"ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო" - კვირის პალიტრა

"ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო"

"ხვალ არ ვიქნები... მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლია"

75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მომღერალი, სახალხო არტისტი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური" - ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

წიკლაური კორონავირუსის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო და თითქმის ერთი თვე ებრძოდა ვირუსს. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოჯახი, მეგობრები და შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო, იმედს არ კარგავდა და მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მართვით სუნთქვაზე, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მედიკოსების მცდელობები იმედს აძლევდათ, რომ თემურ წიკლაური გადარჩებოდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ქართული სცენის არწივი" 1946 წელს კოჯორში დაიბადა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი 1967 წლიდან ფილარმონიის სცენაზე დგას. იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, შემდეგ ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის, გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

2014 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თემურ წიკლაურის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა...

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს თემურ წიკლაურის ოჯახს და მეგობრებს!

ჟურნალ "ისტორიანის" არქივში ინახება ვრცელი ინტერვიუ სახალხო არტისტთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- კოჯორში ვცხოვრობდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, VII კლასამდე - ხუთებზე. დამპირდნენ, თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ველოსიპედი კი ჩემი ოცნება იყო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე კიდეც, ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. არადა, მშობლებს ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, არაფრის საშუალება აღარ იყო. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და აღარ ვსწავლობდი... ახლა მეცინება, რომ მახსენდება...

ფიზიკური შრომა თუ გამომიცდია? როგორ არა! დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვრგავდით. მეათედ ჰექტარზე რომ დამაყენებდნენ და ვთოხნიდი, უნდა გენახათ. ტყეშიც დავდიოდი შეშაზე... "ტარზანი" რომ შემოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილი ვბრუნდებოდით სახლებში.

ერთი ამბავიც მახსოვს: შინ მარტო დაგვტოვეს 97 წლის პაპასთან. მინდოდა გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე იდგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ესენი დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულზე ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა... კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.

ღმერთი მწყალობდა ყოველთვის. აუცილებლად მინდა ვახსენო ხალხი, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში.

ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში სიმღერის გუნდი შექმნა. ისეთი გუნდი დადგა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ის მინერგავდა, მონაცემები გაქვს, ხმა გაქვს და მიჰყევიო...

ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათგან ვისწავლე დაკვრა. მერე ერთად ვიყავით "ციცინათელაშიცა" და "ივერიაშიც"... პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: "შემოხტი და გამიფრინდი, ჩემო თოლია". გიტარა არ მქონდა. ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო. გიტარას ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი.

საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე.

თბილისში რომ ჩამოვედი, ორი წელი პროფესორ ოთარ ზენაიშვილის სახლში ვცხოვრობდი. მან შემიფარა, კოჯორში ისვენებდა და იქიდან მიცნობდა... ბატონი ოთარი და მისი მეუღლე თავს მევლებოდნენ, რომ კარგი ადამიანი დავმდგარიყავი... დიდად დამეხმარა პრორექტორი გოგი შიოშვილიც. იქაც გუნდში მოვხვდი. დეკანი ნელი კრავეიშვილი მყავდა. ის მეუბნებოდა, წადი, კონსერვატორიაში ჩააბარეო... ვერა და ვერ გადამაწყვეტინეს. რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფლელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლა.

ოჯახიდან დღეში მანეთს მაძლევდნენ. კვირაში 7 მანეთი მეკუთვნოდა, მეტი არა. თავი უნდა გამეტანა როგორმე. კიდევ ვიმეორებ, მადლობა უფალს, რომ მიცავდა ყოველთვის. მეგობარმა მომაკითხა - არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე დიდი უნივერმაღი იყო. იქ ანსამბლი ჰყავთ და მოდი, ვიმღეროთო. ხელფასს მოგვცემენ 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან, ასლან ხარბედიასთან. ფოთში რომ პირველი ფეხბურთელები იყვნენ, იმ პერიოდის ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერულვაშო ბავშვები, გაგვაფორმა. მე გალანტერეის საწყობში ვიყავი მუშად. ხელფასიც მომცა... ამას სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს ჩემთვის დიდი ფული იყო. უკვე გამიჩნდა შესაძლებლობა, საჩუქრებიც კი მეყიდა გოგონებისთვის. ყოველ დილით მივდიოდით საწყობში, ვეხმარებოდი საწყობის გამგეს, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდით.

მერე მივდიოდით რეპეტიციაზე... მერე ისეთ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც გეგმა სრულდებოდა. უკვე 100 მანეთი მქონდა ხელფასი. 1967 წელს შეიქმნა ანსამბლი "ციცინათელა". სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. დამიძახა. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ლილის. სამი კურსი ხომ ხუთოსანი ვიყავი... "ციცინათელასთან" ერთად გასტროლებზე წავედი და წავედი ხელიდან. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი... ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, ისწავლე რა, ხომ შეგიძლიაო, - მაგრამ ვერ მიმაბრუნა... დამამთავრებინა მაინც როგორღაც...

საოცარია, მაგრამ სცენაზე გასვლა უსაზღვროდ მიჭირდა ყოველთვის. ახლაც მიჭირს. სიცილით კვდებიან, ვსველდები, ხელებიდან წურწურით მომდის ოფლი, სიტყვები არ მახსოვს, ხმა ხომ არ დავკარგე, - მეშინია. გავალ სცენაზე, ამოვიღებ ხმას და მერე მიდის და მიდის... არ ვიცი, როგორ აგიხსნათ...

დავქორწინდით. ორივე ვმუშაობდით. ამოვისუნთქე... ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის ფონზე გაჩენილი თვითდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია.

ცხოვრება პრაგმატული გახდა... მაგრამ რაც გამოცდილი მქონდა, არასოდეს დამვიწყებია. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელმოკლეობა, განსაცდელი... რა არის, როცა კუჭი "თავისას ითხოვს" ან ჩასაცმელი არაფერი აქვს კაცს. ამას ყველაფერს ვხვდები, სულ არ მჭირდება, რომ ვინმემ მიამბოს. მე ხომ ეს გზა გავიარე... ეს რომ არ გამევლო, ვაი, რა ძნელი იქნებოდა სულის დაამება!

თემურ წიკლაური დედასთან

ჯემალ ბაღაშვილს კოჯრიდან ვიცნობდი. ამოდიოდა, უკრავდა ხოლმე. თითებიდან სისხლი სდიოდა და არ ჩერდებოდა მაინც. ძალოსანი იყო. კრივიც იცოდა. როგორ, თბილისში რომ ჩამოხვალ, ყველაფერი უნდა შეგეძლოსო. დამაწყებინა ვარჯიში. თბილისში უკვე მაშინ შევხვდით ერთმანეთს, როცა "ციცინათელაში" ვიყავი. "ივერია" უნდა შევქმნათ და ერთად ვიქნებით, ჩემთან წამოდიო... გადავწყვიტე, გადავსულიყავი. ღალატი არ ვიცი. მაპატიონ ბიჭებმა, ვინც დავტოვე, მაგრამ პირობები იყო ისეთი, იძულებული გავხდი...

მოვიარე მსოფლიო "ივერიასთან" ერთად.

ეტაპობრივად ყველა ჯურის ხალხს შევხვედრივარ ქუჩაშიც, ცხოვრებაშიც... ყველანაირი გზა მაქვს გავლილი. პროფესიონალურ სცენაზე გამოსვლა რომ დავიწყე, ხშირად გვიხდებოდა კოლონიებში კონცერტების ჩატარება. შემდეგ მივხვდი, ეს ქრისტიანულია: პატიმარიც უნდა მოინახულო და ავადმყოფიც... ჰოდა, მთელ შავ და ფერად სამყაროს კი ვიცნობდით... სხვათა შორის, კონცერტის მერე პურმარილი იშლებოდა...

მარტო ჩემთვის კი არა, მთელი "ივერიისთვის" ჩემი შვილის ამქვეყნიდან წასვლა დიდი ტკივილი იყო. მაშინ "არგონავტებს" ვდგამდით. მე აიეტის როლი მქონდა. ვფიქრობ, ასეთი კარგი მიუზიკლი სხვა არც არის, მაგრამ აღარასოდეს მივბრუნებივართ.

ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს "ივერიაზე". "ფიროსმანი" დავდგით. ჯემალმა, შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო... გადავწყვიტე, 21 დღე არ მეჭამა, რომ მივახლოვებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა ის შიმშილობდა, როცა ის არავის უნდოდა, მასზე საშინელებას წერდნენ გაზეთში... ავიღე წიგნები ნიკალაზე, ლოცვები და დავიწყე შიმშილი. მივდიოდი კოჯორში ჩემს წყაროზე, იქიდან მომქონდა წყალი დასალევად. ეს სიჩუმე და მარტოობა შეუდარებელია ჩემს ცხოვრებაში. მერე, როცა 21 დღის მერე პირველად გავედი, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.

რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ. დარჩენა არსად მნდომებია. კა-გე-ბე დაგვყვებოდა. ღამით გარეთ არ გვიშვებდნენ. ქართველი თუ მოვიდოდა, გამარჯობა არ უნდა გვეთქვა, სამშობლოს მოღალატეაო. გამარჯობასაც ვამბობდით და ქეიფიც მიდიოდა. "კაგებეშნიკიც" საქეიფოდ მიგვყავდა ხოლმე... (იხილეთ სრულად)