"საზოგადოების ერთი ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, მეორე კი წელებზე ფეხს იდგამს და რასაც შოულობს, ბანკში მიაქვს. ეს ცხოვრებაა?!" - კვირის პალიტრა

"საზოგადოების ერთი ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, მეორე კი წელებზე ფეხს იდგამს და რასაც შოულობს, ბანკში მიაქვს. ეს ცხოვრებაა?!"

"სახლში სიტყვა "კორონას" ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ"

ბოლო ერთ წელიწადში მომხდარმა მოვლენებმა, სტრესმა და ჩაკეტილობამ ბავშვები ძალიან შეცვალა. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში გახშირდა დეპრესიის ნიშნები. ჩვენი სტუმარია მოცეკვავე თეა დარჩია, რომელიც ჩვენი მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვან, მტკივნეულ პრობლემებზე გვესაუბრება:

- პედაგოგი ხართ, თანაც 4 შვილს ზრდით... როგორ აისახა სტრესი და ჩაკეტილობა მოზარდების ხასიათზე?

- სამწუხაროდ, ძალიან ცუდად: დაერღვათ რეჟიმი, გახდნენ ასოციალურები, ეზოშიც კი აღარ სურთ ჩასვლა. იღვიძებენ შუადღის საათებში და ტელევიზორის, გაჯეტებისა და ტელეფონის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ. მოზარდებმა პირადი კომფორტი შეიქმნეს, რაც შინ ჯდომით და ტახტზე გორაობით გამოიხატება.

უმრავლესობა გატაცებულია თამაშებით, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. გავიხსენოთ, რას ვთამაშობდით ჩვენ - დამალობანას, წრეში ბურთს, რეზინობანას... თამაშებს, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას და ერთმანეთთან ურთიერთობას მოითხოვდა, ახლანდელ ბავშვებს კი უმოძრაო ცხოვრება აქვთ, რაც უკიდურესად საზიანოა. რატომ? - მოზარდობის ასაკში იწყება ხერხემლის ფორმირება, მათ აკლიათ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, ვეღარ ახერხებენ ენერგიის, ემოციების გაცვლას. ცოტა ხანში შეიძლება სახლიდან გასვლაც დაეზაროთ.

- თუმცა ბოლო თვეებში უფროსებიც ასე ცხოვრობენ. - გეთანხმებით, თანდათან იმ დონემდე მივდივართ, როცა მთავარია ადამიანმა მინიმალური კომფორტი შეიქმნას: შუქი, სითბო და საკვები ჰქონდეს და ამითაც კმაყოფილია. მოკლედ, ცხოველის დონეს ვუახლოვდებით და შეიძლება სხვა ინტერესები ნელ-ნელა გაგვიქრეს. ბავშვებმა ურთიერთობის ბედნიერება დაკარგეს, რაც ბაღსა და სკოლაში უნდა ისწავლონ. ვისაც ეს ყველაფერი დიდი დოზით გვქონდა, ჩვენც კი დაგვიჩლუნგდა, ჩაკეტილ ცხოვრებას იმდენად შევეგუეთ.

ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენს შვილებს ამ ცხოვრების წესით რამხელა ზიანი მიადგებათ. ახალი თაობა იზრდება არაბუნებრივ, არაადეკვატურ, უსიყვარულო და უსიცოცხლო გარემოში - სამწუხარო რეალობა ასეთია!

- როგორ შეხვდნენ ბავშვები პანიკას, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე დაიწყო და თუ მოახერხეთ მათი დაცვა ამ სტრესისგან? - მე სახლში სიტყვა "კორონას" ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ. პანიკას და შიშს ყველაზე მტკივნეულად სწორედ ბავშვები აღიქვამენ, რატომ? - ჩვენ გაჭირვებაც ნანახი გვაქვს და არაადამიანური ყოფაც. ასეთ დროს თავდაცვის მექანიზმი გვერთვება, რაც ბავშვებს ჯერ არა აქვთ. ჩემმა შვილებმა რომ არ იფიქრონ, ასეთი ცხოვრება ნორმაა, ვცდილობ უარყოფითი ინფორმაცია მათგან დავბლოკო და ისე ვიცხოვროთ, თითქოს არდადეგებია, ოღონდ თან ვმეცადინეობთ, რომ ტვინმა იმუშაოს. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბავშვებს ეს ტრავმა მთელი ცხოვრების გზაზე არ გაჰყოლოდა და წარმოიდგინეთ, მოვახერხე.

- არაერთი მშობლისგან გამიგონია: მოგვცენ უფლება, რომ შვილები სკოლაში ვატაროთ, ვისაც ეშინია, ისინი ნუ გაუშვებენო. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? - მე პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს. განსხვავებული აზრის მშვიდად მიღება უნდა ვისწავლოთ. დავუშვათ, მე წითელი ფერი მიყვარს, შენ - შავი, რატომ უნდა მაძალებდე, რომ აუცილებლად შავი მიყვარდეს? ვისაც სურს მისი შვილი სკოლაში წავიდეს, ამის უფლება უნდა ჰქონდეს, ვისაც ონლაინსწავლება ურჩევნია, კი ბატონო, ინტერნეტით ისწავლოს. ვისაც სურვილი აქვს, რესტორანშიც იაროს, რადგან ზოგი ამას მიჩვეულია. იქნებ მისთვის ეს ენდორფინების მიღების ერთადერთი საშუალებაა, რადგან თავის სამზარეულოში ყოფნას სულ სხვა სიტუაციაში ყოფნა ურჩევნია?

- სკოლები იხსნება, რაც დიდი შვებაა ყველასთვის. საზოგადოების ნაწილი სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის გამო აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომ ბევრ სკოლას ნორმალური საპირფარეშოც კი არა აქვს და შესაბამისად ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელია. - ბევრ საჯარო სკოლაში ელემენტარული პირობები რომ არ არის, არ იციან? ამ სკოლებში თვითონ არ გაიზარდნენ, სადაც ქლორს ყრიან და ის ბავშვებს თვალებს უწვავს? ახლა ნახეს, რომ სკოლები იმ დონეზე არ არის მოწესრიგებული, როგორც საჭიროა? სანამ ყველა სკოლა თავიდან არ აშენდება, ეს თაობა უწიგნური დავტოვოთ? ამ ერთ წელიწადში სახელმწიფოს ყველა სკოლის საპირფარეშო მაინც მოეწესრიგებინა.

სტუდენტების სწავლა ცალკე პრობლემაა - პირველკურსელი შვილი მყავს, ერთხელ მივიდა სასწავლებელში და მალე ყველაფერი ჩაიკეტა. ახლა იძულებული ვარ ტყავი გავიძრო და ონლაინსწავლებაში 3 ათასი ლარი გადავიხადო. ასეთი სწავლის ხარისხი როგორია, თქვენ ჩემზე კარგად იცით.

ეჭვი მეპარება, რომელიმე მთავრობის წევრი იმაზე მეტად განიცდიდეს ჩვენი შვილების მდგომარეობას, ვიდრე ჩვენ განვიცდით, მაგრამ ხომ არსებობს პრიორიტეტები, არსებობს რაღაც, რასაც ვერ შევეგუებით. მე არ მინდა ჩემი შვილები მცენარეებს დაემსგავსონ. მირჩევნია გადაიტანონ, რაც გადასატანია, ვიდრე ვირთხებივით გამოკეტილ, ხერხემალგამრუდებულ და არაჯანსაღ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

მე არ ვამბობ, რომ სიფრთხილე საჭირო არ არის, პირიქით, აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ და ცხოველური აზროვნება ჩამოგვიყალიბდეს. რა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი - სმა-ჭამა და ძილი? თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი შვილები თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძეებად გადაიქცევიან.

- ექიმები ამბობენ, რომ მოძრაობა და დადებითი ემოციები "კოვიდის" დროსაც საუკეთესო წამალია. - კი ბატონო, მაგრამ როგორ? - თუ ავად გახდები, შიში და დეპრესია გეწყება, რომელიც გღრღნის, და თუ ავად არა ხარ, იმის შიში გკლავს, რომ ვირუსი მომავალში შეგეყრება - აი, ეს არის უბედურება. ამიტომ შიში როგორმე უნდა დავძლიოთ - ჩვენ ამ ცხოვრებაში რაღაც მაინც ვნახეთ და ბავშვებს რაღას ვერჩით? ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტს შეუძლია შვილები აგარაკზე, სუფთა ჰაერზე წაიყვანოს და იქ დაასვენოს, სანამ აქ შიმშილი, უბედურება და მარაზმი ტრიალებს, მაგრამ ეს 10 პროცენტი საქართველოს ვერ გადაარჩენს. ამიტომ ერთმანეთი ისევ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ: თუ საჭიროა, ჩვენი ლუკმა სხვას ვუწილადოთ - მარტო თანადგომა და სიყვარული თუ გადაგვარჩენს, სხვა საშველი აღარ გვაქვს. აბსოლუტურად დაუცველი ვართ - სწორედ ეს დამანახა ამ ერთმა წელმა.

- ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რას ფიქრობთ? - სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, მეორე კი წელებზე ფეხს იდგამს და რასაც შოულობს, ბანკში მიაქვს. ეს ცხოვრებაა?! როგორმე ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, თორემ ეს თაობაც დაიღუპება!

90-იანების თაობას "დაკარგულ თაობას" ეძახიან, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა მაინც შეგვეძლო და ნებისმიერ გასაჭირს ერთად ვუმკლავდებოდით. ჩვენს შვილებს ესეც აკრძალული აქვთ! სამწუხაროდ, ემოცია დისტანციურად არ ისწავლება - ეს მარტივი ჭეშმარიტება ხალხს თანდათან დაავიწყდა. ინტერნეტით შეიძლება ისწავლო, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ სიყვარულს, აღფრთოვანებას გაჯეტით და ტელეფონით ვერ ისწავლი. ცოცხალ ემოციას ვერანაირი ინტერნეტით ვერ გადმოსცემ.

ადამიანებს ავიწყდებათ, რომ სითბოს გაზიარება ჩვენთვის აუცილებელი თვისებაა. დღეს კი ჩვენი მიზანი რა არის? - თუ ავად და მშივრები არა ვართ, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანი ჯანმრთელია და მშიერი არ არის, მაგრამ მარტო ამით ვერ გადავრჩებით - მე ასე მგონია.

ხათუნა ჩიგოგიძე