედეგი უფრო ხშირად ადამიანთა შეცდომებს მოსდევს, ვიდრე სტიქიას, რაზეც მუდამ ცაში გამოკიდებული კოტე ჯღარკავა გამუდმებით ფიქრობს. 12 წლის მანძილზე ათეულობით მეტრი სიმაღლის კორპუსებიდან გადმოკიდებული კაცის მთავარი საზრუნავი მხოლოდ ის არის, ყოველდღე თვითონაც მშვიდობით მივიდეს შინ და ბიჭებიც უსაფრთხოდ მიიყვანოს, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ ამბობს.

- საინტერესო სახელია - ალპინისტური ინდუსტრია. ეს მიუთითებს, რომ თქვენი პროფესია სულ უფრო საჭირო გახდება. მრავალსართულიან კორპუსებზე აქამდეც მუშაობდნენ, მაგრამ სამშენებლო კალათებით, თქვენ კი სპაიდერმენივით მარტო სჩადიხართ საოცრებებს.

- დიახ, ჩვენი პროფესია განსხვავდება კორპუსებზე კალათებით დაკიდებისაგან. საერთო მხოლოდ ხიფათის ზონები გვაქვს. ეს ხალხი კალათებში დგას და სარემონტო სამუშაოს ასრულებს, ჩვენ კი ცათამბჯენებზე ფანჯრებს ვამონტაჟებთ, ან ამ ფანჯრებს ვასუფთავებთ. ამისთვის თან ზედ მუდმივად გვკიდია 15 კილოგრამამდე ტვირთი.

რაც შეეხება ხიფათის ზონას, ის სახურავზევე იწყება. სწორედ იქ უნდა დამაგრდეს თოკები, რომლებზეც ვეკიდებით, მაგრამ რა ან როგორ უნდა დავამაგროთ, როცა ჩვენს კორპუსებზე დასამაგრებელი კონსტრუქციები არ არსებობს! ევროპულ ქვეყნებში ეს კონსტრუქციები პროექტებშივეა გათვალისწინებული, ჩვენთან კი მსგავსს ვერაფერს იპოვით! არავინ ფიქრობს, რომ უკვე აშენებულ კორპუსსაც სჭირდება მოვლა.

- აბა, რაზე მაგრდებით?! - თუ გაგვიმართლა და რომელიმე კორპუსში სავენტილაციო ან სხვა მყარი კონსტრუქცია დაგვხვდა, იქ ვებმებით, თუ არადა, სახურავებზე თვითონ ვაკეთებთ მისაბმელ "სადგურებს". თუ ამის შესაძლებლობა სახურავმაც არ მოგვცა, სამუშაოზე ან უარს ვამბობთ, ან სხვა რამის მოფიქრებას ვცდილობთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბიჭებს ეზოებში თავიანთი ავტომანქანების დისკებზე გამოუბამთ თოკების ბოლოები, მეორე ბოლო კი კორპუსზე გადაუტარებიათ და ზედ დაკიდებულან.

- მაგრამ შეცდომისაგან ხომ არავინ არის დაზღვეული?! მე, მაგალითად, მეცხრე სართულზე სარეცხის საშრობი რკინის კონსტრუქცია კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდნილმა კალათამ მომიგლიჯა, ამ კალათაში კი ორი ადამიანი იყო. მე კარგა ხანს შოკში ვიყავი, იმ ხალხს კი თავადაც არ სჯეროდა, რომ გადარჩა. - ესე იგი, კალათა სახურავზე იყო დამაგრებული, მაგრამ უხერხულად ჩამოუშვეს და თავი საფრთხეში ჩაიგდეს.

ამ დროს დიდი და პატარა შეცდომები არ არსებობს, ყველა შეცდომა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამას ყველგან ითვალისწინებენ, გარდა ჩვენი ქვეყნისა. ცივილიზებულ ქვეყნებში დამკვეთებს უფლება არა აქვთ, ამ სამუშაოზე ვინმე შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე ამუშაონ, ჩვენთან კი ოღონდ იაფი გადაიხადონ და ხალხი ლამის ქუჩიდან მიჰყავთ!

სწორედ ახლახან თბილისის ერთ-ერთ კორპუსს ძალიან კარგი ბიჭი მოსწყდა და დაიღუპა. სამუშაოს დასაწყისში თავადაც ისეთ შეცდომები მქონდა, მხოლოდ სასწაულმა გადამარჩინა! ამ სამუშაოზე მეც მოყვარული მეკლდეურობიდან მივედი, მაგრამ როცა მივხვდი, კლდეზე ცოცვის გამოცდილება ვერ დამიცავდა, თურქეთში წავედი ამ საქმის შესასწავლად.

- თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ ამ საქმეში სიმამაცეც საჭიროა, თორემ ბევრი შიშით კორპუსის მაღალი სართულებიდანაც ვერ იხედება. - მთებსა და კოშკებთან შეზრდილ კაცს ამ საქმეში ვინ შეედრება?! იმიტომაც არის, რომ ჩვენთან 85% ალპინისტი მუშაობს, თუმცა ბრიგადაში ისეთი ბიჭიც მყავს, რომელიც მეხუთე სართულიდანაც ვერ იხედებოდა, მაგრამ დამხმარე სამუშაოებზე დაგვყვებოდა და ახლა უკვე ჩვენ გვჯობნის. ჩვენს საქმეში მთავარი უსაფრთხოების დაცვაა. სამუშაოდ არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ გამოუცდელს, თუ სანდო კაცი არ გავაყოლე...

სიმამაცესთან ერთად საიმედოდ დაბმული თოკია საჭირო. მე ამისთვის ფრანგულ თოკებს ვიყენებ. თუმცა ზოგჯერ სახურავი ისეთი ბასრია, შეიძლება მოძრაობისას თოკი გადაჭრას და დაიღუპო. ხშირად ჰაერში თოკიდან თოკზეც კი გვიხდება გადასვლა. ამ დროს ყველაზე სარისკო კვლავ უკან აბრუნებაა - ზოგჯერ გგონია, რომ რაღაც უკვე გაასუფთავე, აიხედავ და ახალ ლაქას დაინახავ...

- საიდან ჩნდება?! - კორპუსის რომელიმე ნაპრალის ჭუჭყიანი წვეთებიდან. ყოფილა შემთხვევა, უკვე დაშვებულებს 10-15 მეტრით ისევ მაღლა აგვინაცვლია, რისთვისაც ათეულობით მეტრ სიმაღლეზე ერთი თოკიდან მეორეზე უნდა ავბრუნდეთ.

- გული როგორ არ გისკდებათ! - გული ასე ადვილად რომ გვისკდებოდეს, ამ სიმაღლეზე როგორ მოვხვდებოდით! მთავარია, ამ დროს უსაფრთხოების ქამარი მანამდე არ მოიხსნა, სანამ არ დარწმუნდები, რომ მეორე თოკზე უსაფრთხოების ქამარი საიმედოდ დაიმაგრე.

თუ ყველა შესაკრავს არ შეამოწმებ, ეს სასიკვდილო განაჩენია... ჰაერში კიდევ ერთი საფრთხე არსებობს - შესაძლოა შენობაში ვინმემ ის ფანჯარა გამოაღოს, რომელზეც კიდიხარ. ჩვენ კი ვაფრთხილებთ ხალხს, მაგრამ შეიძლება მაინც გამოჩნდეს ვიღაც, ვინც არაფერი იცის. მოკლედ, ლამის დანის პირზე დავდივართ, ამიტომ სულ ფრთხილად უნდა იყო.

- ადრენალინი არ მოგაკლდებათ... - ნამდვილი ალპინისტობისგან განსხვავებით, ცათამბჯენებზე ადრენალინი თითქმის არ იგრძნობა. უფრო საარსებო სახსრებისთვის ვმუშაობთ, თუმცა ცათამბჯენებს ერთი უცნაური მომენტი მაინც აქვს - შეიძლება თუნდაც ხანმოკლე შესვენების შემდეგ პანიკამ შეგიპყროს. ჩემმა ახლობელმა ხანმოკლე შესვენების შემდეგ ვეღარ იმუშავა...

- თქვენ არასდროს შეგშინებიათ? - კაცი 100 მეტრზე რომ კიდიხარ და არ გეშინია, ფსიქიკა მთლად ნორმალური ვერ გაქვს. ერთხელ თოკი, რომელზეც ვეკიდე, 10 სანტიმეტრით დაცურდა. ეს ბუნებრივია ჩვენს საქმეში, მაგრამ მაშინ ისეთი უცნაური რაღაც დამემართა, როცა მივხვდი, თავს ხელში ვეღარ ავიყვანდი, მაშინვე დავეშვი და სახლში წავედი... ჩვენი საქმიანობა ისეთია, უცხო თვალისთვის ძალიან უცნაურები ვჩანვართ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გადავარდა სკამიდან კაცი, რომელმაც მისი კაბინეტის ფანჯარაზე დაკიდებული დამინახა - თურმე ნაბახუსევს მოჩვენება ვეგონე! მერე მითხრა, რა კარგია, რომ ნამდვილი ხარ, თორემ ვიფიქრებდი, რომ გავგიჟდიო.

- ახლობლები არ გეუბნებიან, სამსახურიდან წამოდიო? - როგორ არა... მშობლებს რომ არ ენერვიულათ, წლების განმავლობაში არც იცოდნენ, სად ვმუშაობდი, მაგრამ წამოსვლა ასე ადვილი ხომ არ არის - ოჯახი მაქვს, შვილები მყავს! სხვათა შორის, სასტიკი წინააღმდეგი ვიქნები, ჩემმა შვილებმა ასეთ საქმეზე რომ იმუშაონ...

- როგორც ყველა სამუშაო, ჩვენს ქვეყანაში თქვენი ხელობაც, ალბათ, იაფად ფასობს... - ევროპაში ჰაერში 1კვმ ფანჯრის გაწმენდა 40 ევრო ღირს, ჩვენ კი იმავე სამუშაოში 15 ლარს გვიხდიან, თუმცა, თუ მოზრდილი ფართობი გავასუფთავეთ, რაღაც გამოგვდის. თანაც ეს საქმე უკვე "ჩემიანია" - 33 წლის კაცი 12 წელიწადს ჰაერში დაკიდებული რომ გაატარებ, სიმაღლე უკვე შენს ფერხთითაა. ახლა მხოლოდ იმ ბიჭების ბედი მაწუხებს, ვისაც ამ სამუშაოზე გამოუცდელად იღებენ, რომ იაფი დაუჯდეთ. ეს ვინმემ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს და ეს ახალგაზრდები მოსალოდნელი საფრთხისგან იხსნას.