"ფილ, იცი, რომ შენი სიმღერა ჰიტად იქცა?" - კვირის პალიტრა

"ფილ, იცი, რომ შენი სიმღერა ჰიტად იქცა?"

ექსკლუზიური ინტერვიუ 94 წლის კომპოზიტორ ფილიპ სპრინგერთან, რომლის საახალწლო სიმღერა "სანტა ბეიბი" საქართველოშიც ძალიან პოპულარულია

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი, 94 წლის ფილიპ სპრინგერი "მთვარის სონატას" ასრულებს და ასე ულოცავს შვილს დაბადების დღეს. ინტერვიუს იდეაც სწორედ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გაჩნდა. ფილიპ სპრინგერის ცნობილი ჰიტი "სანტა ბეიბი" უკვე 68 წელია, საახალწლო განწყობას ქმნის. ახლა კომპოზიტორი კალიფორნიაში ცხოვრობს და წელიწადში, სულ ცოტა, 35 კომპოზიციას ქმნის. მუსიკამ ძალიან პატარა გაიტაცა, 6 წლისა ბახის ნაწარმოებებს ფორტეპიანოზე სმენით აწყობდა. მან შექმნა კომპოზიციები ფრენკ სინატრასთვის, ჯუდი გარლენდისთვის, ელვის პრესლისთვის, არეტა ფრანკლინისთვის. საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გარდა, ამერიკელი კომპოზიტორი ცნობილია თავისი თავგადასავლით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წასვლის დროს გადახდა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს ფილიპ სპრინგერი ექსკლუზიურად უამბობს "კვირის პალიტრის" მკითხველს.

- ჩვენი ინტერვიუ მინდა ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ. თქვენ მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ...

- დიახ, ასეა და ბავშვობიდან ემოციური ვიყავი. მეორე კლასში მასწავლებელს, რომელიც განსაკუთრებული სინაზით მეპყრობოდა, ისე მივეჯაჭვე, მშობლებმაც შენიშნეს მისდამი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება. პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მუსიკის მასწავლებელმა შენიშნა ჩემი მუსიკალური ნიჭი. მისმა შემოთავაზებამ, მემღერა სკოლის გუნდში, მოტივაცია გამიღვიძა. ის იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ანგელოზი, უფრო სწორად, პირველი ანგელოზი, რომელიც დამეხმარა, გავმხდარიყავი კომპოზიტორი. პატარაობისას, სანამ ნოტების ცნობას ვისწავლიდი, სმენით ავაწყვე იოჰან სებასტიან ბახის ცნობილი ნაწარმოები "ტოკატა და ფუგა რე მინორი". ამის შემდეგ ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ მუსიკოსი გავხდებოდი. დედა იყო კონცერტმაისტერი და ამან განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მან მაზიარა ისეთ ნაწარმოებებს, როგორიც არის შოპენის ეტიუდები, მოცარტის სიმფონია No. 40 in G minor-ს კი ოთხ ხელში ვუკრავდით მე და დედა. ჩემს კომპოზიციებში კლასიკური მუსიკის ანარეკლი იგრძნობა. მამასაც ძალიან უყვარდა მუსიკა. მას შეეძლო სმენით აეწყო სხვადასხვა მელოდია, ასე რომ, არ არის გასაკვირი ბავშვობიდანვე მუსიკისადმი ჩემი სწრაფვა.

- ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სატვირთო მანქანის მძღოლი იყავით. როგორ მოხვდა ახალგაზრდა მუსიკოსი ომში?

- ისევე, როგორც სხვა 18 წლის ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეც შემარჩიეს ჯარში სამსახურისთვის. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ვიყავი და არმიას შევუერთდი. რეგენსბურგში (ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარეში) სატვირთო მანქანის მძღოლად გამამწესეს. როდესაც ჩემმა თანამებრძოლებმა აღმოაჩნეს, რომ პიანინოზე ყველა ამერიკული ჰიტის დაკვრა შემეძლო, აღარ მაძლევდნენ პოსტზე მორიგეობის უფლებას. სპრინგერ, შენ მთელი ღამე დაუკარი და პოსტზე ჩვენ ჩაგენაცვლებითო, მეუბნებოდნენ. ყველა რანგის გენერალი პატივს მცემდა იმისთვის, რომ შემეძლო ომის მძიმე დღეები გამეხალისებინა. ომში ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებიც მთელი ცხოვრება მომყვებიან. ამერიკელი მსახიობი მიკი რუნი სერჟანტად მსახურობდა ამერიკის ჯარში 1945 წელს, რეგენსბურგში. რუნიმ ჩემი დაკვრა მოისმინა და მთხოვა, ჯარში წარმოდგენების მუსიკალური ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ძალიან გამიხარდა, რადგან მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. საზოგადოებას შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ მიკი არა მარტო კარგი მსახიობი, კარგი კომპოზიტორიც იყო.

- თქვენი სიმღერები, ძირითადად, სიყვარულზეა. რა გავლენა მოახდინა პირადმა ცხოვრებამ შემოქმედებაზე? - ჩემს პირად ცხოვრებას არასდროს მოუხდენია გავლენა კომპოზიციებზე, რომელთაც ვქმნიდი. ზოგჯერ ჩემი შთაგონების წყარო რომელიმე მსახიობი გამხდარა, თუმცა ეს მხოლოდ წარმოსახვითი იყო. მუსიკა, რომელსაც ვქმნიდი, ყოველთვის მოდიოდა ისეთი შთაგონებისგან, რომლის ახსნაც შეუძლებელია. ზოგი ამას ღმერთს ეძახის - ბრამსიც ასე მოიხსენიებდა მუსიკის შექმნის უნარს, მაგრამ მე არასდროს მომინდომებია, ამეხსნა იმ ზებუნებრივი ძალის რაობა, რომელიც მუსიკას მაწერინებდა. ჩემი პირადი ცხოვრება შემოქმედებითი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული იყო. ჩემი ცხოვრების სიყვარულზე როცა ვლაპარაკობ, მხოლოდ ჯუდით სპრინგერი, ჩემი მეუღლე მახსენდება. 63 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ჯუდითი 62 წელია, თარჯიმნად მუშაობს. ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი გვყავს.

- ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან წუთებს როცა იხსენებთ, რა გახსენდებათ? - ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო 1953 წლის გაზაფხული, როდესაც ჯოან ჯევითს დავურეკე, Santa Baby-ის ტექსტის ავტორს. საუბრისას შეხვედრა ვთხოვე. მაშინ ჩემი სიმღერები უკვე ჰიტი იყო. ჯოანს ვკითხე, აქამდე თუ გიმუშავია ვინმესთან, ვისი სიმღერაც ჰიტი იყო-მეთქი? იქიდან ხმა გაისმა, ამაღამ რას აკეთებო. იმ ღამეს დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობა, მაგრამ არა - რომანტიკული, არამედ მხოლოდ საქმიანი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. "სანტა ბეიბის" გარდა, ჩვენ კიდევ ორ სიმღერაზე ვიმუშავეთ ერთად. ესენია Oh John და Lovin’ Spree.. სიმღერები დავუწერეთ დები რეინოლდსა და მის ქალიშვილ ქერი ფიშერსაც. ყველაზე ამაღლებულ მომენტს რაც შეეხება, ამერიკელ მწერალ ბობ ჰილარდთან შეხვედრას გავიხსენებ. ბობი უკვე აღიარებული მწერალი და მსოფლიოში სახელგანთქმული ბევრი ჰიტის ტექსტის ავტორი იყო, როდესაც გადაწყვიტა, ჩემთან ეთანამშრომლა. ჩვენ შევქმენით სამი ძალიან ცნობილი ჰიტი - Moonlight Gambler ფრენკი ლეინის შესრულებით, The First One to Find the Rainbow სლიმ ვაითმენისა და ისტორიული ჰიტი  The President on the Dollar მიჩ მილერის შესრულებით.

- თქვენი ჰიტი "სანტა ბეიბი" საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და საახალწლოდ ყოველთვის ისმის ეს მელოდია.

- 1953 წლის ზაფხული იდგა. მე და ჩემი პარტნიორი ჯოან ჯევითსი (ტექსტის ავტორი - ავტ.) საშობაო სიმღერის დასაწერად მიგვიწვიეს. 26 წლის ბროდვეის ვარსკვლავის, ერთა ქითისთვის უნდა შეგვექმნა მუსიკა. ნიუ-იორკში, ბრილის სახელგანთქმულ შენობაში შევხვდით ერთმანეთს, რომ ახალ პროექტზე გვემსჯელა. ჯოან ჯევითსი შეხვედრაზე მოვიდა უკვე მოფიქრებული სახელწოდებით - "სანტა ბეიბი" და ყველა ერთხმად დავეთანხმეთ, რადგან ერთას ემოციურ და სექსუალურ ვოკალს ეს სახელი ძალიან უხდებოდა. მე და ჯოანამ იმ დღესვე დავიწყეთ მუშაობა. მომდევნო შეხვედრაზე პროდიუსერებს კომპოზიციის რამდენიმე აკორდი მოვასმენინე, თუმცა არც კი მიოცნებია, რომ ეს მელოდია მოეწონებოდათ, სანამ არ გავიგონე: "ფილ, ძალიან მაგარია! სამ კვირაში მე და ჯოანამ მუშაობა დავასრულეთ და ერთამ სიმღერა ჩაწერა. რამდენიმე თვის შემდეგ კოლეგებმა დამირეკეს და მახარეს: ფილ, იცი, რომ შენი სიმღერა ჰიტად იქცა?"გაოცებისა და სიხარულისგან კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი...

- ჩვენი საუბრის დასასრულს რას ეტყოდით ქართველებს? - ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ ვისურვებდი, უფრო ახალგაზრდა ვიყო, რომ საქართველოში ჩამოსვლა და თქვენთვის დაკვრა შემეძლოს, მაგრამ ახლა ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს ოცნებებშია შესაძლებელი. ძალიან ამაღლებულია ჩემთვის, როცა მესმის, რომ ქართველ ხალხს ვუყვარვარ და ჩემს მუსიკას უსმენს - საქართველო ხომ ასე შორსაა ჩემგან! ამისთვის დიდი მადლობა. ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მშვიდობას ვუსურვებ ქართველებს და მთელ მსოფლიოს. - დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

P.S. ფილიპ სპრინგერმა ქართველი მსმენელისთვის ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელსაც "კვირის პალიტრის" საიტზე იხილავთ.