"ვინც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მას აცრა არ მოუწევს" - კვირის პალიტრა

"ვინც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მას აცრა არ მოუწევს"

შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა მოსახლეობის თითქმის 60% აცრილი იქნება, რათა გავრცელების კერა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი

"ამ წელს სრული ვაქცინაცია უნდა დავივიწყოთ და რეგულაციების მაქსიმალურად დაცვაზე ვიყოთ მობილიზებული"

8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა - მთელ საქართველოში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. საქალაქთაშორისო მიმოსვლა ისევ შეზღუდულია. 8 თებერვლიდანვე გაიხსნა ბაზრობებიც. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა განახლდება, რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ, ოღონდ შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

რა რისკებთან არის დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა და როგორ უნდა გაართვას ქვეყანამ თავი მესამე ტალღას, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" სპეციალისტები და ბიზნესმენები ესაუბრებიან.

"ვინც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მას აცრა არ მოუწევს"

პაატა იმნაძე, იმუნოლოგი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე: - გაზრდილი ტესტირების ფონზე ინფიცირების შემთხვევები, საბედნიეროდ, კლებისკენ მიდის, მაგრამ ეს ნაადრევი სიხარულია. ვითარება ძალზე საფრთხილოა, რადგან ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა მობილობის ისევ გაზრდას ნიშნავს. ჩვენს მოსახლეობას ზოგჯერ არ ესმის, რას ნიშნავს მობილობა - ეს არის ოჯახური კონტაქტები, ხალხმრავალი წვეულებები, შეხვედრები, ტრანსპორტში კონტაქტები, ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ვირუსის გადადება. ამიტომ ვცდილობდით მობილობის შეზღუდვას, რათა კონტაქტები შემცირებულიყო. მით უფრო, თუ მათ არ ექნებათ პირბადე და არ იქნება დაცული სოციალური დისტანცია.

გასაგებია, ყოველთვის ყველაფერი ვერ იქნებოდა ჩაკეტილი, 18 იანვრიდან დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, რეგიონის სოფლებში სკოლები გაიხსნა, რასაც 8 და 15 თებერვლის სიახლეები მოჰყვება. შემსუბუქება ეტაპობრივი უნდა იყოს, დანის პირზე უნდა გავიაროთ, სიფრთხილით უნდა მივყვეთ პროცესებს. შესაძლოა ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს, მაგრამ არა იმდენად, როგორც გასული წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დამდეგს იყო, 5 000-ზე მეტი შემთხვევა, თანაც აღრიცხული.

ახლა ყველა ჩვენგანსა და ბიზნესსექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ისევ მათი ინტერესია გაიხსნას ქვეყანა და მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემო იყოს, რათა ერთ თვეში ან თვე-ნახევარში ისევ დახურვამ არ მოგვიწიოს.

- ისევ დახურვის ვერსიაც განიხილება? - თუ ისევ 5 000 კოვიდინფიცირების შემთხვევა გვექნება, სხვა გზა აღარ დაგვრჩება. პირველ ტალღას როგორღაც დავუძვერით, საზოგადოებაც ითვალისწინებდა რეკომენდაციებს, მერე კი სხვა ქვეყნების მაგალითზე ვერ ვისწავლეთ და შემოდგომაზე ჩვენც იგივე დაგვემართა. თუ ბიზნესი და მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ, ორად ორი რამ არის დასაცავი - პირბადის ტარება და დისტანცია, ზაფხულის დასაწყისში სტაბილური ვითარება გვექნება, რაც ეკონომიკასაც დაეტყობა. ეს შეზღუდვების შემსუბუქება სწორედ ამას ემსახურება. ფრენა კი გაიხსნა, მაგრამ საჰაერო მიმოსვლის აღდგენას დრო დასჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში მოდიან და არც თავად უნდა შემოგვიტანონ საფრთხე, ვგულისხმობ, რომ აცრილები იყვნენ. ზოგჯერ არ მესმის ბიზნესსექტორის სიხისტე, გახსენით ქვეყანაო, დახურულ სივრცეში 500 კაცში რამდენიმე ინფიცირებული რომ გამოერიოს, ადვილი წარმოსადგენია, რაც მოხდება. ღია სივრცეში ნაკლები რისკია...

- კარგია, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა შემოვა... - ვინც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მას აცრა არ მოუწევს. ამ დროის გავლის შემდეგ ვურჩევთ აიცრას. ასეთია მსოფლიოში მიღებული პროტოკოლი. თუმცა მაინც ძირითადი პრევენცია იქნება პირბადე და დისტანცია, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, მაგალითად, ბრიტანეთსა და ისრაელში.

შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა მოსახლეობის თითქმის 60% აცრილი იქნება, რათა გავრცელების კერა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

"როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირუსი არსად წასულა"

ბიძინა კულუმბეგოვი, ეპიდემიოლოგი: - ვირუსს თავისი ბუნებრივი გავრცელების პოტენციალი, რეპროდუქციული ინდექსი აქვს, რაც ამ ვირუსისთვის დაახლოებით 3,5%-ია და როცა ეს მაჩვენებელი ხელოვნურად ჩამოდის 1%-ზე ქვემოთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემია ჩერდება. ახლა ჩვენ ამ ფაზაში ვართ. რეპროდუქციული მაჩვენებლის 1% პირბადის ტარებით არის განპირობებული, დანარჩენი კი დისტანციითა და სოციალური შეზღუდვებით.

ახლა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას ვიტოვებთ, რაც ძალიან მკაცრად თუ არ იქნა დაცული, ისევ მძიმე რეალობაში აღმოვჩნდებით, რადგან ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს თავისი გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს და როგორც ამის შესაძლებლობას მივცემთ, მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს. ახლანდელი მაჩვენებლით პირბადის ტარება 70-72%-ია, თუ 90%-ზე ზემოთ არ ავიყვანეთ, ჩვენი რიხიანი საუბარი შეზღუდვების მოხსნაზე ისევ ჩაკეტვაზე ლაპარაკით შეიცვლება. ეს უკვე ნახა მთელმა მსოფლიომ. ძალიან დიდ რისკზე მივდივართ. ამიტომ აუცილებელია სავაჭრო სივრცეების გაკონტროლება, ბევრად მკაცრად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სხვა თუ არაფერი, მგზავრები ფეხზე მაინც არ უნდა იდგნენ და ამისთვის ზომები მერიამ უნდა მიიღოს. თორემ მექანიკური გახსნის შემდეგ მექანიკურადვე მოგვიწევს დაკეტვა.

- ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა "ბრიტანული შტამიც", რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. ამ საფრთხეს საქართველოშიც უნდა ველოდოთ?

- გარდა ბრიტანული და ბრაზილიური შტამისა, ყველაზე განსხვავებული და რთულია სამხრეთაფრიკული შტამი. "ბრიტანული შტამის" გენომური ზედამხედველობა ინგლისში აქტიურად ხდება. მას თუ არ ჩავთვლით, სხვა უფრო რთული შტამების თითო-ოროლა შემთხვევაც არის. თუმცა, თუ დავიცავთ პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციებს, სხვა შტამების შეკავებასაც შევძლებთ. როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირუსი არსად წასულა. არ არის აუცილებელი რამდენიმე ათეული ადამიანი ერთად სადილობდეს, წვეულებები და ქეიფები გამართონ, თორემ გაზვიადების გარეშე ვამბობ - ქვეყანა დაიქცევა, რადგან დღეში 3 000 ინფიცირების შემთხვევაში ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ჩვენი პასუხისმგებლობა იმატებს. სხვა გამოსავალი არა გვაქვს. კარგი იქნებოდა, ისრაელივით მარტის ბოლოს მოსახლეობის 90% აცრილი გვყოლოდა, მაგრამ საკმარისი დოზის შემოტანის შესაძლებლობა არა გვაქვს. შესაძლოა მოსახლეობის 1% თავს იკავებს, მაგრამ არც 59%-ის ასაცრელი ვაქცინა არა გვაქვს. ამისთვის 3 მილიონი ვაქცინა მაინც გვჭირდება. ამიტომ წელს სრული ვაქცინაცია უნდა დავივიწყოთ და რეგულაციების მაქსიმალურად დაცვაზე ვიყოთ მობილიზებული.

რესტორნების ღია სივრცეების ამოქმედების შესახებ მსჯელობისას ბიზნესმენები ამბობენ, რომ ეს ბიზნესისთვის შვება იქნება, თუმცა აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა კიდევ ერთი ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, რაც ბიზნესსექტორისთვის დამანგრეველი იქნება.

"მესამე ტალღა და ლოკდაუნი კატასტროფა იქნება"

ირაკლი თავართქილაძე, ტურისტული კომპანია "აჭარატურის" გენერალური დირექტორი: - პანდემია შარშან მარტში გამოცხადდა და ტურისტული ბიზნესიც გაჩერდა. არც წელს ველი, რომ ეს სექტორი სრულად გაიხსნება. მართალია, ზოგი შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მაგალითად, ევროპაში მესამე ტალღას ელოდებიან, ზოგან საზღვრები და აეროპორტები ჩაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია დაწყებულია. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად რეგულაციები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. მართალია, საზღვრები იხსნება, მაგრამ ერთია ჩვენი მზადყოფნა ტურისტების მისაღებად და სხვა საკითხია, ისინი რამდენად არიან მზად საქართველოში ტურისტების გამოსაშვებად. ტურისტების სრულფასოვნად მიღება შეუძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც კომენდანტის საათია და რეგულაციები შაბათ-კვირასაც მოქმედებს, დაკეტილია მუზეუმები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ვიდრე შეზღუდვები არ მოიხსნება, ტურისტული სექტორის სრულად ამუშავება წარმოუდგენელია.

ხელისუფლებამ შეამსუბუქა რეგულაციები, მაგრამ ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ვირუსის დაბალ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, შესაძლოა აპრილ-მაისიდან საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი გაჩნდეს და პირველ მერცხლებსაც მივიღებთ. სხვა შემთხვევაში შარშანდელი სიტუაცია განმეორდება - მაშინ ყველა ჩარტერული ფრენა გავაუქმეთ ესტონეთიდან, ლიეტუვიდან. ზარალი მილიონ დოლარზე მეტი იყო. ამას გარდა, უამრავი ადამიანი, რომელიც დასაქმებული გვყავდა, მხოლოდ სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარების იმედად დარჩა, რადგან ჩვენს კომპანიას, ფაქტობრივად, შემოსავალი აღარ ჰქონდა. ახლა ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მესამე ტალღა და ლოკდაუნი კატასტროფა იქნება.

"2020 წელი ბიზნესისთვის ნული იყო"

თინა კუხიანიძე, "გლდანი მოლის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: - 2020 წელი ბიზნესისთვის ნული იყო. დეკემბერში იმაზე ვზრუნავდით, რომ საიჯარო შემოსავალი მიგვეღო საოპერაციო ხარჯების დასაფარად, მაგრამ მაღაზიებს იჯარა რომ გადაეხადათ, ხომ უნდა ემუშავათ?.. გვეგონა, 14 იანვარს დავიწყებდით მუშაობას, მაგრამ... პირველი ლოკდაუნის დროს ხელფასებზე პროცენტის დაკლებამ მოგვიწია, რომელიც შემდეგ ავანაზღაურეთ. ყველანაირად ვეცადეთ, რომ თანამშრომლები არ დაგვეთხოვა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ხალხი სამსახურის გარეშე დარჩეს.

"იქნებ აპრილ-მაისში მაინც დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს"

ალეკო გოგიჩაძე, რესტორან "მონოპოლის" გენერალური დირექტორი: - თუ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოვიჩენთ, ყველა სექტორი ნელ-ნელა ამუშავდება, თორემ გაკოტრება არ აგვცდება. დიდ რესტორნებსა და კვების ობიექტებს ხარჯიც მეტი აქვს ახალი რეგულაციების გამო, ამიტომ გახსნის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიგვიღია. რესტორანში მოსული ადამიანი 8 საათზე მაინც უნდა წავიდეს შინ, ანუ 3-4 საათზე მაინც მოვიდეს, ამ დროს კი უმეტესობა სამსახურშია. ვინც არ მუშაობს, მას არც რესტორანში წასვლის სახსარი აქვს. შაბათ-კვირას არ ვმუშაობთ. არადა, ამ დაწესებულებაში სწორედ ამ დროსა და დღეებში დადიან. გასულ წელს, ფაქტობრივად, არ გვიმუშავია, არადა, 30-ზე მეტი კაცი მყავდა დასაქმებული.

კომუნალური გადასახადებიც გაძვირდა, ეს კი ბიზნესზე უფრო უარესად აისახა. იქნებ აპრილ-მაისში მაინც დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ამიტომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, თორემ უკვე არის პრეცედენტები, როგორ გაყიდეს ან გააქირავეს რესტორატორებმა ფართობი.