"ჩვენს სამსახურს შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულება" - რას ჰყვება პერსონალურ მონაცემებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"ჩვენს სამსახურს შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულება" - რას ჰყვება პერსონალურ მონაცემებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი

"გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის პირადი ცხოვრებას, რადგან ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებულია"

28 იანვარი პერსონალური მონაცემების დაცვის დღეა. ეს დღე ბევრ ქვეყანაში აღნიშნეს, მათ შორის - საქართველოშიც. რა მნიშვნელობა აქვს პერსონალური მონაცემების დაცვას და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი უფლებები და პირადი ინფორმაცია იყოს დაცული? გვესაუბრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია:

- ზუსტად 40 წლის წინ ხელი მოეწერა პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავების ფიზიკური პირების მართვის შესახებ პირველ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელსაც 108-ე კონვენციას უწოდებენ და მას მერე ეს დღე აღინიშნება. ბევრ ქვეყანაში ეს სამსახური 1970-იანი წლებიდან შეიქმნა. ჩვენთან 2013 წლიდან მოქმედებს საზედამხედველო ორგანო. ამ სფეროს განვითარებისთვის ეს დიდი დრო არ არის, ამიტომ ჯერ განვითარების პირველ საფეხურებზე ვართ.

- გთხოვთ განუმარტოთ საზოგადოებას ამ სამსახურის მნიშვნელობა.

- ეს სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი ერთადერთი ორგანოა ქვეყანაში, რომელიც აკონტროლებს საჯარო და კერძო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. თითქმის ყველა ჩვენგანი სამსახურებრივი საქმიანობისას ბევრ ისეთ ოპერაციას ასრულებს, რომლებიც ადამიანის პერსონალურ მონაცემებთან არის დაკავშირებული. ხშირად უნებურად ვმონაწილეობთ სხვის მიერ მონაცემების დამუშავების პროცესშიც. მაგალითად, სახლიდან რომ გამოვდივართ, ბევრი კამერის მხედველობის არეალში ვხვდებით - მივდივართ ბანკში, სადაც მონაცემებს ვტოვებთ, ვრეკავთ ტელეფონის ნომერზე და ა.შ.

დაცულია თუ არა კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემები? სწორედ ამას აკონტროლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მოგვმართავენ კერძო და საჯარო დაწესებულებები და გვეკითხებიან, როგორ უნდა დანერგონ ელექტრონული სისტემები, როგორ დაიცვან უსაფრთხოება ვიდეოთვალთვალის დროს, როგორ დაიცვან წესები, რომ კონკრეტულ შენობაში ჩვენი ყოფნის ამსახველი კადრები დაცული და უცხო პირთათვის მიუწვდომელი იყოს. პანდემიის დროს, ალბათ, ბევრს მოხვდა თვალში თერმოსკრინინგის ელექტრონული აპარატები, რომლებითაც სიცხეს გვიზომავენ - ესეც ჩვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს. პერსონალური მონაცემია ინტერნეტბანკინგიც, რომელსაც ასევე ყველა იყენებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დაინტრესებულ პირებსა და ორგანიზაციებს ვუწევთ კონსულტაციას, რომ ამ პროცესში არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ჩვენს სამსახურს შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულება და გაარკვიოს, დაცულია თუ არა იქ მოქალაქეთა უფლებები.

- მოქალაქეები ხშირად მოგმართავენ?

- დიახ, მოგვმართავენ, თუ რომელიმე ორგანიზაციამ არაკანონიერად მოიპოვა და დაამუშავა მათი პირადი მონაცემები. ასეთი განცხადებების საფუძველზე ჩვენ ვამოწმებთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სახდელს ვიყენებთ. ცნობიერების ასამაღლებლად ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას და ვაცნობთ მოქალაქეებს, რა ტიპის პრობლემებია ამა თუ იმ სფეროში და რას მიაქციონ ყურადღება. ამ სამსახურს 2019 წლის ნოემბრიდან დაემატა მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია - მოხელეთა ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება. დიახ, ჩვენ ვიძიებთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და სხვა მოხელეთა ძალადობრივ დანაშაულებს.

- არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რა პრობლემებს აწყდებით, როცა ამგვარ საქმეებს სწავლობთ? - არასრულწლოვანთა მონაცემები მუშავდება ყველგან - ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო სფეროში, ასევე მაშინ, როცა ბავშვი მზრუნველობის პროგრამაშია ჩართული. სამართალდამცავ ორგანოებში მუშავდება იმ ბავშვების მონაცემები, რომლებსაც კანონთან კონფლიქტი აქვთ. ბავშვები ნებსით თუ უნებლიეთ აზიარებენ თავიანთ მონაცემებს სოციალურ ქსელებშიც და ეს უფრო დიდი პრობლემაა. ისინი ვერ აცნობიერებენ რისკებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ როგორც ბავშვების, ასევე მშობლების ცნობიერება. სამწუხაროდ, ზოგჯერ სოციალური ქსელით მშობლები აზიარებენ ბავშვების ისეთ მონაცემებს, რომელთა გამო ისინი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ზოგჯერ კი ბულინგის მსხვერპლნიც გახდნენ. გვქონდა შემთხვევები, როცა სკოლებში ბავშვების მონაცემები სათანადოდ არ ინახებოდა და მათზე ხელი მიუწვდებოდათ იმ პირებს, რომელთათვისაც ეს ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. ხშირად გამოქვეყნებულა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის მონაცემები, რაც ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. იყო შემთხვევები, როდესაც სკოლებში ვიდეოკამერები იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ბავშვები ტანსაცმელს იცვლიდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ბავშვთან ოჯახში მუშაობდა, მასზე ინფორმაცია თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა და ამით ბავშვის უფლება დაარღვია. ადამიანთა უფლებები ირღვევა სამართალდამცავ უწყებებშიც და ამის მაგალითებიც გვაქვს. ეს პრობლემა ყველა სფეროშია და თუ ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავ სექტორში გვეყოლებიან ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ეცოდინებათ პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, პრობლემები შემცირდება.

ბოლო დროს ძალიან ხშირად აჩვენებენ ბავშვებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, თუმცა ამ დროს მათი სახე დაფარული არ არის. ჩვენთვის ხშირად უთქვამთ, ოჯახი თანახმა იყო გადაღებაზეო, თუმცა ეს ზუსტად არ ვიცით. როცა ტელევიზიით ასეთი თემები შუქდება, მეტი დაფიქრება გვმართებს. ბავშვების სახე აუცილებლად დაფარული უნდა იყოს. არის შემთხვევები, როცა სახე არ ჩანს, მაგრამ ჩანს სახლი, სადაც ცხოვრობს, ან ოჯახის წევრი. ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალებია, მაგრამ როდესაც ბავშვისგან გესმის, როგორი გავლენა მოახდინა ამან მის ემოციურ მდგომარეობაზე, ხვდები, რომ უმნიშვნელო არ არის. გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ასეთ ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდათ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

- პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებში მაინც არ უნდა ირღვეოდეს ეს უფლებები... - ჩვენ პერიოდულად ყველა უწყებასთან გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ შეცვლის ვითარებას. ტარდება ღონისძიებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორც მოგახსენეთ, უპირველესად საჭიროა ცნობიერების ამაღლება. უნდა ამოქმედდეს შიდა მონიტორინგის მექანიზმი. უწყება არ უნდა ელოდებოდეს, როდის მივა მასთან ინსპექტორის სამსახური, თვითონ უნდა ამოწმებდეს, როგორ იცავენ მისი თანამშრომლები წესებს და ამოწმებდეს, ვინმე უკანონოდ ხომ არ იყენებს პირად მონაცემებს.

- პანდემიის დროს რა დარღვევებს წააწყდით თუნდაც ჯანდაცვის სფეროში? - ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებია და ის უფრო მკაცრად უნდა შემოწმდეს. პანდემია ყველასთვის მოულოდნელი იყო და ქვეყნებს ძალიან სწრაფად მოუხდათ სხვა რეჟიმზე გადასვლა. მაგალითად, საჭირო გახდა ელექტრონული პროდუქტების დანერგვა და ელექტრონულ მომსახურებაზე სწრაფად გადასვლა. დარღვევის ფაქტი ბევრი არ ყოფილა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა უსაფრთხოების ზომები საკმარისად არ იყო დაცული. სამწუხაროდ, იყო შემთხვევა, როცა გავრცელდა კოვიდინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ჯანდაცვის სისტემასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩავატარეთ ტრენინგმოდული, ვმუშაობთ ონლაინპლატფორმაზე. დარღვევების რაოდენობა დიდი არ არის, თუმცა მუშაობა მაინც საჭიროა.

- თქვენ იძიებთ ძალოვანი უწყების თანამშრომელთა დანაშაულს. ამ მხრივ რა ვითარებაა და რომელიმე შემთხვევაში თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე? - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ძალადობრივ დანაშაულებს ადრე პროკურატურა იძიებდა, მაგრამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებდა, ამისთვის შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება. შარშან 270 საქმის გამოძიება დავიწყეთ. შს სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივრები, ძირითადად, შემოაქვთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიციელებმა დააკავეს და მიუთითებენ, რომ დაკავების დროს ან შემდეგ დაირღვა მათი უფლებები. სამოხელეო დანაშაულისთვის სანქციები სს კოდექსით არის განსაზღვრული. თუ გამოვლინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა, საქმე გადაეცემა პროკურატურას, შემდეგ კი - სასამართლოს. 2020 წელი რთული იყო, პანდემიის გამო გვიჭირდა ძიების წარმართვა, მოწმეებთან ურთიერთობა, თუმცა ხუთი პირის მიმართ მაინც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და ისინი, ძირითადად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არიან. იმედი მაქვს, 2021 წელს მუშაობა გაგვიადვილდება.

- რას ურჩევთ მოქალაქეებს, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები? - ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ონლაინსივრცე, არაერთ ონლაინაპლიკაციას ვიყენებთ, მაგრამ ხშირად ისინი საჭიროზე მეტ მონაცემს ითხოვენ. მაგალითად, რომელიმე პროდუქციის შეკვეთისას გვთხოვენ დაბადების თარიღს, პასპორტის მონაცემებს, არადა, მომსახურების მიღება ამის გარეშეც უნდა შეგვეძლოს. ამიტომ ყველას ვურჩევ დაფიქრდეს, როცა რომელიმე პლატფორმაზე ავტორიზაციას გაივლის. თუ საბანკო რეკვიზიტებს ითხოვენ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით. ზოგჯერ "ფეისბუკზე" გაზიარებული პირადი მონაცემები პრობლემების მიზეზი ხდება, მერე კი დახმარებას ჩვენ გვთხოვენ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, სანამ "ფეისბუკზე", "ისტაგრამზე", "ტვიტერზე" თუ "ტიკტოკით" რამეს გააზიარებენ, კარგად დაფიქრდნენ, რადგან უკვე გაზიარებული ინფორმაციის უკან დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ ეს რეალურად არსებული პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია.

პირადი ცხოვრება არის ყველაზე ძვირფასი, ფასეული და ღირებული. პერსონალური მონაცემები ქმნის ჩვენს პირად ცხოვრებას, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მათ და პატივი ვცეთ სხვის პირად ცხოვრებასაც, რადგან ადამიანის პირად სივრცეში შეღწევას მოჰყვება უფლებების დარღვევა, რაც მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი შეიძლება აღმოჩნდეს.