"ის შესანიშნავი სამხედრო სტრატეგია, იცის, როგორ გადალახოს წინაღობა" - ტელესივრცეს მოწყვეტილი და ზღისპირეთში დასახლებული მამუკა ღლონტის ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ის შესანიშნავი სამხედრო სტრატეგია, იცის, როგორ გადალახოს წინაღობა" - ტელესივრცეს მოწყვეტილი და ზღისპირეთში დასახლებული მამუკა ღლონტის ცხოვრება

"პოლკოვნიკი კოჭოია საოცარი ძაღლია, ურთიერთობის დროს ხშირად ვფიქრობ, რამე ისეთი არ ვუთხრა, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს... ბზიკი აბდალა გურულია, თუმცა - შესანიშნავი დამცველი"

უკვე წლებია, მამუკა ღლონტი ტელესივრცეს მოსწყდა და ზღისპირეთში დასახლდა. საკუთარ სასტუმროში მისი პანდემიური ყოველდღიურობაც არცთუ მოსაწყენია, ოჯახის წევრებსა და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ცნობილი ტელეპროდიუსერის ძაღლები ბზიკი და პოლკოვნიკი კოჭოია, დიდი ხანია, საზოგადოებამ გაიცნო და ისინი სოციალურ სივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობენ. ჩვენი ინტერვიუც ბატონი მამუკას ზღვისპირა ცხოვრებასა და ოთხფეხა მეგობრებს ეხება.

- დაახლოებით რვა წლის წინ გადავედი საცხოვრებლად გურიაში, დავიწყე მშენებლობა და პატარა სასტუმრო კოტეჯები გავმართე. წელიწადში 10 თვე ვარ გურიაში, ორი თვე - თბილისში და გადასარევად ვარ, ისე როგორც არასდროს ვყოფილვარ. სოფელს, სადაც ვცხოვრობ, კაპროვანი ჰქვია. ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ახალი საკურორტო დასახლებაა და ერთ-ერთი გამორჩეული ზღვისპირა რეგიონია საქართველოში. არის სიმშვიდე, ცოტა ხალხი და ძალიან კარგი ბუნება.

- თქვენც გურული ბრძანდებით. მამაპაპისეულ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდით თუ მხოლოდ კუთხეს? - არა, მამაპაპისეული საცხოვრებელი ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს დავკარგეთ. აქვე ახლოს იყო - წარმოშობით სოფელ მელექედურიდან ვარ, თუმცა იქ აღარაფერი დამრჩა. ახლა უკვე კაპროვანიდან ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილიშვილები კაპროვანელები იქნებიან. პირველი კაპროვანელი სესილია, ჩემი პირველი შვილიშვილი, რომელიც დაიბადა თბილისში, თუმცა ოთხი თვისა უკვე წავიყვანეთ და იმის მერე სულ კაპროვანშია.

- შეიძლება ითქვას, რომ კაპროვანში მიწის ნაკვეთის შეძენით პროფესიას დაუბრუნდით - თქვენ ხომ არქიტექტორი ბრძანდებით... - დიახ, არქიტექტორი ვარ და ერთის გარდა, ყველა კოტეჯიც ჩემი პროექტით ავაშენე. სულ ხუთი კოტეჯი მაქვს, რომლებიც ყველას მოსწონს, განსაკუთრებით, დასავლეთევროპელ ტურისტებს, თუმცა არანაკლებ მოსწონთ ქართველებსაც. არქიტექტურას, დიდი ხანია, მოვწყდი, თუმცა კონცეპტუალური მიდგომა ყოველთვის მქონდა. ჩემი არქიტექტორი მეგობრებიც მეხმარებოდნენ. მერაბ გუჯეჯიანი ცნობილი არქიტექტორია, ჩემი მეზობელი კაპროვანში... ასე ნელ-ნელა აღვიდგინე პროფესია, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ჩემთვის ვარქიტექტორობ, სხვისთვის ვერაფერს გავაკეთებ, რადგან ამისთვის სხვა ძალისხმევაა საჭირო. ჩემი მთავარი კონცეფცია სისადავეა.

უპირატესობას ეზოს ვანიჭებ. მაგალითად, ახლახან 300 კვმ-ზე ავაშენე ორადგილიანი კოტეჯი, არადა, იქ შეიძლებოდა ორსართულიანი უზარმაზარი სახლი ჩამდგარიყო. სამაგიეროდ, ამ ორადგილიან კოტეჯს აქვს 300 კვმ ეზო, სულ ნაძვნარი. ჩემი სასტუმრო მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ იქირაონ. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, ვინც შიგნით იცხოვრებს, თავს როგორ იგრძნობს. ყველა კოტეჯს გარშემო აქვს გამწვანება და ყველა ბუჩქი, ყველა ხე ჩემი დარგულია. სასტუმროს მენეჯმენტსაც მე ვუძღვები. მაგალითად, თუ თქვენ იქირავებთ ჩემს სახლს, აუცილებლად მე დაგხვდებით, მე გაგაცილებთ, თუ რამე გაგიფუჭდებათ, მე გიშველით...

- გაქვთ განსაკუთრებული მცენარე, რომლითაც თავის იწონებთ? - აქაც კონცეპტუალურად მივუდექი საკითხს და ადგილობრივი მცენარეები ავირჩიე - პალმები, ბუჩქები, ბანანის ბალახები, გარდენიები, ჰორტენზიები...

- ბანანი მთლად ადგილობრივი არ არის... - რას ამბობთ, ბანანს მიაქვს გურია და აჭარა! არ არსებობს, ბანანის ნერგი გადარგა და არ გაიხაროს, ოღონდ დამწიფებას ვერ ასწრებს. სხვათა შორის, კარგი სანახავია განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ცივი ქვეყნებიდან ჩამოდიან.

- შვილიშვილები სულ თქვენთან არიან? - ოთხი შვილიშვილი მყავს - სესილი, მატასი, ალექსანდრე და ვაჩე. სულ ჩემთან არიან, თუმცა ახლა სესილი სკოლაში მივიდა და, ალბათ, ეს ამბავი რაღაცებზე გავლენას მოახდენს...

- რომ ინატრებს ადამიანი, ისეთი ყოფა გაქვთ - ლამაზ ადგილას, ლამაზი ოჯახით და ძაღლებით... ცხოველების სიყვარული როდის იქცა თქვენს განუყოფელ ნაწილად? - ბავშვობიდან... ცხოველები სულ მყავს. ხშირად სამი-ოთხი ძაღლი მყოლია ერთად. ახლა ორი მყავს.

- ისინი მთელმა ფეისბუკსამყარომ გაიცნო. ველოდებით ხოლმე, მათ რა ახალ სიცელქეს გააზიარებთ. რა ჰქვიათ თქვენს ძაღლებს? - ბზიკი და პოლკოვნიკი კოჭოია. პოლკოვნიკი კოჭოია საოცარი ძაღლია, ისეთი საოცარი, რომ ურთიერთობის დროს ხშირად ვფიქრობ, რამე ისეთი არ ვუთხრა, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ესმის, რასაც ეუბნები. რომ ეტყვი: წადი, ის აიღე, ან წადი, იქ გელოდებიან, ზუსტად იქ წავა, სადაც გზავნი. ბზიკი აბდალა გურულია, თუმცა - შესანიშნავი დამცველი. კოჭოია ფრანგული ბულდოგია. ეს საოცარი ჯიშია. ბულდოგების ყველა საქციელი, თითოეული გამოხედვა ძალიან სასაცილოა. ეშმაკები არიან. გარდა იმისა, რომ დარბიან და ცელქობენ, ათასგვარ მანიპულაციას ატარებენ. მაგალითად, თუ სადმე ვარ წასული, ვერ წარმოიდგენთ, რაებს აკეთებს, რომ ჩემთან მოხვდეს. ღობე არ არსებობს, რომელსაც ორ წუთში ვერ გათხრის და ვერ გამოძვრება. ბზიკი მეტისია. ბზიკი იმიტომ ჰქვია, რომ ყვითელი იყო, თან ბზობა იყო, რომ მოვიყვანე. "ბზ-ბზ" - ვეფერეთ და ბოლოს ბზიკი დაერქვა.

- პოლკოვნიკი კოჭოია ჯერ მხოლოდ კოჭოია იყო და მერე გახდა პოლკოვნიკი? - დიახ, თავიდან მხოლოდ კოჭოია იყო და თავისი ქცევების გამო გახდა პოლკოვნიკი. შესანიშნავი სამხედრო სტრატეგია, იცის, როგორ გადალახოს წინაღობა...

- მეგობრობენ თუ ერთმანეთზე ეჭვიანობენ? - არა, მეგობრები არიან. ბზიკი სულ გურიაში ცხოვრობს, კოჭოს დავატარებთ. ორი დღით რომ დავაშორებთ ერთმანეთს, ის იქ არ ჭამს საჭმელს, ეს - აქ. ბზიკი დიდი ძაღლია და დიდი ბეწვი აქვს. მას სახლში არ ვუშვებ, თუმცა რომც შემოუშვა, არ შემოვა, რადგან მისთვის ძალიან ცხელა. ვერანდაზე აქვს მოწყობილი სახლი. კოჭოს კი გარეთ ვერ გავუშვებ, იმიტომ, რომ მოკლებეწვიანია. ვაცმევთ და გარეთ ისე გაგვყავს. ბზიკს ერთხელ რამეს რომ აუკრძალავ, ვერ იმახსოვრებს. მაგალითად, სტუმარს რომ შეახტება და დაუშლი, ავიწყდება და მეორე სტუმარსაც შეახტება - ყოველ ჯერზე თავიდან უნდა აუხსნა, კოჭოს კი ერთი თქმით ესმის ყველაფერი და იმახსოვრებს.

- ვიდეოებში სულ დასცინით კოჭოიას, ნუ ხვრინავო... - ღიპიანი კაცები რომ ხვრინავენ, ზუსტად ისე ხვრინავს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ემოციები მოეძალება, მაგალითად, მოფერებას რომ დაუწყებ, ის ხვრინვას იწყებს. კოჭოიას "ფეისბუკზე" გვერდი აქვს - "პოლკოვნიკი კოჭოიას მოკრძალებული გვერდი".

- ბავშვებთან როგორი ურთიერთობა აქვთ, ხომ არ ეჭვიანობენ, როცა ეფერებით? - არა, სულ ერთად არიან. ორივე ლეკვობიდან ჩვენთან არის და ბავშვებისთვისაც ოჯახის წევრებივით არიან. რაც თვალი გაახილეს, ცხოველებთან ერთად იზრდებიან.

- კოჭოიას და ბზიკს რა არ მოსწონთ? - როდესაც ვინმე ჭამს და ამათ ახლოს არ მიუშვებ, ნაწყენი რჩებიან. აუცილებლად უნდა მოვიდნენ და ჩაგხედონ თეფშში, რას ჭამ. თუნდაც ხუთი წუთის წინ ჰქონდეთ ნაჭამი, თვლიან, რომ შენი საკვებიც უნდა გაუყო, თუ არადა, გიწყრებიან.

- როგორ გამოხატავენ გაწყრომას? - ამის ბევრი ვარიანტი არსებობს. თაღლითური გამოხედვით, ვითომ ცხოვრებაში არაფერი ეჭამოთ; ან მოვლენ, ახლოს დაგიჯდებიან და გეტმასნებიან.

- ბავშვებს ხომ არ აღვიძებენ ყეფით? ესმით, რომ ეტყვით არ დაიყეფოო? - კოჭოია საერთოდ არ იყეფება, ალბათ, ორჯერ თუ დაუყეფია ცხოვრებაში, ბზიკისთვის კი თქმას აზრი არ აქვს - თუ ატეხა ყეფა, არაფერი შველის. ბზიკი შესანიშნავი დამცველია. ყოველ ნახევარ საათში მთელ ეზოს უვლის წრეს და თუ ახლომახლო რამემ გაიფაჩუნა, ვერ გააჩუმებ.

ჩვენ ყოველდღიური რიტუალი გვაქვს - მე, ბზიკი და კოჭოია დღეში ორჯერ აუცილებლად უნდა გავიდეთ, გავისეირნოთ სოფლის ცენტრში და უკან მოვბრუნდეთ. ბზიკს უყვარს, საბლით რომ მიმყავს - ისე სეირნობას სეირნობად არ თვლის. მაშინ არის ყველაზე ბედნიერი და ამაყი და ნელა, მედიდურად მომყვება გვერდზე.

ცხოველთან ურთიერთობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაა. ცხოველს ადამიანისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, კოჭოია დღეში 10-ჯერ მაინც მაცინებს, მახარხარებს. დღეში 10-ჯერ ვინ გაგაცინებს? ამის გარდა, სახლში დაბრუნებისას არ არსებობს ვინმემ ისეთი სიხარული გამოხატოს შენი დანახვით, როგორსაც ძაღლი გამოხატავს. ყოველთვის გაგრძნობინებს, რომ უყვარხარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ მისთვის, რაც ყველა ადამიანს სიამოვნებს. და კიდევ - ძაღლისნაირი ერთგულება არავინ იცის. ეს ძალიან ბევრ დადებით ემოციას გმატებს, ამიტომ ყველას ვურჩევ, იყოლიოს ცხოველი.