"ინვესტორისთვის ნებართვის გაცემა მარტო უგულავას კი არა, მთელი რეჟიმის დანაშაულია" - ვაკის პარკისთვის ბრძოლა გრძელდება?! - კვირის პალიტრა

"ინვესტორისთვის ნებართვის გაცემა მარტო უგულავას კი არა, მთელი რეჟიმის დანაშაულია" - ვაკის პარკისთვის ბრძოლა გრძელდება?!

"საპარკო ზონა საპარკო ზონაა. ეს იგივეა, ზედ თავისუფლების მოედანზე წამოჭიმო სასტუმრო"

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს და ისევ აქტუალური გახდა მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების საკითხი - კომპანია "ტიფლის დეველოპმენტის" მენეჯმენტი ირწმუნება, რომ მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან მიუხედავად 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვისა, ინვესტორს სასტუმროს აშენების უფლება არ ეძლევა და თბილისის მერია სანაცვლოდ არც შესაბამისი ღირებულების ადგილმონაცვლე ქონებას სთავაზობს. "რადგან მერია გვეჭიდავება, პარკის ჩაკეტვის შემთხვევაში სასტუმროს აშენებას დავიწყებთ", - თქვა სასტუმრო "ბუდაპეშტის" წარმომადგენელმა გიორგი ზაქაიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების საკითხზე მერიის პოზიციას განმარტავს და აცხადებს, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას არ დაუშვებს.

"ვაკის პარკში აშენდეს 30-მეტრიანი სასტუმროს შენობა, კატეგორიულად მიუღებელია"

ირაკლი ხმალაძე: - ულტიმატუმით საუბარი მუნიციპალიტეტთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასტუმროს აშენება ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არ შეიძლება. გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნებართვა არ გავცეთ და ინვესტორმა მაინც დაიწყოს აშენება? ეს გამორიცხულია.

ჩვენ მოსახლეობის ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ და ამას არ დავუშვებთ. სხვა საქმეა, გამოსავალი რა არის. ძალადობრივ რეჟიმში არც კომპანიასთან, არც ბიზნესთან და საერთოდ, არც არავისთან არ უნდა ვისაუბროთ. ეს ჩვენი გეგმა არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას მოლაპარაკებისკენ და გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები.

2013 წელს იმდროინდელმა მერმა მძიმე და ძვირად ღირებული გადაწყვეტილება მიიღო, ეს ტვირთი კი ახლა ჩვენ გვადევს. გამოსავალს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია დაახლოებით 20-მილიონიანი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე.

2013 წელს მიღებული იმ ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ვაკის პარკში აშენდეს 30-მეტრიანი სასტუმროს შენობა, კატეგორიულად მიუღებელია.

მათ დღის წესრიგში აქვთ ან სასტუმროს აშენება, ან კომპენსაცია - 20 მილიონი ლარი. სანამ დღევანდელ მოქმედებებს შევაფასებთ, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაანალიზოს იმ გადაწყვეტილების ფასი, რომელიც 2013 წელს იქნა მიღებული. რომ არა გაცემული სპეციალური საგამონაკლისო ნებართვა, დღეს რელევანტური არ იქნებოდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება. მისი ფუნქციური ზონიდან გამომდინარე, იქ იქნებოდა დაშვებული მხოლოდ სკვერის, შადრევნის ან სათამაშო მოედნის მოწყობა.

მათ აშენების ნებართვა არა აქვთ, აქვთ მხოლოდ განაშენიანების პირობები, აშენების ნებართვის გაცემის წინა პირობა. სასამართლო დავა დასრულდა იმით, რომ განაშენიანების პირობები არის სწორად და კანონიერად შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან, ხოლო სასტუმროს აშენების ნებართვას მუნიციპალიტეტი არ გასცემს. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქალაქის ასეთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეში, კერძოდ, ვაკის პარკში, არ აშენდეს სასტუმრო".

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ვაკის პარკმა გაიმარჯვა" და ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აღარ აშენდება. მისი თქმით, ინვესტორთან ადგილმონაცვლეობის საკითხზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან წლისთავზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ დროის დაკარგვას აღარ აპირებს და ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას და პარალელურად საერთაშორისო არბიტრაჟში ზარალის ანაზღაურებისთვის დავას დაიწყებს.

"ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და თუ რაიმე ღირებულს შემოგვთავაზებენ, კი ბატონო"

გიორგი ზაქაიძე, სასტუმრო "ბუდაპეშტის" წარმომადგენელი: - ჩვენ გვაქვს ნებართვა და მას გამოვიყენებთ. ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს? გვეგონა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციამდე რაღაცას გადაწყვეტდნენ, მაგრამ რადგან დღემდე გადაწყვეტილი არაფერი აქვთ, ესე იგი, მათ ინტერესშია ეს ყველაფერი გაიყიდოს. ამხელა ფული დავხარჯეთ, ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენი წელი ჩუმად ვიყოთ. ამასობაში დიდი ზარალი მივიღეთ. ყველანაირი ვადა ამოიწურა.

სასამართლომ მშენებლობის ნებართვა იმიტომ შეგვიჩერა, რომ ნებართვა პირველ ინსტანციაში გაუქმდა. ის მეორე ინსტანციამ აღადგინა, ხოლო მესამემ კიდევ ერთხელ მიიღო ძალაში.

მერიას დაევალა, რომ აღდგეს ჩვენი ნებართვა. ზონალური შეთანხმება უვადოა და ჩვენი ნებართვაც ავტომატურად ძალაშია.რაზე გვედავებიან, არ ვიცი. ახლახან თქვეს, რომ ნებართვაში იურიდიული პრობლემა გვაქვს, რაც აქამდე არ უთქვამთ. 2016-დან 2021 წლამდე თუ არ გვქონდა, 3 დღეში გაგვიჩნდა პრობლემა? ჩვენს შეძენილ ტერიტორიაზე იდგა შენობა, რომელიც 2004 წელს დაიწვა და როცა ჩვენ ვიყიდეთ, ყოფილმა მფლობელმა ნებართვის აღდგენაზე შეიტანა განცხადება. მერიას ჰქონდა ორი ალტერნატივა: გაეცა ან დამწვარი რესტორნის აღდგენის, ან სასტუმროს აშენების ნებართვა. იმდროინდელმა მერიამ რესტორანს სასტუმრო არჩია.

მე მინდორი და პარკის ტერიტორია არ მიყიდია, ვიყიდე 70-წლიანი ისტორიის მქონე რესტორანი 30-წლიანი კერძო საკუთრების ისტორიით. არც ერთი მთავრობის დროს ის არ ყოფილა ვაკის პარკის ნაწილი, იყო ცალკე შენობა-ნაგებობა თავისი ტერიტორიით და მისასვლელი საავტომობილო გზით. მას მისასვლელი აქვს კუს ტბის მხრიდან და შენობა პარკის მიმდებარედაა. მერიას ადეკვატური არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ მაინცდამაინც ამ ადგილზე არა ვართ ჩაჟინებული. რა თქმა უნდა, გვინდა სასტუმრო იქ აშენდეს, არც ადგილის გაყიდვა გვსურს და არც გაცვლა, მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და თუ რაიმე ღირებულს შემოგვთავაზებენ, კი ბატონო. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ახალი ტერიტორია ორჯერ უკეთესი იყოს. ვამბობთ, მოგვეცით იმავე მასშტაბის და ღირებულების რამ, რათა იმ მიწაზე მივიღოთ იგივე სარგებელი. გლდანში თუ მომცეს 3 ათასი კვადრატული მიწა, იქ სასტუმროს ვერ ავაშენებ, მაგრამ შეიძლება მომცენ ისეთი, სადაც არა სასტუმრო, არამედ სხვა ბიზნესი გავაკეთო, მაგრამ ჯერ ადეკვატური არაფერი შემოუთავაზებიათ".

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენებას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება. მათი დაჟინებული მოთხოვნისა და პერმანენტული აქციების შემდეგ, კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. თუმცა მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს დაუსვა წერტილი - ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განკარგულება, რომლითაც ინვესტორმა სასტუმროს აშენების კანონიერი ნებართვა დაიბრუნა და პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ისევ ააშენებს.

ნინო გუჯარაიძე, "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი: "მშენებლობის ნებართვას ვადა აქვს გასული, უვადო მხოლოდ ზონალური შეთანხმება იყო. ის კი ძალაშია, მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა აღარ აქვს. ზაქაიძემ ნებართვისთვის რომც მიმართოს მერიას, დიდი იმედი მაქვს, მერია უარს ეტყვის. მშენებლობის ნებართვაა გადამწყვეტი, ამიტომ ამ ადამიანის მტკიცება, რომ შეუძლია იქ მშენებლობის დაწყება, რა თქმა უნდა, არაფერს ეფუძნება. იყო ლაპარაკი ალტერნატიული ნაკვეთით ჩანაცვლებაზე და რა შესთავაზეს, არ ვიცით. მერია ამბობს, შევთავაზეთო, ზაქაიძე კი ამბობს, არ იყო იმის ტოლფასიო. ბიზნესის კეთება ვაკის პარკში იმთავითვე დაუშვებელი იყო და სწორიცაა ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ არც ისაა სწორი, კერძო მესაკუთრე ქონების გარეშე დარჩეს. ის ადგილი პარკის მიმდებარედ არასდროს ყოფილა, ყოველთვის პარკის შუაგულში და პარკის ტერიტორია იყო. დღეს გაზრდილია პარკის ტერიტორია და ახლა აბსოლუტურ შუაგულშია მოქცეული. ოდესღაც იქ ვიღაცამ გზაც გაიყვანა, მაგრამ გზა რეგისტრირებული არ არის. სახელმწიფოს არასდროს დაუშვია იმის უფლება, რომ იქ გზა და სამანქანო მოძრაობა ყოფილიყო. ახლა ამ ინვესტორმა მოინდომა კიდევ უფრო გაეზარდა და იქ ბიზნესი ეკეთებინა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი მოთხოვნა არ არის სამართლიანი. უნდა დადგინდეს, სახელდობრ რა არის ინვესტორის საკუთრება და სანაცვლოდ მიიღოს სხვა ნაკვეთი, ეს ტერიტორია კი დაუბრუნდეს ქალაქს, რომლის საკუთრებაცაა და ჰქონდეს ის ფუნქცია, რაც აქამდე ჰქონდა პარკს".

ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი: "რა სისულელეა! ვაკის პარკში სასტუმროს აშენება აბსოლუტურად გამორიცხულია. თუმცა მერიამ უნდა შეასრულოს დაპირება და ინვესტორს, რომელსაც ფული აქვს გადახდილი, ადეკვატური ადგილმონაცვლეობა ან კომპენსაცია შესთავაზოს. მართალია, სასტუმროს აშენების ნებართვა ძველის, მაგრამ მერიის გაცემულია. ამ ადგილას რომ არაფერი აშენდება, იმ ინვესტორის თამადობით ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ, ახლა ის ცდილობს რაღაცა მაინც მიიღოს და ამით სპეკულირებს. მერია ახლა იწყებს ვაკის პარკის რეაბილიტაციას და პროექტში "ბუდაპეშტის" ადგილას მშვენიერი ამფითეატრია გათვალისწინებული. ამას მერია მანამ ვერ გააკეთებდა, სანამ ზაქაიძეს არ გაისტუმრებდა და იმედია, ახლა როგორმე გაისტუმრებს - მისცემს ადგილს, სადაც ააშენებს სასტუმროს და ეს დაუსრულებელი ბრძოლაც დამთავრდება".

ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი: "საპარკო ზონა საპარკო ზონაა. ეს იგივეა, ზედ თავისუფლების მოედანზე წამოჭიმო სასტუმრო. ინვესტორისთვის ნებართვის გაცემა მარტო უგულავას კი არა, მთელი რეჟიმის დანაშაულია. არ არსებობს ნებართვა, რომლის გადახედვა არ შეიძლებოდეს და გონივრულ გადაწყვეტილებას არ ექვემდებარებოდეს. ინვესტორს უნდა შესთავაზონ ალტერნატიული ტერიტორია, რა თქმა უნდა, არც მისი უფლებები უნდა დაირღვეს, მაგრამ თუ ის ამ ქვეყნის მოქალაქეა, თვითონაც კეთილინებოს და ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ყველაფერი. ინვესტორი ვალდებულია მიაღწიოს შეთანხმებას. ეგრე არ არის, ვისაც როგორც უნდა ისე მოიქცეს. კატეგორიულად აკრძალულია რეკრეაციულ ზონაში მსგავსი მშენებლობა.

ავტორიტარიზმის პერიოდში თავისუფალ ადგილს სადაც ნახავდნენ, იქ აშენებდნენ. მორჩა, ხომ არ შეიძლება ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს?! ქალაქი ყველასია და მისი მოფრთხილება გვმართებს".