სულის დღიურები
28-09-2009

"ვზივარ ზღვის ნაპირზე და თვალცრემლიანი გავცქერი დასალიერს, იქ, სადაც ჩამავალი მზე გულში იხუტებს ტალღებში გაცრილ სხივებს. ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, ჩემს საქართველოზე. ჩურჩულით ვატან იმ სხივებს ჩემს შვილებთან, ჩემი ოჯახის წევრებთან - ენით გამოუთქმელ სიყვარულს, იქნებ ხვალ, როდესაც მზე ისევ გამოანათებს, ასე მონატრებულ ჩემს სისხლსა და ხორცს ჩემს მაგივრად სახეზე და ხელებზე მიელაციცოს, თვალები დაუკოცნოს, სული გაუთბოს...
მენატრება ჩემი მამული, ტკივილამდე მენატრება. აგერ, უკვე მე-5 წელია, რაც უცხოეთში ვარ და ჩემს
მშობლიურ მიწაზე ფეხიც არ დამიდგამს. აქაურობა გასამოთხებული ჯოჯოხეთია ჩემთვის, ჩემი ბედკრული საქართველო კი გაჯოჯოხეთებული სამოთხე! აქაც ამოდის მზე, მაგრამ ვერ არის ისეთი ცხრათვალა, როგორც იქ, ჩემს სამშობლოში, ვერც მისი სხივები მათბობენ ისე ალერსიანად...
ალბათ ქართველზე უფრო სევდიანი ემიგრანტი არ არსებობს დედამიწაზე.
ამას წინათ მეუბნებოდა ერთი
აქაური - რას განიცდი ასე, სადაც უკეთესად იქნები, იქ იქნება შენი სამშობლოო(?!)...
აბა, როგორ ავუხსნა ამ კაცს, რომ სამშობლო ფესვია, რომლისგან მოწყვეტა სულიერი სიკვდილის ტოლფასია. ის ამას ვერ გრძნობს... მე კი ვგრძნობ და ამიტომ სამშობლო მუდამ თან მახლავს. წამოვედი და თან წამომყვა საქართველო. თან წამომყვა კავკასიონის ყინულოვანი შუბლით, მოდუდუნე მტკვრით, არაგვის ჩქერებით, ამაყი და გაუტეხელი ხალხით...
აბა, როგორ გავაგებინო ამ კაცს, რომ აქ განცხომით ყოფნას იქ, ჩემს ტანჯულ მიწაზე სიკვდილი მირჩევნია, როგორც იმ ქართველ ბიჭს, გასულ კვირას რომ დალია სული უცხო მიწაზე. საქართველოში წამასვენეთ, არ დამტოვოთ ამ მიწაშიო, - ესღა აღმოხდა სიკვდილის წინ... შევკრიბეთ გროშ-კაპიკები და მივაცილეთ აეროპორტამდე თუთიის სასახლეში გამოკეტილი... წავიდა მიცვალებული, მაგრამ მაინც ბედნიერი, საქართველოს მიწას ჩაეხუტა. გავაყოლეთ ჩვენი ცრემლიც, მაგრამ ჩვენ ისევ აქ დავრჩით უარესად ატირებულნი და გაურკვეველი მოლოდინით გულდასერილნი... თითო ჭიქაც წავუქციეთ, შენდობაც ვუთხარით და თითქოს ჩვენი თავიც გამოვიტირეთ... აბა, რით არის მიცვალებულზე უკეთესი სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ქართველი, რომელიც ლუკმა-პურისთვის ფესვებს მოწყვეტილი თვიდან თვემდე მიათრევს გაუხარელ სიცოცხლეს, ილევა და დნება საქართველოს, შვილების, მშობლებისა და ახლობლების მონატრებით, მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოში არ დააყენა გაჭირვებამ, უსახსრობამ, შიმშილმა და უბედურებამ. რაც ყველაზე მძიმეა, არც იცის, როდის ეღირსება საქართველოში დაბრუნება... წლები კი გარბის და ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არ "თავისუფალი" კატორღა - სულს და გულს რომ ადევს მონატრების ბორკილებად..."
ეს მცირე ფურცელია ერთი ქართველი ემიგრანტის სევდიანი, ცრემლით დასველებული დღიურიდან. ვისაც წერის ნიჭი აღმოაჩნდა, წერს, ვისაც არა - სულზე ლოდად აწევს ეს გაუსაძლისი ყოფა. ცოტა არ გეგონოთ ეს ცრემლით დალბობილი "სულის დღიურები", მათი რიცხვი 2 მილიონამდეა და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენით გაიზრდება...
ოდითგან ქართველს გაჭირვების მეტი რა უნახავს, მაგრამ ისეთი მასშტაბებით ქვეყნიდან მათი გასვლა, როგორც დღეს არის, საქართველოს არ მოსწრებია. იცლება სოფლები, დაბები და ქალაქები. გულს გიკლავს ბოქლომდადებული ჭიშკრები, გაპარტახებული სამოსახლოები... მიდიან და მიდიან უცხოეთში ქართველები ლუკმა-პურის საშოვნელად.
ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე ბევრი იყო მთავრობის პათოსით გაჟღენთილი რიხიანი განცხადებები - ჩამოდით, ემიგრანტებო და აქ იმუშავეთ, ყველასთვის მოიძებნება სამსახურიო...
სიტყვა სიტყვადვე დარჩა. აბა, ვინ იზრუნა იმისათვის, რომ აქ დაბრუნებულებს სამსახური და ნორმალური ყოფა დახვედროდათ? მიდის ქართველობა საზღვარგარეთ, ხელისუფლებისგან მიტოვებული და მხოლოდ უფლის მოიმედე.
ჩვენისთანა პატარა ერისთვის მიგრაციის ასეთი მასშტაბები კატასტროფაა! გაედინება ერის საჯიშე თაობა. უმეტესობას ოჯახები საქართველოში ჰყავს დატოვებული. უმრავლესობა ვალებით მიდის უცხოეთში. იმ ვალების გასტუმრებას ერთი და ორი წელი არ ჰყოფნის, რადგან შრომის შესაბამის გასამრჯელოზე ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იმეტებენ ადგილობრივები. იციან, ემიგრანტს სხვა გზა არ აქვს და თავის სარჩენად მათხოვრულ გროშებზეც თანახმაა. ზოგის იძულებითი ემიგრანტობა უკვე 10 წელიწადს და მეტს ითვლის. ისეთებიც ვიცი,  ისე წამოეზარდნენ შვილები, რომ თვალიც არ დაუკრავთ მათთვის, ისე ჩავიდნენ სამარეში მათი ოჯახის წევრები, რომ ცრემლი ვერ დაადევნეს. რა ქნან? რომ ჩამოვიდნენ, უკან ვეღარ წავლენ სავიზო პრობლემების გამო. მეტი უბედურება გინდათ კიდევ?
მიგრაციის პრობლემა ბევრ სატკივარს ამახვილებს კიდევ. პირად ტრაგედიებს რომ თავი დავანებოთ, ერს გამრავლება სჭირდება და ჩვენი დემოგრაფიის შემხედვარე წინ გახედვაც გვეშინია. შუაზე გახლეჩილი ოჯახებით როგორ უნდა გავმრავლდეთ; მონურ შრომაში განადგურებული ფსიქიკით აქ დაბრუნებულმა ქართველობამ როგორ უნდა შვას ჯანსაღი მომავალი? ერი თვალსა და ხელს შუა ილევა და ჩანაგდება. იქ ფუძნდებიან უკვე, პატარები იქაურ სკოლებში შეჰყავთ, დედაენის მაგივრად უცხო სიტყვებით იტეხენ პაწია ქართველები მეტყველებას.
რას ვაკეთებთ ჩვენი გადახვეწილი თანამემამულეების ყოფის შესამსუბუქებლად? ერთადერთი - საპატრიარქო ზრუნავს მათი სულების გადასარჩენად. იქ აფუძნებენ ეკლესიებს, ეპარქიებს და სადაც ახერხებენ სულიერი საფანელი ჩააქვთ მრევლისთვის. სხვა გზა არ არის, რაკიღა აქედან წასული მიგრაციის ნაკადის შეჩერება ჯერჯერობით შეუძლებელია. ერთი მოძღვარი მეუბნებოდა ამას წინათ, - გული მიკვდება ამ უბედურების გამო, დღენიადაგ მოვუწოდებ მრევლს, ნუ წახვალთ, სამშობლოდან ყველა რომ გავიდეს, ჩვენგან აღარაფერი დარჩება; ჩვენს წინაპრებს უარესიც უნახავთ, მაგრამ აქედან მხოლოდ ძალით გაჰყავდათ მტრებს-მეთქი. მეთანხმებიან, მაგრამ მაინც ვერ ვაჩერებთ, წლიდან წლამდე მშიერი შვილების შემყურეებზე სიტყვა და მოწოდება აღარ ჭრის... ახლა იმას ვემუდარები, დიდი ხნით არ მოწყდეთ საქართველოს და მალე მაინც დაბრუნდით-მეთქი.
უნდა დავაბრუნოთ ქართველები როგორმე... როგორ?.. ყველაფერს კეთილი ნება უნდა, ამ საქმისთვის ალალად ზრუნვა, ჭირისუფლობა... აქ უვიცების დოღია, ერთსა და იმავე კაცს ერთ სავარძელზე ციყვივით ატრიალებენ და უცხოეთში ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი უღმერთოდ იხარჯება ლოგინად ჩავარდნილი გადამთიელის პამპერსების ცვლაში. წლები კი მიჰქრის და მიჰქრის... თავიანთ წილ პატარა საქართველოს ქმნიან უცხოეთში, მაგრამ ვაგლახ, რომ ვერც ამაში პოულობენ საშველს...
მხოლოდ სიზმარში, იშვიათი გარინდების წუთებში ეხუტებიან შვილებს... კოცნიან ქართულ მიწას და... ფრთებს, ფრთებს ნატრობენ სამშობლოში დასაბრუნებლად...
ვაი ჩვენ და ვაი მათ სამშობლოს, რომ ფრთები შეაკვეცეს "საკატორღედ" გამეტებულებს და მხოლოდ "ცრემლიანი დღიურებისთვის" გაიმეტეს ღვთის მოიმედენი...
ღმერთო, მშვიდობით დაგვიბრუნე ყველა ქართველი...
მალე დაგვიბრუნე!..



ქვეყნის ამ სატკივარზე  ველით მკითხველის მოსაზრებებსა და გამოხმაურებებს
მარინე
11 ნოემბერი 2013 18:19
ყველა უნდა დაბრუნდეს. რაც იქ გაჭირვებას იტანენ ქართველები,იმის ნახევარი აქ რომ ავიტანოთ,უფალიც დაინახავს ჩვენს მოთმენას.ყველა უნდა დაბრუნდეს: ვალიანებიც და უვალებოც!....შვილუნახავიც და შვილმკვდარიც!...დაბრუნდით,ჩვენებო,დაბრუნდით!....:(
manana
11 ნოემბერი 2013 00:42
ვკიტხულობდი ამ წერილს და ტან ვტიროდი :'( ტიტქმის ყველა ემიგრანტის ცხოვრება ერტმანეტს ტყუპის ცალივიტ ერტმანეტს გავს, 9 ტვის წინ სვილი დამეგუპა, :'( ახალგაული სეტევაც ზრდა, დედა მოუკვდეს , 9 წლის უნახავი 43 წლის ,:'( ზალიან უბედური დედა ვარ ,ვერ დავბრუნდი რადგან , მის სვილებს გზაზე დაყენება უნდა, მამა აგარ ყავტ და როგორც სევზლებ ეს გაუბედურებული სვილ მკვდარი დედა ისე დავეხმარები, მას სემდეგ ,გულის სეტევაც დამემარტა, და ინფარქტიც ,აქ გლოვა არ იციან და არც არავის მოწონს მგლოვიარე მომვლელი, არ მეგირსა მე უბედურს სვილის მოფერება, მისი დატირება :'(გამე გვიან მტვარეს სევტირივარ და ვუყვები ცემს უბედურებას, მერე გარაჯსი ვიკეტები და იქ დავტირი ცემს საყვარელ სვილს ,:'( მაპატიეტ
ზვიად
29 ნოემბერი 2009 20:05
ჩავილევით და ჩავიხარჯებით ქართველები,თუ ასე გაგრძელდა...დაკარგული ზნეობა,სიყვარული და კიდევ ”რაღაც” - ისეთი- სულისშემძვრელი უნდა ვიპოვოთ,რომ ჩვენი სულთმობრძავი სამშობლო გადავარჩინოთ....დღესაც ვუსმენდი ჩვენს უწმინდეს პატრიარქს და თვალზე ცრემლი მერეოდა - ვერ ვხედავთ და არ გვესმის,რასაც გვეუბნება...ამასობაში კი იცლება საქართველო...როდისღა ეღირსებათ დაბრუნება ჩვენს გატანჯულ ემიგრანტებს,საქართველოსთვის დასახარჯ ძალას და სიყვარულს უცხო მიწაზე რომ ხარჯავენ..იცის ვინმემ ამ ქვეყანაზე?..ვშიშობ,რომ არავინ...
ზვიად სეხნიაშვილი

რედაქტორის რჩევით