"მართვემ" ეპოქა შექმნა - კვირის პალიტრა

"მართვემ" ეპოქა შექმნა

8 აპრილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ფილარმონიის წინ ანსამბლ "მართვეს" ვარსკვლავი გაიხსნა, დიდ საკონცერტო დარბაზში კი ანსამბლის დაარსებიდან 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ "მართვეს" ყველა თაობის წარმომადგენლები; "მართვეს" ყოფილი წევრების მიერ შექმნილი ანსამბლები: "გეორგიკა", "შავნაბადა", "ბასიანი", "ლაშარი" საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი, "მართვეს" ყოფილი წევრები - ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერის" სოლისტი ზურაბ ნინუა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები ვანო გალუაშვილი და გოჩა დათუსანი;

ბავშვთა ანსამბლები: "საგალობელი", "მძლევარი", "ბიჭები", "პატარა გეორგიკა", შალვა ლორთქიფანიძე და სხვები. კონცერტს უძღვებოდნენ "მართვეს" პირველი თაობის წარმომადგენელი კახა გურგენიძე და მომდევნო თაობის "მართველი" - ირაკლი ჩოლოყაშვილი.

1978 წელს ლოტბარისა და ქართული ფოლკლორის დიდი ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ბიჭუნათა ანსამბლი. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მივიწყებას ეძლეოდა.

ანსამბლს ტელევიზიით გამოცხადებული კონკურსის შედეგად "მართვე" ეწოდა. ანსამბლის ბიჭუნებთან ერთად მღეროდა  გოგონაც - მაია მიქაბერიძე. იგი ანზორ ერქომაიშვილმა ანსამბლში მიიწვია მამასთან,  ხალხური სიმღერის შესანიშნავ შემსრულებელთან, რამინ მიქაბერიძესთან ერთად, რომელსაც  ახალი თაობა უნდა აღეზარდა, გოგონას კი კრიმანჭულის, მისი ასაკისთვის უჩვეულო შესრულების ნიჭით უნდა გაეკვირვებინა მსმენელი.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე გაიხსენეს 33 წლის განმავლობაში გარდაცვლილი 18 ახალგაზრდა, "მართვეს" ყოფილი წევრები. ანსამბლის ახლანდელი ხელმძღვანელის, ვალერი ქუტიძის თქმით, კონცერტი სწორედ მათ ხსოვნას მიეძღვნა.

ვალერი ქუტიძე: - ბატონი ანზორ ერქომაიშვილი გვასწავლიდა, რომ ღირსება თუ არ გაქვს, არ უნდა იმღერო; რომ მხოლოდ ხმა და სმენა არ არის საკმარისი სიმღერისთვის. მეც ასე ვზრდი ბავშვებს.  ადამიანური ღირსება, ვაჟკაცობა, მანდილოსნის მიმართ პატივისცემა - ეს ყველაფერი ჩადებულია ქართულ სიმღერაში, ამიტომაც თუ ქართული ხალხური სიმღერა გულით არ იმღერე, იქნება მხოლოდ ნოტები. გულით რომ იმღერო, უნდა განიცადო. ჯადოსნური ძალა აქვს ხალხურ სიმღერას.

ახლა ანსამბლში 60 ბავშვია, 10-დან 17 წლის ჩათვლით. სკოლას ამთავრებენ და "მართვედანაც" მიდიან. ძალიან უჭირთ განშორება, ამიტომაც, ხშირად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან თუ არა, სიმღერას უბრუნდებიან და  ანსამბლებს ქმნიან.

თავიდან ანზორ ერქომაიშვილი და რამინ მიქაბერიძე იყვნენ ხელმძღვანელები, მერე მოვიდნენ, კოტე მშვიდობაძე, გოგიტა  ბუგიანიშვილი, ზურაბ ნინუა და სხვები.

ზურაბ ნინუა ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერის" სოლისტი: -  "მართვემ" ეპოქა შექმნა. მახსოვს, პირველად რომ მოვედი, არტოს ბაღში იყო ერთი ანსამბლი, სადაც მხოლოდ გოგონები და მე - ერთადერთი ბიჭი ვიყავი. ერთ დღესაც ნათელა ჯიღაურმა განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილს უნდა ბიჭუნათა ანსამბლის შექმნა და ალბათ, შენ მოგისმენსო. დამიბარეს რეპეტიციაზე. თავიდან რვა ბიჭი ვიყავით.

რამდენიმე დღის შემდეგ რამინ მიქაბერიძე მოიწვია ანზორმა თავის პატარა მაიასთან ერთად. ბავშვობიდან საოცარ კრიმანჭულს მღეროდა. "მართვეს" შემდეგ ბატონმა ანზორმა ანსამბლ "რუსთავში" გადამიყვანა, შემდეგ კი საოპერო კარიერა დავიწყე. ქართული ხალხური სიმღერა უდიდესი ფენომენია.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი კომპოზიტორები იყვნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც ეს საგანძური დაგვიტოვა. ეს სიმღერები უხსოვარი დროიდან მოდის და უზარმაზარ ენერგეტიკას მოიცავს, ყველა მისი შემსრულებლისგან მიღებულს. ასეთი სიმღერებით რომ იზრდები, სამყაროსა და მშვენიერების განსაკუთრებული აღქმის უნარი გეძლევა. ამიტომაც არიან  ჩვენი მომღერლები საოპერო ხელოვნებაშიც ძალიან წარმატებული.