"ვერიკოს აეროპორტში ვთხოვე ხელი, ეგონა, დას აცილებდა სამოგზაუროდ, არადა, ეს მოგზაურობაც ნიშნობის საჩუქარი იყო" - კვირის პალიტრა

"ვერიკოს აეროპორტში ვთხოვე ხელი, ეგონა, დას აცილებდა სამოგზაუროდ, არადა, ეს მოგზაურობაც ნიშნობის საჩუქარი იყო"

"2018 წლის 31 იანვარს ვერიკოს ხელი ვთხოვე, აეროპორტში, დილის 5 საათზე მისულს ეგონა, დას აცილებდა სამოგზაუროდ, არადა, ეს მოგზაურობაც ნიშნობის საჩუქარი იყო და ემოციური თანხმობის შემდეგ, დაახლოებით 40 წუთში, მე და ვერიკო ეგვიპტისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვისხედით"

დავით მაღლაკელიძე ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების, ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციების აქტიური წევრი, ათამდე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. ამჟამად ნიუ-იორკის Coney Island Hospital-ის შინაგანი მედიცინის ექიმ-რეზიდენტად მუშაობს. ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმია, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა.

- "ექიმობა ჩემთვის, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, ეს კიდევ თავდადებაა და შანსი, რომ ბევრ ადამიანს აჩუქო სიცოცხლე, გაუხანგრძლივო და გაუადვილო ცხოვრება. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ადამიანებს გადაურჩინო საყვარელი ადამიანები" - ეს თქვენი სიტყვებია. ამან განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- ასე ვფიქრობდი ადრე და დღესაც ასე ვფიქრობ. ჩემთვის არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შეგეძლოს გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე და გადაურჩინო მათ საყვარელი ადამიანები.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას პირველად ვესტუმრე ამერიკულ ჰოსპიტალს, სადაც რამდენიმე თვე ვმუშაობდი ამერიკელ ექიმებთან ერთად და სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აქ, ამ ქვეყანაში მიმეღო. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩავაბარე USMLE-ის სტეპები, ანუ ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები და ჩავირიცხე ნიუ-იორკის Coney Island Hospital-ის შინაგანი მე-დიცინის რეზიდენტურაში. რეზიდენტურაში მოხვედრამდე ხშირად მიწევდა სამედიცინო კონფერენციებსა თუ სხვადასხვა შეხვედრებზე აქ ჩამოსვლა, ამიტომ ხშირად და ბევრს ვმოგზაურობდი, მაგრამ ამის პარალელურად ვახერხებდი რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვას და მომავალი ექიმებისთვის ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა კვლევაში და თან ვემზადებოდი ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისთვის, რაც აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს ყველა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ვისაც აშშ-ში სამედიცინო კარიერის გაგრძელება სურს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო რთული გამოცდების ჩაბარებისა და ინტერვიუების მერე მოვხვდი რეზიდენტურის პროგრამაში, რომელმაც 5300 აპლიკანტიდან შერჩეულ საუკეთესო 25-ში დამასახელა და ახლა სწორედ აქ ვმუშაობ, როგორც შინაგანი მედიცინის ექიმი რეზიდენტი. ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული რეზიდენტურის პერიოდიც. ძალიან რთული გზა გავიარე და ამან განაპირობა, რომ ახლა ჩემი მთავარი მიზანი მონდომებული ადამიანებისთვის ამერიკის მედიცინაში გზის გახსნა გახდა. ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩემს ქართველ სტუდენტებთან - მომავალ ექიმებთან. ვცდილობ, მათ მაქსიმალურად გავუადვილო ოცნებების მიღწევა, დავეხმარო კვალიფიკაციის ამაღლებაში.

- ამჟამად როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამერიკაში, კონკრეტულად ნიუ-იორკში, მკაცრია შეზღუდვები? და საინტერესოა, როგორ იმოქმედა მოსახლეობაზე კრიზისულმა მდგომარეობამ... - აშშ-ში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჰოსპიტალშიც ჩემი პაციენტების უმრავლესობა სწორედ კოვიდინფიცირებულია. იმის გამო, რომ მთელ დღეებს ჰოსპიტალში ვატარებ, ჩემზე ნაკლებად მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა, ცხადია, ჩემი პაციენტებისგან მესმის, როგორი რთულია მუდმივ იზოლაციაში ყოფნა და შეზღუდვების პირობებში სრულფასოვნად ცხოვრება. რა თქმა უნდა, აქაც არის შეზღუდვები, რაც გულისხმობს კვების ობიექტების ნაწილობრივ დახურვას, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მიმსვლელთა ლიმიტის დაწესებას, სოციალურ დისტანცირებასა და პირბადის გამოყენებას. ნიუ-იორკის შტატმა, სადაც ახლა მე ვცხოვრობ, ყველაზე რთული ფაზა უკვე გაიარა და ხალხმა უკვე იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას, ამიტომ ყველა მაქსიმალურად უფრთხილდება ერთმანეთს.

- ვაქცინაცია იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, შიშს და არა მხოლოდ საქართველოში. ჩვეულებრივ, ახალი პათოგენის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებას 8-10 წელი სჭირდება, ეს ვაქცინა კი წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა. ალბათ, ეს აჩენს ეჭვს, თუმცა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა სპეციალისტებიც აცხადებენ, რომ ვაქცინის შექმნა უსაფრთხოების ხარჯზე არ დაჩქარებულა. თქვენ უკვე აიცერით და იხუმრეთ კიდეც, არ დავჩიპულვარო... არ გიყოყმანიათ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდით? - სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სიმძიმემ 8-10 წელი ლოდინის საშუალება არ მოგვცა და მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ასე მალე მოხერხდა რამდენიმე ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ამ საშინელ პანდემიასთან საბრძოლველად.

მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსის სიმძიმეს ვერ აღიქვამს, თუმცა მე ამას ძალიან კარგად ვხედავ რეანიმაციაში, სადაც პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა კოვიდინფიცირებულია. სწორედ აქ ჩანს ყველაზე ნათლად, როგორ რთულად და ხშირად უმართავად მიმდინარეობს ამ ინფექციასთან ბრძოლის პროცესი და რა გზას გადის პაციენტი სიცოცხლის გადასარჩენად.

ამის დასაძლევად ყოველდღე დაუღალავად ვიბრძვით და სხვის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს ვაყენებთ რისკის წინაშე. ამიტომ ჯერჯერობით ამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთადერთ გამოსავლად სწორედ ვაქცინა მიმაჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს შიში ახალი ვაქცინის მიმართ, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო საშიშია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდინფექციის გამო არა აქვს უნარი შეინარჩუნოს სატურაცია, ვიდრე მისი ვაქცინაცია. ამიტომაც ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც აცრა გადაწყვიტა. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა, კვლევების შედეგების გაცნობისა და მათი ანალიზის შემდეგ მიღებული.

- თქვენ ან თქვენს კოლეგებს თუ გქონდათ უკუჩვენება, გვერდითი მოვლენები? როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებსაც (ანუ ვინც რისკ-ჯგუფშია) შეგიძლოთ უარის თქმა?

- მე არანაირი გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ადგილობრივი ტკივილისა, რომელმაც ორ დღეში სრულიად გამიარა, თუმცა კვლევებმაც აჩვენა, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ზოგადი სისუსტე და სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა მსუბუქი სიმპტომები რამდენიმე დღით. პირველად ეგრეთ წოდებული First Responders-ი, ანუ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ავიცერით. ერთი მხრივ, ეს ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად იყო, მეორე მხრივ კი ამით დავარწმუნეთ ჩვენი პაციენტები, რომ იმას, რასაც ასე მონდომებით ვუწევთ რეკომენდაციას, საკუთარ თავზეც ვცდით და ვენდობით. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.

აცრა ნებაყოფლობითია და არავინ არავის აძალებს, პირიქით, დიდი რიგები დგას და ყველა მოუთმენლად ელოდება თავის ჯერს, უპირატესობა კი ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებს ენიჭებათ. სწორედ ამიტომ პირველად ის ადამიანები იცრებიან, ვისაც მეტი დაავადება აქვს და, შესაბამისად, უფრო ემუქრება კოვიდინფიცირების საფრთხე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინა არის ნებაყოფლობითი, ჩემი სურვილით გავიკეთე და არავითარი პირადი, ფულადი თუ სხვა ინტერესი არ მაკავშირებს ამასთან. ერთადერთი, რა ინტერესიც მამოძრავებს, არის რაც შეიძლება მეტი პაციენტის გადარჩენა და მეტი ადამიანის დაცვა ამ ვირუსისგან! ჩემი, როგორც ექიმის, მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს და დავიცვა ისინი. არავის ვაიძულებ, ბრმად ენდოს ჩემი ან რომელიმე სხვა ექიმის მოწოდებას. უბრალოდ, მე გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, გათვალისწინება კი თქვენთვის მომინდვია.

- ითქვა, რომ არსებობს ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთაფრიკული შტამი. ამერიკაშიც თუ დადასტურდა ეს შტამები ან ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები? - სხვადასხვა შტამი დადასტურდა აშშ-ში. შემდგომ ვაქცინაციაში აპირებენ ეს შტამებიც გაითვალისწინონ. რაც შეეხება მეორედ დაინფიცირებას, რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ, საბედნიეროდ, შედარებით ცოტა.

- ოჯახზეც მინდა გკითხოთ, ორი წლის წინ აეროპორტში ხელი სთხოვეთ ვერიკო მელიას. გაგვაცანით მეუღლე, რას საქმიანობს?

- 2018 წლის 31 იანვარს ვერიკოს ხელი ვთხოვე აეროპორტში, სადაც დილის 5 საათზე მისულს ეგონა დას აცილებდა სამოგზაუროდ, არადა, ეს მოგზაურობაც ნიშნობის საჩუქარი იყო და ემოციური თანხმობის შემდეგ, დაახლოებით 40 წუთში, მე და ვერიკო ეგვიპტისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვისხედით. ვერიკო ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია, მუშაობს ქართულ-ჰოლანდიურ კომპანია Stack-ში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ე.წ. სმარტბრაუზერია და მომხმარებლებს ინტერნეტთან ინტერაქციას უადვილებს. დისტანციურად მუშაობა მისი ყოველდღიურობაა და ამერიკიდანაც სწორედ ამ კომპანიის განვითარებაში მონაწილეობს. პანდემიის გამო ძირითად დროს სახლში ატარებს, ამას ემატება ჩემი გადატვირთული სამუშაო რეჟიმიც და, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვრჩება ჩვენი ჰობებისა თუ დასვენებისთვის. ორივესთვის დიდი გამოწვევა იყო ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადმოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ხმაურიანი მეგაპოლისი ახლა არაფრით ჰგავს საკუთარ თავს, მაინც ვახერხებთ საყვარელი ადგილების მონახულებას.

პანდემიამ დაგვანახა, როგორი საჭიროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და როგორი მეორეხარისხოვანია ყველაფერი, როცა საქმე ჩვენს და ჩვენვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს ეხება. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ სხვადასხვა პრეპარატს. ეს პანდემია პირველი არ არის კაცობრიობის ისტორიაში და, ალბათ, არც ბოლო იქნება. მთავარია, მომზადებულნი და მტკიცედ შევხვდეთ მთავარ გამოწვევებს, რისთვისაც, უპირველესად, განათლება გვჭირდება. ალბათ, ზუსტად ამას უნდა მოხმარდეს მომავალი თაობის ენერგია. თუ რამეს ვუსურვებდი ჩემს საქართველოს, სწორედ ამას! იმედი მაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ისევ ისე ჩავეხუტებით საყვარელ ადამიანებს, როგორც ადრე...

ნინო ჯავახიშვილი