"წიგნის თაროს" მესამე გამარჯვებულს "ბიბლუსმა" პრიზი რუსთავში გადასცა - კვირის პალიტრა

"წიგნის თაროს" მესამე გამარჯვებულს "ბიბლუსმა" პრიზი რუსთავში გადასცა

ინტერნეტმომხმარებელმა ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" მესამე ეტაპის გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული ფოტოს - "კითხვას ძილი ურჩევნია" - ავტორი რუსთაველი ბაჩო გოგიშვილია.

ამიტომ, დაჯილდოება ქალაქ რუსთავში მდებარე "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიაში გაიმართა. "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ წამალაშვილმა, გამარჯვებულს "50 წიგნის" სერიიდან ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი" და "ბიბლუსის" დაგროვებითი ბარათი საჩუქრად გადასცა.

ბაჩო გოგიშვილი ამბობს, რომ კონკურსში სიამოვნებით ჩაერთო და რომ მის მიერ გადაღებული ფოტოს გამარჯვებაში წვლილი სოციალურმა ქსელებმაც შეიტანეს. "კონკურსის შესახებ ჩემი თანამშრომლისგან შევიტყვე და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ეს ფოტო ჩემს ქალიშვილს, ნია გოგიშვილს, 2 წლის წინ გადავუღე და ახლა გადავწყვიტე სურათი ამბები.გე-ს კონკურსზე ამეტვირთა. სურათის შესახებ ინფორმაციას ჩემი მეგობრები სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ და რეიტინგის დაგროვებაში მეხმარებოდნენ. მიხარია, რომ გამიმართლა და გავიმარჯვე", - განაცხადა ბაჩო გოგიშვილმა.

"ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ წამალაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსის მთავარი მიზანი წიგნის და ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციაა. "ჩვენი მთავარი მიზანი კითხვის პროპაგანდაა და საქართველოს 14 ქალაქში განლაგებული "ბიბლუსის" 25 ფილიალზე მეტი ზრუნავს იმისთვის, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს".

ფოტოკონკურსი "წიგნის თარო" ამით არ მთავრდება. უკვე დაიწყო კონკურსის მეოთხე ეტაპი და მსურველებს შეუძლიათ ფოტოები მეხუთე ეტაპისთვისაც ატვირთონ.

საბოლოო შედეგები მაისის ბოლოს "წიგნის ფესტივალზე " გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორი მიიღებს "50 წიგნის" ყველა გამოცემას და წიგნის თაროს, მეორე ადგილის მფლობელი - "ქართული პროზის საგანძურის" ყველა წიგნს, მესამე ადგილზე გასული კი "ბიბლუსის" 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს.