"ეს ნერგები ხეებად იქცევიან და შთამომავლობას ჩვენს თავს გაახსენებენ..." - კვირის პალიტრა

"ეს ნერგები ხეებად იქცევიან და შთამომავლობას ჩვენს თავს გაახსენებენ..."

რუსთავისკენ მიმავალმა ტრასაზე ჩამწკრივებული მენერგეები შევნიშნე.  როგორ გგონიათ, ვინ ყიდულობს ამ ნერგებს? რაღა თქმა უნდა, თბილისელები. ესეც შენი გადასხეპილ-გადახრიოკებული ქალაქის ამოსუნთქვა! გზის გაყოლებაზე  ორი კაცი იდგა - ხნიერი და ახალგაზრდა. გამარჯობათ-მეთქი, მივესალმე.

- ამდენი ნერგი გამოგიტანიათ გასაყიდად. მე კი აღარც მეგონა,  ვინმე რამეს თუ რგავდა, უფრო ვჩეხავთ...

- გაგიმარჯოს, მაგრამ ჩეხვითა და კაფვით რომ დაიწყე, ჯერ ის გვითხარი, ვინ ხარ, მერე ჩვენ გეტყვით პასუხს.

- "კვირის პალიტრა" ვარ... თუ  ეს ნერგები ხეებად გადაიქცა,  გაგიკეთებიათ საშვილიშვილო საქმე და ეგ არის.

- მართლა "კვირის პალიტრა" ხართ?!

- დიახ, კითხულობთ?

- მაშ!.. მე ქაღალდში, აგე, ჩემი ვაჟი კიდე ინტერნეტში. ჰოდა, ეგ დაგელაპარაკებათ, ჩემზე უკეთესი მენერგე ეგ არის.

...მაგრამ იმან - არაო... მე მუშაობა უფრო მეხერხება, შენ ილაპარაკეო. მეც დიდად არ მწყენია - კაცია და გუნება. ჰოდა, მე და ბატონმა ჯემალმა განვაგრძეთ საუბარი:

-  მარტო თქვენ გყავთ ისეთი შვილი, რომელიც მამის საქმეს აგრძელებს, თუ სხვაც ბევრი იცით?

- რათა, მარტო მე? ჩვენ, ყველანი, ამ ტრასაზე, ლაგოდეხიდანა ვართ. იქ კიდევ, სანერგე, რამდენიც გინდა, იმდენია და ახალგაზრდებიც მუშაობენ. განა მარტო ვაჟები,  ქალებიც. შრომა არა სჯობია ქურდობას და მამაძაღლობას?

ჩვენთანა, ხალხმა რომ მიიხედ-მოიხედა და ლუკმის ფული ვერსაით დაინახა, მაშინ მოიფიქრა სანერგეების გაშენება. ეს შრომა ტყუილი არასოდეს არ არის, ნერგს თუ ვერ გაყიდი, შენს ეზოში ხო დარგავ. მერე კიდევ, გზა ყოველთვის არსებობს, სანამ ადამიანი ცოცხალია. ეს გზაც მოიძებნა. ზოგ ნერგს იქვე ვყიდით, ზოგიც ქალაქს ჩამოგვაქვს, ხილიც გაგვაქვს ტრაილერებით უკრაინაში, უფრო მეტად ხურმა და კარალიოკი.

- დედაქალაქში ხის დარგვა დავიწყებას მიეცა. მაგრამ რადგან ამდენი ნერგი გამოგიტანიათ, ესე იგი, მაინც რგავენ.

- გიჟები ხომ არა ვართ, ქუჩაში ტყუილად ვიდგეთ. თანაც ღამე მანქანებში ვათიოთ. ხანდახან სიცივით ცხრად მოვიკეცებით ხოლმე. ყიდულობენ, ზოგს აგარაკზე მიაქვს, ზოგსაც - ქალაქში... ჩვენც შევმატეთ დედაქალაქს ნარგავები. ალუბალი, ბალი, გარგარი, ვაშლი დავრგეთ ტრასის განაპირას...

- რამდენი სახეობის ნერგი გაქვთ ჩამოტანილი?

- ოცდაათამდე. დეკორატიულებიც. აგე, მტირალა ტირიფიც...

- ეგ ჩემი საყვარელი ხეა... თქვენი საყვარელი ხე რომელიღაა?

- ნერგი ისეთი რამეა, დარგვიდან ტანის აყრამდე შვილივით უნდა მოუარო, ძირი შემოუბარო, გასხლა, გადარგო, გამოიყვანო. სამი წელიწადი უნდა ზარდო და მერე ჩააბარო პატრონსა. ახლა მითხარით, რომელი უნდა გამოვარჩიო? შემოსავლიანობით ყველას მაინც ალუჩა ჯობია - ბევრი ყიდულობს და თანაც გემრიელია.

- რასაც ვერ ყიდით, რას უშვრებით?

- ნერგი არა კვდება - წავიღებთ, დავრგავთ და გაისად ჩამოვიტანთ გასაყიდად...

- და იმედსაც გააყოლებთ, რომ გაისად მაინც გაიყიდება.

- გავაყოლებთ კი არა, გამოვაყოლებთ. ჩვენ წავალთ, ეს ჩვენი ნერგები ხეებად იქცევიან და შთამომავლობას ჩვენს თავს გაახსენებენ...