"თუ შეზღუდვები გაგრძელდა, მესამე ტალღის თავიდან არიდება შესაძლებელია"
"თუ შეზღუდვები გაგრძელდა, მესამე ტალღის თავიდან არიდება შესაძლებელია"
"მსოფლიო შეთანხმდა, რომ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად მსოფლიოს მოსახლეობის 85%-ს მყარი იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი საჭიროა აცრა"

"კოვიდ-19"-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს შემოვა და ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის 65%-ის (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ისა (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.
გვესაუბრება ნორვეგიის
ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.


- თუ შეზღუდვები გაგრძელდა, მესამე ტალღის თავიდან არიდება შესაძლებელია, მაგრამ რადგან როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ფიქრობენ მის შემსუბუქებაზე, არ არის გამორიცხული ინფიცირების შემთხვევები გახშირდეს.

რეგულაციების შემსუბუქებისას მოსახლეობას ყოველთვის უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და მასობრივი
თავშეყრისთვის თავის არიდება ისევ ძალაში რჩება. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, აუცილებლად გახშირდება ინფიცირების შემთხვევები და შესაძლოა მესამე ტალღა დაიწყოს.
ვითარებას ამწვავებს ის, რომ არაერთ ქვეყანაში ვირუსმა მუტაცია განიცადა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ცვლილებები ყველა ვირუსს ახასიათებს. ვგულისხმობ ბრიტანულ "კენტის შტამსა" და სამხრეთაფრიკულ შტამს, რამაც შემთხვევების რაოდენობა სწრაფად გაზარდა.

შესაძლოა ვირუსმა ისეთი მუტაციაც განიცადოს, ახალ ვაქცინებს აღარ დაემორჩილოს. ასე რომ, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ახალი შტამების გაჩენის პარალელურად, ყოველთვის ვდგავართ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე.

ამიტომ არ ვიყავი შეზღუდვების შემსუბუქების მომხრე, თუმცა საზოგადოების უკმაყოფილებაც გასაგებია. ამიტომ კარგი იქნება, თუ რეგულაციები თანდათან მოიხსნება და არა ერთბაშად. სასურველია ყოველკვირეულად გავაკონტროლოთ ვითარება, თუ რამდენია ინფიცირებული, რამდენს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და რამდენია მძიმე შემთხვევა, რადგან ამ ვირუსმა გვაჩვენა, რომ შეიძლება ვითარება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მზად უნდა იყოს რეაგირებისთვის, მაშინვე უნდა დაწესდეს შეზღუდვები ისე, რომ მის გავრცელებას არ დაველოდოთ. გვახსოვს, თებერვალში, როცა პანდემია დაიწყო, თითქმის ყველა ქვეყანამ დააგვიანა, ელოდნენ, რომ ვირუსი თანდათან ჩაივლიდა. სწორედ ამის გამო მივიღეთ მწვავე და მასშტაბური პანდემია.

- იმედია, მოგვისწრებს "ფაიზერის" ვაქცინა, რომლის შესახებ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა.
- დიახ, თუმცა აცრა ნებაყოფლობითია, არავინ არავის არაფერს აძალებს. მსოფლიო შეთანხმდა, რომ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად მსოფლიოს მოსახლეობის 85%-ს მყარი იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი საჭიროა აცრა.

მართალია, ჩვენი საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი ორჭოფობს, აიცრას თუ არა და ურჩევნია დაელოდოს, როგორი შედეგი იქნება, სხვების მოსაზრებით, ვაქცინა არ არსებობს, ისევე როგორც "კოვიდ-19". ასეთი პრობლემა არაერთ ქვეყანაშია, რაც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული - "კოვიდის" გამო მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკა თითქმის გაჩერდა, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. ამიტომ ითხოვენ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას ქვეყანა და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ. ვფიქრობ, ეს სურს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, ამისთვის კი საჭიროა ვაქცინაცია და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ზოგიერთი ქვეყანა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის საყოველთაო ვაქცინაციას ირიბი ზეწოლით ცდილობს. მაგალითად, ზოგიერთმა კომპანიამ თანამშრომლებს გამოუცხადა, თუ აცრილი არ იქნებით, ჩემს ფირმაში ვერ იმუშავებთო.

ვიმეორებ, განსაკუთრებით ქართველი მკითხველისთვის - იძულებითი ვაქცინაცია არ იქნება, უბრალოდ, უნდა გააცნობიეროთ, თუ არ აიცრებით, ხელს შეუწყობთ ვირუსის გავრცელებას, რადგან შესაძლოა ვირუსის მატარებელი იყოთ და გარშემო მყოფნი დააავადოთ.

- მაგალითად, მე კოვიდმოხდილი ვარ, ჩემი ვაქცინაცია რეკომენდებულია?
- ჯერ არავინ იცის, რამდენ ხანს იცავს იმუნიტეტი კოვიდგადატანილს, რადგან ამ ვირუსის გავრცელებიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა და სრული კვლევა ჯერ არ არსებობს. ვაქცინის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ კოვიდგადატანილს იმუნიტეტი უფრო გაუძლიეროს. ამიტომ იცრებიან გრიპის ვაქცინით ყოველ წელს. კოვიდვაქცინაზეც ამბობენ, რომ შესაძლოა ყოველწლიურად დაგვჭირდეს, რათა იმუნიტეტი არ დაეცეს, მუდმივად განახლდეს და დავირუსების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი მას გაუმკლავდეს. კიდევ ერთი, მსოფლიო ჯერ ვერ აწარმოებს საკმარის ვაქცინას, ამიტომ გადაწყდა მოსახლეობის ეტაპობრივად აცრა.

კოვიდმოხდილის აცრაც სასურველია, რათა უფრო გაძლიერდეს იმუნიტეტი, თუმცა ის უფრო სჭირდება მას, ვისაც არ გადაუტანია ვირუსი და არც იმუნიტეტი აქვს. მაგალითად, მე ავცრიდი იმ ექიმებსაც, რომელთაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვთ, რადგან მათ მუდმივად პაციენტებთან უწევთ ურთიერთობა.

- რა უპირატესობა აქვს "ფაიზერს?"
- ეს ვაქცინა საქართველოში პირველ ეტაპზე შემოვა, შემდეგ მოჰყვება "ასტრაზენეკაც". "ფაიზერი" ახალი ტიპის ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) სინთეზის საშუალებით.

"კოვიდის" ვირუსს აქვს ე.წ. სპაიკი, ანუ წვერი, რომლის საშუალებითაც ის ადამიანის ორგანიზმში აღწევს. სპაიკი ცილაა, ამიტომ მეცნიერებმა ვაქცინაზე მუშაობისას ისეთი ცილის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც "კოვიდის" ანალოგიური იქნება. მას შეიყვანდნენ ადამიანის ორგანიზმში, რათა მის მიმართ ანტისხეულები გამომუშავებულიყო. უფრო მარტივად - ადამიანის ერნემი კოვიდვაქცინის ცილის ერნემს იმეორებს. როცა სინთეზური ერნემი უჯრედში შედის, ის ცილად გარდაქმნას იწყებს, დაახლოებით ისეთივე ცილად, როგორიც "კოვიდის" ცილაა, ოღონდ ის უვნებელია. ადამიანის ორგანიზმი იმახსოვრებს მას და მის მიმართ ანტისხეულების გამოყოფას იწყებს. ეს ანტისხეულები გვიცავენ, რომ "კოვიდის" ვირუსი ჩვენს სხეულში არ გამრავლდეს. ეს არის ვაქცინის მექანიზმი.

ზოგიერთს ვაქცინაცია აშინებს, ფიქრობენ, სინთეზურია, ეს ჩვენს დე-ენ-ემს შეცვლისო, სინამდვილეში ასეთი რამ არ არსებობს, ბიოლოგიურად შეუძლებელია ერნემი დე-ენ-ემად გადაიქცეს. კიდევ ერთი, რაზეც საქართველოში რატომღაც არ ლაპარაკობენ - კოვიდვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელში კი არ შეუქმნიათ, მასზე ჯერ კიდევ 2008-2009 წლებიდან მუშაობენ, როცა მსოფლიოში SARS-ის ვირუსი იყო, თუმცა ის მასშტაბურად არ გავრცელებულა. ამ პანდემიის დროს კი მსოფლიო ძალიან შეშინდა და ძალიან დიდი თანხები გამოყვეს, ვირუსის შესწავლასა და ვაქცინის შექმნაში უამრავი წამყვანი მეცნიერი ჩართეს, თან ტექნოლოგიაც განვითარდა. ერთი სიტყვით, გაჩნდა მეტი შესაძლებლობა და მეცნიერები 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ ვირუსის შემდეგ უამრავ ქვეყანაში მიხვდნენ, რომ ჯანდაცვა ძალზე მნიშვნელოვანი ყოფილა.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ვითარება სტაბილურობისკენ მიდის. ფიქრობთ, ეს იმედი რეალურია?
- დიახ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი ბოლო და საიმედო კვლევის თანახმად, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილიანობა შემცირდა. მაგალითად, წლის დასაწყისში 60%-ს შეადგენდა, წლის ბოლოსთვის კი 36%-მდე დაეცა. ეს მნიშვნელოვანი სასიკეთო მაჩვენებელია. ამასთან, ექიმებმა უკვე გამოცდილება მიიღეს, საზოგადოებაც შეეჩვია რეგულაციებს. ამასობაში ვაქცინაც გამოჩნდა.

რაც მთავარია, იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ეს არის ვირუსი, რომელიც განწყობაზე მძიმედ აისახება. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთი წელი მაინც გაგრძელდება, რადგან 2022 წლის შუა პერიოდამდე უმეტესობის აცრა ვერ მოხერხდება, მაგრამ რაც უფრო მალე შევეჩვევით ამ ვითარებას, ვირუსსაც ადვილად დავამარცხებთ.

- პოსტკოვიდურ სინდრომზეც აზრთა სხვადასხვაობაა, ამბობენ, ვირუსი კვალს ტოვებსო.
- პოსტკოვიდურ სინდრომს ორი მხარე აქვს - არაერთ ადამიანს, რომლებმაც იმკურნალეს ან სულაც უსიმპტომოდ გადაიტანეს დაავადება, სხვადასხვა პრობლემა აღმოაჩნდათ, მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, თავის ტვინის დაზიანება... ამიტომ აკვირდებიან მეცნიერები კოვიდგადატანილებს, რათა რაღაც დასკვნა გააკეთონ. ასევე იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმასაც, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში გამოჩნდება, რომლებიც სოციალიზაციას ვერ ახდენენ. ამიტომაც რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ნორვეგიამ, შექმნა სახელმწიფო პროგრამები, გაიხსნება ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, დაწყებულია დისტანციური კონსულტაციები. ამ ვირუსმა გვაჩვენა, რომ თითქმის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სფერო ძირეულად შეიცვლება.

- როგორ მართავენ "კოვიდს" ნორვეგიაში?
- სკანდინავიურ ქვეყნებში ძალიან ძლიერია სოლიდარობის პრინციპი, აქ ყველა ცდილობს ერთმანეთს ხელი გაუმართოს. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა. მინისტრები, ასევე პრემიერი ყოველდღე მართავენ პრესკონფერენციასა და 1,30-საათიან ფეისბუკჩართვებს. მოსახლეობას პირდაპირ რეჟიმში ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება აქვს.

როცა ნორვეგიაში "ფაიზერის" ვაქცინაცია დაიწყო, რამდენიმე ასაკოვანი მოქალაქე გარდაიცვალა და ეს მაშინვე გახდა ცნობილი, დაიწყეს კვლევაც. თუ ეს ვაქცინის ბრალი იქნებოდა, სტრატეგია უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ვაქცინის ბრალი არ აღმოჩნდა, თუმცა მეორე დღესვე გადაწყდა, რომ აცრამდე ექიმმა გასინჯოს და გადაწყვიტოს, უნდა აიცრას თუ არა მოხუცი. ასეთმა მიდგომამ გაამართლა და არავინ შეშინებულა. შესაბამისად, ვაქცინაცია გაგრძელდა.

ასე რომ, თუ გადავხედავთ მსოფლიოში სად როგორ უმკლავდებიან "კოვიდს", წამყვანი პოზიცია სკანდინავიურ ქვეყნებს უჭირავს, ფინეთს, დანიას, ნორვეგიას, ისლანდიას... შვედეთმა განსხვავებული გზა აირჩია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები