ბურუსით მოცული გაუჩინარება - კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული გაუჩინარება

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში რამდენმა ქართველმა დატოვა საქართველო.

არადა ყოველ წუთს გვესმის, ესა და ეს კაცი უცხოეთში წავიდა, ამან და ამან სახლი გაყიდა, ვალები გაისტუმრა და დარჩენილი ფულით ქვეყნიდან სამუდამოდ გადაიხვეწაო. მახნიაშვილების ოჯახიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველო სამუდამოდ დატოვა.

თავდაპირველად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში, ტორონტოში დასახლდნენ. შვილები - მარიამ და გიორგი მახნიაშვილები საქართველოში, ბებიასა და დეიდასთან იზრდებოდნენ. მოქალაქეობის მიღების შემდეგ მშობლებმა მათი წაყვანა გადაწყვიტეს. და-ძმა კანადაში ორი თვის წინ ჩავიდა. 21 სექტემბერს 17 წლის მარიამი სახლიდან ძმასთან ერთად გავიდა. სკოლამდე ერთად მივიდნენ, მარიამი სხვა შესასვლელისკენ გაემართა, მაგრამ როგორც ირკვევა, სკოლაში აღარ შესულა. გოგონას დედის თქმით, მისი შვილის გაუჩინარება ძალზე უცნაურია, რადგან მარიამს ტორონტოში არავისთან ჰქონია ურთიერთობა, კლასელებსაც კი არ იცნობდა.

გოგონას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ვერსია, რომ მარიამ მახნიაშვილი "მაკდონალდსში" ვიღაც მამაკაცთან ერთად შენიშნეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ტორონტოს პოლიცია და კანადის ქართული სათვისტომო მარიამ მახნიაშვილს ერთ კვირაზე მეტია ეძებენ, მაგრამ მის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. პოლიცია დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

მას შემდეგ, რაც მარიამი კანადაში მშობლებთან ჩავიდა, ინტერნეტით ხშირად სწერდა მეგობრებს, რომ მისი ყოველი დღე ბედნიერია, რადგან 5 წლის უნახავ მშობლებთან ყოფნა ეღირსა. მისი ნაცნობ-მეგობრები ამბობენ, რომ მარიამი ძალზე მშვიდი და მორიდებული, წიგნის მოყვარული გოგონაა.

მისი გაუჩინარება დღემდე ბურუსითაა მოცული. ოჯახს, რომელსაც ტორონტოში დავუკავშირდით, ვერსია შვილის გაუჩინარებაზე არა აქვს.

ლელა ტაბიძე, მარიამის დედა: - მარიამის გაუჩინარება იმდენად უცნაური და ამოუხსნელია, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია. ბავშვი ბედნიერი იყო ჩვენი ნახვით. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემს შვილს მალე იპოვიან...